სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს
რევოლუციამდელი ვითარება და ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ მინისტრობის 100 დღე
2015 წელს პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა და რესპუბლიკურმა პარტიამ შეცვალეს სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია, რათა უზრუნველეყოთ საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მოწყობაზე გადასვლა. როგორც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა ძალებმა, ისე სამოქალაქო საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს ნაბიჯი შეაფასა მცდელობად შენარჩუნებულიყო სერჟ სარქისიანის ძალაუფლება პრემიერ მინისტრად მისი ხელახალი არჩევით. მოგვიანებით, 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ[1] ხმათა უმრავლესობა მოიპოვა და ერთპარტიული მთავრობა ჩამოაყალიბა. ეს ახალი კონსტიტუცია, სინამდვილეში, სერჟ სარქისიანის „პირად“ მთავრობაზე იყო მორგებული, სადაც პრემიერ მინისტრს სუპერძალაუფლება ჰქონდა. თუმცა, ახალი კონსტიტუცია ძალაში 2018 წლის 9 აპრილს უნდა შესულიყო, როცა მაშინდელ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ამოეწურებოდა, შესაბამისად სომხეთში ძალაუფლებრივი ვაკუუმი შეიქმნა ამ თარიღსა და 17 აპრილს, პრემიერ მინისტრის არჩევის დროს შორის. ამ კონტექსტში ნიკოლ ფაშინიანისთვის ოპოზიციური მოძრაობის დაწყების მიზანი იყო ხელი შეეშალა სერჟ სარქისიანის ხელახალი არჩევისთვის და ჩაეშალა ძალაუფლების რეპროდუცირების პროცესი.
2018 წლის აპრილ-მაისის მასობრივი აქციები, რომელსაც პარლამენტარი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობდა, მიზნად ისახავდა გაენეიტრალებინა ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის სისტემის საპარლამენტო სისტემის ჩარჩოში გადასვლა. 2017 წელს, ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ Freedom House-მა გამოაქვეყნა ანგარიში Nations in Transit, სადაც, სხვა დანარჩენთან ერთად, სომხეთი შეფასებული იყო სახელმწიფოდ, რომელშიც ნახევრად-კონსოლიდირებული ავტორიტარული სისტემა იყო ჩამოყალიბებული.
აპრილ-მაისის სახალხო აქციების ზეწოლის პირობებში, რასაც თან დაერთო მმართველ ელიტაში შემავალ ჯგუფებს შორის შიდა დაპირისპირებები, შესაძლებელი გახდა სერჟ სარქისიანის იძულება გადამდგარიყო და ეღიარებინა რომ ნიკოლ ფაშინიანი და მოძრაობა რომელსაც ის მიუძღვოდა - „მართალი იყო“. ამ განცხადებამ, რომელიც რეალურად ეხებოდა არაძალადობრივ, ლეგიტიმურ ძალაუფლების გადაბარებას, სადაც, სერჟ სარქისიანის სახით, მოქმედი რეჟიმი აღიარებს ნიკოლ ფაშინიანის როგორც ოპოზიციის ლიდერის ლეგიტიმურობას, დამატებით შექმნა აუცილებელი პოლიტიკური გარემო ძალაუფლების უმტკივნეულო გადაბარებისთვის. სერჟ სარქისიანის სიტყვა, პირველ რიგში, მიემართებოდა საჯარო მოხელეებსა და სამართალდამცავ სამსახურებს, რამაც გარდაუვალად მოამზადა პირობა ძალაუფლების გადაბარების უმტკივნეულო და უსისხლო სცენარისთვის, რითაც მათ არაპირდაპირ მოუწოდა გაჰყოლოდნენ ნიკოლ ფაშინიანს და მოძრაობას, რომელსაც ის მიუძღვოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სერჟ სარქისიანს ძალის გამოყენების შესაძლებლობა ჰქონდა, თუ მხედველობაში მივიღებთ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სერჟ სარქისიანის ხელისუფლებაში მოსვლას და არჩევნების შემდეგ განვითარებულ პროცესებს. მაშინ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ სასტიკი ძალა გამოიყენეს, მოკლეს აქციის 10 მონაწილე, თუმცა სერჟ სარქისიანმა შეძლო მისი მყიფე საჯარო ლეგიტიმაციის დასტაბილურება. მოგვიანებით გაირკვა, რომ მაშინდელმა მოქმედმა პრემიერ მინისტრის მოადგილე კარენ კარაპეტიანმა, სცადა გამოყენებინა ეს ფანჯარა და უსაფრთხოების სამსახურების მხარდაჭერით ხელში აეღო ძალაუფლება, თუმცა ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
ამ განცხადების შემდეგ რევოლუციის ლიდერი და რევოლუციური გუნდი კონსტიტუციურ გზას გაჰყვა. სერჟ სარქისიანის გადადგომის შემდეგ რესპუბლიკური უმრავლესობით შემდგარმა მეექვსე მოწვევის ეროვნულმა ასამბლეამ ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ მინისტრად აირჩია. ფაქტობრივად, კანონის სიტყვისა და ეთოსის შესაბამისად, პარტიამ, რომელსაც ძალაუფლების მიტაცებასა და სერჟ სარქისიანის რეპროდუცირებაში სდებდნენ ბრალს, პოლიტიკური ლეგიტიმაცია შეიძინა. ერთი მხრივ, მთლიანად სამართლებრივი პროცესის და არსებული სამართლებრივი ბაზისა და ინსტიტუციების უგულვებელყოფით, რევოლუციას შეიძლება გამოუსწორებელი შოკი მიეყენებინა ქვეყნისთვის, რასაც გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვებოდა. რეალურად, არჩეული გზა სამართლებრივად სწორი იყო და კონსტიტუციური ლოგიკის ფარგლებში იყო, თუმცა, პოლიტიკური თვალსაზრისით, ის ნელი მოქმედების ბომბი იყო. მას მერე ყოველ განცხადებაში, რეფორმის პროექტსა თუ საკანონმდებლო ინიციატივაში, ნიკოლ ფაშინიანი და მისი თანაგუნდელები საუბრობდნენ სამართლებრივობაზე და იმაზე რომ ისინი არსებული კონსტიტუციური ნორმებით ხელმძღვანელობდნენ, რაც სხვა არფერი იყო თუ არა წინა კონსტიტუციის შენარჩუნება და მისი ჩარჩოების ფარგლებში პროცესების მართვა. ეს მიდგომა ხაზს უსვამდა ძალაუფლების გადაბარების სამართლებრივი ლეგიტიმურობის პრინციპს, რაც მოგვიანებით განმტკიცდა ახალი საპარლამენტო არჩევნების შედეგებით.
2018 წლის 9 მაისს პრემიერ მინისტრის არჩევამ სათავე დაუდო რევოლუციის გაფორმების კონსტიტუციურ და სამართლებრივ პროცესს. რამდენადაც ეს გზა ქვეყანაში კანონის უზენაესობის, ესე იგი, ძალაუფლების გადაბარების კონსტიტუციური ლოგიკის შესანარჩუნებლად პრიორიტეტი იყო, იმდენადვე მომავალში მიზეზი გახდა რეფორმების შენელების ან დაბრკოლებისა. პრემიერ მინისტრად გახდომისთანავე, საპარლამენტო პარტიებისგან (გამალი, ასპ, სრფ[2]), ნიკოლ ფაშინიანმა მყისვე ჩამოაყალიბა ეროვნული თანხმობის მთავრობა და ამავდროულად აღმასრულებელი სფეროს მმართველობა თავისი რევოლუციური პლატფორმის თანაგუნდელებით დააკომპლექტა. მთავრობის გაძლიერებასთან ერთად დაიწყო ბრძოლა ამჟამინდელი ელიტების წინააღმდეგ. გრიგორიანისთვის საპარლამენტო მანდატის გაუქმება და მისი დაპატიმრება მკაფიო გზავნილი იყო რომ იგივე ბედი ეწეოდა ნებისმიერ ძალას რომელსაც პოტენციური კონტრ-რევოლუციური მისწრაფებები ჰქონდა. ამ ფაქტმა ასევე გაანადგურა სარქისიანის სისტემის მიერ შემოთავაზებული „სტაბილურობისა“ და „ერი-არმიის“ თეზისი. ის ძველი, „ყარაბახის პოლიტიკური ელიტის“ დასრულების სიმბოლო იყო და „საშინაო პოლიტიკურ სისტემაში ახალი რევოლუციის, ახალი სახეების“ პრინციპის განხორციელების პირველი ნაბიჯი.
თუმცა, სახელმძღვანელოებიდან აღებული ეს მიდგომა სრულიად არაპრაქტიკული აღმოჩნდა შეზღუდული ბიუროკრატიული და განუვითარებელი პოლიტიკური პარტიების სისტემის კონტექსტში. არ დაგვავიწყდეს რომ ბევრი ანალიტიკოსის თანახმად, საზოგადოებასთან სერჟ სარქისიანის მთავრობის შეთანხმება 2016 წლის აპრილის ომთან და შედეგად მთიანი-ყარაბაღის სადავო რეგიონის, თვითგამოცხადებული არცახის რესპუბლიკის, 800 ჰექტარის დაკარგვასთან ერთად მოირღვა, რაც ყველაზე დიდი დარტყმა იყო სარქისიანის რეპუტაციისთვის. ეს ლოგიკა გრძელდება სისხლის სამართლის საქმეების დაწყებით მიჰრან პოღოსიანის, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, არმენ არუთინიანის, ბუნების დაცვის ყოფილი მინისტრის, სერჟ სარქისიანის დაცვის უფროსის - ვახაგან ღაზარიანისა და სხვების წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ, ამავდროულად, ძველი სისტემის ბევრმა წარმომადგენელმა გააგრძელა მთავრობაში მუშაობა. ეს გარემოება წარმოჩენილი იყო ძველი სისტემის წარმომადგენლებისთვის ახალი შანსის მიცემად და შურისძიებაზე უარის თქმად. მიუხედავად ამისა, მომავალში ფაშინიანი და მისი თანაგუნდელები ილაპარაკებენ სისტემურ წინააღმდეგობაზე, შიდა დაბრკოლებებზე და წრეებზე რომლებიც „ძველს“ ემსახურებიან რათა შეანელონ ან გაყინონ რეფორმები. თუმცა, ამ მიდგომით, მოკლევადიან პერსპექტივაში ფაშინიანმა და მისმა თანაგუნდელებმა შეძლეს როგორც მათი მხარდამჭერების პროტესტის გამოხატვა, სახალხო მოთხოვნის დაკმაყოფილება, ისე თავიდან აირიდეს საყოველთაო დაკავებები და სისხლის სამართლის საქმეები, რაც ახალი ძალაუფლების წინააღმდეგ ძველი ელიტების კონსოლიდაციას აღკვეთდა. მოგვიანებით, ცხადია, უკანონო საკუთრების კონფისკაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა გამოჩნდა, რომლის მიღება ამ პროცესის სისტემატიზების მცდელობის შედეგი იყო. თავდაპირველად, ასეთ შესაძლო ღია კონფრონტაციას ყოფილ სისტემასთან შეიძლება დამანგრეველი შედეგები ჰქონოდა რევოლუციურ ლიდერსა და მის გუნდზე, რაც სახელმწიფო აპარატისა და მისი აქტივობების ჩამოშლით დასრულდებოდა.
მეორე მხრივ, პარლამენტში რესპუბლიკური პარტიის უმრავლესობის დაშლა, ბიზნესმენ-თავმჯდომარეების გამოწვევა და რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკის გაუვნებელყოფამ დამატებითი როლი ითამაშა წინა სისტემის ჩამოშლაში, ხოლო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უფრო და უფრო აუცილებელი ხდებოდა. აღმასრულებელ ხელისუფლებაში სიტუაციის დასტაბილურებით, საკანონმდებლო უმრავლესობის გამოფიტვითა და რევოლუციის მანდატზე ნელ-ნელი კაპიტალიზებით, მთავრობაში ყოფნის მეასე დღეს, 2018 წლის 17 აგვისტოს, პრემიერ მინისტრმა და მისმა გუნდმა გამოაცხადეს რევოლუციური მასობრივი პლატფორმისა და მათი პოლიტიკური გუნდის პრიორიტეტები და წარმოადგინეს მომავალი ცვლილებების გზამკვლევი:
- ჩამოყალიბდეს არაკოალიციური მთავრობა, რომელიც ხალხისგან სარგებლობს პირდაპირი მანდატითა და საჯარო ლეგიტიმაციით;
- დასტაბილურდეს ქვეყანა, დაცული იყოს ეკონომიკური შოკებისგან და, გარდა ამისა, განხორციელდეს ეკონომიკური რევოლუცია;
- შეიქმნას სასამართლო სისტემა, რომელიც სარგებლობს ხალხის ნდობით და ემსახურება რევოლუციის მთავარ მიზანს - სამართლიანობას, იბრძოლოს და აღმოფხვრას სისტემური კორუფცია;
- შეიქმნას გარდამავალი იუსტიციის ორგანოები, რომლებიც გააკეთებენ სასამართლო რეფორმას და აღმოფხვრავენ სისტემურ კორუფციას;
- უზრუნველიყოს პირველი მარტის საქმის გამოძიება და გადატრიალების ორგანიზებაში მონაწილეების პასუხისგებაში მიცემა;
- მიიღწეს მთიანი ყარაბაღის საკითხის ისეთი მოგვარება, როგორიც სასურველია ხალხისთვის და სახალხო ლეგიტიმაციის მანდატის ფარგლებში;
- კიდევ უფრო განვითარდეს და გაღრმავდეს ურთიერთობები სომხეთის სტრატეგიულ მოკავშირესთან, ე.ი რუსეთის ფედერაციასთან და პარტნიორ ქვეყნებთან, ე.ი ევროკავშირი და აშშ; და
- ვადამდელი არჩევნების მეშვეობით, ჩამოყალიბდეს ლეგიტიმური ეროვნული ასამბლეა რომელიც ხალხის ნდობით სარგებლობს.
ვადამდელი არჩვნები და საკანონმდებლო ხელისუფლება
2018 წლის ივლისში პრემიერ მინისტრის შეხვედრა იუსტიციის გარდამავალ ორგანოებთან დაემთხვა ქვეყანაში ფაშინიანსა და რესპუბლიკურ პარტიას შორის კონფრონტაციის გამწვავების პერიოდს. რესპუბლიკური პარტია ცდილობდა არჩევნების მომდევნო მაისამდე გადადებას, ხოლო ფაშინიანი ამავე წლის დეკემბერში ითხოვდა მის ჩატარებას. ორივე არგუმენტი გასაგები იყო. ეროვნულ ასამბლეაში საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ, რესპუბლიკური პარტიის ფრაქცია, დაშნაკცუტუნისა და პარტია - „აყვავებული სომხეთის“ მხარდაჭერით შეეცადა ნებისმიერ ფასად მოესპო ადრეული არჩევნების შესაძლებლობა და შეეცვალა კანონი ეროვნული ასამბლეის პროცედურული წესების თაობაზე. ამ ყველაფერს 2 ოქტომბრის მოვლენები მოჰყვა, როცა თანამდებობიდან გაათავისუფლეს კოალიციური მთავრობის მინისტრები. მოგვიანებით, საჯარო ზეწოლის პირობებში, პოლიტიკური შეთანხმება შედგა, ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, ხოლო ეროვნულმა ასამბლეამ ვერ შეძლო ახალი პრემიერ მინისტრის არჩევა, შედეგად ახალი არჩევნები 2018 წლის 9 დეკემბრისთვის დაინიშნა.
საპარლამენტო არჩევნებში, „ჩემი ნაბიჯის“ ალიანსმა, რომელსაც ფაშინიანი ხელმძღვანელობს, რევოლუციური საჯარო მანდატით დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 70%-ზე მეტი ხმით მან საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა – და მიიღო ლეგიტიმური უფლება დამოუკიდებლად ჩამოეყალიბებინა მთავრობა. შედეგად, რევოლუცია მის ლოგიკურ, მეორე ეტაპზე გადავიდა, როცა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების ფორმირების შემდეგ აუცილებლობა მოითხოვდა სახელმწიფოს წამყვანი სექტორებიც გარდაქმნილიყო. თუმცა ეს საიმედო და აბსოლუტური გამარჯვება, ამავდროულად, გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა მმართველი პარტიისთვის, რის შემდეგ მას შეეძლო უცდომელის პოზიციიდან ესაუბრა, ხოლო ნებისმიერ საჯარო და პოლიტიკური კრიტიკაზე ეპასუხა რომ 70%-იანი ლეგიტიმაციის მქონე პარტია მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენდა და ამიტომ მას არ სჭირდებოდა სხვა აზრების მოსმენა. ამგვარად, დემოკრატიულმა არჩევნებმა, რომელიც საზოგადოებისგან მაღალი ნდობით სარგებლობდა და რომელიც არც ერთ სხვა პარტიას არ დაუყენებია ეჭვქვეშ, გამოიწვია ისეთი პარლამენტისა და მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც ანგარიშვალდებულებების მიღმა გავიდა. ამ პირობებში მმართველი პარტია თავად შეიძლება ყოფილიყო ანგარიშის ჩამბარებელი და ვალდებულებების შესრულების მომთხოვნი იმით, რომ ეცადა შეცდომების, გაჭიანურებული საქმეების ან მათი არასწორი შეხედულებების მოურიდებელი გადამოწმება ან შესწორება. ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა რომ წინა სისტემის უარყოფამ, ისევე როგორც მოქმედი პოლიტიკური ოპოზიციის საჯარო ლეგიტიმაციის არარსებობამ, შექმნა დიდი პოლიტიკური ვაკუუმი, რომელიც რევოლუციურმა ძალამ შეავსო. აღსანიშნავია რომ ამ უკანასკნელს არ ჰქონდა პარტიის ინსტიტუციური ბაზა, იმ გაგებით, რომ შეექმნა შიდაპარტიული დემოკრატია და პოლიტიკაში ჰქონოდა პარტნიორული კავშირები.
რადგან არ ჰქონდათ საჭირო მასშტაბი მოეცვათ ძალაუფლების ყველა შტო, და არჩევნებისთვის მოსამზადებელად საჭირო დრო, სამოქალაქო კონტრაქტის პარტიამ საარჩევნო სია ძალიან მოკლე დროში შეადგინა. სია შედგებოდა სამოქალაქო საზოგადოების მრავალი თანამოაზრე წარმომადგენლისგან, რომლებიც გაერთიანდნენ შემდეგი პრინციპის გარშემო - სიკეთისთვის, ბოროტების წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, შიდაპარტიული დემოკრატია, რაც გამოცდილი პარტიებისთვისაა დამახასიათებელი, და ანგარიშვალდებულების მექანიზმები, ჯერ კიდევ შექმნის პროცესში იყო. ასეთ პირობებში ხელისუფლებაში მოსვლა დიდი გამოცდა იყო პარტიის როგორც წინა, ისე მოქმედი წევრებისთვის. იყო პერიოდი როცა ლენა ნაზარიანმა, პარტიის ადმინისტრაციის წევრმა, გამოაცხადა რომ მათ შეაჩერეს პარტიის შევსების პროცესი, რათ შეეჩერებინათ ოპორტუნისტებისა და სხვა ელემენტების შესვლა იმ დროის მმართველი პარტიის ორგანოებში. მარზებში (პროვინციებში) და 2019 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მარცხმა, მმართველი პარტიის მცირერიცხოვანმა წარმომადგენლობამ და უხუცესთა საბჭოს წევრების გამარჯვებებმა, რომლებიც უმეტესად რესპუბლიკური პარტიის, დაშნაკცუტუნისა და პარტია - „აყვავებული სომხეთის“ მიერაა დაკომპლექტებული, აჩვენა რომ მმართველი პარტია ძირითადად „ერევნიდანაა“.
აგრეთვე ძალზედ მნიშვნელოვანი იყო დაზუსტებულიყო საპარლამენტო და არასაპარლამენტო ძალებს შორის ურთიერთობა. დიდი უპირატესობით არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ფაშინიანმა და მისმა ადმინისტრაციამ თავი ერთადერთ ლეგიტიმურ ძალად გამოაცხადეს, რომელმაც საზოგადოების ნდობა მოიპოვა. ვითარება დრამატული იყო ასევე იმ კუთხითაც, რომ წინა სისტემის წარმომადგენლები თავიანთ სამართლებრივ ვალდებულებებს ოპოზიციის სფეროში ასრულებდნენ, რითაც მოხდა ოპოზიციის ცნების დელეგიტიმიზება. კონიენქტურა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან ლეგიტიმური ოპოზიცია, ხელისუფლებაში მყოფ ძალასთან ერთად, წარმოადგენს პოლიტიკური სისტემის არსებით შემადგენელს, და ძალაუფლების ხელში აღება ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოს. სწორედ ასეთ გაურკვეველ ვითარებაში, ფაშინიანსა და მის ადმინისტრაციას რეალურად არ ჰქონდა ალტერნატივა, გარდა ხმათა 70%-ის არგუმენტის ბოლომდე გამოყენებისა როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის ნებისმიერ კრიტიკის შემთხვევაში. მეორე მხრივ, ძველმა ძალებმა თავიანთი თავი ოპოზიციად მონიშნეს, ხოლო დიდი მედია რესურსების მეშვეობით წამოიწყეს ნამდვილი მედია კამპანია ახალი ხელისფლების წინააღმდეგ, რამაც დიდწილად ამჟამინდელ ომზეც მოახდინა გავლენა. 2018 წლის შემოდგომიდან მოყოლებული, ახალ ხელისუფლებას ბრალს სდებდნენ სომხეთში ჰეგემონიური დისკურსის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა „ოჯახების ნგრევა“, „ეროვნული ღირებულებების გაუფასურება“, „მიწების ჩაბარება“, „საიდუმლო მოლაპარაკებები მთიანი ყარაბაღის საკითხზე და ასე შემდეგ. ამ მედია კამპანიის შედეგად, ხელისუფლება იძულებული გახდა გაეფართოვებინა თავისი რიტორიკა, განსაკუთრებით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით და თავი სტატუს ქვოს გარანტებად წარმოეჩინათ. ამ რეალობის საუკეთესო მაგალითია პრემიერ მინისტრისა და თავდაცვის მინისტრების მიერ გაკეთებული განცხადებები: „არცახი სომხეთია. წერტილი!“ და „ახალი ომი, ახალი ტერიტორიებისთვის.“
სწრაფი რეფორმების გაჭიანურებამ, წინა სისტემის წინააღმდეგობამ, საპარლამენტო უმრავლესობის მოუქნელობამ და მათმა არაინკლუზიურმა დამოკიდებულებამ შექმნა პოლიტიკური ვითარება, როცა რევოლუციური წრეები, ე.ი. ძალები რომლებიც რევოლუციისას გაერთიანდნენ, სხვადასხვა ბანაკში აღმოჩნდნენ და გაჩნდა ახალი პოლიტიკური ძალები. რევოლუციური ძალის ბუნებრივი პოლიტიკური მოკავშირეები, როგორებიცა სომხეთის ეროვნული კონგრესი და მოქალაქის გადაწყვეტილება, მათი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები გახდნენ.
მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა „რევოლუციურ“ ადმინისტრაციას ფართო მხარდაჭერა აღმოუჩინეს, ხოლო ამ უკანასკნელის შემოთავაზებული რეფორმები თავისთავად იწვევდა მრავალი წარმომადგენლის ჩართვას საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში, ისევე როგორც სხვადასხვა კომიტეტებსა და სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც ჩართულები იყვნენ რეფორმათა პაკეტების შემუშავებასა და საკანონმდებლო პროექტების განხილვაში. შედეგად, სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო მძლავრი დამბალანსებელი ძალა, ნაწილობრივ ხელისუფლებას შეერწყა, ამგვარად ძირი გამოუთხარა საჯარო კონტროლისა და ძალთა ბალანსების სისტემას. მას მერე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა უმრავლესობამ, ვერ შეძლო აღმასრულებელი ორგანოების მოქმედი სისტემებიდან წამოსულ წინააღმდეგობასთან შეგუება და საშინაო პრობლემების გადაჭრისთვის მათი მიდგომების გაზიარება, დაკარგეს თავიანთი პოზიციები მთავრობაში ან ნებაყოფლობით დატოვეს თანამდებობები. მეორე მხრივ, ამ პროცესის შედეგად, სამოქალაქო საზოგადოება, რომელმაც სერჟ სარქისიანის ადმინისტრაციის პირობებში მოიკრიფა ძალა, გაიხლიჩა; ზოგი ახალი ხელისუფლების ოპოზიციად ჩამოყალიბდა, ზოგი კი ხელისუფლებას შეუერთდა. გარდა ამისა, ეს ორი ჯგუფი დიდი ხნის განმავლობაში თითქმის სხვადასხვა ენაზე მეტყველებდა, და ჰქონდათ განსხვავებული, ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგო ხედვები სომხეთის მომავლის თაობაზე და მის ამჟამინდელ პრობლემებზე.
სასამართლო და სამართლებრივი რეფორმების მარცხი, კორონავირუსი და ომის ღამე
რევოლუციის შემდგომ სომხეთში ყველა სახელმწიფო ინსტიტუციას შორის, სასამართლო ხელისფლებას საჯარო ნდობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა. მაგალითად, სომხეთში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა (IRI) 2019 წლის მაისში ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რათა გაერკვია საზოგადოების დამოკიდებულება სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ეკლესიაზე და იმ გამოწვევებზე რაც მაშინდელ მთავრობას ჰქონდა.
გამოკითხვის თანახმად, რესპოდენტებმა ყველაზე ნაკლები ნდობა დააფიქსირეს სასამართლო სისტემის მიმართ (დადებითი 36%). 2016-2017 წლებში ევროპის საბჭოს SEPEJ-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვაც ასევე კარგადაა ცნობილი, რომელიც ასახავს საზოგადოების შეფასებებს სასამართლო სისტემის აქტივობების შესახებ და მათ განწყობებს სასამართლოების თაობაზე ვინც მიმართა ამ დაწესებულებებს. კვლევაში ყველა ძირითადი პრობლემა გამოკვეთილია სასამართლო სერვისების მომხმარებლების თვალთახედვიდან.
2018 წლის 19 დეკემბერს, გამოქვეყნდა 2019-2022 წლებისთვის სომხეთის ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მოქმედების გეგმის სამუშაო ვერსია იუსტიციის სამინისტროს ერთიან პლატფორმაზე, სადაც სამართლებრივი აქტების სამუშაო ვერსიები ქვეყნდება (www.e-draft.am). ამის მერე, 2019 წლის 20 მაისს, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, პრემიერ მინისტრმა ფაშინიანმა წარმოადგინა სასამართლოს რეფორმის ხედვა და გამოკვეთა მისი მთავარი ასპექტები. ეს ხედვა პოპულარული გახდა “vetting”-ის სახელით. ამ ხედვის თანახმად სომხეთში ყველა მოსამართლემ უნდა გაიაროს ეგრეთ წოდებული ‘ვეტინგი’, რაც გულისხმობს ყოვლისმომცველი ინფორმაციის მოგროვებას მოსამართლის პოლიტიკური მიკუთვნებულობის, წარმომავლობის, საკუთრების, სტატუსის, ძველი აქტივობისა და მუშაობის, ინდივიდუალური და პროფესიული თვისებების თაობაზე.
შემდეგ დაიწყო საპარლამენტო მოსმენები, რომელიც გაერთიანებული იყო სათაურით „გარდამავალი სამართლის ინსტრუმენტების პერსპექტივები სომხეთში“, რამაც, საბოლოოდ, ვერ მოახერხა არსებითი ცვლილებების მიღწევა. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრი არტაკ ზეინალიანი ჩანაცვლდა რუსტამ ბადასიანით, ხოლო პროცესი ცოტა ხნით შეჩერდა და შემდეგ საერთოდ წარუმატებლად დასრულდა. სამუშაო ვერსია მკაცრად გააკრიტიკა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, რომლებიც ითხოვდნენ სამუშაო ვერსიის მიღების პროცესის გაჩერებას და დოკუმენტის ძალიან მოკლედ ვადაში გადახედვას.
მიზეზი თუ რატომ ვერ მოხერხდა გარდამავალი სამართლის მექანიზმების შემოღება და სასამართლო რეფორმის განხორციელება, დიდი ალბათობის, ბევრი და ურთიერთგამომწვევია. მმართველი პარტია საუბრობდა ხოლმე კონსტიტუციასთან არათავსებადობაზე, და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ნეგატიურ შეფასებებზე (ვენეციის კომისია). მმართველი ძალების მიერ პოტენციური რისკების შეფასება, სავარაუდოდ, გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან მათი მიხედვით სასამართლო სისტემა შეიძლება პარალიზებულიყო. უდავოა რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მმართველი ძალის შესაძლებლობებში თავდაჯერებულობის შესაძლო ნაკლებობა, ინსტიტუციური მიდგომის არარსებობსა და ძველი სისტემის წინააღმდეგობის გაზვიადებული აღქმა. მართალია ასეთი წინააღმდეგობა არსებობდა, და მას შეიძლება დაპირისპირება მოჰყოლოდა, მმართველი ძალა ალბათ მაინც შეძლებდა მის განეიტრალებას ამ რეფორმების სწრაფი და მოულოდნელი გატარებით და საზოგადოების მხრიდან ნდობის მაღალი რეიტინგით, როგორც მყარი საფუძველი შესამჩნევი ცვლილებებისთვის, რაც, მიუხედავად ამისა, არ მოხდა. პრემიერ მინისტრმა ფაშინიანმა ამ საკითხზე კომენტარი პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც თქვა რომ სწრაფი ცვლილებები ვერ მოიტანდა წარმატებას, თუმცა მათ მიიღეს აუცილებელი ზომები, რომელთა მიზანი არ იყო სისწრაფე და რეჟიმის სამსახურში მყოფი მარიონეტული სასამართლოს შექმნა. მოქმედი და ახალი კანდიდატი მოსამართლეების საკუთრების, შემოსავლისა და მოგების დეკლარაციების გამოცხადებული შესწავლა ფორმალური და უვარგისი ინსტრუმენტები იყო, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას თუ რა მდგომარეობაში იყო არსებული სისტემა და რა სასწრაფო გამოწვევები ჰქონდა მას.
სასამართლო რეფორმის მარცხმა, ჰაერში გამოკიდებულმა ახალმა კანონმა პოლიტიკური პარტიების შესახებ, საკონსტიტუციო შესწორებების დროებით შეჩერებამ, საკონსტიტუციო სასამართლოში ცვლილებების თაობაზე რეფერენდუმმა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიშალა, ხელისუფლება რთულ ვითარებაში ჩააგდო. მმართველმა პარტიამ, რომელსაც ნდობა ამომრჩეველთა 70%-მა გამოუცხადა, არ განახორციელა დიდი და სწრაფი რეფორმები სახელმწიფო მმართველობისა და სასამართლო სისტემებში, და თანდათან გაფანტა სწრაფი და ეფექტური ცვლილებებისთვის მიღებული მანდატი.
ამ ყველაფერს ზედ დაერთო კორონავირუსის პანდემია, რამაც სომხეთის რესპუბლიკისა და მმართველი პარტიის წინაშე ახალი გამოწვევები გააჩინა. პოლიციისა და სამეთვალყურეო ორგანოების არადამაკმაყოფილებელი და არაეფექტური ქმედებების შედეგად, მთელი ტვირთი ჯანდაცვის სისტემას დააწვა. ამგვარად, კორონავირუსის კრიზისმა და არაეფექტურმა მართვამ მნიშვნელოვნად დააზიანა მმართველი პარტიისადმი საზოგადოების ნდობა და დაასუსტა მისი პოლიტიკური წონა.
პოლიტიკური ლეგიტიმაციის მნიშვნელოვანი შესუსტების საუკეთესო მაჩვენებელი იყო გაგიკ ცარუკიანის, პარლამენტის მეორე ყველაზე დიდი ძალის თავმჯდომარის, მოთხოვნა მთავრობის გადადგომის თაობაზე. შედეგად, სახელმწიფო მმართველობის სისტემის მნიშვნელოვანი რეფორმირების გარეშე, სუპერ-სამინისტროების შექმნითა და სახელისუფლებო მოდელის შენარჩუნებით, რომელსაც არ ჰქონდა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის რეალისტური მექანიზმები, პოლიტიკური მოკავშირეების დაკარგვით და თითქმის ყველა პოლიტიკურ ძალასთან ურთიერთობების გაყინვით ან დაძაბვით, პრემიერ მინისტრი ფაშინიანი და მისი ადმინისტრაცია მოულოდნელ გარე ბუნებრივ კატასტროფას შეეჩეხა: თავიდან კორონავირუსის პანდემიას, შემდეგ ომს. ყველა ამ გამოწვევის შემდეგ, კორონავირუსის პანდემია და არცახის ახალ ომში რეალური დამარცხება, მმართველმა გუნდმა მნიშვნელოვნად დაკარგა საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია და პოლიტიკური რეპუტაცია, შედეგად შეიქმნა საზოგადობის მხრიდან ნდობის ახალი ვაკუუმი როგორც ძველი ხელისუფლებისა და ოპოზიციის, ისე ახალი ხელისუფლების მიმართ. თუმცა, მეორე მხრივ, საზოგადოების ამჟამინდელი გაწყობის კვლევებმა აჩვენა რომ მმართველი პარტია, პრემიერ მინისტრ ფაშინიანის სახით, კვლავ სარგებლობს 44 პროცენტიანი საზოგადოებრივი მხარდაჭერით.
დღევანდელ ვითარებაში შესაძლებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა თუ ამის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოთხოვნა გაჩნდება, თუმცა, ცხადია, მას მერე რაც ვითარება დალაგდება და დასტაბილურდება. ომის გამო ლეგიტიმაციის ვარდნა პირველ რიგში მმართველი გუნდისთვისაა გამოწვევა თუ ისინი რეფორმების გაგრძელებას გეგმავენ და მათი განხორციელებისთვის ლეგიტიმაცია სჭირდებათ. მთავრობაში დიდმა ცვლილებებმა შეიძლება დროებით ვითარება დაამშვიდოს, თუმცა ეს მხოლოდ პრობლემის დროებითი გადაჭრა იქნება, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გზა ვერ შეძლებს არსებულ გამოწვევებზე პასუხს. შესაძლო საპარლამენტო არჩევნები ხელს შეუწყობს ხელისუფლების პოლიტიკურ ჩართულობას და საპარლამენტო პროცესების გაძლიერებას, რათა არსებული ოპოზიცია ქუჩიდან პარლამენტში გადმოვიდეს და არ შეარყიოს სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი სოლიდარობის საფუძვლები და ჩამოაყალიბოს ომის შემდგომი ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება.
[1] სრპ (სომხეთის რესპუბლიკური პარტია, მმართველი პარტია სერჟ სარქისიანის ლიდერობით)
[2] გამალი (გამოსავლის ალიანსი (სომხურად: «Ելք» դաշինք), რომელშიც შედიოდნენ სამოქალაქო კონტრაქტი, გაბრწყინებული სომხეთი და პარტია ჰანრაპეტუციუნი), ასპ (აყვავებული სომხეთის პარტია) სრფ, სომხური რევოლუციური ფედერაცია, ასევე დაშნაკციუტუნად ცნობილი)