ქალაქგანვითარების მწვანე განზომილება - დებატები ქუთაისში

"More Green" slogan on the wall in Vake park

რა სჭირდება ქალაქს განვითარებისთვის და მწვანე ფილტვების შესანარჩუნებლად, როგორი უნდა იყოს ურბანული თუ ეკონომიკური გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის მდგრად განვითერებას მწვანე განზომილების გასაუმჯობესებლად, ეს იყო ძირითადი თემა, რომლის ირგვლივაც მიმდინარეობდა დისკუსია ქუთაისში საჯარო დებატებზე „ქალაქგანვითარების მწვანე განზომილება“.

სამწუხაროდ, ფართო საზოგადოებისთვის დისკუსია არ აღმოჩნდა აქტუალური, თუმცა დებატების დაანონსებისას, ბევრი იყო ისეთი, ვნც გამოხატავდა თემასთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულების დაფიქსირების სურვილს. ფაქტი კი იყო ის, რომ მხოლოდ მცირე ნაწილი ადამიანებისა, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ ეკოლოგიურ საკითხებთან და მწვანე საფარის გულშემატკივრები, აღმოჩნდნენ მომხსენებელთა მსმენელებიც და დისკუსიის წარმმართველებიც.

მოხსენებით პირველი ქუთაისის მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ქავთარაძე იყო, რომელმაც ძირითადად ისაუბრა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შემუშავებული ქალაქის სტრატეგიული და ეკონომიკური გეგმის შესახებ, რომელიც ასევე ითვალისწინებს ქალაქში არსებული სკვერებისა და ბაღების განაშენიანებას.

“უპირველეს ყოვლისა, თვითმმართველობამ   ქალაქის სოციალურ –ეკონომიკური გავითარების  გეგმის შემუშავება დაიწყო. რომლის ერთ–ერთი სისტემური ნაწილია ქალაქის გენერალური განვითარების გეგმა, ხოლო აუცილებელი კოპონენტი მწვანე საფარის  განაშენიანება. ქალაქში ამ კუთხით სერიოზული პრობლემებია.  მწვანე საფარის მხრივ, საშუალო მაჩვენებლით 11 ბალიანი ნიშნულია, მაშინ, როცა  ერთ სულ მოსახლეზე ნორმაში 25–30 უნდა იყოს. აუცილებელია, ქალაქს ცალკე მაკონტროლებელი ორგანო ჰქონდეს გამოყოფილი, რომელიც განსაზღვრავს განაშენიანების, მისი მოვლის და ეკოლოგიური საკითხების შემუშავებას. ჩვენ ვზრუნავთ მოვიზიდოთ სახსრები, რაც ქალაქის გამწვანებაში დაგვეხმარება. გრანტის ფარგლებში ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში სანერგე მეურნეობის განვითარებას ვაპირებთ,” – განაცხადა ქავთარაძემ.

აუდიტორიასთან საკუთარი ხედვით წარსდგა „პარტიზანული მებაღეობა თბილისში“ წარმომადგენელი ნატა ფერაძე, რომელმაც საუბრის ძირითადი ნაწილი თბილსის მერიის მიერ, სხვადასხვა მშენებლობებისთვის  ხეების მოჭრას, ვაკის პარკის აქციას და პარტიზანული მებაღეობის წევრების აქტივიზმს მიუძღვნა. აუდიტორიის გულის წუხილი იმის შესახებ, რომ განსაკუთრებული თვისებების მქონე ჭადარი უმოწყალოდ იჭრება და ამას მისი ალერგენული თვისებებით ხსნიან, ნატა ფერაძემ კვლევები მოიშველია, რომლის მიხედვითაც ჭადარი ყველაზე ნაკლები ალერგიულობით გამოირჩევა და იგი ევროპაში 2013 წლის ხედ დასახელდა. ნატა ფერაძემ მოუწოდა ქუთაისელ მოსახლეობას აქტიურად ჩაერთონ თავადაც ამ მოძრაობაში და აქცია არ დარჩეს მხოლოდ ფეისბუქზე, რომელთა წევრები, მიუხედავად დიდი თხოვნისა დისკუსიაზე არ მოვიდნენ.

ნარგავების, ხე-მცენარეების როლსა და დანიშნულებაზე ისაუბრა საკუთარ მოხსენებაში აკ.წერეთლის უნივერსიტეტის აგრარული დარგის პროფესორმა რამაზ კილაძემ. ნარგავები ქალაქისთვის არის მწვანე ფილტვები, თუ ქალაქს არ აქვს მცენარეების მოვლის, სიყვარულის და დარგვის კულტურა, მაშინ ფილტვები არ მუშაობს. ასეა ახლა ქუთაისში. ქალაქში 40 ათასამდე სხვადასხვა სახეობის ავტომობილი დადის, დიდია გამონაბოლქვის რაოდენობა, სწორედ ჭადარი არის ისეთი მცენარე, რომელიც ისრუტავს მავნე მეტალებს და გამოყოფს ჟანგბადს, ხელისუფლება კი ამ არაჩვეულებრივ საშუალებას სპობს - აღნიშნა რამაზ კილაძემ.

მან ასევე გამოთქვა წუხილი იმის შესახებ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში არ არსებობს არც ეკოლოგიური საბჭო და არც რაიმე მაკონტროლებელი მექანიზმი,რომელიც ურჩევდა ხელისუფლებას სკვერების, ზოგადად აქალაქის ლანდშაფტის განაშენიანებას. ის პროფესიონალები კი, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ ძალიან ცოტაა. არ ხდება ახლი კადრების გაზრდა.

დებატებზე მოსული ადამინები აღნიშნავდნენ, რომ ხეების უკონტროლოდ ჭრამ ყოველწლიურად, გამოიწვია ქარების გახშირება. ზაფხულში ხეები ვეღარ ასრულებენ ბუნებრივი ვენტილაციის ფუნქციას, ზამთარში კი მეტი ნესტია. ასევე იმატა  მეწყერსაშიშმა ზონებმა, რაც ფერდობებსა და გორაკებზე ხეების ჭრამ გამოიწვია.

საჯარო დებატები თემაზე „ქალაქგანვითარების მწვანე განომილება“,ქუთაისში ერთგავარი ტესტი აღმოჩნდა იმისა, რამდენად არის მოქალაქეებში საკუთარი ქალაქის მოვლის, მწვანე საფარის განაშენიანების აუცილებლობის განცდა.  დისკუსიის მოდერატორის, ქეთი ბერძენიშვილის შეკითხვა ღიად რჩება - „აქვს კი ქუთაისს ეკოლოგიური და ინფრასტრუქტურული კულტურის განცდა, თუ საკითხები რომელიც გვსურს ჩვენივე ძალისხმევით მოვაწესრიგოთ, მხოლოდ ფასადური პოზაა და ერთგვარი კეკლუცი? როგორ ქალაქებს ვუტოვებთ მომავალ თაობას?“