სამხრეთ კავკასიაში სამოქალაქო საზოგადოებათა მდგომარეობის შესახებ ვესაუბრეთ რობინ ვაგენერს, გერმანიის ბუნდესტაგის წევრსა და ახლა უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინატორს სამხრეთ კავკასიის, მოლდოვის რესპუბლიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საზოგადოებათშორისი თანამშრომლობის საკითხებში.
სონია შიფერსი: რობინ, 1 მარტს ახალი მოვალეობის შესრულებას შეუდექი. როგორ შეაფასებდი შენს ახალ როლს? რა მიგაჩნია შენს ამოცანებად გერმანიისა და სამხრეთ კავკასიის საზოგადოებათშორისი თანამშრომლობის სფეროში?
რობინ ვაგენერი: ჩემს საქმიანობაში ძირითადი ყურადღება მიმართული იქნება სამოქალაქო საზოგადოებების წარმომადგენელთა შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლისა და თანამშრომლობისკენ. ჩემი აზრით, ცოცხალი, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი დემოკრატიის ხერხემალია. ის მრავალფეროვნებისა და მოსაზრებათა პლურალიზმის გარანტია. ამიტომ ახლავე დიდი სიხარულით ველი საუბრებს მათთან, ვინც დაკავებულია, მაგალითად, კლიმატისა და გარემოს დაცვის საკითხებით, ზრუნავს ქალთა უფლებებისა თუ, ზოგადად, ადამიანის უფლებათა დაცვაზე, მხარს უჭერს დამოუკიდებელი მედიის განვითარებას, ძალისხმევას არ იშურებს კორუფციისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მინდა ხელი შევუწყო იმას, რომ კიდევ უფრო განვითარდეს გერმანიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პარტნიორობა არა მარტო სახელმწიფოთაშორის დონეზე, არამედ უპირველეს ყოვლისა, სამოქალაქო საზოგადოებათა თანამშრომლობის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მინდა ვიყო ის ადამიანი, ვისაც სამოქალაქო საზოგადოების საკითხებით დაკავებული პირები მიმართავენ ამა თუ იმ პრობლემაზე სალაპარაკოდ, ვიქცე ამ პრობლემების გამხმოვანებლად, ერთგვარ რუპორად. მინდა ამ ხალხს მოვუსმინო, უკეთ გავუგო და სერიოზულად მოვეკიდო მათს პრობლემებს და, სადაც კი შესაძლებელი იქნება, კონკრეტულად დავეხმარო კიდეც.
რა როლს ასრულებს საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობა დემოკრატიზაციის პროცესში, ევროპის კავშირთან სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დაახლოების საქმეში? რა შეუძლია მას ისეთი, რაც არ ძალუძს სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობას?
სახელმწიფო მუდამ გაცილებით იმაზე მეტია, ვიდრე მისი სახელმწიფო ინსტიტუტების ჯამი. მთავრობებსა და პარლამენტებს შორის მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა, ცხადია, მნიშვნელოვანია. ამაში არავის ეპარება ეჭვი. მაგრამ კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია რეფორმებისა თუ გარდაქმნის პროცესისთვის ასევე სასიცოცხლოდ აუცილებელია. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და კრიტიკული მედია არ ერიდებიან არსებულ პრობლემებზე დაუფარავ ლაპარაკს, რითაც აძლიერებენ წნეხს პოლიტიკოსებზე. ეს შეიძლება ითქვას როგორც ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებზე, ისე იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც წევრობას ესწრაფვიან.
უკრაინის მაგალითზე ვიცი, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჯგუფები ღრმა პროფესიული ცოდნის წყალობით, კონსულტაციების გზითა და გამუდმებული მონიტორინგის საშუალებით – პირდაპირ თუ ირიბად – აქტიურად მონაწილეობენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, სადაც სხვადასხვა როლში გვევლინებიან. ამიტომ მტკიცედ მწამს, რომ ევროპული გზა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იქცეს რეფორმებისა და ტრანსფორმაციის პროცესის მამოძრავებელ ძალად, თუ პოლიტიკა, ეკონომიკა და სამოქალაქო საზოგადოება თანამშრომლობენ.
გარდა ამისა, საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის ფორმატები იძლევა საშუალებას, გაიზიარო სხვა რეგიონებისა თუ ადგილობრივი აქტივისტების კონკრეტული გამოცდილება.
შენი აზრით, რომელია მთავარი გამოწვევები სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებებისთვის, რა სირთულეებს ხედავ გერმანიასთან ამ ქვეყნების საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხში?
სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, რისი მიზეზიც მათს ისტორიულ, ინსტიტუციურსა და პოლიტიკურ მოცემულობებშია საძიებელი. ამიტომ ისინი ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ, ინდივიდუალურად მივუდგეთ. მაგრამ სამივე ქვეყნის შემთხვევაში ნათელია, რომ აუცილებელია შენარჩუნებულ იქნეს და კიდევ უფრო გაფართოვდეს სამოქმედო სივრცე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთათვის. აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი მონაწილეობენ ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში, საქართველოს წინაშე კი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაც გაიხსნა. შესაბამისად, სამივე ქვეყანა მოწადინებულია, ითანამშრომლოს ევროპასთან, გაიზიაროს მისი ფასეულობები. თუმცა, ეს პროცესი სამივესთვის სხვადასხვა სიჩქარით მიედინება და პერსპექტივებიც განსხვავებულია. ევროპული გზისთვის, თავისუფალი და სტაბილური სახელმწიფოს არსებობისთვის საფუძველთა საფუძველია ფეხზე მყარად მდგომი, კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებები. სხვათა შორის, 24 მარტს ეს საქართველოში ვიზიტად მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმაც აღნიშნა.
ახლახან საქართველოს პარლამენტმა იმსჯელა კანონპროექტებზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოეთის აგენტთა რეგისტრაციის“ შესახებ. მასობრივი საპროტესტო გამოსვლებისა და საერთაშორისო ზეწოლის შედეგად ეს კანონპროექტები დღის წესრიგიდან მოიხსნა. როგორ შეაფასებდი ამ მოვლენებს? როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა საპროტესტო გამოსვლებისგან, განსაკუთრებით მათში ახალგაზრდობის როლის, საქართველოს ევროპულ გზაზე ახალგაზრდა თაობის მნიშვნელობის გათვალისწინებით?
ჩემთვის უაღრესად შთამბეჭდავი იყო იმის დანახვა, რომ ქუჩაში ამდენი ხალხი, ამდენი ახალგაზრდა გავიდა, რათა გამოეხატათ თავიანთი მტკიცე მხარდაჭერა დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებებისადმი. გამოკითხვებით ცნობილია, რომ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. ახლა კი შესაძლებლობა მოგვეცა, თვალნათლივ გვეხილა, რომ, როცა საქმე მათი ქვეყნის მომავალს ეხება, ქართველები მზად არიან, ხმა აღიმაღლონ და პასუხი მოსთხოვონ პოლიტიკოსებს. ქართველებმა ისიც აშკარად დაგვანახვეს, რომ ისინი მკვეთრად პოლარიზებულ საშინაო პოლიტიკაში არსებულ დაპირისპირებებზე მაღლა დგანან და საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ ყველა პოლიტიკური ძალის თანამშრომლობას მოითხოვენ. ეს მეტად მკაფიო სიგნალი იყო: როგორც მთავრობისთვის, ისე ოპოზიციისთვის. ვიმედოვნებ, რომ ეს სიგნალი სათანადოდ შეაფასეს და, რაც მთავარია, მას ანგარიშს გაუწევენ მომავალში.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის არაერთი პარტნიორი შიშობს, რომ „უცხოეთის აგენტთა“ კანონპროექტების გაწვევა მხოლოდ და მხოლოდ დროის მოგების ტაქტიკამ განაპირობა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ დროში ხელისუფლება გააგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების დაშინებისა და დისკრედიტაციის პოლიტიკას. რისი გაკეთება შეუძლიათ ასეთ ვითარებაში გერმანიასა და ევროკავშირს, რომ საქართველოში არ მოხდეს ის, რასაც ინგლისურად “Shrinking Space”-ს უწოდებენ, ანუ არ შეეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოებას მოქმედების თავისუფლება?
ნამდვილად ასეა: კანონები „უცხოეთის აგენტთა“ შესახებ მართლაც შეუთავსებელია ევროკავშირის ფასეულობებსა და სტანდარტებთან და მათი მიღება საქართველოს უთუოდ გადაუკეტავდა ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. არასამთავრობო ორგანიზაციების დამოუკიდებელი საქმიანობა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სახელმწიფოსთვის, რომელიც თავის მოქალაქეებს აგულიანებს, იზრუნონ საზოგადოების პრობლემების მოგვარებაზე, დაამყარონ კავშირი უცხოელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ადამიანის უფლებებს, გარემოს დაცვას თუ სხვა საერთაშორისო ვალდებულებებს. ყოველივე ამის სტიგმატიზება შეუთავსებელია ევროპის იდეასთან. ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებას, მართალია, მთავრობები აწარმოებენ, მაგრამ საბოლოო ანგარიშით საქმე დემოკრატიულ საზოგადოებათა გაერთიანება-შეკავშირებას ეხება. ამიტომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ხმა ახლა კიდევ უფრო მძლავრად უნდა ისმოდეს, ვიდრე აქამდე ისმოდა.
დიდი იმედი მაქვს, მთავრობამაც და ოპოზიციამაც გააცნობიერეს, რომ ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად მოსახლეობა მათგან კონსტრუქციულ თანამშრომლობას მოითხოვს,
თავის მხრივ, რა შეიძლება ისწავლოს გერმანიის სამოქალაქო საზოგადოებამ აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის სამოქალაქო საზოგადოებებისგან?
ამ სამმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა სულ რაღაც ოცდაათიოდე წლის წინ აღიდგინა. მას შემდეგ იქ მომხდარი სასიკეთო ცვლილებები მნიშვნელოვანწილად განაპირობა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობამ. შთამბეჭდავია ის ენერგია, შთაგონება და თავგანწირვა, რომლითაც სამხრეთკავკასიელი აქტივისტები თავიანთი ქვეყნების უკეთეს მომავალზე ზრუნავენ. გერმანიაში ჩვენ კარგა ხნის წინ ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი სტრუქტურები გვაქვს, მოქმედებს სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობისა თუ მნიშვნელოვან საზოგადოებრივსა და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მრავალნაცადი ფორმატები. როცა მე, როგორც გერმანელი, ვაკვირდები აზერბაიჯანსა თუ სომხეთში, თუნდაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ვხვდები: ბევრი რამ, რაც ჩვეულებრივ, ბუნებრივ ამბად გვეჩვენება, სულაც არ არის ჩვეულებრივი და თავისთავად ცხადი – ხშირ შემთხვევაში ეს ყოველივე ბრძოლით უნდა მოიპოვო.
რობინ, შენი საქმიანობის ნაწილია, აგრეთვე, კონტაქტების დამყარება ბელარუსისა და რუსეთის რეჟიმებისადმი კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლებიც ემიგრაციაში ცხოვრობენ. რა შესაძლებლობებსა და საფრთხეებს ხედავ ამ ხალხისა და მათი მიმღები ქვეყნების, უწინარესად საქართველოსა და სომხეთის სამოქალაქო საზოგადოებების აქტივისტთა ურთიერთობებში? ამ ორმა ქვეყანამ ხომ ათიათასობით რუსსა და ბელარუს ემიგრანტს მისცა თავშესაფარი...
მნიშვნელოვანია, რომ კვლავაც მხარში ვედგეთ იმ მამაც ადამიანებს ბელარუსიდან და რუსეთიდან, რომელთაგანაც ზოგი უკვე მრავალი წელია იბრძვის თავის ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დასაცავად და, შესაბამისად, ევროპაში მშვიდობიანი თანაცხოვრების მისაღწევად. ახლა ისინი სწორედ ამისთვის იდევნებიან. ბევრ ჩვენს პარტნიორს საშუალება მივეცით, გერმანიაში ჩამოსულიყო. მაგრამ განსაკუთრებით მძიმე ტვირთი დააწვათ მეზობელ სახელმწიფოებს, რომლებმაც მართლაც ბევრი ლტოლვილი შეიკედლეს. ამ საკითხში უფრო მჭიდრო თანამშრომლობა გვმართებს. სწორედ ამ მიზნით შევქმენით დახმარების პროგრამები. გერმანია იქნება, პოლონეთი თუ საქართველო: ასე შეგვიძლია, ყველას დავანახვოთ, რომ დემოკრატები ერთმანეთის მხარდამხარ ვდგავართ, და რომ ბელარუსსა და რუსეთსაც შეიძლება გაუჩნდეთ პერსპექტივა, თუ ის დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების დაცვას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და სამხედრო დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის აუცილებლობას დაემყარება.
ბოლო კითხვა: როდის გვესტუმრები სამხრეთ კავკასიაში?
კარგი შეკითხვაა, და თან ძალიან მნიშვნელოვანიც. მე ვიტყოდი, რაც შეიძლება მალე. ადგილზე ხომ ყველაზე უკეთ ჩანს ხოლმე, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ რეგიონის ევროპული მომავალი. მიხარია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი მარტის ბოლოს თბილისს ეწვია და თან ჩაიტანა მკაფიო გზავნილი: გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. მინისტრზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ახალგაზრდა თაობის სიმტკიცემ, რომლითაც ის ქვეყნის მომავლის შენებას აპირებს; რომლითაც ყველას გააგებინა, რომ არ შეიძლება დემოკრატიული სტანდარტების პატივისცემა ვაჭრობის საგნად იქცეს. 2023 წლის მაისში გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხებზე მომუშავე კომიტეტი საქართველოს ეწვევა, შემდეგ კი დაგეგმილია ვიზიტები იმ დეპუტატებისა, რომლებიც ყურადღებით ადევნებენ თვალს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს.
ვაპირებ, ადრეულ ზაფხულში და შემოდგომაზე რეგიონში ვიმოგზაურო და მოუთმენლად ველი ჩვენი იქაური პარტნიორების გაცნობას და მათთან გასაუბრებას – ვგულისხმობ როგორც პოლიტიკურ პარტნიორებს, ისე სამოქალაქო საზოგადოებების წარმომადგენლებს.
საუბარი ჩაიწერა დოქტორმა სონია კატარინა შიფერსმა, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელმა.