გერმანიისთვის და მთელი ევროპისათვის თითქმის უცნობი, ან, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ ფრაგმენტულად ცნობილი საქართველო გასცდა პოლიტოლოგთა თუ ტურისტთა ინტერესების ფარგლებს და ევროპული პერსპექტივიდან დანახულ მსოფლიო რუკაზე კულტურულ ნაციად გამოისახა. ეს კი უკვე კულტურულ აღიარებასაც ნიშნავს, რაც თავისი პოლიტიკური მნიშვნელობით დიპლომატიურ აღიარებაზე მეტიცაა.
საქართველოსთვის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი წიგნის ფესტივალია, სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური წარმატებაა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს ის პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთ-ერთ უპრესტიჟულეს საერთაშორისო არენაზე არა ცალკეული ქართველი ხელოვანები გამოვიდნენ, არამედ ქვეყანა წარსდგა. ამით გერმანიისთვის და მთელი ევროპისათვის თითქმის უცნობი, ან, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ ფრაგმენტულად ცნობილი საქართველო გასცდა პოლიტოლოგთა თუ ტურისტთა ინტერესების ფარგლებს და ევროპული პერსპექტივიდან დანახულ მსოფლიო რუკაზე კულტურულ ნაციად გამოისახა. ეს კი უკვე კულტურულ აღიარებასაც ნიშნავს, რაც თავისი პოლიტიკური მნიშვნელობით დიპლომატიურ აღიარებაზე მეტიცაა. თუ დიპლომატიური აღიარებით სახელმწიფო, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი იწყებს არსებობას, კულტურული აღიარება ქვეყნის, როგორც მსოფლიო კულტურისთვის ფასეულად ცნობაა.
ამგვარ აღიარებას საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს. იმ დროს, როდესაც ევროპაში ერი-სახელმწიფოები გაჩნდა, საქართველო მსოფლიო რუკიდან გაქრა. მთელი XIX საუკუნე რუსეთის იმპერიის ორ პერიფერულ გუბერნიაში გადანაწილებული საქართველო მსოფლიოსთვის მხოლოდ ისტორიულ ქრონიკებსა თუ რუსული რომანტიზმის პოეტურ ხატებშიღა არსებობდა. 1918-1921 წლებში სამწლიანი დამოუკიდებლობაც იმდენად ხანმოკლე აღმოჩნდა, რომ საქართველომ საკუთარი არსებობის დაფიქსირებაც ძლივს მოასწრო და „მოკავშირე“ საბჭოთა რესპუბლიკად იქცა.
„მზიური საქართველო“
პირველი, თუმცა რეგლამენტირებული, მაგრამ მაინც საერთაშორისო აღიარება საქართველომ სწორედ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მოიპოვა. „საქართველომ გადააბიჯა კავკასიის ქედს“ - ასე ახასიათებს თავის მემუარებში 1930-იანი წლების საბჭოთა საქართველოს კულტურულ მიღწევებს პოეტი და საბჭოთა პერიოდის ქართული კულტურის ერთ-ერთი სიმბოლური ფიგურა - ირაკლი აბაშიძე. 1937 წელს მოსკოვში ჩატარებულ ქართული ხელოვნების დეკადას წინ უძღოდა შოთა რუსთაველის 750 წლისთავი, რომელიც საკავშირო მასშტაბით აღინიშნა. მანამდე 1934 წელს, საბჭოთა მწერალთა საკავშირო ყრილობაზე, ქართულმა ლიტერატურამ საბჭოთა ხალხთა მწერლობებში უძველესის საამაყო სტატუსი მოიპოვა. სტალინის ეპოქის ქართულმა ისტორიოგრაფიამ ქართული კულტურა ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის უძველესი ცივილიზაციის ერთადერთ ცოცხალ შთამომავლად გამოსახა. დაკარგული სახელმწიფოებრიობის სანაცვლოდ საქართველომ თვითრეპრეზენტაციის ასპარეზად სამყაროს მეექვსედი ტერიტორიის მქონე საბჭოთა იმპერია მიიღო, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მისი გავლენის ქვეშ მყოფი „მოძმე სოციალისტური ქვეყნებიც“ დაემატა. ამ დიდ, თუმცა შემოსაზღვრულ სცენაზე ქართველი მწერლები, მუსიკოსები, თეატრისა და კინოს მოღვაწეები თუ მოცეკვავეები საქართველოს წარმოადგენდნენ. „მზიური საქართველო“ მომნუსხველი შეფერილობის საბჭოთა კულტურული სიმბოლო, სამარკო ნიშანი იყო, რომელიც სიმბოლური კაპიტალით ამდიდრებდა ამ ქვეყანას და მის კულტურულ ფასეულობებს. საქართველოც საკუთარი კულტურის თვითინსცენირებაში იმ სცენარით ხელმძღვანელობდა, რომელსაც „მზიური საქართველოს“ რუსულ-საბჭოური მითი კარნახობდა. ამ მითის ინსცენირებით შეიქმნა „მზიური საქართველოს“ სუბიექტი - საბჭოთა ქართველის სტერეოტიპი: სტუმართმოყვარე, ხელგაშლილი, ლაღი და დალხინებული, პოეტური და მუსიკალური და საკუთარი ქვეყნის „უძველესი კულტურით“ ამაყი. ამ სტერეოტიპს შესაბამისი გარეგნობაც მიეცა: „ტრადიციულ“ (ჩოხა-ახალუხი და ჩიხტიკოპი) ტანსაცმელში გამოწყობილი გარეგნობის ქალი და მამაკაცი, რომლებიც თავისი „არქაულობით“ სრულიად ეგზოტიკურ წარმოდგენას ქმნიდნენ. აქედან მოყოლებული ქართველის ეთნოგრაფიული ხატი საქართველოს ვიზუალური რეპრეზენტაციის ფაქტობრივად უცვლელ ფორმად იქცა: საბჭოთა კულტურის გავრცელების არეალში საქართველოც და მისი მოსახლეობაც ეთნოგრაფიულად გაფორმებულ ეგზოტიკას განასახიერებდა.
საბჭოთა იმპერიის დანგრევასთან ერთად, ეს გიგანტური გეოგრაფიული ასპარეზიც დაიკარგა და ქართველ ხელოვანებსაც ქართული კულტურის წარმოსაჩენად წლების განმავლობაში მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიღა შემორჩათ. XX საუკუნის ქართული კულტურა, რომელიც მთლიანად რუსულ-საბჭოთა იმპერიულ თარგზე იყო გამოჭრილი - იმპერიასთან დაპირისპირებასა თუ მასთან მორგებაზე იდგა - ფაქტობრივად, კონტექსტის გარეშე დარჩა.
„უძველესი ევროპელები“
დიდ პოლიტიკურ და კულტურულ სივრცეზე გასვლა დამოუკიდებელობის გამოცხადებიდან საქართველოს ახალ, საარსებო მნიშვნელობის ამოცანად და ახალი კულტურული იდენტობის განმსაზღვრელ ფაქტორად იქცა. პოლიტიკურ დონეზე უკვე 1990-იანი წლების დასაწყისშივე, სამოქალაქო ომებისა და ეკონომიკური კოლაფსის პარალელურადვე, დაიწყო საქართველოს საერთაშორისო არენაზე გამოჩენისა და „ევრო-ატლანტიური“ ინტეგრაციის მცდელობები. ახალი პოლიტიკური და კულტურული იდენტობის განმსაზღვრელი აღმოჩნდა 1999 წელს, ევროსაბჭოს გენერალურ ანსამბლეაზე საქართველის მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას სიტყვები: „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე ვარ ევროპელი“.
2003 წლის „ვარდების რევოლუციიდან“ მოყოლებული ევროპამ და „დასავლეთმა“ ქართულ პოლიტიკურ დისკურსში „აღთქმული მიწის“ მნიშვნელობა შეიძინა. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას, რომლის დროსაც საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა გადაწყდა, საქართველოს ევროპულობის ინსცენირება მთავარი პოლიტიკური პრიორიტეტი იყო, რომელიც, ერთი მხრივ, საქართველოს ცალკეული ადგილების (სიღნაღი, თბილისი, ბათუმი, მესტია) ევროპულ ქალაქებთან გარეგნული მიმსგავსებით გამოიხატებოდა, მეორე მხრივ, ქართველების, როგორც „უძველესი ევროპელების“ ახალი ნარატივის შექმნით, რომელსაც ნივთმტკიცებად კავკასიონის ქედზე მიჯაჭვული პრომეთეს და კოლხი მედეას ძეგლების დადგმაც მოჰყვა. სააკაშვილის ხელისუფლების მიერ გატარებული დაჩქარებული მოდერნიზაციისა და ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, რომელსაც თან ახლდა სახელმწიფო რეგულაციების მკვეთრი შეკვეცა, სწრაფი პრივატიზაცია, დაბალი გადასახადები, შრომის კოდექსისა და სოციალური დაცვის მექანიზმების არქონის ფონზე, მოსახლეობის მცირე ნაწილის სწრაფი გამდიდრება, ხოლო უმრავლესობის გაღატაკება მოყვა. საქართველოში გაჩნდა ამ პოლიტიკის ახალი სუბიექტი - ეგრეთწოდებული ევროპელი ქართველი - სტაბილური შემოსავლით, ლიბერალური შეხედულებებით, ტოლერანტი რელიგიური და სექსუალური უმცირესობების მიმართ, ჩაცმულობით და ცხოვრების სტილით ევროპულ საშუალო ფენასთან მიმსგავსებული.
მოდერნიზაციის ამ დისკურსში ევროპულობა გაუთანაბრდა კეთილდღეობას და პროგრესს, შესაბამისად, არაევროპულობა - საბჭოთა გადმონაშთად, ჩამორჩენილობად და „სიბნელედ“ იქნა კვალიფიცირებული. რამდენადაც ეს „ჩამორჩენილი“ უმრავლესობა სწორედ ის კატეგორია იყო, რომელიც ნეოლიბერალური პოლიტიკის შედეგად უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდა და ახალი აღმშენებლობისგან არანაირი სარგებელი არ მიუღია, ადვილად მოექცა ანტიევროპული და ანტილიბერალური განწყობის ქვეშ, რომელიც ძირითადად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან და მის ირგვლივ გაერთიანებული ულტრანაციონალისტური ძალებიდან მოდიოდა.
„ევროპაში დაბრუნება“
ამ ორ, პოლარულად დაპირისპირებულ ძალთა არცთუ მთლად მშვიდობიანი თანაარსებობის ფონზე იქმნება და ვითარდება თანამედროვე ქართული კულტურა, რომელიც საბჭოთა კულტურული სტერეოტიპების, მართლმადიდებლურ-ნაციონალისტური და დასავლურ-ლიბერალურის მიმიკრიის ნაზავს წარმოადგენს. თანამედროვე ქართული კულტურა, თვით ლიტერატურაც კი, აღარაა არც ქვეყანაზე და არც თავად ქართულ ენაზე მიბმული: ქართველ ლიტერატორთა და ხელოვანთა საკმაოდ გავლენიანი ნაწილი არ ცხოვრობს საქართველოში, ზოგი მათგანი, მაგალითად, ყველაზე დიდი საერთაშორისო წარმატების მქონე ქართველი მწერალი - ნინო ხარატიშვილი - გერმანულენოვანია. მიუხედავად ასეთი რთული სიმბიოზისა, ევროპას და მისდამი საქართველოს (პრე)ისტორიულ მიკუთვნებულობას დომინანტი პოზიცია უკავია.
„ევროპაში დაბრუნება“ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის თვითრეპრეზენტაციის მთავარი მოტივი იყო: საქართველო უბრუნდება თავის ისტორიულ ოჯახს - ევროპას, რომელსაც რუსეთმა ორი საუკუნით მოწყვიტა! ეს ახალი ნარატივი, რომელიც ლიტერატურული ფანტაზია უფროა, ვიდრე ისტორიული რეალობის ამსახველი, რამდენადაც პირველი ხიდი საქართველოსა და ევროპას შორის სწორედ რუსეთი იყო და რუსეთის გავლით შემოვიდა საქართველოში ევროპული კულტურაც და ცხოვრების სტილიც, საკუთარ თავში საბჭოთა მითსაც შეიცავს, ნაციონალისტურ-მესიანისტურ ელემენტებსაც და თანამედროვე ქართველ პროგრესისტ-ლიბერალთა პროექციასაც, რომელიც საქართველოს საკუთარ თავს ჰეგემონიური დასავლეთის ნაწილად მოააზრებინებს, რაც საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკური ორიენტაციისთვის ეროვნული კონსენსუსისათვის გადამწყვეტი შეიძლება გამოდგეს. თუმცა უცნობია ასეთი თვითშეფასება რა გავლენას იქონიებს თანამედროვე საქართველოს შიდა პოლიტიკურ წყობილებაზე, რომელიც 2013 წლიდან, როდესაც 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ფორმალურად პოლიტიკიდან წავიდა, ხოლო რეალურად ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი გახდა, თანამედროვე სამყაროში უნიკალურ, არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას წარმოადგენს, ხოლო ეკონომიკური პოლიტიკით ძნელადშემოსაბრუნებელ თვითკოლონიზაციის გზაზე დგას.
ასეთია 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა, რომელმაც სწორედ ფრანკფურტში პირველად მოახერხა თავი გაეთავისუფლებინა ეთნოგრაფიული კლიშეებით თვითრეპრეზენტაციისგან, რაც რუსულ-საბჭოთა კოლონიური იდენტობის ჩამოცილებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯიც იყო. ამისი მიზეზი ისიც შეიძლება იყოს, რომ ფრანკფურტში გამგზავრებულ მწერალთა და ხელოვანთა აბსოლუტური უმრავლესობა ახალ, ლიბერალურ და „პროევროპულ“ საქართველოს წარმოადგენდა. ხელოვანთა და ინტელექტუალთა სწორედ ეს კატეგორიაა დღეს საქართველოში მიმდინარე კულტურული პროცესების მამოძრავებელიც და რეპრეზენტანტიც. გერმანულ ენაზე თარგმნილ ორასამდე ქართულ წიგნებთან ერთად, წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართულ კულტურულ პროდუქციათა შორის ყველაზე წარმატებული ელექტრონული მუსიკა, ვიზუალური ხელოვნება, აგრეთვე კინო და თეატრი; ანუ ფაქტობრივად ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში მიმდინარე ცოცხალ კულტურულ პროცესებს ასახავს, რომელიც უფრო მეტად აწმყოსა და თანამედროვე დასავლურ კულტურაზეა ორიენტირებული, ვიდრე ტრადიციონალისტური წარსულის მითებზე. ამგვარი ტენდენცია კი ქართული კულტურის გათანამედროვეობისაკენ სწრაფვას გამოხატავს, რომელიც ავტომატურად ევროპულთან დაახლოებად, მასთან გასინქრონულებადაც გაიგება. ამგვარი სწრაფვა კი უკვე წინ უსწრებს პოლიტიკურ პროცესებს, რომლებშიც საქართველო კვლავინდებურად ევროპის აღმოსავლეთ გაფართოების მოლოდინშია.