ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო აგრძელებს სტრატეგიულ თანამშრომლობას საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან (სოვლაბი) ინსტიტუციური განვითარების პროექტის ფარგლებში. თანამშრომლობის მიზანია სოვლაბის ინსტიტუციური გაძლიერება და საბჭოთა პერიოდის კრიტიკულ გააზრებაზე მიმართული საგანმანათლებლო და კვლევითი რესურსების მდგრადი განვითარება.
სოვლაბი 2010 წელს შეიქმნა და არსებობის 7 წლის მანძილზე მხოლოდ პროექტული ფორმით მუშაობდა. 2017 წელს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ხელშეწყობით განხორციელდა ორგანიზაციის ინსტიტუციური განვითარების საპილოტე პროგრამა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები ორგანიზაციის გრძელვადიანი მიზნების მიღწევისთვის (მაგ: თემატური მრგვალი მაგიდების ჩატარება, სასკოლო სახელმძღვანელოების რევიზია, სტრატეგიული დოკუმენტზე მუშაობის განახლება, საარქივო სიტუაციზე მუშაობის დაწყება, საგამომცემლო კონცეფციის ჩარჩოს შემუშავება და სხვა);
საპილოტე პროექტის ფარგლებში დაწყებული სამუშაო პროცესის დროს ნათლად გამოიკვეთა, რომ ინსტიტუციურ განვითარებაზე ფოკუსირებულ პროექტს დიდი დახმარების გაწევა შეუძლია ორგანიზაციისათვის. შესაბამისად დაიგეგმა ინსტიტუციური განვითარების გრძელვადიანი პროექტი, რომლის პირველი ეტაპი 2018 წლის თებერვალ-დეკემბერში განხორციელდება.
მოცემული პროექტის ფარგლებში შემდეგი ამოცანებია დასახული:
- სოვლაბის სტრატეგიული განვითარების მიმართულებებზე მუშაობა;
- კვლევითი საქმიანობის დაგეგმვისა და წარმართვის რესურსების განვითარება;
- კვლევით-საგანმანათლებლო კომპონენტის განხორციელება;
- საბჭოთა წარსულის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდის ხელშეწყობა საგანმანთლებლო პროგრამების მეშვეობით;
- ორგანიზაციის პარტნიორთა ქსელის გაფართოება და ფონდების მოძიების პრაქტიკის გაუმჯობესება.