მთავარი მიმართულებები
2015 წლის გაზაფხულზე ერევნის ქუჩები კესანეს გამოსახულებებით გაივსო. ეს ყვავილი გენოციდის ხსოვნის სიმბოლოდ შეირჩა. მასთან ერთად ხშირად ნახავთ დევიზს "გახსოვდეს და მოითხოვდე". მისი პირველი ნაწილის მნიშვნელობა ყველა სომხისთვის სრულიად ნათელია: 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის პატივისცემა აუცილებელია, მაგრამ დევიზის მეორე ნაწილი განსხვავებული ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა. დიახ, გენოციდის აღიარების მოთხოვნა აუცილებელია, თუმცა აქ სხვა შეკითხვებიც ჩნდება. ვისთვის არის განკუთვნილი ეს მოთხოვნა - თურქეთის, აშშ-ის თუ საერთაშორისო თანამეგობრობისათვის? ვინ უნდა წარმართოს ეს კამპანია - სომხეთმა, დიასპორამ თუ ორივემ? რამდენად შეთავსებადია ეს კამპანია თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციასთან? რა მნიშვნელობა აქვს აღიარებას? უნდა მოჰყვეს თუ არა მას ზარალის ანაზღაურება? ხომ არ არის აღიარება დაკავშირებული თურქეთისადმი ტერიტორიულ პრეტენზიებთან? და ბოლოს, რატომ არის აღიარება ამდენად მნიშვნელოვანი?
თუ ვეცდებით ამ შეკითხვებს ვუპასუხოთ, არანაკლებ ოთხი მიდგომა უნდა გამოვყოთ. პირველი მიდგომა, რომელსაც შეიძლება "ტრადიციული" ეწოდოს, სომხეთისა და განსაკუთრებით დიასპორისათვის მე-20 საუკუნის შუა წლებიდან მაინც არის ცნობილი. ეს დისკურსი ემყარება კონცეფციას, რომელსაც "ჰაი დატს" (მიახლოებით თუ ვთარგმნით, "სომხურ საკითხს") უწოდებენ და რომელშიც უმთავრესი აღიარება და ზარალის ანაზღაურებაა. მეორე მიდგომა, რომელიც ამ სტატიაში შეიძლება მოვიხსენიოთ როგორც "ინოვაციური" ან "ადამიანის უფლებებისადმი გლობალური მიდგომა", ტრადიციულ დისკურსს აშკარად არ უპირისპირდება, თუმცა აქ ყურადღების ცენტრი სომხეთ-თურქეთის ისტორიული დაპირისპირებიდან სომხების გენოციდის აღიარების გლობალურ მნიშვნელობაზეა გადატანილი. ტრადიციული მიდგომის მსგავსად გენოციდის აღიარება ამ შემთხვევაშიც პრიორიტეტულია, თუმცა ძირითადი საკითხები ადამიანის უფლებების დაცვა და მომავალში კაცობრიობის წინაშე დანაშაულის პრევენციის საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობაა.
მესამე დისკურსი, რომელსაც შეიძლება "ოფიციალური" ეწოდოს, სომხეთის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას ასახავს. ეს დისკურსი "ტრადიციული" და "ინოვაციური" დისკურსების მრავალ ელემენტს შეიცავს, ყურადღება კი სომხეთის მთავრობის როლზეა გამახვილებული. და ბოლოს, არის მეოთხე დისკურსი, რომელსაც შეიძლება "ოპოზიციური" ან " დისიდენტური" ეწოდოს და რომელიც ოფიციალურ და ტრადიციულ დისკურსს ღიად უპირისპირდება. ეს დისკურსი თავისთავად გენოციდის აღიარების მნიშვნელობას ეჭვქვეშ არ აყენებს, თუმცა აღიარებისათვის ბრძოლის კამპანიას რეალპოლიტიკის პოზიციებიდან აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ ამ ეტაპზე უფრო საშური საქმეებია გასაკათებელი, მათ შორის სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების მოწესრიგება, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება და თვით სომხეთის განვითარების პრობლემების გადაჭრა.
აღიარების კამპანიის ფორმატის შეცვლა: "100 სიცოცხლე" და "გააღვიძე სულები"
2015 წლის მოახლოებასთან ერთად კამპანიის სიმძაფრე საგრძნობლად გაიზარდა. ის ძირითადად სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებსა და საკანონმდებლო ორგანოებზე იყო მიმართული, მთავარი შემსრულებლები კი ტრადიციულად ამერიკის სომეხთა ეროვნული კომიტეტი (აესკ) და ამერიკის სომხური ასამბლეა (ასა) და სხვა ქვეყნებში მათი ფილიალები იყვნენ. ამასთან, ეს ორგანიზაციები ახლა ცდილობენ კამპანიის წარმართვის ინოვაციურ მიდგომებს მიაგნონ, რაც არა მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებთან, არამედ რიგით მოქალაქეებთან მუშაობის საშუალებასაც იძლევა.
ამ კონტექსტში ერთ-ერთი ინიციატივაა "100 სიცოცხლე", რომელიც სომხური დიასპორის გავლენიანი წარმომადგენლების ჯგუფმა, მათ შორის რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა რუბენ ვართანიანმა წამოიწყო. "100 სიცოცხლე" გენოციდს გადარჩენილი ადამიანებისა და მათი მხსნელების მოხსენიებას გულისხმობს. განზრახულია ასევე დაწესდეს "ავრორას პრიზი კაცობრიობის გამოღვიძებისათვის"[1]. პრიზი მიენიჭება მათ, ვინც თავი ადამიანის უფლებების დაცვით გამოიჩინა. ჩანაფიქრის მიხედვით, პრიზის მიმღებმა პირებმა თანხა იმ ორგანიზაციებს უნდა გადაურიცხონ, რომლებიც მათთვის შთაგონების წყარო გახდა.[2] ამ ინიციატივას ისეთმა ცნობილმა ადამიანებმა დაუჭირეს მხარი, როგორიცაა მსახიობი ჯორჯ კლუნი, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის კამპანიებში აქტიურად მონაწილეობს. მისი ცოლი, ადამიანის უფლებებზე მომუშავე იურისტი ამალ კლუნი, სომხეთის წარმომადგენლებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გენოციდთან დაკავშირებული მოსმენების დროს ეხმარებოდა.[3]
გენოციდის აღიარების კამპანიაში რიგით ადამიანებთან ურთიერთობის მაგალითს იძლევა სომხური დიასპორის წარმომადგენლებისაგან შემდგარი ამერიკაში დაბადებული მძიმე მეტალ ჯგუფი System of a Down. ჯგუფის წამყვანი მომღერალი სერჟ თანკიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში თავისი მემარცხენე შეხედულებებითა და ადამიანის უფლებების დაცვის კამპანიებში აქტიური მონაწილეობითაა ცნობილი. System of a Down რამდენიმე წლის წინ დაიშალა, თუმცა ჯგუფი ისევ შეიკრიბა, რომ გენოციდის აღიარების კამპანიის ფარგლებში საგანგებო ტური ჩაეტარებინა სახელწოდებით "გააღვიძე სულები". მათი მიზანი არა მხოლოდ გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისათვის პატივის მიგება, არამედ გენოციდის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მისი აღიარებისათვის ბრძოლაა. ტური ამა წლის 23 აპრილს დასრულდება, როცა ერევანში ჩატარდება კონცერტი (რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა). System of a Down-ის წევრები ამბობენ, რომ როგორც "100 სიცოცხლის" შემთხვევაში, მათი სათქმელიც სომხების თავს დატრიალებული უბედურებით არ შემოიფარგლება და გლობალური მნიშვნელობისაა. ჟურნალ "როლინგ სტოუნისათვის" მიცემულ ინტერვიუში თანკიანმა განაცხადა: "სხვა საკითხებთან ერთად გვინდა ყურადღება იმასაც მიექცეს, რომ გენოციდის შემთხვევები ამჟამადაც ხდება მიუხედავად იმისა, თუ რას ვუწოდებთ მათ - გენოციდს, ჰოლოკოსტს თუ ჰუმანიტარულ კატასტროფას".[4]
ოფიციალური მიდგომა
ტრადიციული და ოფიციალური დისკურსები შეიძლება ფორმით თითქმის ერთნაირად მოგვეჩვენოს, მაგრამ მათი განხილვა მაინც განცაკლევებით სჯობს. ტრადიციული დისკურსი, რომელიც უპირველეს ყოვლისა დიასპორის ორგანიზაციებისა და სომხეთის ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვის, მაგალითად, პარტია დაშნაკცუთიუნისთვისაა დამახასიათებელი, ბოლო 50 წლის განმავლობაში, 1960-იანი წლებიდან ყალიბდება. ამის საპირისპიროდ, სომხეთის მთავრობის პოზიცია ქვეყნის დამოუკიდებლობის ხანაში გახდა ცნობილი. სომხეთის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი "სომხური საკითხისადმი" ტრადიციულ მიდგომას აკრიტიკებდა, ხოლო მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი მას მხარს უჭერდა. ე. წ. "სომხურ-თურქული ფეხბურთის დიპლომატიის" პერიოდში სომხეთის ამჟამინდელმა მთავრობამ სცადა ტრადიციული მიდგომისაგან თავი შორს დაეჭირა, თუმცა მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი ჩაიშალა, ამ მიდგომას ისევ დაუახლოვდა. გენოციდის აღიარების კამპანიაში სომხეთის მთავრობის ერთ-ერთი მიზანი სომხურ დიასპორაში თავისი მორალური ავტორიტეტის აღდგენაა, რადგან მას სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების დალაგების წარუმატებელი მცდელობის შედეგად საგრძნობი ზიანი მიადგა.
სომხების გენოციდის ასი წლისთავის შესახებ სრულიად სომეხთა დეკლარაცია სომხეთის მთავრობის ოფიცილური პოზიციის ამსახველი ყოვლისმომცველი განცხადებაა. ის სომხების გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის, ანუ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ შექმნილი ოფიციალური ორგანოს სახელით გამოქვეყნდა, თუმცა მასში ნათქვამია, რომ ის "სომეხი ხალხის საერთო ნებას გამოხატავს". სავარაუდოდ, სწორედ ამ დებულების გასამყარებლადაა დოკუმენტში ნათქვამი, რომ დეკლარაცია "დიასპორის რეგიონულ კომიტეტებთან კონსულტაციების შედეგად" იქნა მიღებული.[5]
დეკლარაცია საკმაოდ შეუვალი ტონითაა დაწერილი. ის "მოუწოდებს თურქეთის რესპუბლიკას აღიაროს და დაგმოს ოსმალეთის იმპერიაში მომხდარი სომხების გენოციდი, საღი თვალით შეხედოს საკუთარ ისტორიას და არ დაივიწყოს იგი, რისთვისაც აუცილებლად უნდა მიაგოს პატივი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ამ უმძიმესი დანაშაულის მსხვერპლთა ხსოვნას და შეწყვიტოს ფალსიფიკაციისა და გენოციდის უდავო ფაქტის უარყოფისა და გაუბრალოების პოლიტიკა". დოკუმენტში ასევე ნახსენებია "1920 წლის 10 აგვისტოს სევრის სამშვიდობო ხელშეკრულება და აშშ-ის პრეზიდენტის ვუდრო უილსონის 1920 წლის 22 ნოემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება", რაც თურქეთისადმი ტერიტორიული პრეტენზიების არცთუ გაუმჭვირვალე მინიშნებად შეიძლება ჩაითვალოს. იმავდროულად, დეკლარაციაში ხაზგასმულია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გენოციდის აღიარების საერთაშორისო მნიშვნელობა. ზოგ შემთხვევაში თურქეთის მთავრობის მისამართით გამოთქმული უარყოფითი შეფასებები თურქეთის საზოგადოებისა და თურქი ხალხის მიმართ შემრიგებლური ტონითაა გაწონასწორებული. მაგალითად, დეკლარაცია "მხარს უჭერს თურქეთის სამოქალაქო საზოგადოების იმ ნაწილს, რომლის წარმომადგენლებიც ამჟამად მთავრობის ოფიციალური პოზიციის საპირისპირო მოსაზრების ხმამაღლა გამოთქმას არ ერიდებიან ". მასში "გამოთქმულია იმედი, რომ თურქეთის მიერ სომხების გენოციდის აღიარება და დაგმობა სომეხი და თურქი ხალხების ისტორიული შერიგების წინაპირობა გახდება".
სრულიად სომეხთა დეკლარაცია სომხეთისა და თურქეთის მთავრობების მიერ წარმოებული პროპაგანდისტული ომის ფონზე იქნა მიღებული. ეს ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც თურქეთმა 24 აპრილს გალიპოლის ბრძოლის წლისთავის აღნიშვნა გადაწყვიტა. ამ გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო შეაშფოთა სომხეთის მთავრობა, რომელსაც ეშინია, რომ უცხო ქვეყნების ლიდერები 24 აპრილს სომხეთში დაგეგმილ ღონისძიებებს შეიძლება არ დაესწრონ. ამ მომენტისათვის სომხეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე მსოფლიოს რამდენიმე გამოჩენილი ლიდერის, მათ შორის ვლადიმერ პუტინისა და ფრანსუა ოლანდის დასწრებას ელოდება, თუმცა ბოლომდე ცხადი ჯერ კიდევ არ არის, რომ ისინი ნამდვილად ჩამოვლენ. არც ის არის გამორიცხული, რომ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გეგმამ არ გაამართლოს და გალიპოლის ბრძოლასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს მაღალი დონის უცხოელი წარმომადგენლები არ დაესწრონ, რასაც თურქეთისთვის ბუმერანგის ეფექტი ექნება.
კრიტიკის ხმები
იმ დროს, როცა სომხების ერთი ნაწილი გენოციდის აღიარების მისაღწევად ახალ-ახალ გზებს ეძებს, არიან ისეთებიც, ვინც აღიარებისაკენ მიმართული მცდელობების კრიტიკულ გადახედვას მოითხოვს. ამ მიდგომის თანახმად, გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის პატივისცემა ნამდვილად ყველა სომეხის მოვალეობაა, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ აღიარების მოთხოვნის საქმეში სომხეთის სახელმწიფო უნდა იყოს ჩართული.
ამ დისკურსის ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი ალბათ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანია, რომელმაც ცოტა ხნის წინ სრულიად სომეხთა დეკლარაციაში გამოხატული მთავრობის ოფიციალური პოზიცია მკაცრად გააკრიტიკა. მას არასწორად მიაჩნია ამჟამინდელი მთავრობის პრეტენზია, რომ ის მთელს მსოფლიოში მცხოვრები ყველა სომხის მოსაზრებას გამოხატავს, და ამ პოზიციიდან თურქეთისაგან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.[6] ტერ-პეტროსიანს მიაჩნია, რომ სომხეთის რესპუბლიკამ ყურადღება თურქეთთან ურთიერთობების აღდგენაზე უნდა გაამახვილოს, ხოლო გენოციდის აღიარებაზე დიასპორის სომხებმა უნდა იზრუნონ, რადგან ისინი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან და უფლება აქვთ გენოციდიას აღიარება თავიანთ მთავრობებს მოსთხოვონ (ეს პირველ რიგში აშშ-ს ეხება, რადგან იმ ქვეყნების უმრავლესობამ, სადაც სომხური დიასპორა მრავალრიცხოვანია, უკვე მიიღო კანონები, რომლებითაც გენოციდი აღიარა). ტერ-პეტროსიანს არც თურქეთისაგან რაიმე ფორმით კომპენსაციის მოთხოვნის იდეა მოსწონს, თუმცა აღიარებს, რომ თურქეთის მიმართ გენოციდის მსხვერპლთა შთამომავლების ინდივიდუალური პრეტენზიები სამართლიანია.
კრიტიკა ისმის დიასპორაშიც, სადაც ახლანდელი ფორმით გენოციდის აღიარების კამპანიის რაციონალურობას ეჭვქვეშ აყენებენ. ტერ-პეტროსიანის ზოგიერთი მოსაზრება გაიმეორა ჟერარ ლიბარიდიანმა, რომელიც 1990-იან წლებში პრეზიდენტ ტერ-პეტროსიანის მრჩეველი იყო, ამჟამად კი აშშ-ის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ისტორიას ასწავლის. ლიბარიდიანმა გაიზიარა გენოციდის აღიარებისაკენ მიმართული ღონისძიებების მიმართ ტერ-პეტროსიანის სკეპტიციზმი: "საერთაშორისო აღიარებაზე დამოკიდებულება ნიშნავს, რომ იმის მძევლებად ვიქცევით, თუ ვინ რას იტყვის ან არ იტყვის, და ამით ჩვენს მომავალსა და ფსიქოლოგიურ და ინტელექტუალურ დამოუკიდებლობას სხვებზე დამოკიდებულს ვხდით", - განაცხადა ლიბარიდიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში. "მე პირადად უკვე აღარ მაინტერესებს, აღიარებენ თუ არა გენოციდს ობამა და მერკელი. ჩემი აზრით, შეურაცხმყოფელია, როცა ხოცვა-ჟლეტასა და გენოციდს მოგიწყობენ, შემდეგ კი ამის აღიარება სახვეწარი გაგიხდება.[7]
[1] პრიზს გენოციდს გადარჩენილი სომეხი ქალის, ავრორა მარდიგანიანის სახელი დაერქვა. ავრორა მონაწილეობდა ასევე 1919 წელს გადაღებულ ფილმში "გაპარტახებული სომხეთი"
[2] http://www.nytimes.com/2015/03/10/world/middleeast/armenian-leaders-establish-rights-award-to-commemorate-centenary-of-Genocide.html?_r=0
[3] http://www.dailymail.co.uk/news/article-2929573/Amal-Clooney-takes-Genocide-denying-politician-Human-rights-lawyer-leads-fight-Turkish-MP-prosecuted-calling-death-1-5-million-Armenians-international-lie.html
[4] http://www.rollingstone.com/music/features/system-of-a-down-serj-tankian-armenian-Genocide-new-album-20150108
[5] http://www.president.am/en/press-release/item/2015/01/29/President-Serzh-Sargsyan-visit-Tsitsernakaberd-Genocide/