უნდობლობის მომენტები სამხრეთ კავკასიაში

აფხაზეთში დროის ნდობაც კი არ შეიძლება. ტელეფონებზე და კომპიუტერებზე საათი ერთი საათით წინაა მექანიკურ საათებთან შედარებით. ინტერნეტი აფხაზებს დროის ვადაგასულ სარტყელში - საქართველოს დროის ზონაში აბრუნებს. ვინაიდან აფხაზეთს საერთაშორისო კანონმდებლობა არ აღიარებს, აფხაზური დრო ვირტუალურ სივრცეში მიღებული არაა. აფხაზეთი დროიდან ამოვარდნილია.

 

© Florian Muehlfried 2019: Schemes of Mistrust: A Global Perspective. Basingstoke: Palgrave Pivot (Chapter 5). This draft has not been copy edited yet and thus will differ from the book version.

სოხუმის სანაპირო, 2015 წელი

ქუჩაში მიმავალთ ერთი კაცი შეგვხვდა. დაახლოებით ორმოცდაათი წლის იქნებოდა, შავი კოსტუმი ეცვა და რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი დედის გაცრეცილი სურათის სამაგრი ეკეთა. მაშინვე ღმერთზე დაგვიწყო ლაპარაკი, გვითხრა, რომ ღმერთს ეძებდა, ადამიანებს სჭრიდებოდათ ღმერთი და იმედოვნებდა, რომ იპოვიდა, რომ ჩვენთან უნდა ელაპარაკა... თავიდან იაჰოვას მოწმე მეგონა, თუმცა შემდგომ აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი კითხვა ჰქონდა, გადაჭრით კი ცოტა რამ იცოდა. აღმოჩნდა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ მარტო ცხოვრობს სოფელში. ომის დროს ერთი ყური მოაჭრეს და “სუვენირად” ინახავდნენ, თვითონ კი გარდაცვლილი ეგონათ.

ეს ამბავი ჩემს დღიურში 2017 წლის აგვისტოს ჩავწერე, როცა საკამათო სახელის მქონე ქალაქში ჩავედი.[1] ზოგისთვის ამ ქალაქს გალ ჰქვია და აფხაზეთის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილად მიაჩნიათ. სხვებისთვის გალი ეწოდება და ქართულ ქალაქად თვლიან, ბოლოსართი “ი”-ც სწორედ ქართული სახელის სახელობითი ბრუნვის ნიშანია. აფხაზეთის ჯარმა ამ ქალაქის მოსახლეობა 1993 წელს საქართველოსთან ომში გაიმარჯვების შემდეგ გადაასახლა. ძალადობა იმდენად სწრაფად, მოულოდნელად და მასიურად დაიწყო რომ ხალხს ერთ ღამეში მოუწია გაქცევა.[2]

თავდასხმის მიზეზი აფხაზი ჯარების და ლიდერების გალის მოსახლეობისადმი უნდობლობა იყო, რომელიც თითქმის სრულიად მეგრელებისგან შედგებოდა (და დღემდე შედგება). ისინი ქართული ენის მონათესავე ენაზე საუბრობენ და მათი უმრავლესობა საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს საზღვრის მეორე მხარეს. მეორე ენა მეგრელების დიდი უმრავლესობისთვის ქართული ანუ “მტრის ენაა”. 1990-იანი წლების მეორე ნახევარში ეთნიკური წმენდის შემდეგ მეგრელების დიდი ნაწილი მალევე თავის განადგურებულ სახლებში დაბრუნდა. მიუხედავად ამისა, აფხაზების უნდობლობა მეგრელების მიმართ ახლაც აქტუალურია. აფხაზი პოლიცია გალის ქუჩებში პატრულირებს, მეგრელები მათ რიგებში ვერ მოხვდებიან. თუ  არ დაამტკიცეს, რომ წარმოშობით აფხაზები არიან და შემდგომ გაამეგრელეს, მეგრელებს აფხაზურ პასპორტს არ აძლევენ. 2014 წელს მეგრელებს აფხაზეთში ხმის მიცემის უფლება აეკრძალათ. საქართველოს მთავრობა ეთნიკურ საფუძველზე დისკრიმინაციის შესახებ საუბრობს. 2015 წელს ქართული ენა გალის სკოლებში აიკრძალა. ამიტომ, მიუხედავად მწირი ცოდნისა, მეგრელ ბავშვებს რუსულად უწევთ სწავლა.

ქართველები ასევე არ ენდობიან მეგრელებს, ვინაიდან ამ ჯგუფს მრავალი მახასიათებელი უწყობს ხელს ეროვნულ დამოუკიდებლობის მოსათხოვად: ცალკე ენა, საკმაოდ კარგად გამოყოფილი საცხოვრებელი რეგიონი, პოლიტიკური დამოუკიდებლობის პერიოდები (იხ. Broers 2001). ამიტომ ქართველი მკვლევრები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ისეთ ცნებებს, როგორიცაა, მაგალითად, ქართველების ეთნიკურ ჯგუფად მონიშვნა, მაშინ როცა მეგრელებს ქვეჯგუფად, ეთნოგრაფიულ ან ეთნოტერიტორიულ ჯგუფად თვლიან (მაგ., იხ. ჩიტაია 1997-2001, რომელიც ქვე-ეთნიკურობის ცნებას ანიჭებს უპირატესობას.) გარდა აკადემიური საკითხისა, მთავარი აქ ისაა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით მიხედვით ეთნიკურ ჯგუფებს შეუძლიათ ნაცია შექმნან და დამოუკიდებლობა მოითხოვონ, ვინაიდან უკვე ისედაც მიეკუთვნებიან (პოტენციურ) ერს. ზოგი შიშობს, რომ როგორც საკუთარი ენის მქონე ეთნიკურმა ჯგუფმა მეგრელებმაც შეიძლება საქართველოს სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობა მოითხოვონ, რაც აკადემიურად ძნელი უკუსაგდები იქნება. ამ შიშის საფუძველი სეპარატიზმია, რომლის შედეგადაც აფხაზების და შედარებით ნაკლებად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფოები შეიქმნა. სწორედ ამის გამო ზოგიერთი ქართველი მეცნიერი ამტკიცებდა, რომ მეგრული ენა კი არა, ქართულის დიალექტია (მაგ. გოგებაშვილი, 1991). მიუხედავად ამისა, მსოფლიო ლინგვისტების უმრავლესობა ამ აზრს არ ეთანხმება (Harris, 1991).

გალის რაიონში უნდობლობა ყველგან მყოფი, საზიარო და ორმხრივია. ერთმანეთისადმი უნდობლობა ეჭვის ისეთ სპირალს ქმნის, რომლისგან გაქცევაც შეუძლებელია. როცა უნდობლობა უნდობლობას ხვდება ის კიდევ უფრო ძლიერდება და მყარდება, ისევე როგორც ომის დროს აგრესია. თუმცა გალის მოქალაქეებმა რაღაც გზები გამონახეს და ისწავლეს, როგორ იცხოვრონ მათთან ერთად ვინც არ ენდობა და არ ენდობიან. რეალობასთან გამკლავების ერთ-ერთი სტრატეგია ამ უნდობლობის ძირითად მიზეზებზე საკუთარი პასუხისმგებლობის უარყოფაა. აუტანელ სიტუაციაში გარშემომყოფი ადამიანების დადანაშაულების ნაცვლად ზოგმა შეიძლება დაუშვას, რომ ზედაპირს მიღმა რაღაც უხილავი ძალა იმალება, რომელიც ამ უნდობლობას იწვევს და ავრცელებს.

კონსპირაციის თეორიები

გალში მეგრელების ოჯახში სტუმრობა. გიორგი მეგრელი ნაციონალისტია, რომელიც ჩემ გვერდით ზის. მისი აზრით, პირველი მეგრული სამეფო - კოლხეთი - ქართული სახელმწიფოს საწყისს წარმოადგენს. ის ამბობს, რომ მხოლოდ მეგრელები და “სამთო ტომები” [საქართველოს მთიანი მხარის ე.წ.  ეთნიკური ქვე-ჯგუფები, როგორიცაა თუშები, სვანები ან ხევსურები] არიან ნამდვილი ქართველები, დანარჩენები კი - ქართველების, სომხების და აზერბაიჯანლების ნარევი. მან აფხაზური ბავშვობაში ისწავლა და აფხაზი მეგობრები ჰყავს. ჩემს წინ ორი აფხაზი ზის, რომელნიც ერთმანეთში აფხაზურად ლაპარაკობენ, სხვებთან - რუსულად. საქართველოს და აფხაზეთს შორის ომის ასახსნელად გიორგი ერთ ამბავს გვიყვება, რომელიც მისი თქმით განსწავლულ ქართველ დიდგვაროვანს სულხან-საბა ორბელიანს ეკუთვნის:

“ღორი ორ გოჭთან ერთად ცხოვრობს ხის ქვეშ. ხეზე არწივის ბუდეა. მოდის მელა და ღორს ეუბნება: ხე არ დატოვო [საჭმლის მოსატანად], თორემ არწივი მოვა და გოჭებს მოგიკლავს. შემდეგ არწივთან მიდის და ეუბნება: შორს არ გაფრინდე [წიწილებისთვის საჭმლის მოსატანად] ღორი ზის და შენს წასვლას ელოდება, ხეს რომ ძირი გამოუთხაროს და ძირს დააგდოს. ღორი და არწივი ხეს აღარ ტოვებენ. პირველი გოჭი რომ მოკვდება, მელა წააცუნცულებს, პირველ მკვდარ ბარტყსაც მელა წაიღებს. ბოლოს ყველა მკვდარია, მელამ კი მუცელი ამოივსო.”

გიორგის განმარტებით მესამე ძალაა ჩართული, რომელიც  ეჩურჩულება, აგულიანებს და მარტო საკუთარ ინტერესს მიყვება. აფხაზეთში ომის უკან ეს ძალა დგას და იგივე ძალა - ებრაელები და მასონებია - ყველაფრის  მიღმა.

ამგვარი ნარატივი შესაძლებელს ხდის იმ ადამიანებთან ცხოვრებას ვისაც არ ენდობი, ვინაიდან ამ უნდობლობის მიზეზი ისინი აღარ არიან. ამგვარად შეგიძლია მათ დაეთანხმო იმ უხილავი მტრის არსებობის შესახებ, რომლის ბრალიცაა ეს ყველაფერი. შემდგომ, ჩემი მინაწერი მხვდება: “ბევრი კონსპირაციის თეორიაა. სომხები, ებრაელები, მასონები არიან ყველაფერში დამნაშავე, თუმცა მათი დანახვა არავის შეუძლია და არც რაიმე კვალს ტოვებენ (უხილავი ძალა ღმერთივით საიდუმლოდ მოქმედებს).” კონსპირაციის თეორიები სხვადასხვა  ჯგუფების - მასონებად, ებრაელებად ან სომხებად დემონიზებას ეფუძნება და ისეთი სავალალო შედეგებიც კი შეუძლია გამოიწვიოს როგორიცაა პოგრომები, ეთნიკური წმენდები, სროლები, დატყვევება, გაზით გაგუდვა და ა.შ. თუმცა ისინი საკუთარ შენსავით უდანაშაულო “სხვებთან” გამკლავების ყველაზე ცუდი გზა მაინც არაა. კონსპირაციის თეორიებმა საერთო სივრცეები შექმნა. სივრცეები, რომლებიც მეგობრობის ჩანასახს წარმოშობს[3]. კონსპირაციის თეორიები “საერთო მტრით მოგვრილი ნუგეშია” (Asmussen 2011: 127). საიდუმლო სხვები განტევების ვაცები ხდებიან და მათი დადანაშაულება ერთიანობის განცდას ბადებს (იხ. Girard 2005).

ცოტა უფრო ადრე ფანქრით მქონდა მიწერილი: “ბევრს ლაპარაკობენ ღმერთზე და მის ძიებაზე, რაც სიცოცხლის ერთადერთ საზრისს იძლევა.” ეს ჩანაწერი არა მხოლოდ ქუჩაში ნანახ შავებში ჩაცმულ კაცს მიემართებოდა, არამედ ჩვენს მასპინძელ დავითსაც.

საგნებს მიღმა ჭვრეტა

დავითი აფხაზეთის ომის დროს საქართველოში გაიქცა. იქ მრავალი წელი გაატარა და დარჩენას აპირებდა. თუმცა 2001 წელს გალ/ში დაბრუნდა ვინაიდან მამამისი გარდაიცვალა და ოჯახის უფროსობა უნდა აეღო საკუთარ თავზე. “ღმერთს ჩემთვის სხვა გეგმები აქვს”. ის ბანკში ბუღალტრად მუშაობს, დაუქორწინებელია და ეკლესიის გასაღებს ფლობს. ჩემს წინ მიდის, თან ეკლესიის კუთხეში წმინდა გიორგის ხატზე მიმითითებს და მიხსნის:

მარჯვენა ზედა კუთხეში ღმერთია, რომლის სინათლეც გიორგის ეცემა. გიორგი წმინდანია, რომელიც ხალხს მიუძღვის, რაც მის ცხენში გამოიხატება სიმბოლურად. ხალხი კეთილიცაა და ბოროტიც, ამიტომ მას ღვთიური წინამძღოლი სჭირდება. გიორგის ფეხებთან დაცემული დრაკონი, რომელსაც ის კლავს ბოროტებაა. ამ ხატზე დრაკონის ქერცლი ღია ფერებშია დახატული. შეამჩნიე, რომ გიორგსაც იგივე ფერის პერანგი აცვია? ეს იმიტომ, რომ ბოროტება რომ დაამარცხოს, მას კარგად უნდა იცნობდეს.

ბოლო წინადადება პრაქტიკული ცოდნის მნიშვნელობაზე მიუთითებს, რომელიც არა გარედან დაკვირვებით, არამედ მონაწილეობით შეიძლება მიიღო. ამგვარი ცოდნა იმ სამყაროში ჩართვას გულისხმობს, რომელსაც არ ენდობი. დავითისთვის ამგვარი “ბინძური” ცოდნა უფრო საფუძვლიანია, ვიდრე უსაფრთხო დისტანციიდან მიღებული სეკულარული ცოდნა. ამავდროულად, ის კარგად აკვირდება ბუნებრივ მოვლენებს, მაგ. როგორიცაა მზის ან მისი სხივების მდებარეობა. ტელეფონში ბევრ მზის და კიდევ უფრო მეტ ქვის ფოტოს ინახავს, რომელიც ახლო ტყეში გადაიღო. თავის მოძღვართან ერთად დავითი ერთ ადგილას მიდის, სადაც ორი მდინარე ერთმანეთს უერთდება. ამ ადგილას წყალს სხვანაირი შემადგენლობა აქვს და არ ისმევა. ირგვლივ არც ბაყაყები არიან და არაფერი ცოცხალი არ ცხოვრობს, სრული სიჩუმეა. დავითი სწორედ აქ პოულობს კოსმიური მასალისგან შექმნილ ქვებს სხვადასხვა ნიშნებით: ზოგი ვასრკვლავების რუკას გავს, ზოგი სახეებს. დავითი ამ ნიშნების სიმეტრიით და კანონზომიერებით არის მოხიბლული, რაც მისთვის იმის ნიშანია, რომ ისინი ადამიანებმა ამოკაწრეს და პრეისტორიული დროიდანაა შემორჩენილი (“იმ დროიდან როცა მიწაზე ჯერ კიდევ დინოზავრები დადიოდნენ”).

მისთვის ეს არტეფაქტები ფაქტებია, რომელთა მიყოლაც შეიძლება, რომლებიც ამავდოულად უფრო დიდი ძალის, ანტიკური, დაკარგული ცოდნის და კოსმიური ენერგიების (ან სუბსტანციების) არსებობაზე მიუთითებს. მისი მრავალრიცხოვანი ფოტოებიდან ერთ-ერთში ქვების გვერდით პატარა დასაკეცი სახაზავია მოთავსებული, სხვებში კი ოთხკუთხა ფორმაზე დევს ქვის სრულყოფილი პროპორციების საილუსტრაციოდ. ფოტო-პორტრეტზე, სადაც დავითი ქვით ხელშია გამოსახული, ამოუხსნელი სინათლე ანათებს მის უკან. დავითმა სცადა ამ ქვების, მათი გავლენის და მდებარეობის შესასწავლად არქეოლოგები ეპოვა, მაგრამ უშედეგოდ. მისთვის ეს გზავნილები ნათელია, სხვებისთვის კი დაფარული. შესაძლოა, მათი დანახვა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც საგნების მიღმა ხედვა ისწავლეს. რელიგიები უნდობლობის კულტებია, ვინაიდან ისინი საგნებს და ადამიანებს არ იღებენ ისეთად, როგორებადაც ისინი ჩანს. ამ გაგებით კონსპირაციის თეორიები შექმნილი რელიგიებია, რადგან ისინიც უჩინარ ძალებს წარმოადგენს. ისეთ ადგილებში როგორიცაა გალ/ი, სადაც საფრთხის განცდა ყველაფერს თან სდევს, ამგვარი დაფარული ძალები ყველგანაა და ადევნება იცის.

აფხაზეთში დროის ნდობაც კი არ შეიძლება. ტელეფონებზე და კომპიუტერებზე საათი ერთი საათით წინაა მექანიკურ საათებთან შედარებით. ინტერნეტი აფხაზებს დროის ვადაგასულ სარტყელში - საქართველოს დროის ზონაში აბრუნებს. ვინაიდან აფხაზეთს საერთაშორისო კანონმდებლობა არ აღიარებს, აფხაზური დრო ვირტუალურ სივრცეში მიღებული არაა. აფხაზეთი დროიდან ამოვარდნილია.

ფასადური პოლიტიკა

კიდევ ერთი საეჭვო დაშვების მიხედვით ხილული რეალობის მიღმა არაფერია. ყველაფერი უბრალოდ ფასადია. ამგვარი ფასადების მეშვეობით რევოლუციური პროექტები ზოგჯერ ახალი ერის დასაწყისს მოასწავებენ. ერთ-ერთი ამგვარი პროექტი 2003 წლის ნოემბრის ვარდების მშვიდობიანი რევოლუცია იყო საქართველოში. იმდროინდელი პრეზიდენტის შევარდნაძის გადაგდებით პოსტ-საბჭოთა პერიოდი დასრულებულად გამოცხადდა. წარსულის ბორკილებისგან თავისუფალი საზოგადოება მალე გამოჩნდებოდა. ის პირდაპირი გაგებით სიბნელიდან სინათლეში გადავიდოდა - დამოუკიდებლობიდან 20 წელზე მეტი იყო გასული და ელექტროენერგია მაინც ხშირად ითიშებოდა. ახლა საქართველო უნდა განათებულიყო.

საქართველოს გადაკეთება შადრევნების პასტელის ფერებში შემოსვით დაიწყო. შემდგომ დედალაქ თბილისში სატელევიზიო ანძა ნაძვის ხესავით გაბრწყინდა. 2005 წელს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ დ. ბუშის ჩამოსვლასთან ერთად, აეროპორტის გზაზე შენობები შეიღება. ძველი თბილისის სახლები და ქალაქის კედლები წითელ და ცისფერ ფერებში განათდა. სინათლის და ფერების შემოსვლასთან ერთად, აივნების და ქვაფენილების დროც დადგა. თბილისის ცნობილი ძველი ნაწილი, რომელიც უამრავ მოთხრობაშია აღწერილი, მრავალჯერ დახატული და ფოტოებზე გამოსახული, მისაბაძ მაგალითად იქცა. ამიერიდან საქართველოს ყველა ქალაქს უნდა ჰქონოდა ისტორიული ცენტრი აივნებით და მოკირწყლული ქუჩებით. სიღნაღის გამაგრებული ქალაქის გასავითარებლად, რომელიც კავკასიონის ქედს გადმოყურებს, დიდძალი თანხა ჩაიდო. “ბალკონიზაციის” და “ქვაფენილიზების” შედეგად პატარა ქალაქი ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილად იქცა საქართველოს სოფლებს შორის. ქართველებისთვის სიღნაღი რეგიონების მუზეუმიზაციის სიმბოლოა, ხოლო ტურისტებისთვის - ქართული ავთენტურობის.

2007 წელს ერთ მეღვინეს ვესტუმრე, რომელიც მეზობელ ქალაქ თელავში მუშაობდა მარანში. თელავის უძველესმა ცენტრიც განახლდა. ტრადიციულად ცენტრში აივნები სულ არ იყო, მაგრამ ახლა ბევრ ფასადზე მიემაგრებინათ. ასფალტის გზები აყარეს და შემდგომ ისევ დააგეს. გაიხსნა მაღაზიები, კაფეები, საოჯახო ტიპის სასტუმროები და ტურისტული საინფორმაციო ცენტრები. მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან ცოტა სტუმარი დამხვდა. ამ დროისთვის თელავი მოჩვენებების ქალაქს უფრო გავდა. გულში ვფიქრობდი, იქნებ სულებს სასწაულების მოხდენა შეუძლიათ და არსებობის შეგძნებას აჩენენ იქ, სადაც აქამდე არაფერი იყო. მეღვინემ ეს აზრი გამიფანტა. განახლებული ცენტრის გაპრიალებული ფასადების მიღმა კიდევ უფრო ცხადი იყო როგორ სიღარიბეში უწევდა ხალხს ცხოვრება. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სახსრები მათ არ შეხებიათ. “როგორც საბჭოთა დროს - ყველაფერი ისევ სხვების დასანახადაა.”

საბჭოთა კავშირთან შედარებით საქართველოს პოსტ-საბჭოთა ეკონომიკაც დაგეგმარებულ ეკონომიკას ჰგავს. მთავარია რაც დაგეგმილია, რაც მედიას შეიძლება შევასაღოთ და საჯარო ღონისძიებებზე ვიზეიმოთ. ასეთი სულისკვეთებით თბილისის აეროპორტი ერთ ამოსუნთქვაში აშენდა, თუმცა როგორც კი გაიხსნა, სახურავმა წყლის გაჟონვა დაიწყო. სამი წლის (2007-2010) პერიოდში ოფიციალურად 100 საავადმყოფო გაიხსნა, თუმცა აღჭურვილობა ერთი საავადმყოფოდან მეორეში გადაქონდათ იმის მიხედვით გახსნისადმი მიძღვნილი პრეს-კონფერენცია როდის იყო დაგეგმილი (Gotfredsen 2017: 113ff.).

საბჭოთა კავშირშიც გეგმები რეალობისგან ძალიან შორს იყო და მნიშვნელოვანი შედეგებიც მოჰყვა. საბჭოთა კავშირიში, ისინი, ვინც ეკონომისტ ალექსანდრე ჩაიანოვივით ეკონომიკის განვითარების შესახებ ფაქტობრივ და ემპრიულ მონაცემებზე დაყრდნობილ ანალიზს ფლობდნენ, ან გაქცევა მოუწიათ ან სიკვდილი (Nikulin 2011). პროცედურა იმდენად იყო წარმატებული, რამდენადაც საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში ფაქტებმა და ემპირიციზმმა აზრი სრულიად დაკარგა - ზედაპირს მიღმა უკვე აღარაფერი იყო. სანაცვლოდ, კი ზედაპირი გამოიყენებოდა მასალად, რომლის მანიპულაციაც და გამყარებაც შეიძლებოდა (Yurchak 2006).

პოსტ-საბჭოთა საქართველოშიც ფასადს მიღმა არაფერი იყო - ყოველ შემთხვევაში ბევრი ქართველი ასე ფიქრობს. თუმცა თავისი შთაბეჭდილების პოლიტიკით რეალობის გაყალბებისას მისაბაძი არა საბჭოთა კავშირი, არამედ იმპერიული რუსეთი იყო. აეროპორტთან გზად მდებარე შეღებილი სახლები, ნაირფრად მოხატული ძველი თბილისი დაბზარული კედლები, საავადმყოფოები აღჭურვილობის გარეშე - ეს ყველაფერი პოტიომკინის სოფლებს უფრო ჰგავს. ჭორებს თუ დავუჯერებთ ამგვარი ყალბი სოფლები გრიგორი პოტიომკინმა ეკატერინე დიდისთვის ააშენა 1787 წელს და არასასურველი რეალობის დასამალად შექმნილ უშინაარსო ბრწყინვალებას წარმოადგენს.[4] სწორედ ამგვარი შთაბეჭდილების მართვა მიემართება “პოტიომკინის სოფლების” პარადიგმას, რომელსაც პოსტ-საბჭოთა საქართველოში ვხვდებით. უნდობლობა მატერიალურ საფუძველს იძენს.

ნანგრევები

აფხაზეთშიც არაფერია ფასადებს მიღმა, თუმცა სხვა მიზეზით: ბევრი შენობა საქართვლოსთან ომში განადგურდა და ჯერაც არ აღუდგენიათ (ან მხოლოდ მცირედ განაახლეს). დორიულ სვეტებს არაფერი ეყრდნობა, ფანჯრებს მიღმა ქუჩაში ცის დანახვაა შესაძლებელი, კედლებში ნატყვიარების კვალი იკითხება. ბევრ შემთხვევაში ფასადები სპეციალურად არის დატოვებული. აფხაზეთის დედაქალაქის ცენტრში თორმეტსართულიანი ყოფილი სამთავრობო შენობის ნანგრევები წამოჭიმულა, რომელიც ომის დროს დაბობვების დროს დაიწვა. მის წინ კი ცარიელი პედესტალი დგას, სადაც ადრე ლენინის ძეგლი იდგა. მსგავსი ადგილები ტერორის შემახსენებელია და აფხაზეთის მოქალაქეებს წარსულს უცოცხლებს აწმყოში.  მრავალ სხვა შემთხვევაში ნანგრევების და დანგრევის პირას მისული შენობების არსებობა უფრო მარტივია: ფინანსური სახსრების არარსებობა ფასადების აღსადგენად. ბუნებრივია მათ მიღმა არაფერია: არანაირი განზრახვა, ტყუილი ან ბოდიში. ამის შემჩნევას უნდობლობა არ სჭირდება. რკინიგზის სადგურები, რომელიც მოგზაურებისთვის სასახლეებივით აშენდა, სრულიად მოშლილია, ისევე როგორც ქარხნები, მაღაროები და კონვეირის დაზგები. მაღაროების ქალაქები მოჩვენებებს დაემსგავსა. რამდენადაც პომპეზურია არქიტექტურა, იმდენად თვალსაჩინოა ნგრევის გავლენა. მიუხედავად ამისა, ეს ადგილები დასავლეთ ევროპიდან ჩამოსულ ტურისტებს იზიდავს და ინტერნეტში მათი მოგზაურობის ილუსტრირებას ემსახურება.

ქართულ ფასადებზე, რომლის მიღმაც არაფერია, ფერადი, ბედნიერი, ცოტა შეშლილი მომავალი ბრწყინავს. ისინი გამოგონილი დროის განზომილებით არის მონიშნული. აფხაზურ ფასადებზე, რომელთა მიღმაც ანალოგიურად არაფერია, მომავალი არ იკითხება, მხოლოდ წარსული და აწმყოს არარსებობა ჩანს. თუ სახელმწიფოს შენება მოქალაქეების მიერ მომავლის რწმენას ეფუძნება, ამ შემთხვევაში ეს რწმენა და შესაბამისად სახელმწიფოებრიობა საფუძველშივე შერყეულია. მომავლის შექმნაში სახელმწიფოს ნდობა არა მხოლოდ აფხაზეთისთვის ან სხვა პოსტ-საბჭოთა საზოგადოებებისთვის არის დამახასიათებელი, არამედ დასავლეთისთვისაც სიმპტომურია, ყოველ შემთხვევაში, საბჭოთა კავშირის დაცემის და ისტორიის დასასრულის შემდეგ მაინც  (Fukuyama 1992). წინ არსებული მომავლის გარეშე, მომავალი წარსულში მიმდინარეობს და სახელმწიფო სოციალიზმის მსგავს დრომოჭმულ უტოპოებში განსხეულდება. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც დასავლელ სტუმრებს აფხაზეთი ასე ძალიან იზიდავთ: აქ ისინი წარსულში არსებულ მომავალს ხვდებიან. ეს უკანასკნელი საბჭოთა მოზაიკებიდან გამოსჭვივის და კოსმოსში გამგზავრებას და დედამიწაზე უტოპიაში იძენს სულს. ეჭვი რომ არ გვეპარებოდეს, რომ ეს მომავალი არარსებულია, ამ მოგზაურობებში წასვლა მართლაც ყველას მოუნდებოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკა

ბიზნესი თუ ღალატი? ასეთია თემურ კოდორის პოსტი ფეისბუკზე 2017 წლის 24 ივლისს.[5]  ავტორი ამ წუხილს თავისი აფხაზი თანამემამულეების მიერ აფხაზური ენის შესანარჩუნებლად საერთაშორისო პროექტში ჩართულობის შესახებ გამოხატავს. პროექტს საქართველოში დაფუძნებული სამოქალაქო ინტეგრაციის და ინტერეთნიკური ურთიერთობების ურთიერთობების ცენტრი უწევს კოორდინირებას და შეერთებული შტატების განვითარების დახმარების (USAID) ფონდი აფინანსებს. ლინგვისტები ფრანკფურტის უნივერსიტეტიდან მრავლად მონაწილეობენ, ადგილობრივი პარტნიორი კი “აფხაზეთის ბიზნესში ჩართული ქალების ასოციაციაა”. ამ პოსტში კოდორი ახსენებს მონაწილეთა სახელებსაც და მათ მიერ მიღებული თანხის ოდენობასაც. შემდგომ კი სვამს კითხვას თუ რამდენად არის ეს ოპონენტების მიერ აფხაზების მოსყიდვა. “ასეთი მიდგომის შედეგად რამდენ ხანში დაკარგავს აფხაზეთი დამოუკიდებლობას და [...] ისევ საქართველოს დანამატი გახდება?”

ღალატის კიდევ ერთი ინდიკატორი კოდორის მიხედვით ფოტოა, რომელშიც აფხაზი მონაწილეების უკან ლოგო ჩანს, სადაც აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. ეს ლოგო პროექტის ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციის დიზაინის ნაწილია. არც ამ ოგრნიზაციის ვებ-გვერდზე და არც 2015-2016 წლების ანგარიშებში ეს პროექტი არ არის ნახსენები. შესაძლოა შემთხვევითი არ არის, რომ “მიმდინარე პროექტების” სექციაში არასამთავრობო ორგანიზაციის ვებ-გვერდი 2017 წლის 25 ივლისს კოდორის პოსტის გამოქვეყნების შემდგომ შეიცვალა. როგორც ფრანკფურტში, ისე აფხაზეთში, მონაწილე მხარეების საიტებზე პროექტის შესახებ ერთ სიტყვასაც ვერ ნახავთ. მხოლოდ დონორმა გამოაქვეყნა შემდეგი აღწერა:

ამ პროექტის მიზანია ქართველებს და აფხაზებს შორის ინტერპერსონალური ურთიერთობების აღდგენა და საფრთხის მქვეშ მყოფი აფხაზური ენის პოპულარიზება. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია: 1. აფხაზური ენის გამოცოცხლების და შენარჩუნების მიზნით ქართველი და აფხაზი მეცნიერების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მობილიზებით, 2. აფხაზი და ქართველი ახალგაზრდების, პოტენციური ლიდერების გაერთიანებით რათა უნივერსალური ადამიანური ღირებულებები წარმოადგინონ და წაახალისონ და ურთიერთპატივისცემა, ტოლერანტობა და სამეზობლო მშვიდობა დაამკვიდრონ, 3. სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის დიალოგის წახალისება საერთო ინტერესების ირგვლივ, როგორიცაა მაგ. განათლება, მეცნიერება და თანამშრობლობის წახალისება.[6]

თანამშრომლობის წახალისებასთან ერთად ეს პროექტი მიზნად ისახავს აფხაზური ენის კორპუსის შექმნას და აფხაზური ენის ლინგვისტური დამუშავებისთვის კომპიუტერული პროგრამის შექმნას. საჭირო მასალას აფხაზები (მათ შორის მწერლები) უზრუნველყოფენ, მეცნიერულ ექსპერტიზას კი ფრანკფურტელი სპეციალისტები. აფხაზი ლინგვისტები ამ თანამშრომლობაში არ მონაწილეობენ, თუმცა ისინი აფხაზური ენის და  ცნებების დოკუმენტირებასა და პოპულარიზაციაში არიან ჩართული. აფხაზეთის დედაქალაქში მცხოვრებ აფხაზ ლინგვისტს და აფხაზური ენის მასწავლებელს, რომელიც აფხაზური ენის შესახებ არსებულ ცოტა სახელმძღვანელოებს შორის რამდენიმეს ავტორია, არაფერი სმენია პროექტის შესახებ.  აფხაზეთის სამეცნიერო აკადემიის ლინგვისტმა პროექტის შესახებ მისი დენტისტისგან გაიგო. ამრიგად, პროექტის მიერ წახალისებული თანამშრომლობა ასიმეტრიულია: ერთი ნაწილი შედეგებს უზრუნველყოფს, მეორე კი - აცნობიერებს.

ცოდნის წარმოების ასეთი კოლონიური ფორმა კიდევ უფრო აღრმავებს იმათ უნდობლობას, ვინც თვლის, რომ აფხაზეთი სერიოზულად არ აღიქმება. ამგვარად, უნდობლობა ძლიერდება და საზღვარგარეთიდან კოლეგებთან მუშაობაზე უარში გამოიხატება, ვინაიდან ეს თანამშრომლობა თანასწორებს შორის არ მიმდინარეობს. დიდი ძალისხმევაა საჭირო გარე აქტორებთან ერთად მუშაობისთვის. ეს ენერგია კი ამდენწლიანი იზოლაციის, სტაგნაციის და დეპრესიის შემდეგ აფხაზებს აღარ დარჩათ. უმჯობესია საქმე არ დაიჭირო იმათთან ვისაც არ ენდობი და ვისი თავიდან არიდებაც შეგიძლია. თუ ამ პროექტისადმი უნდობლობის მიზეზებს გავითვალისწინებთ, ეჭვი კიდევ უფრო საფუძვლიანად მყარდება: ნამდვილი მიზეზების დანახვას აზრი არ აქვს.

უნდობლობას ისევ ზედაპირული მიზეზები მართავს. იმის ნაცვლად, რომ დაუშვა, რომ მხოლოდ ფასადია და მის მიღმა არაფერია, ჩნდება ეჭვი, რომ ამ ფასადებს მიღმა რაღაცაა, კერძოდ, მტრულ განწყობებზე დაფუძნებული პოლიტიკური დღის წესრიგი.  ზედაპირზე ვხედავთ არასამთავროების მართულ საზოგადო ჩართულობას, პოლიტიკური მიზნის გარეშე უნივერსალურ სიკეთეზე მიმართულს (ამ შემთხვევაში აფხაზური ენის დოკუმენტირებას და პოპულარიზებას). ზედაპირს მიღმა თემურ კოდორის მსგავსი ეჭვიანი დამკვირვებელი შავბნელ ძალას აღმოაჩენს, რომელიც საქართველოს მთავრობის და მისი მოკავშირეების მიერ იმართება. ამ ძალამ რომ იმუშაოს, კოდორის აზრით, თავის შენიღბვაა საჭირო. ეს ნიღაბი ამ პროექტში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომელიც მასკარადის მაქინაციებია და მეტი არაფერი.

კოდორისთვის კვლევითი პროექტი მხოლოდ პოლიტიკური შეღწევის და ინდოქტრინაციის დასაფარადაა შექმნილი. რუსულად მოლაპარაკე სამყაროში (მათ შორის აფხაზეთში) ასეთს აქტივობას სიტყვა “პაკაზუხა” აღწერს, რაც ნიშნავს “ნამდვილი მოვლენების დასაფარად რაღაც ყალბი წარმოდგენის დადგმას” (Sántha და Safonova 2011: 75).[7] ამ წარმოდგენის მიზანია არარსებულის და მცდარი რეალობის წარმოჩენა. ხილულის დაჯერება ილუზიის და ტყუილის მახეში გაგვაბამს. კოდორის მიერ გამოთქმული ეჭვი კი წარმოდგენას ააშკარავებს.

ფასადებისადმი უნდობლობა

ზემოხსენებულ შემთხვევებში ფასადები ეჭვს ბადებს. ქართული ფასადური პოლიტიკის შემთხვევაში ჩნდება, რომ ფასადს მიღმა არაფერია და მხოლოდ ზედაპირი არსებობს. ფასადს მიღმა შინაარსის არარსებობა ფასადების მნიშვნელობასთან წინააღმდეგობაში მოდის, ეს უკანასკნელი ხომ არსებობის, მჩქეფარე სიცოცხლის, მომავლის და წარმატებული აწმყოს ნიშნად დგას. აფხაზური ფასადების (ხშირად ნანგრევების) შემთხვევაში მათ უკან სიცარიელე მომავლის არარსებობასაც ასახავს. სწორედ ეს უკანასკნელი უმომავლობაა აფხაზური ნანგრევების შინაარსი. ამრიგად, საქართველოს შემთხვევაში პოტიომკინის ფასადები  ადამიანების აღქმაზე მანიპულაციის მცდელობაა, აფხაზეთის ფასადები კი - სიცარიელის ასახვის.

ფასადები ასევე საიდუმლო გეგმების დასაფარად შეიძლება გამოიყენო. თემურ კოდორი ამიტომაც ეჭვობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ფასადს მიღმა საიდუმლო პოლიტიკურ დღის წესრიგს მალავენ. მისთვის არასამთავრობო ორგანიზაციები ტროას ცხენია, რომელიც მათ სივრცეში მტრის შემოჭრას ისახავს მიზნად.

კოდორი განასხვავებს ხილულ ზედაპირსა და მის ქვეშ არსებულს შორის წინააღმდეგობას. ეს უკანასკნელი კი კონსპირაციის თეორიებით იხსნება.

ამგვარი მიდგომით საკუთარ მეზობლებთან დაძაბულობაც მცირდება, ვინაიდან წარსულის სისასტიკეებზე ისინი არ არიან პასუხისმგებელი, მათ ნაცვლად დამნაშავე სხვა ფარული ძალაა. აფხაზეთის კონტექსტში ეს დისკურსული სტრატეგია მათ მიმართ მეგობრულ განწყობებს წაახალისებს, ვისი ნდობაც არ შეიძლება. უნდობლობით შექმნილი დაძაბულობა საერთო, თუნდაც გამოგონილი, მტრის შექმნით ქარწყლდება.

ბიბლიოგრაფია:

Asmussen, Jan. 2011.  Conspiracy Theories and Cypriot History: The Comfort of Commonly Perceived Enemies. Cyprus Review 23 (2): 127-145.

Broers, Laurence. 2001.  Who are the Mingrelians? Language, Identity and Politics in Western Georgia. Sixth Annual Convention of the Association for the Study of Nationalities 2001. Panel: Minority Identity in Georgia (unpublished paper).

Frederiksen, Martin Demant und Katrine Bendtsen Gotfredsen. 2017. Georgian Portraits: Essays on the Afterlives of a Revolution. Winchester/Washington: Zero Books.

Fukuyama, Francis. 1992. The End of History and the Last Man. New York: The Free Press.

Girard, Réne. 2005. Violence and the Sacred. New York: Continuum.

Gogebashvili, Iakob.1990 [1902].  borot’i c’adili samegrelos shesaxeb [An Evil Intention vis-à-vis Mingrelia]. In: rcheuli txzulebani xut t’omad [Collected Works in Five Volumes] Vol. 2. Tbilisi: ganatleba.

Harris, Alice C. 1991.  Mingrelian. In: A.C. Harris (ed.): The Indigenous Languages of the Caucasus 1: The Kartvelian Languages. Delmar NY: Caravan Books: 313–394.

Nikulin, Alexander. 2011. Tragedy of a Soviet Faust: Chaianov in Central Asia. In Exploring the Edge of Empire: Soviet Era Anthropology in the Caucasus and Central Asia, ed. by F. Mühlfried and S. Sokolovskiy. Münster: LIT Verlag: 275-293.

Sántha, István and Tatiana Safonova. 2011. Pokazukha in the House of Culture: The Pattern of

Behavior in Kurumkan, Eastern Buriatiia. In: Donahoe, Brian and Joachim Otto Habeck (eds.): Reconstructing the House of Culture: Community, Self, and the Making of Culture in Russia and Beyond. New York: Berghahn: 75-96.

West, Harry G., and Todd Sanders (eds.). 2003. Transparency and Conspiracy: Ethnographies of Suspicion in the New World Order. Durham, London: Duke.

Yurchak, Alexei. 2006. Everything Was Forever, Until It Was No More: The Last Soviet Generation. Princeton, NJ: Princeton University Press.

 


[1] ეს ესე ძალიან გავს ჩემი წიგნის “უნდობლობის სქემები: გლობალური პერსპექტივა” მე-5 თავს, რომელიც 2019 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება Palgrave Pivot-ის გამომცემლობის მიერ. მადლობა მინდა გადავუხადო გამომცემლობას და განსაკუთრებით ჩემს რედაქტორს მარი ალ-საიდს ჩემი წიგნის თავის ამ ფორმით გამოქვეყნების ნებართვისთვის.

[2]  მედია პორტალ OC Media-ს პოლიტიკის თანახმად, რომელიც მთელი კავკასიის რეგიონის მოვლენებს ფარავს, ტექსტის კითხვისას მკაფიოობის უზრუნველსაყოფად, მე არ ვიყენებ ისეთ განმსაზღვრელებს, როგორებიცაა „დე-ფაქტო“, „არაღიარებული“, ან „ნაწილობრივ აღიარებული“ როდესაც ვსაუბრობ აფხაზეთში არსებულ ინსტიტუტებზე. ამავე დროს, აფხაზეთის და საქართველოს აღნიშვნების ერთდროული გამოყენება არ მიუთითებს აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსზე პოზიციას, არამედ პრაგმატული კუთხით მიზნად ისახავს ერთმანეთისგან განასხვავოს სიტუაციები და მიმდინარე მოვლენები აფხაზეთსა და (დანარჩენ) საქართველოში ისე რომ არ გაურთულოს მკითხველებს ტექსტის აღქმა  ჩასმული ფრჩხილებით.

[3] იხ. West და Sanders 2003 კონსპირაციის თეორიების სოციალური მოქმედების შესახებ.

[4] დიდი მადლობა საშა როტს ამ დისკუსიის წამოწყებისთვის.

[5] თემურ კოდორი სავარაუდოდ ფსევდონიმია.

[6] Source: https://www.usaid.gov/georgia/working-crises-and-conflict; later on, however, this entry also disappeared.

[7] კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა საშა როტს ამ საკითხის ჩემთან წამოჭრისთვის.