საპრეზიდენტო არჩევნები: ბრაზი და უიმედობა საქართველოში

Read in German

 polling station

ერთ თვეში საქართველოს ახალი და ხალხის მიერ პირდაპირ არჩეული ბოლო პრეზიდენტი ეყოლება. მოკლე, მაგრამ მხურვალე საპრეზიდენტო კამპანიამ გამოკვეთა ქართული პოლიტიკური ელიტის ცბიერება და სიცარიელე.

2018 წლის 28 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა არჩევნებში მონაწილე მოქალაქეების ხმათა უმრავლესობა და, შესაბამისად, საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი ბრძოლას მეორე ტურში აგრძელებს. საუკეთესო და თითქმის თანაბარი შედეგი - ხმების 38.64% და 37.74% - მმართველი პარტია ქართული ოცნების მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ აჩვენეს. სალომე ზურაბიშვილი ფრანგი დიპლომატია, რომელიც 2004-2005 წლებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ხოლო პოსტის დატოვების შემდეგ ოპოზიციაში გადაბარგდა; 2016 წელს, ქართული ოცნების დახმარებით, ის პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა; მხარდამჭერები ზურაბიშვილის მთავარ მიღწევად მისი მინისტრობისას საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანას ასახელებენ. გრიგოლ ვაშაძეც იმავე მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 2008-2012 წლებში; მანამდე ის კერძო ბიზნესით იყო დაკავებული; კიდევ უფრო ადრე, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში მსახურობდა; მხარდამჭერები მას სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ფიგურად მოიაზრებენ. მოქალაქეთა ხმების 10.97% ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან თითქმის ერთი წლის წინ გამოყოფილი პარტიის, ევროპული საქართველოს, კანდიდატმა დავით ბაქრაძემ მიიღო. საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ის ალტერნატიულ, მესამე ძალად წარმოდგებოდა, თუმცა, მცდელობების მიუხედავად, ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რა განასხვავებს ამ ახალშექმნილ გაერთიანებას მშობელი პარტიისგან.

პრეზიდენტის არჩევასთან ერთად ძალაში შედის საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის მიხედვით საქართველო მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის. მმმართველობის ამ მოდელში პრეზიდენტს მხოლოდ სიმბოლური ძალაუფლება ექნება. თუმცა, უძალო პრეზიდენტის, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო არჩევნები პოლიტიკურმა პარტიებმა ორ წლის შემდეგ გასამართი საპარლამენტო არჩევნების გენერალურ რეპეტიციად მოიაზრეს. ის იქცა გამოკითხვად, რომელიც სახელისუფლო პარტია ქართული ოცნებისა და მისი ლიდერის, ყველაზე მდიდარი ქართველის, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის 6-წლიან პერიოდს შეაფასებდა. საპრეზიდენტო არჩევნებში მოსახლეობა ხმას არა იმდენად ცალკეულ კანდიდატებს, არამედ მათ უკან მდგარი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ ან სასარგებლოდ აძლევდა. გადაწყვეტილების მიღების დროს სახალხო მონაწილეობის მექანიზმების არარსებობის გამო, არჩევნები ერთადერთ ინსტრუმენტად რჩება, ხალხმა ხმა პოლიტიკურმა კლასამდე მიიტანოს. პოლიტიკური ელიტის მიმართ გაუცხოებასა და უნდობლობაზე მეტყველებს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოქალაქეთა მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელიც - მოსახლეობის ნახევარზე მეტს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.

დარღვევების მიუხედავად, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები საქართველოს ხშირად უწონებენ დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებს. და ეს ქართველი ხალხის კოლექტიური მონაპოვარია. თუმცა, ქართული არჩევნები ისაკლისებს მთავარს: ის წარმოადგენს არა განვითარების ალტერნატიულ ხედვებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას, არამედ ერთგვარ პლებისციტს ხელისუფლების საქმიანობის შესაფასებლად. ამ არჩევნებით იცვლებიან პოლიტიკოსები, მაგრამ თითქმის უცვლელი რჩება ქართველი ხალხის ყოველდღიური ცხოვრება.

 

ვინ არის უფრო დანაშაულებრივი?

2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, სკოლის მოწაფეებს შორის ჩხუბისას ორი არასრულწლოვანი დანით დაჭრეს. ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე მოკვდა, მეორე - საავადმყოფოში. გამოძიება დაიწყო, მოწმეები გამოკითხეს, ბრალდებულები დააკავეს. თითქმის არაფერი მიანიშნებდა, რომ ამბავი, რომელმაც ქართულ სკოლებში მოსწავლეთა დაპირისპირებისა და ჩაგვრის მძიმე სურათი გვიჩვენა, სამართალდამცავ სისტემაში არსებულ შემზარავ პრაქტიკასაც გააშიშვლებდა. ეს საქმე საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი თემა გახდა.

ამბავი ასე გაგრძელდა: მოკლული არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის ეჭვი, რომ გავლენიანი მშობლების მითითებით საგამოძიებო უწყებები საქმეს არასათანადოდ იძიებდნენ, სასამართლომ თითქმის დაადასტურა. და 2018 წლის მაისში, თბილისის ქუჩებიც ხალხით გაივსო. საზოგადოებრივ პროტესტს ქვეყნის მთავარი პროკურორის გადადგომა და საპარლამენტო კომისიის შექმნა მოჰყვა. საპრეზიდენტო კამპანიის შუაგულში გამოქვეყნებულმა საპარლამენტო კომისიის დასკვნამ არსებითად გაიმეორა ეჭვი, რომ გამოძიება საქმის გარემოებებს ჩქმალავდა და სავარაუდო მკვლელს ხელს აფარებდა. შვილმკვდარი და უკვე ჯანმრთელობაშერყეული მამა დედაქალაქის მთავარ მოედანზე საპროტესტო აქციებს ამ დრომდე აგრძელებს. ის სიმამაცისა და გამძლეობის მაგალითად გვევლინება.

საგამოძიებო უწყებების თაღლითური მუშაობის მხილებამ ქართველ ხალხს ძველი ტრავმა გაუახლა. საქართველოში ხშირად ამბობენ, რომ მმართველი პარტია ქართული ოცნება სწორედ წინა ხელისუფლების ნამემკვიდრალი სამართალდამცავი, სასამართლო და სასჯელაღსრულების დანაშაულებრივი სისტემის დასანგრევად და სამართლიანობის აღსადგენად აირჩიეს. მისი მმართველობის 6 წლის მიწურულს, საზოგადოება თითქმის შეთანხმდა, რომ დაპირებული და უკვე აბუჩად აგდებული სამართლიანობის აღდგენის იდეა არ განხორციელდა. ქართულმა ოცნებამ არ შექმნა სიმართლის დადგენის კომისია, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ სამართალდარღვევებს შეისწავლიდა და მსხვერპლთ დახმარებას აღმოუჩენდა. თუმცა, მას არასდროს უთქვამს უარი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახე საკუთარი მორალური უპირატესობის საჩვენებლად გამოეყენებინა.

არასრულწლოვანთა მკვლელობის გამოძიებაში მძიმე დარღვევების გამოაშკარავებამ შეძლო ის, რაც ვერ შეძლო სხვა, შესაძლოა, უფრო მძიმე დარღვევების მქონე საქმემ: ქართულ ოცნებას გამოაცალა მორალური უპირატესობა, მისი წინამორბედი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის  დარღვევებზე ლაპარაკი ომახიანად განაგრძოს. ეს კი, შესაძლოა, პარტიის ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდეს. ამ დრომდე, ქართული ოცნების მხარდამჭერთა ძირითად ნაწილს ნეგატიური ნიშანი აერთიანებდათ: ზაფრა და გულისრევა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის მიმართ. ჯანდაცვასთან და კეთილდღეობასთან დაკავშირებული რამდენიმე მბჟუტავი რეფორმის მიუხედავად, მმართველმა გუნდმა ვერ მოახერხა მხარდამჭერები ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების - მაგალითად, დაუსაქმებლობის - შემსუბუქების გზით მოეგროვებინა. შესაბამისად, მორალური უპირატესობისგან განძარცულ ქართულ ოცნებას არაფერი დარჩა ისეთი, რაც მხარდამჭერებს შეუნარჩუნებდა.

ამ ფონზე, ლოგიკური ხდება, რომ ხელისუფლება უპირატესობას უკვე მოწინააღმდეგის უფრო დანაშაულებრივობაზე მითითებით ამტკიცებდა. საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობისას, მმართველი პარტიის ერთერთი ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხშირად ამბობდა, რომ, პრობლემების მიუხედავად, მის მთავრობას, წინამორბედი ხელისუფალისგან განსხვავებით, ქართველი ხალხის წინაშე სისტემური დანაშაული არ ჩაუდენია. უფრო დანაშაულებრიობის ბრალდებას იყენებდნენ ოპოზიციური პარტიებიც ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ. ისინი მუდმივად მოიხმობდნენ სალომე ზურაბიშვილის ნათქვამს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საქართველომ საკუთარი მოსახლეობა დაბობმა, და მას სამშობლოს ინტერესების ღალატში ამხელდნენ. ოპოზიციის მიერ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას მუდმივად გასდევდა აზრი, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესის ღალატი ყველაზე დანაშაულებრივია.

უფრო დანაშაულებრიობის პარადიგმამ მკაფიო გახადა, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიების ძირითადი სიმბოლური კაპიტალი ერთმანეთის დანაშაულში მხილებაში ძევს. პოლიტიკურ პარტიებსა და მათ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატებს რესურსი თითქმის არ დაუხარჯავთ, ქართველი ხალხისთვის მომავლის პოლიტიკური პროგრამა ეჩვენებინათ. საარჩევნო მარათონმა კი დატოვა განცდა, რომ საქართველოში არჩევნები არ იძლევა ხალხის მიერ პოლიტიკური არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას.

ანტიკორუფცია პოლიტიკის ნაცვლად

ყველაზე სავალალო ის არის, რომ საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი საკუთარი მოსახლეობაა, - ნორვეგიელმა ეკონომისტმა ერიკ ს. რეინერტმა შენიშნა რამდენიმე წლის წინ, საქართველოში ყოფნისას. შესაძლოა, პოსტსაბჭოთა განვითარების მარცხის მთავარი ნიშანიც ეს იყოს: რუსეთთან სისხლიანი განშორების შემდეგ, ქართველი ქალები და კაცები რუსეთში ბრუნდებიან როგორც სასოწარკვეთილი არალეგალური მშრომელები. ვინც საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ წარმატებული რეფორმებით იცნობს, მისთვის სკანდალური იქნება, რომ ქვეყანაში დარჩენილები გადარჩენისთვის შრომობენ. ეს შრომა ბრძოლას გავს და ამ ბრძოლისას ბევრი კვდება: ბოლო ათ წელიწადში, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაღუპვის გამო, 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ან მძიმედ დაშავდა.

საპრეზიდენტო მარათონის შუაგულში, ადგილობრივმა პროფესიულმა კავშირმა სოლიდარობის ქსელმა პრეზიდენტობის კანდიდატებს მიმართა საჯარო შეთავაზებით, წარმოედგინათ ხედვა შრომისა და მშრომელთა დაცვის შესახებ. შეთავაზებას მხოლოდ მემარჯვენე პოპულისტური პოლიტიკური გაერთიანება გირჩის კანდიდატი გამოეხმაურა: ის მიიჩნევს, რომ შრომითი პირობები მხოლოდ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის თავისუფალი გარიგების საგანია და, შესაბამისად, შრომის კოდექსის სრულ გაუქმებას ემხრობა. პრეზიდენტობის სხვა მსურველებმა დუმილი არჩიეს. რას აღნიშნავს მათი უთქმელობა?

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, საქართველოს პოლიტიკური ელიტა განვითარებისა და გამდიდრების მოდელად ბაზრის თავისუფლების რეფორმებს ასახელებს. ეს რეფორმები არ გულისხმობს მხოლოდ თავისუფალი ბაზრის სახალხო მოთხოვნებისგან დაცვას; ის გულისხმობს ისეთი სახელმწიფოს მოწყობას, რომელიც ბიზნესის ინტერესს უნდა ემსახუროს. ფორმულა ასეთია: მცირე სახელმწიფო შრომისთვის და ძიძა სახელმწიფო კაპიტალისთვის. ამ მიდგომის ფუნდამენტი საქართველოს კონსტიტუციაა, რომელიც ზღუდავს პარლამენტის უფლებამოსილებას, გადასახადები გაზარდოს და პროგრესული დაბეგვრის სისტემა შემოიღოს. საქართველოს სხვადასხვა ხელისუფალის დაპირებების მიუხედავად, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლი მნიშვნელოვნად არ იცვლება, ხოლო შემოსავლების არათანაბარი გადანაწილებით საქართველო რეგიონის ერთერთი ლიდერია. სიმდიდრემ არ ჩამოჟონა.

რა აქვთ სათქმელი საპრეზიდენტო კანდიდატებს ამ უსამართლო სისტემის შესახებ? თითქმის არაფერი. უფრო მეტიც: შესაძლოა, ერთგულება განვითარების ნეოლიბერალური მოდელის მიმართ იყოს ის, რაც მათ აერთიანებთ და ერთმანეთს ამსგავსებთ. საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, მმართველი პარტიის ლიდერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ ხელმოკლეობა და სიღარიბე ინდივიდუალური პასუსიხმგებლობაა. დაბალი გადასახადებით მსოფლიოს მოწინავე საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიების კანდიდატები კი გადასახადების კიდევ უფრო შემცირებას ემხრობოდნენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან ახლახანს გამოყოფილი ოპოზიციური გაერთიანება ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე, რომელიც მშრომელთა უფლებებით არასდროს ინტერესდება, ქართველ ამომრჩეველს უცხოეთში მიგრაციისას ლეგალური დასაქმების საკითხის მოგვარების ჰპირდებოდა. პოლიტიკური ელიტა თითქოს შეთანხმდა, რომ საქართველოში ღირსებისშემლახავ შრომას ალტერნატივა არ აქვს. და, შესაბამისად, ასეთი ამოცანა დაისახა: შევუქმნათ უკეთესი სამუშაო პირობები ქართველებს ქვეყნის გარეთ, საქართველოდან შორს.

თუ საერთო სურათი ასეთი პირქუშია, როგორ ახერხებდნენ პოლიტიკური პარტიები და მათი კანდიდატები, ელაპარაკათ მოსახლეობისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ? მათ ანტიკორუფციის იდეა ეხმარებოდათ. ოპოზიციამ სიღარიბის სათავედ კორუფცია მონიშნა და იგი საპრეზიდენტო არჩევნების ყველაზე ხშირად ხსენებადი სიტყვა გახდა. შეიქმნა შთაბეჭდილება: რომ არა მაღალი თანამდებობის პირთა კორუფცია, ყველაფერი იქნებოდა კარგად. კორუფციის წინააღმდეგ შრომის დანაწილებაში, მედია, თავის მხრივ, გვთავაზობდა უწყვეტ საინფორმაციო ნაკადს პოლიტიკოსთა საეჭვო შემოსავლების, მათი უზარმაზარი აგარაკებისა და საჯარო სამსახურში არსებული ნეპოტიზმის შესახებ. ეროვნული ანტიკორუფციული მანტრის კულმინაცია ოპოზიციური გაერთიანება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო დაპირება იყო - ის ამომრჩეველს ჰპირდებოდა ისეთ დამოუკიდებელ ანტიკორუფციულ სააგენტოს, რომლის ხელმძღვანელს ხალხის მიერ არჩეული კორუმპირებული პოლიტიკოსების ნაცვლად, უცხოელი ექსპერტები შეარჩევდნენ.

ცხადია, კორუფცია მომაკვდინებელი ბოროტებაა და ის ბოროტობს საქართველოშიც. თუმცა, როდესაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა საზოგადოების ყველა პრობლემის გადაჭრის გზად ცხადდება, ის პოლიტიკის ადგილს იკავებს; პოლიტიკისა, როგორც საერთოზე ზრუნვის, საერთოს ორგანიზების და საერთოზე პასუხისმგებლობის აღების უფლებისა და შესაძლებლობისა. ანტიკორუფციის ქართული მანტრა კი თავად არის კორუფციული, აყალბებს რა პრობლემის სათავეს და იპარავს რა პოლიტიკას.

საკონსტიტუციო რეფორმა: გაევროპების პროგრესული უტოპია

ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ ძალაუფლებაგამოცლილი პრეზიდენტის არჩევნები ბოლო წლების ყველაზე მხურვალე პოლიტიკური მოვლენა გახდებოდა. ძირეული საკონსტიტუციო ცვლილებები ახალი პრეზიდენტის არჩევისთანავე შევა ძალაში. მმართველი გუნდის თქმით, ქვეყნის ძირითადი კანონის რეფორმა საქართველოს ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკად აქცევს. ცვლილებებს შორისაა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმება, რაც რეფორმის ერთერთ ყველაზე საკამათო საკითხს წარმოადგენდა. საქართველოში სჯერათ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებათა მთავარი მიზანი პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება იყო. ამის სჯეროდა საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც, რომელმაც უარი თქვა, რეფორმის პროცესში მონაწილეობა მიეღო.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, საქართველოს მომავალ პრეზიდენტს, ხალხის ნაცვლად, სპეციალური კოლეგია აირჩევს. კოლეგიის შემადგენლობაში სხვადასხვა არჩევითი თანამდებობის პირი იქნება. შეიცვალა პრეზიდენტის უფლებამოსილებაც. მას აღარ შეეძლება პარლამენტის უმრავლესობის მიერ შერჩეულ პრემიერმინისტრის კანდიდატის დანიშვნაზე უარის თქმა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა. ცვლილებებს შორისაა პრეზიდენტის თავმჯდომარეობით მოქმედი უშიშროების საბჭოს - სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზებისთვის მომუშავე კონსტიტუციური ორგანოს - გაუქმება. პრეზიდენტი რჩება სახელმწიფოს ნომინალურ მეთაურად, რომელიც უფლებამოსილი იქნება, ვეტო დაადოს პარლამენტის მიღებულ კანონპროექტებს, შეიწყალოს მსჯავრდებულები და გადაჭრას მოქალაქეობის საკითხები.

მთავარი კითხვა, რომელიც პრეზიდენტის არჩევითობისა და უფლებამოსილების შეკვეცის შესახებ დისკუსიაში ღიად დარჩა, იყო ის, თუ რატომ სჭირდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის ცვლილება - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსახლეობის დიდი უმრავლესობა პრეზიდენტის სახალხო არჩევის მომხრე იყო. მმართველი პარტია ცვლილებათა მთავარ დასაბუთებად ევროპულ გამოცდილებას მოიხმობდა და ამბობდა, რომ ევროპული საპარლამენტო დემოკრატია პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევასა და მის მცირე უფლებამოსილებებს გულისხმობს. ამის საპასუხოდ, ცვლილების მოწინააღმდეგენი, იმის ნაცვლად, საქართველოს საჭიროებებზე ელაპარაკათ, მიუთითებდნენ ისეთ ევროპულ ქვეყნებზე, სადაც, მართვის საპარლამენტო მოდელის არსებობის მიუხედავად, პრეზიდენტს ხალხი ირჩევს.

ამ შედარებითსამართლებრივ დისკუსიაში ადგილობრივი საჭიროებების ძიების სურვილი და ენერგია არ მოიძებნა. და მთავარი კითხვაც პასუხისგაუცემელი დარჩა. მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას ევროპული გამოცდილების მუდმივი მოხმობა და მთავარი არგუმენტების ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნება საქართველოში არავის აკვირვებს. არავის აკვირვებს იმიტომ, რომ ევროპისკენ მსწრაფ ქვეყანაში პროგრესის გზად ევროპისთვის მიბაძვა მიიჩნევა. მოიქეცი ისე, როგორც ევროპა იქცევა, გვეუბნებიან ისინი, ვინც მოდერნიზაციასა და პროგრესზე ლაპარაკობენ.

საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის არჩევის შესახებ დისკუსიის დროს მკაფიო გახდა ის, რაც საქართველოს გაევროპების დისკურსში, ერთი შეხედვით, არ ჩანს: ხელისუფლება მისთვის საჭირო, ზოგიერთ შემთხვევაში, მანკიერი საკანონმდებლო ინიციატივების გასამართლებლად მოიხმობს ხოლმე რომელიმე ევროპული ქვეყნის კანონმდებლობაში არსებულ ანალოგიურ ნორმას და აევროპულებს, მაშასადამე, ანორმალურებს საკამათო ინიციატივებს. მეორე მხრივ, როდესაც სოციალურ სამართლიანობაზე მომუშავე ჯერ კიდევ მომცრო და სუსტი ჯგუფები საკონსტიტუციო კომისიას კეთილდღეობისა და ზრუნვის ევროპული ინსტიტუტების შექმნას სთხოვდნენ, გაისმოდა პასუხი, რომ სიმდიდრის ევროპული გადანაწილებისთვის საქართველო მზად არ არის. ის, რაც ნორმაა ევროპაში, ნორმიდან გადახრაა ევროპის გარეთ, ერთ ხმაში ამბობდა პოლიტიკური კლასი. ასე მუშაობს გაევროპების პროგრესული უტოპია საქართველოში.

დასკვნის მაგიერ

მეორე ტურის გამოცხადებასთან ერთად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში შესაძლო დაბრუნების მიმართ ზაფრა განახლდა. საქართველოში ბევრს ეშინია, რომ ხელისუფლება, რომელიც წლების წინ უფლებების უმძიმეს დარღვევებში, მათ შორის, პატიმართა და დაკავებულთა წამებასა და დამამცირებელ მოპყრობაში ამხილეს, მართვას იმავე სულისკვეთებით გააგრძელებს. ამავდროულად, მმართველი პარტიის მიმართ დაგროვებული სამართლიანი უკმაყოფილება სადინარს ეძებს. საუნივერსიტეტო საშუალო კლასის მიერ დაკავებულ საჯარო სივრცეში ხშირად ისმის პარადოქსული და, შეიძლება ითქვას, ცინიკური მოწოდება, რომ, თუ არ გვინდა ქართული ოცნება ერთიან ნაციონალურ მოძრაობად იქცეს, ხმა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას უნდა მივცეთ. წინასწარმეტყველები და პოლიტიკური კომენტატორები მეორე ტურის შესაძლო შედეგის შესახებ ვერაფერს ამბობენ: ნდობისგან და სამართლისგან დაცლილი პოლიტიკურ ველზე ყველაფერი შეიძლება, მოხდეს.

რისი იმედი შეიძლება, გვქონდეს? ბრაზი, სოლიდარობა და დემოკრატია თანამგზავრობენ, წერს პოსტსაბჭოთა პოლიტიკისა და სოციალური მოძრაობების მკვლევარი დევიდ ოსტი. მისი თქმით, დემოკრატია იბადება იქ, სადაც გაბრაზებულები, ძალაუფლებისგან და სიმდიდრისგან გათიშულები, სოლიდარული ხდებიან ერთმანეთის მიმართ და ახერხებენ მოითხოვონ ის, რაც ისედაც ეკუთვნით. ხალხის სამართლიანი მოთხოვნების მიმართ ყრუ ქართული პოლიტიკური მანქანა თუ რამეს აწარმოებს, აწარმოებს ტონობით ბრაზს. ვეება ბრაზი ქუჩაში გდია.

საპრეზიდენტო არჩევნების დასრულება, მისი შედეგის მიუხედავად, როგორც ჩანს, მხურავლე პოლიტიკური პროცესის მხოლოდ დასაწყისია. ვინ შეძლებს ბრაზის ორგანიზებას? აი, ეს არის კრიტიკული მნიშვნელობის კითხვა. და კრიტიკული მნიშვნელობისაა მეორე კითხვაც: შეძლებს თუ არა ქართველი ხალხი ბრაზის ორგანიზებას დემოკრატიული სოლიდარობის საკეთილდღეოდ? ამ კითხვებზე პასუხი განსაზღვრავს საქართველოს უახლოესს ისტორიას. უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველი ხალხის უიმედობა, პოლიტიკური კლასის თაღლითური ბუნება, საზოგადოებრივი მოძრაობების ფრაგმენტურობა და პროფესიული კავშირების სისუსტე ყველა სცენარს - ყველაზე საზარელსაც კი - შესაძლებელს ხდის.

ეს უნდა გვახსოვდეს; ხოლო სასურველი სცენარისთვის უნდა ვიბრძოლოთ.