სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკა: განვითარების შესაძლებლობები და არჩევანი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამხრეთ კავკასიის რეგიონის მნიშვნელობის გაზრდასა და მის მიმართ საერთაშორისო ყურადღების მიპყრობაში დიდი როლი ითამაშა რეგიონის სტრატეგიულმა ადგილმდებარეობამ და აქ არსებულმა ენერგორესურსებმა. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რეგიონში ყველაზე დიდი ინვესტიციები სწორედ ახალი მილსადენების მშენებლობასა და ნავთობის და გაზის ახალი საბადოების მოძიებაში ჩაიდო. 2006 წლიდან კი გაჩნდა ახალი სტრატეგიული პროექტები, რომლებიც რუსეთის გვერდის ავლით ევროკავშირის ქვეყნების ენერგორესურსების წყაროების დივერსიფიკაციას გულისხმობდა. შესაბამისად, რეგიონი ახალი პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დადგა, რაც ევროპის ენერგეტიკულ სივრცეში ინტეგრაციის შესაძლებლობასაც იძლევა. გარდა მილსადენებისა, უკანასკნელი 5 წლის მანძილზე დაიგეგმა და/ან განხორციელდა რიგი ინფრასტრუქტურული პროექტებისა, რომლებიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ელექტროენერგიის ექსპორტიორებად აქცევს.

დღესდღეობით აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების წინაშე დგანან და ამ გამოწვევებთან გამკლავების განსხვავებულ გზებს ირჩევენ.[1] ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველო აგრძელებს ევროპისკენ სვლას, სომხეთი – რუსეთის ფედერაციის მიერ ინიცირებულ ევრაზიულ კავშირს ირჩევს, ხოლო აზერბაიჯანი მაქსიმალურად იყენებს ენერგეტიკის მწარმოებელი ქვეყნის უპირატესობას და არ ჩქარობს ქვეყანაში დასავლეთის მიერ დაწესებული ნორმების შემოღებას.

სამივე ქვეყანას ენერგეტიკული სექტორის განვითარების განსხვავებული მახასიათებლები აქვს. სომხეთი, თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, დღემდე ვერ ამბობს უარს ატომურ ელექტროსადგურზე და ახალი ბირთვული რეაქტორის მშენებლობა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის სასიცოცხლო აუცილებლობად მიაჩნია. საქართველო არსებული ჰიდრორესურსების მაქსიმალურ ათვისებას გეგმავს, ხოლო აზერბაიჯანი საკუთარი რესურსის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას ცდილობს. ამიტომაც პუბლიკაციის ვიზუალური სტრუქტურაც ამ მახასიათებლების გათვალისწინებით შევარჩიეთ: ატომური ენერგიის განვითარებაზე ორიენტირებული სომხეთი – ყვითელი, წყლის რესურსების მაქსიმალურ ათვისებაზე მიმართული საქართველო – ცისფერი, ხოლო ნავთობით მდიდარი აზერბაიჯანი სწორედ ამ საბადოს შესატყვისი მუქი ფერითაა გადაწყვეტილი.

უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა ტრადიციული ენერგეტიკული სცენარების მიხედვით მოქმედებს და დღემდე არ გააჩნიათ კლიმატისა თუ ენერგეტიკის სრულყოფილი პოლიტიკა. თუმცა, ევროკავშირთან თანამშრომლობის თუ სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულების შესრულების მიზნით სამივე ქვეყანა მუშაობს კლიმატის ცვლილების კუთხით გარკვეული ვალდებულებების აღებასა და ენერგეტიკული კანონმდებლობის დახვეწაზე.

2014 წელს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურომ კლიმატის ცვლილების პროგრამა წამოიწყო, რომელმაც რეგიონში გამჭვირვალე ენერგეტიკული ცვლილებებისა და მდგრადი ენერგეტიკული სისტემების ადვოკატირებას უნდა შეუწყოს ხელი. პროგრამა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში არსებული სურათის ანალიზს მსოფლიო გამოცდილების პერსპექტივიდან. ამავე დროს, ამ პროგრამით გვსურს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ რეგიონში არსებული ექსპერტიზის გაზრდასა და სექტორში მიმდინარე ცვლილებების კრიტიკულ გააზრებაში. პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ენერგეტიკის სექტორსა და კლიმატის ცვლილებას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთზემოქმედების ფაქტორების წარმოჩენას და კომპრომისული გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რასაც დღესდღეობით დარგის ადგილობრივი სპეციალისტები ენერგეტიკული სისტემების განვითარების დისკურსში პრაქტიკულად არ განიხილავენ.

სწორედ კლიმატის ცვლილების პროგრამის ფარგლებში მომზადდა წინამდებარე კვლევა, რომლის მიზანია, თავი მოუყაროს აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის ენერგოსექტორების ძირითად მახასიათებლებს და რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს, დაასკვნას, რამდენად არის ერთმანეთთან თანხვედრაში მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკული განვითარების ვექტორები და არსებობს თუ არა ენერგეტიკული განვითარების ერთიანი ხედვა რეგიონის შიგნით. მწვანე პოლიტიკური ფონდისთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო, დაინტერესებული საზოგადოებისთვის წარედგინა ქვეყნებში არსებული სურათი განახლებადი ენერგეტიკის და ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით, რაც ამასთანავე, კარგი იმპულსია საზოგადოებაში მდგრადი ენერგეტიკული სისტემების შესახებ დისკუსიების დასაწყებად – ეს მომავალში ხელს შეუწყობს ასეთი სისტემების მხარდამჭერი ჯგუფების გაჩენას და გაძლიერებას ამ ქვეყნებში.

„სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკა: განვითარების შესაძლებლობები და არჩევანი~ რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას სვამს არსებული ენერგოსისტემების მდგრადობის და სოციალური თუ ეკონომიკური სარგებლიანობის შესახებ. მაგალითად, რამდენად რეალურია ახალი ატომური რეაქტორის მშენებლობა სომხეთში? რატომ არ იყენებენ ენერგოეფექტურობის სიკეთეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნები? რა აუცილებელი ნაბიჯებია გადასადგმელი განახლებადი ენერგიების დანერგვის ხელშესაწყობად? ასევე, შევეცადეთ, რომ თითოეული ქვეყნისთვის შემუშავებული რეკომენდაციები რაც შეიძლება პრაქტიკული და რეალისტური ყოფილიყო.

კვლევის შედეგებისა და აღნიშნული რეკომენდაციების განხილვის პირველი მცდელობა 2015 წლის 12 ივნისს, რეგიონულ ენერგეტიკულ კონფერენციაზე შედგა. გამართულმა დისკუსიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას ერთმანეთთან ბევრი რამ, განსაკუთრებით კი საბჭოთა მემკვიდრეობა აკავშირებს, ამ პატარა რეგიონის თითოეული სახელმწიფო დამოუკიდებლად, მეზობელი ქვეყნების ინტერესების და მისწრაფებების გათვალისწინების და ერთმანეთთან დიალოგის გარეშე იღებს საკუთარი ეკონომიკის განვითარებასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ იზოლირებულ გადაწყვეტილებებს. ასევე, მკაფიოდ გამოჩნდა, რომ სამივე ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში დღემდე უმნიშვნელოვანეს როლს დონორი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოლიტიკა თამაშობს. შესაბამისად, სამომავლოდ მნიშვნელოვანი იქნება მათი როლი როგორც მდგრადი ენერგეტიკული სისტემების წახალისებაში, ისე ამ მიმართულებით რეგიონში საჭირო ცოდნისა და ტექნოლოგიების დანერგვაში.

თავისი ადგილმდებარეობის გამო საქართველო კვლავაც რჩება მნიშვნელოვან რეგიონულ მოთამაშედ, თუმცა აშკარაა, რომ ქვეყნის უახლოესი სამომავლო გეგმები არ უკავშირდება ენერგეტიკულ ტრანზიციას და ის ამ მიმართულებით მეზობელი სახელმწიფოებისთვის სამაგალითოც ვერ გახდება. ამ თვალსაზრისით, საქართველოსთვის იმედისმომცემი ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანება უნდა იყოს, რაც გარკვეულ პროგრესს მოიტანდა.

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ატომური ელექტროსადგურის გარეშე ჯერჯერობით ვერ მოიაზრებენ, სომხეთში თანდათან ჩნდება სპეციალისტების ახალი ბირთვი, რომლებიც ალტერნატიული ენერგეტიკული პოლიტიკის განვითარების შესაძლებლობაზე იწყებენ საუბარს. მართალია, სამხრეთ კავკასიის ყველაზე პატარა რესპუბლიკას, მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის განვითარებისთვის საჭირო ყველაზე გამართული საკანონმდებლო ბაზა აქვს, მას მაინც მოუწევს ამ ტექნოლოგიების დასანერგად გრძელი და წინააღმდეგობებით სავსე გზის გავლა, რაც, უპირველეს ყოვლისა, რეგიონში მოუგვარებელ კონფლიქტებს და სექტორში არსებულ კორუფციულ გარემოს უკავშირდება.

კონფერენციაზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ აზერბაიჯანში დღეს არსებული პოლიტიკური კულტურა არ იძლევა ენერგეტიკული ტრანზიციის პროგნოზირების შესაძლებლობას. აქ ქვეყნის შიგნით არსებული ენერგეტიკული პოლიტიკის ანალიზი და კრიტიკაც სულ უფრო რთული და შეუძლებელი ხდება.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი განსაკუთრებულ მადლობას უხდის კვლევის ხუთივე ავტორს, რომლებმაც რამდენიმე თვის განმავლობაში იშრომეს იმისთვის, რომ თავი მოეყარათ კომპლექსური ანალიზისთვის აუცილებელი ყველა მონაცემისთვის, რამაც სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკის სექტორის ერთიანი სურათის დანახვის საშუალება მოგვცა. რა თქმა უნდა, კვლევის ავტორები აცნობიერებენ იმ ფაქტს, რომ წინამდებარე პუბლიკაციის ცალკეულ ქვეთავებში თავმოყრილი თითოეული საკითხის უკეთ გასააზრებლად საჭიროა გაცილებით სიღრმისეული კვლევები და სხვადასხვა ინსტიტუტის ჩართულობით შემუშავებული ანალიზი. ამიტომ, მოხარული ვიქნებით, თუ წინამდებარე გამოცემა დასაბამს დაუდებს აქ გამოვლენილი ძირითადი საკითხების და პრობლემების სიღრმისეულ კვლევებსა და განხილვებს.

განსაკუთრებული მადლიერება ეკუთვნის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს კლიმატის ცვლილების პროგრამის კოორდინატორს, თამარ ანთიძეს, რომლის ცოდნის, მონდომებისა და შრომის გარეშე ეს კვლევა ვერ შედგებოდა. პროექტების მენეჯერ ეკა წერეთლის დამსახურებით კი ერთი წლის განმავლობაში კვლევის სამ ენაზე გამოცემა გახდა შესაძლებელი.

ნინო ლეჟავა

თბილისი, 30 ოქტომბერი, 2015

ჰაინრიჰ ბიოლის სამხრეთ კავკასიის

რეგიონული ბიუროს დირექტორი

[1] იხ. სალომე ასათიანი, ნინო ლეჟავა (გამომც.): სამხრეთი კავკასია გზაჯვარედინზე: რთული რეალობა და დიდი მოლოდინები. თბილისი, 2014.

 

Product details
Date of Publication
ოქტომბერი, 2015
Publisher
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
Licence
All rights reserved
Language of publication
ქართული
ISBN / DOI
978-9941-0-8407-2