ეჭვებით შეპყრობილნი? უნდობლობა და შეთქმულების თეორიები აკადემიურ ლიტერატურაში

როდესაც საქართველოში ყველაზე პოპულარული თემების გარშემო არსებულ მსჯელობას დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ თითქმის ყველანაირი საკითხი ხშირად დაეჭვებასა და უნდობლობას იწვევს. ადამიანებისა და ჯგუფების დიდი ნაწილი ეჭვებს გამოთქვამს, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით მოჩანს, მკაფიოდ გაცხადებულ მიზეზებს შეცდომაში შევყავართ და არსებობს მოვლენების ალტერნატიული ახსნა, რომელიც მკაფიოდ არ ცხადდება – დაფარულია. მაგალითად, პანდემიის პარალელურად ბევრ ადამიანსა და ჯგუფს უჩნდება ეჭვები და უნდობლობა პაციენტების მკურნალობის პროცესის, ფარმაცევტული კომპანიების, აცრების ირგვლივ თუ პანდემიის რეალურობის შესახებ. ეჭვები, უნდობლობა და ალტერნატიული მოსაზრებები არსებობს პოლიტიკური მმართველობისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესახებაც. პროცესების ალტერნატიული ახსნა, რომელსაც ხშირად შეთქმულების (კონსპირაციულ) თეორიას უწოდებენ, უმეტესად ერთ ფაბულას იმეორებს – რაც ზედაპირზე ჩანს, ყველაფერი სიმართლე არ არის, არსებობს უხილავი ძალაუფლება და განზრახვები, რომელიც ფასადის უკან იმალება და რასაც მუდმივად მალავენ ძლევამოსილი პირები და ინსტიტუტები.

ყვარლის ტბის ხედი

უხილავი ძალაუფლების წყაროდ და მიზეზად შეიძლება სხვადასხვა რამ იყოს წარმოსახული: მაგალითად, კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით გამოითქმება ვარაუდები ფარმაცევტული კომპანიების მიერ ფულის მოხვეჭის სურვილის, პოლიტიკოსების მიერ სამყაროს მოსახლეობის გაწყვეტის განზრახვის, მოსახლეობის დასამორჩილებლად ყალბი პანდემიის გამოგონების შესახებ და სხვა. პანდემიის გარდა, ეჭვები და ალტერნატიული ახსნა თან სდევს სხვადასხვა გლობალური თუ ადგილობრივი პოლიტიკური პროცესის განხილვას, გლობალურ დათბობაზე საუბარს[1] და ადამიანების მთვარეზე დაჯდომის რეალურობასაც კი. ეს ეჭვები და განცდები მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი და სხვადასხვა ქვეყანასა და კონტექსტში ბევრი განსხვავებული მოვლენის ასახსნელად გვხვდება. ხშირად არც ვიდეო- ან ფოტომასალა არის იმის მტკიცებულება, რომ მოვლენები ნამდვილად ისე განვითარდა, როგორც მასალაში ჩანს და მასალა გაყალბებული ან ფრაგმენტულია. ამ ეპოქას პოსტსიმართლის (post truth) სახელითაც მოიხსენიებენ.

მარიამ შალვაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის პროგრამის დოქტორანტი და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სტიპენდიანტია.

უნდობლობა, ეჭვები, ჭორები და კონსპირაციული თეორიები პოპულარულ დისკუსიებში ხშირად დეზინფორმაციის, სახელმწიფო მმართველობის ან სოციალური ქსოვილის ჩამოშლის ჭრილში განიხილება. თუმცა სოციალური ანთროპოლოგებისა და სოციოლოგებისთვის ისინი საინტერესოა სხვა კუთხითაც: რას შეიძლება გვეუბნებოდეს უნდობლობა, ეჭვები და შეთქმულების თეორიები კონკრეტულ საზოგადოებასა და კონტექსტზე და რა ტიპის შფოთვებს უკავშირდება ისინი? რა ეფექტები და გავლენა აქვს ამ ტიპის ნარატივებს და შეგრძნებებს სოციალურ და პოლიტიკურ სისტემებსა და ზოგადად საზოგადოებაზე. შეთქმულების თეორიები და ფაქტების ალტერნატიული ახსნა სიტყვიერად გამოთქმული იდეებია, რომლებიც მოიცავს დასრულებულ ამბებს, ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს და ასევე ფრაგმენტულ, არასრულ მოსაზრებებს. ამას შეგვიძლია მოკლედ დისკურსი ვუწოდოთ. ხოლო ეჭვი და დაეჭვება მგრძნობელობითი, განცდითი გამოცდილებაა, რასაც ხშირად აფექტურ შეგრძნებას უწოდებენ. უნდობლობა, ვფიქრობ, ორივე რეგისტრში შეიძლება განიხილებოდეს.

მოდერნულობის (თანამედროვეობის) გავრცელებასთან ერთად, რომელიც თავისუფალი ბაზრისა და კაპიტალიზმის, ლიბერალური სახელმწიფოს მოდელის, რაციონალიზმის უპირატესობის გავრცელებას გულისხმობდა, არსებობდა რწმენა, რომ თანამედროვეობა კარგ მმართველობასა და გამჭვირვალობას მოიტანდა. გამჭვირვალე მმართველობა კი ეჭვებისა და უნდობლობის გაუჩინარებას შეუწყობდა ხელს (West and Sanders 2003). თუმცა, ბევრ კონტექსტში თანამედროვეობამ მოიტანა უნდობლობა, ეჭვები, გაურკვევლობა, ადამიანებს გაურთულდათ მათ გარშემო მიმდინარე პროცესებისა და მიზეზშედეგობრიობის ახსნა. მათთვის უფრო დაფარული და ბუნდოვანი გახდა ძალაუფლების მოქმედების მიზნები და გზები (Sanders 2003; Pedersen 2011). ჩამოიმსხვრა დასავლური ლიბერალური რწმენა, რომ მოდერნულობის წყალობით სამყარო გახდებოდა უფრო გასაგები და ახსნადი. სინამდვილეში გამჭვირვალე პოლიტიკის გატარების მცდელობებს ბევრ კონტექსტში, მათ შორის დასავლეთში, თან ახლდა უნდობლობა, ეჭვები და შეთქმულების თეორიები.

ბევრ საზოგადოებაში მოდერნულობის ერთ-ერთი მთავარი მსაზღვრელის, თავისუფალი ბაზრის, შეჭრამ ასევე გამოიწვია ეჭვები და უნდობლობა იმის მიუხედავად, რომ თავისუფალი ბაზარი რაციონალურ ეკონომიკურ მოდელად იყო წარმოსახული. ბუნდოვანების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მეტ-ნაკლებად ეკონომიკურად ეგალიტარიანულ და თანასწორ საზოგადოებებში, მაგალითად, აფრიკის ბევრ სოციუმში, თავისუფალი ბაზრის შესვლის შედეგად ეკონომიკური უთანასწორობები გაღრმავდა (Sanders 2003). მეოცე საუკუნის ბოლოს უკვე საბჭოთა კავშირის დანგრევის შედეგად წარმოქმნილი სახელმწიფოები წარმოადგენდნენ პროექტს, სადაც დასავლური მოდერნულობა, ლიბერალური სახელმწიფოს მოდელი, გამჭვირვალე და „კარგი მმართველობა“ (good governance) და მასთან ერთად თავისუფალი ბაზარი უნდა შესულიყო. დაპირების მიხედვით, თავისუფალ ბაზარსა და გარდაქმნილ ეკონომიკურ ურთიერთობებს სიმდიდრე და კეთილდღეობა უნდა მოეტანა. ეს დაპირება არც აქ გამართლდა და სიღარიბე, მზარდი უთანასწორობა და სხვადასხვა ინსტიტუციის მიმართ ღრმა უნდობლობა წარმოშვა. შედეგად, აფრიკის მრავალ სოციუმში (West and Sanders 2003) და ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრ რესპუბლიკაში (Pedersen 2011) კონსპირაციული თეორიები, ეჭვები და ოკულტური რწმენა-წარმოდგენები კიდევ უფრო გამრავლდა.

ზოგადად, ჩემი ინტერესის საგანია პანკისში არსებული უნდობლობა და ეჭვები პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის მიმართ. პანკისის მიმართ პოლიტიკის და საერთაშორისო თუ ეროვნული მედიის მიერ ხშირად ხდება უნდობლობისა და ეჭვების კულტივირება (ბარქაია და ჯანელიძე 2019; Manning 2009), თუმცა მე პირიქით ის მაინტერესებს, თუ რა ტიპის უნდობლობასა და ეჭვებს ბადებს ქისტებში არსებული პოლიტეკონომიკური სისტემა, როგორ გამოიხატება ეს ეჭვები განცდებით და როგორ აისახება პოლიტეკონომიკური სისტემისადმი უნდობლობა საუბარში. ამ სტატიის ფარგლებში ვეცდები, მოკლედ მიმოვიხილო ეჭვების, უნდობლობისა და შეთქმულების თეორიის შესახებ არსებული თვალთახედვები და აკადემიური ლიტერატურა.

უნდობლობისა და შეთქმულების თეორიების პოლიტიკური პოტენციალი

ქეთრინ გოთფრედსენის გორში ჩატარებული 2013 წლის კვლევა აღწერს, რომ საქართველოში ადამიანები განსაკუთრებული უნდობლობით არიან განწყობილი პოლიტიკური წესრიგის და ხელისუფლების მიმართ (Gotfredsen 2013; 2015). კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს მცხოვრებლების აზრით, პოლიტიკა რიგითი ადამიანებისგან მოშორებით იქმნება, პოლიტიკა და ძალაუფლება მცირე ჯგუფის ხელშია, რიგითი ადამიანებისთვის ბუნდოვანი, ხელმიუწვდომელია და მათ პოლიტიკასა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენა ვერ ექნება. კვლევაში ჩართული ადამიანები დარწმუნებულები არიან, რომ ის, რაც გამჭვირვალობად იხატება – ფასადია და ვერც სინამდვილეს გამოხატავს, ამიტომ „არ უნდა დაიჯერო, რასაც ხედავ“, ხოლო ფასადის უკან ძალაუფლების გაურკვეველი ბუნება იმალება; ის, რაც ხმამაღლა გაცხადებულია, სიმართლე არ არის, პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება უბრალო ადამიანებისგან ფარულად და ნამდვილ გადაწყვეტილებებსა და მიზეზებს ჩვეულებრივ ადამიანებს არავინ გაუმჟღავნებს. ამიტომ ადამიანები მუდმივად პოლიტიკური მოვლენებისა თუ გადაწყვეტილებების ალტერნატიულ ინტერპრეტაციას ეძებენ და მათ ასახსნელად იყენებენ იდეებს, რასაც ხშირად შეთქმულების თეორიების სახელით ვიცნობთ.

ერთი შეხედვით, ძალაუფლებისა და პოლიტიკის ამგვარ გაგებას თითქოს პოლიტიკური ცვლილებების პოტენციალი უნდა ჰქონდეს. ამგვარი შეხედულებები ხომ ძალაუფლების და იმდროინდელი პოლიტიკური მმართველობის პირდაპირი თუ ირიბი კრიტიკაა. ძალაუფლებისა და პოლიტიკის ამგვარი გაგება საინტერესოა, რადგან ერთი მხრივ შესაძლოა მან უკეთ აღწეროს რეალობა, ვიდრე ოფიციალურმა ნარატივებმა და დისკურსმა. მაშინ, როდესაც საქართველოში აშკარაა მოჩვენებითი დემოკრატიის ნიშნები, საქართველოს მოქალაქეების სისტემაზე გავლენა მინიმალურია და პროცესები ქაოტურია, რთულია ამგვარი სისტემა არ აღიწეროს ისეთი მოსაზრებებით, რომლებსაც კონსპირაციის ნიშნები აქვს.  მკვლევარ ჯეიმს სკოტის აზრით, რევოლუციების, საპროტესტო აქციებისა და სხვადასხვა აშკარა კოლექტიური დაუმორჩილებლობის გარდა, არსებობს ყოველდღიური წინააღმდეგობის ფორმები და დაფარული სცენარები (hidden transcripts), რომლებიც ძალაუფლების მიერ შეიძლება შეუმჩნეველიც დარჩეს, თუმცა მათ შეუძლიათ ძალაუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და პოტენციურად, მისი გარდაქმნაც (Scott 2000). სკოტის აზრით, „დაფარულ სცენარებს“, როგორიცაა სიმღერები, მითები, ჭორები, მითქმა-მოთქმა, ანეკდოტები და სხვა, შეიძლება ძალაუფლებისადმი უფრო დიდი დაუმორჩილებლობის და ღია დაპირისპირების პოტენციალიც ჰქონდეს (Scott 1990). მეტიც, ის ფიქრობს, რომ ამ სახის ყოველდღიური წინააღმდეგობის ფორმები აჩვენებს, რომ ძალაუფლება სულაც არაა შეუვალი და ალტერნატიული წესრიგი სწორედ ამ ტიპის ზეპირსიტყვიერი მასალით შეიძლება გამოიხატოს (იქვე).[2]

გოთფრედსენის კვლევის დასკვნაში ეჭვებისა და შეთქმულების თეორიების როლი სკოტის მიგნების საპირისპიროა. გორში ადამიანები მიიჩნევენ, რომ თავად ვერასდროს ექნებათ პოლიტიკაზე გავლენა, თუმცა ისინი სისტემის განუყოფელი ნაწილები არიან. სწორედ იმიტომ, რომ თავი პოლიტიკის გარეთ წარმოუდგენიათ, საქართველოს მცხოვრებთა მიერ პოლიტიკის შესახებ განცდები, ეჭვები და უიმედობა პოლიტიკას ბუნდოვან, ელიტურ სისტემად კვლავაწარმოებს და იკარგება რეალობის შეცვლის ჭეშმარიტი პოტენციალი. გოთფრედსენისგან განსხვავებით, აქჰილ გუფთა ინდოეთის კონტექსტში ცდილობს კითხვების დასმას იმის შესახებ, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰქონდეს სახელმწიფოს შესახებ გავრცელებულ ჭორებს. შეიძლება სახელმწიფოზე არსებული უარყოფითი ჭორები იყოს წინააღმდეგობის ყოველდღიური ფორმა, რომელსაც ძალაუფლების შერყევა შეუძლია? თუ პირიქით, სახელმწიფო მასზე არსებული უარყოფითი ჭორების გამო წარმოჩინდება ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე მანქანად და დაუძლეველი და შეუვალი ხდება (Gupta 1995)?

საგულისხმოა, რომ თავად სახელმწიფო სისტემა, ინსტიტუციები და საჯარო პირებიც აქტიურად ერთვებიან ეჭვებისა და კონსპირაციული თეორიების წარმოება-გავრცელებაში. ძალაუფლების ხელში კონსპირაციული თეორიები ძლიერი იარაღი შეიძლება გახდეს, გარკვეული ჯგუფების დისკრედიტაციისთვის გამოიყენებოდეს და კონსპირაციის სახელი არ დაერქვას. მათ, ვისაც ეს უნდობლობა და კონსპირაციები მიემართება, ეჭვებს სერიოზულად უნდა გასცენ პასუხი და არგუმენტირებული ფაქტები დაუპირისპირონ,  მაგრამ ხშირად ძალაუფლების არმქონე ჯგუფების ალტერნატიული აზრები და ეჭვები ფანტასმაგორიის სფეროში ექცევა და სერიოზულად არ განიხილება. 

ამგვარად, განსხვავებული და საწინააღმდეგო მოსაზრებები არსებობს შეთქმულების თეორიების, ჭორებისა და უნდობლობის პოლიტიკური პოტენციალის შესახებ. თუ მკვლევართა ნაწილი მათ განმათავისუფლებელ შესაძლებლობებსა და ალტერნატიული წესრიგის პერსპექტივებს მიაწერს, მეორე ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი ამ იმედებისადმი და ფიქრობს, რომ ამ ტიპის ნარატივები (შეთქმულების თეორიები, ჭორები) და გრძნობები (ეჭვები) ძალაუფლებას კიდევ უფრო აძლიერებს. ამას გარდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონსპირაციულ თეორიებს და ეჭვების კულტივირებას ძალაუფლება ხშირად თავად იყენებს სხვადასხვა ჯგუფის მიმართ, მაგალითად, პანკისელი ქისტების,  რათა ამ ჯგუფებისადმი უნდობლობა გააჩინოს ან გააძლიეროს.

ეჭვებითა და შეთქმულების თეორიებით შეპყრობილნი?

ზოგადად, როდესაც კონსპირაციულ ან შეთქმულების თეორიებს ვახსენებთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მხოლოდ აღწერითი ტერმინი არ არის და მას მორალური, ნორმატიული, შეფასებითი განზომილება აქვს. ეს ტერმინი ორი სიტყვისგან შედგება. „კონსპირაცია“ ანუ შეთქმულება პოლიტიკური ტერმინია, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების ან მონარქის ჩამოგდების მნიშვნელობით გამოიყენებოდა. ხოლო მეორე სიტყვა „თეორია“ უფრო მეცნიერებასა და კვლევასთან არის დაკავშირებული (Mckenzie-Mcharg 2020). თავად ტერმინი „შეთქმულების თეორია“ თავის თავში ბუნდოვანებას ატარებს და მისი გამოყენება ტერმინის განმარტებას საჭიროებს (იქვე). მათიას პელკმანსისა და რის მაკჰოლდის აზრით, კონკრეტული მოსაზრებებისთვის კონსპირაციული თეორიის დარქმევა მხოლოდ ძალაუფლების მქონე წყაროებს, ჯგუფებსა და ინდივიდებს შეუძლიათ. ძალაუფლების მქონეების არგუმენტაციას, თუნდაც მას შეთქმულების თეორიისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჰქონდეს, იშვიათად ერქმევა შეთქმულების თეორიის სახელი (Pelkmans and Machold 2011). მათი აღწერით, მხოლოდ რიგით ადამიანებს მიაწერენ ხოლმე „კონსპირაციულ“ მსჯელობას. ამასთან, ფაქტობრივად შეუძლებელია, ძალაუფლების არმქონეებმა „კონსპირაციული თეორიის“ სახელით მონიშნონ რომელიმე აზრი ან დისკურსი, რაგინდ მითოსურ ან გაუმყარებელ მსჯელობასაც უნდა ემყარებოდეს ის (იქვე). ამგვარად, ძალაუფლების არმქონე ან სუსტი ძალაუფლების მქონეები არარაციონალურ, და მოგონილ, ოკულტური რწმენებით მოჯადოებულ, შეპყრობილ ჯგუფად წარმოჩინდება და მათი უგულებელყოფა, დისკურსიდან გარიყვა ხდება. ხოლო ძალაუფლება და მასთან დაკავშირებული არგუმენტაცია, როგორც წესი, რაციონალურობას უკავშირდება, ძალაუფლების მქონეების მსჯელობა თუ მართალი არ აღმოჩნდა, ის მცდარია და არა „კონსპირაციული“.

მათიას პელკმანსი მიიჩნევს, რომ ხმამაღლა გამოთქმული აზრებისა და შეთქმულების თეორიებისგან განსხვავებით, ეჭვის მოხელთება რთულია და ხშირად მხოლოდ შეგრძნებების დონეზე არსებობს. ანთროპოლოგიურ ლიტერატურაში ვკითხულობთ, რომ დაეჭვება რწმენის საპირისპირო მნიშვნელობის არ არის და პირიქით, მასთან მჭიდრო კავშირშია (Pelkmans 2013). ეჭვი მიგვითითებს მერყეობასა და არასტაბილურობაზე, მაგრამ ასევე მიგვანიშნებს, რომ იქვე სიახლოვეში არსებობს რწმენაც, რადგან ჯერ რწმენაა საჭირო რწმენაში ეჭვის შესატანად. ეჭვი ხშირად გვესახება ბარიერად, რომელიც რწმენის მეშვეობით უნდა გადაილახოს, თუმცა, თუ სხვა მხრივ შევხედავთ, მან შესაძლებელია განსხვავებულ ჯგუფებს შორის ურთიერთგაგებას დაუდოს საფუძველი. ადამიანმა საკუთარი იდეებისა და რწმენების უტყუარობაში ეჭვი უნდა შეიტანოს, რათა სიღრმისეულად გაუგოს განსხვავებულ ხედვასა და რწმენა-წარმოდგენებს (იქვე). ეჭვებისა და რწმენის მსგავსად, ნდობისა და უნდობლობის ფენომენიც თანადროულად არსებობს. (Mühlfried 2019). მეთიუ ქერი მათი თანადროულობის ასახსნელად იყენებს ამგვარ შედარებას: სადაც ერთია, იქ აუცილებლად არსებობს მეორის ლანდი– იქ, სადაც ადამიანები სხვებს ენდობიან, შეიძლება ეს ნდობა არ გაუმართლდეთ. იქ, სადაც უნდობლობაა გამეფებული და ადამიანებს მიაჩნიათ, რომ სხვა ყველაფერი შეუცნობელი და გაურკვეველია, ასევე იციან, რომ ზოგიერთი რამის შეცნობა მეტად შესაძლებელია, ვიდრე სხვა დანარჩენის (Carey 2017). ფლორიან მიულფრიდი მიუთითებს, რომ შესაძლოა ერთსა და იმავე ინსტიტუტს, პიროვნებასა და ჯგუფს ადამიანები გარკვეულწილად ენდობოდნენ და თან გარკვეულ სიტუაციებში არ ენდობოდნენ მათ, ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნდობა და უნდობლობა საკმაოდ კომპლექსური ფენომენია (Mühlfried 2019). ამასთან, გარკვეული ინსტიტუციების მიმართ უნდობლობა ხშირად ალტერნატიული ინსტიტუციების თუ პიროვნებების ნდობასაც გულისხმობს. მეთიუ ქერის აზრით, უნდობლობას შესაძლოა იმის პოტენციალიც კი ჰქონდეს, რომ უფრო მეტად თანასწორი საზოგადოებრივი წყობის ჩამოყალიბებასაც შეუწყოს ხელი (იქვე).

უნდობლობა, კონსპირაციული თეორიები და ეჭვები ხანდახან ალტერნატიული წყაროების, ინსტიტუტების, პერსონების, ძალაუფლების ღერძების რწმენას ან ნდობას ეფუძნება. მაგალითად, ხშირად აუცილებელია რწმენა იმ წყაროებისადმი, საიდანაც მოვლენების ალტერნატიული ახსნა ვრცელდება და კონკრეტული მეზობლების, ახლობლების, facebook-ჯგუფების, პიროვნებების ნდობას გულისხმობს. შესაბამისად, კონსპირაციული თეორიები და ეჭვები კონკრეტული ჯგუფებისთვის შესაძლოა ძალაუფლების მოპოვების წყარო და იარაღი გახდეს და კონკრეტული შეთქმულების თეორიების უკან რაღაც სახის ძალაუფლება იდგეს (იმის მიუხედავად, რომ ამგვარ შეთქმულების თეორიებს პოპულარულ დისკურსში კონსპირაციის სახელი შესაძლოა არც დაერქვას). მაგალითად, რადგან ყველაზე დიდ კონსპირაციულ გვერდებს, საიტებსა და ჯგუფებს საკმაოდ დიდი დაფინანსება და რესურსები სჭირდება[3] და სავარაუდოა, რომ მათ კონკრეტული პირები აფინანსებენ, რომლებსაც თავადაც სურთ ან უკვე აქვთ რაიმე ტიპის ძალაუფლება. ამასთან, რადგან რწმენა და ეჭვი, ნდობა და უნდობლობა თანაარსებობენ: რწმენა და ნდობაა საჭირო იმ ახსნის დასაჯერებლად, რაც კონსპირაციული თეორიების სახელითაა მონათლული. შესაბამისად, შეთქმულების თეორიები კავშირშია არა მხოლოდ დაეჭვებასა და ძალაუფლების კრიტიკასთან, არამედ რწმენასთან. ფლორიან მიულფრიდი აღწერს, რომ კონსპირაციული თეორიები, როგორიცაა კოვის-19-ის უარმყოფლების გლობალური მოძრაობა, ხანდახან შესაძლოა რელიგიურ ნარატივებს და მოძრაობებს მოგვაგონებდეს (Mühlfried 2021). ჩემი დაკვირვებით, ადამიანებს შეიძლება თითქმის რელიგიური რწმენაც კი ჰქონდეთ ალტერნატიული ახსნისა და ნარატივების მიმართ.

დასკვნა

სტატიის მიზანი იყო ეჭვების, უნდობლობისა და კონსპირაციული თეორიების შესახებ არსებული მოკლე ლიტერატურული მიმოხილვა, მათი პოლიტიკური პოტენციალის ძიება და საქართველოს კონტექსტთან დაკავშირება. კონსპირაციულ თეორიებსა და უნდობლობაზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს: ერთი მხრივ, ისინი შესაძლოა უკეთესად მოიხელთებდნენ რეალობას, ვიდრე ოფიციალური დისკურსები და ძალაუფლების კრიტიკას ან წინააღმდეგობის ყოველდღიურ მექანიზმებს წარმოადგენდნენ. მეორე მხრივ, არსებობს სკეპტიციზმი იმის შესახებ, არყევს თუ არა არსებულ ძალაუფლებას სისტემისადმი უნდობლობა, ჭორები და კონსპირაციული თეორიები. შესაძლოა, კონსპირაციული თეორიები ალტერნატიული ძალაუფლების ღერძს აძლიერებდეს, ან ცვლილებები კი არ მოიტანოს, არამედ არსებული ძალაუფლებრივი სისტემის შეუვალობა განაპირობოს. კონსპირაციული თეორიები და ეჭვები ძალაუფლების ხელში ძლიერი იარაღია, ხოლო სუსტების ხელში შესაძლოა ამ ტიპის მოსაზრებები მაშინვე ამ ჯგუფების არარაციონალურ აზროვნებასა და შეპყრობილობას მიაწერონ. ამასთან, ანთროპოლოგიური თეორიის მნიშვნელოვანი მიგნებაა, რომ ეჭვი და რწმენა, ნდობა და უნდობლობა ერთმანეთის საპირისპირო ცნებები არ არის, ისინი  თანაარსებობს და ერთის არსებობა მეორის არსებობაზე მიანიშნებს. ალტერნატიულ ახსნას, შეთქმულების თეორიებს, ეჭვებსა და უნდობლობას ყოველდღიურობაში საკმაოდ მრავალფეროვანი პოტენციალი აქვს და მათი შინაარსი სამყაროს შესახებ ადამიანების წარმოდგენებსა და მიმართებებსაც აჩვენებს.

დღეს, პანდემიისა და პოლიტეკონომიკური წესრიგის გარშემო სხვადასხვა სახის ეჭვები და შეთქმულების თეორიები ააშკარავებენ შფოთვასა და დარდს ადამიანების სხეულის, ჯანმრთელობის, ეკონომიური გასაჭირის, სიკვდილის გარშემო. პანდემიამ კიდევ უფრო გაამძაფრა მერყევი ყოფა და არასტაბილურობის შეგრძნება. თითქმის ხელმიუწვდომელია ადეკვატური ჯანდაცვა და სამედიცინო სერვისებზე წვდომა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის. სხვადასხვა სახის კონსპირაციული თეორიები, ჭორები, გრძნობები თუ ფრაგმენტული აზრები ნათელს ხდის, რომ ადამიანების უფრო და უფრო დიდ ნაწილს უჩნდება უნდობლობა ფარმაცევტული კომპანიების, ადგილობრივი კლინიკების, კვლევითი ცენტრებისა და გლობალური ორგანიზაციების მიმართ. ისინი ხედავენ ასიმეტრიულ ძალაუფლებას, რაც კერძო კომპანიებსა და რიგით ადამიანებს შორის არსებობს. ხედავენ, რომ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი არ აქვთ. ეს შეგრძნებები ასევე ააშკარავებს, რომ შეთქმულების თეორიებთან ახლო კავშირშია ბუნდოვანი მომავლის შიში და შფოთი.

 

ბიბლიოგრაფია:

ბარქაია, მაია, და ჯანელიძე ბარბარე. 2019. უსაფრთხოების მზერის ქვეშ: ისტორია, პოლიტიკა და რელიგია პანკისის ხეობაში. თბილისი: EMC.

Carey, Matthew. 2017. Mistrust: An Ethnographic Theory. Malinowski Monographs, v. 3. Chicago, IL: Hau Books.

Gotfredsen, Katrine Bendtsen. 2013. “Evasive Politics: Paradoxes of History, Nation and Everyday Communication in the Republic of Georgia.” Copenhagen: University of Copenhagen.

———. 2015. “Invisible Connections: On Uncertainty and the (Re)Production of Opaque Politics in the Republic of Georgia.” In Ethnographies of Grey Zones in Eastern Europe: Relations, Borders and Invisibilities, 125–39. London: Anthem.

Gupta, Akhil. 1995. “Blurred Boundaries: The Discourse of Corruption, the Culture of Politics, and the Imagined State.” American Ethnologist 22 (2): 375–402. https://doi.org/10.1525/ae.1995.22.2.02a00090.

Manning, Paul. 2009. “Folklore and Terror in Georgia’s ‘Notorious’ Pankisi Gorge.” Explorations in Anthropology 9 (1): 18–27.

Marcus, George E., ed. 1999. Paranoia within Reason: A Casebook on Conspiracy as Explanation. Late Editions 6. Chicago: University of Chicago Press.

Mckenzie-Mcharg, Andrew. 2020. “Conceptual History and Conspiracy Theory.” In Routledge Handbook on Conspiracy Theories, edited by Michael Butter and Peter Knight, 16–27. New York: Routledge.

Mühlfried, Florian. 2019. Mistrust. New York, NY: Springer Berlin Heidelberg.

———. 2021. “Suspicious Surfaces and Affective Mistrust in the South Caucasus:” Social Analysis, June, 1–21. https://doi.org/10.3167/sa.2021.6503OF1.

Pedersen, Morten Axel. 2011. Not Quite Shamans: Spirit Worlds and Political Lives in Northern Mongolia. Culture and Society after Socialism. Ithaca: Cornell University Press.

Pelkmans, Mathijs, ed. 2013. Ethnographies of Doubt: Faith and Uncertainty in Contemporary Societies. Library of Modern Religion 32. London; New York: I.B. Tauris.

Pelkmans, Mathijs, and Rhys Machold. 2011. “Conspiracy Theories and Their Truth Trajectories.” Focaal 2011 (59): 66–80. https://doi.org/10.3167/fcl.2011.590105.

Sanders, Todd. 2003. “Invisible Hands and Visible Goods: Revealed and Concealed Economies in Millennial Tanzania.” In Transparency and Conspiracy, edited by Harry G. West and Todd Sanders, 148–74. Duke University Press. https://doi.org/10.1215/9780822384854-005.

Scott, James C. 1990. Domination and the Arts of Resistance: Hidden Transcripts. New Haven: Yale University Pr.

———. 2000. Weapons of the Weak: Everyday Forms of Peasant Resistance. Nachdr. New Haven: Yale Univ. Press.

West, Harry G., and Todd Sanders, eds. 2003. Transparency and Conspiracy: Ethnographies of Suspicion in the New World Order. Durham: Duke University Press.

 

 

 

[1] მაგალითად, 2021 წლის ზამთარში ტეხასში მოსული თოვლის შესახებ ვრცელდებოდა თეორიები, რომ თოვლი ყალბი, სინთეტიკური იყო, რათა ადამიანები გლობალური დათბობით დაეშინებინათ. ამის დამტკიცებას ბევრი ტეხასელი TikTok პლატფორმის საშუალებით ცდილობდა, ისინი ვიდეოებში თოვლს ცეცხლს უკიდებდნენ, ხოლო თოვლი დადნობის მაგივრად შავდებოდა. მათი აზრით, ეს იყო მტკიცებულება, რომ თოვლი სინთეტიკური იყო. იხილეთ ნიუს სტატია https://www.kxan.com/news/texas/simple-experiment-debunks-texas-fake-snow-theory/

[2] მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სკოტი აღიარებს იმ ფაქტსაც, რომ დაფარულმა სცენარებმა და ყოველდღიური წინააღმდეგობების პრაქტიკებმა შესაძლოა ძალაუფლების გამყარებასაც შეუწყოს ხელი.

[3] მაგალითად, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას აქტიურად ისმოდა, რომ ის და მისი მხარდამჭერები კონსპირაციული თეორიების გულშემატკივრები იყვნენ. ბევრი ჯგუფისთვის ტრამპის მხარდაჭერა ავტომატურად კონსპირაციული თეორიების რწმენასთან იგივდებოდა. ბევრი გვერდი, რომლებსაც კონსპირაციული თეორიების სახელი დაერქვა, აქტიურად უჭერდა დონალდ ტრამპს მხარს. ეს მაგალითი აღსანიშნავია იმის გამო, რომ პელკმანსის და მაკჰოლდის სტატიის მიხედვით, ძალაუფლების მხარეს არსებულ არგუმენტაციას კონსპირაციული თეორია ვერ დაერქმევა, თუმცა დონალდ ტრამპის მაგალითი ამ თეზისს ეჭვის ქვეშ აყენებს (Pelkmans and Machold 2011)