ქუდიანი კაცები და კალმიანი ქალები

ისტორია და მისი ცოდნა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინდივიდების იდენტობის ჩამოყალიბებაში. იგი, ასევე, გვამცნობს საზოგადოებაში მნიშვნელოვანი და ლეგიტიმიზებული დისკურსებისა და ღირებულებების შესახებ. ისტორიულად ისტორიოგრაფია კაცების ისტორიას გვიყვება, ხოლო ქალები კოლექტიური წარსულის დამკვირვებლებად გვევლინებიან და თითქმის გამქრალი არიან მისი გვერდებიდანაც.

სტატიაში ავტორი მიმოიხილავს ისტორიაში ქალების „აღდგენის“ არსებულ მეთოდებსა და პრაქტიკებს, ხაზს უსვამს წარსულის სოციალურად სამართლიან წაკითხვასა და მომავლის ისტორიოგრაფიის ფემინისტურ ალტერნატივას.

საარქივო ფოტო, ქალი კითხულობს

ქუდიანი კაცების ისტორია

ბავშვობაში არ მიყვარდა ისტორია. ვერაფრით ვიგებდი, რატომ. სასკოლო სისტემაში მაშინ დამკვიდრებული სასწავლო სტილი – მშრალი თარიღების, სახელებისა და ლოგიკისგან გამოცლილი ფაქტების ზეპირი მეცადინეობის, ე.წ. დაზუთხვის ვალდებულება ერთადერთ შესაძლო ვალიდურ ვერსიად მოიაზრებოდა. მუდამ ვჯერდებოდი ამ პასუხს, თუმცაკი მისი ყოველი გაჟღერებისას დაუკმაყოფილებლობის განცდა მრჩებოდა, თითქოს სრულ სიმართლეს არ ვამბობდი, თითქოს მისით რაღაცას ვანაცვლებდი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რას.

ისტორიამ მაინც მოახერხა და ჩემი ჩახშობილი ინტერესი გააღვივა. ამაში „წვლილი“ მიუძღვის ისტორიულ ისტორიკოსს, ტიმოთი სნაიდერს, რომელმაც ლექციის დროს მნიშვნელოვანი მოვლენის ზუსტი წელი ვერ გაიხსენა და დაგვარიგა: „არ აქვს მნიშვნელობა, ზუსტად რომელ წელს“, რადგან მთავარი მოვლენათა გეოპოლიტიკური ლოგიკა იყო. ამ თითქოსდა ჩემთვის გამიზნული ჯადოსნური ნუგეშის გაგონებისას შეკრული შუბლი გამეხსნა და ჰოი, საოცრებავ, გონებაც. ჩემს გონთ არსებული ისტორიული ფაქტების ფრაგმენტული ცოდნა ფაზლივით ჩალაგდა თავ-თავის ადგილას და ისტორიკოსობაც კი მომინდა.

მას მერე ვცდილობ, ისტორია შევისრუტო.

თუმცა, რუდუნებით შეძენილი და ინტერნეტიდან ინტენსიურად გადმოწერილი პედეეფების გადაშლას წინ მაინც რაღაც ეღობება. მაინც მჭირდება, თავს ვუბიძგო, გავბედო ისტორიის კითხვა. აქაც „ვიპოვე“ ყველაზე მარტივად ხელმისაწვდომი პასუხი, განცდა, რომელიც ისტორიის შეყვარებამდე განცდის დანატოვარი იყო. თუმცა, აღმოჩნდა, ეს პასუხიც მხოლოდ ჩამნაცვლებლის როლს ასრულებდა.

წიგნის მორიგ ფესტივალზე ერთ-ერთი გამომცემლობის დახლთან ჩემთვის საინტერესო ისტორიული პერიოდის შესახებ მსუყე წიგნს დავტაცე ხელი. გამომცემელმა, ჩათვალა რა, რომ ამ პერიოდზე არაფერი ვიცოდი[1], მოკლედ დაახასიათა წიგნი, რაზეც წამიერად თვალწინ წარმომიდგნენ ქუდიანი კაცები. ქუდიანი კაცები შავ ფრაკებში. წვერითა და ულვაშით. ზოგი – მოდური ხელჯოხითაც. კაცურები. მკაცრი იერით. თავმომწონეები. პოლიტიკაზე რომ მსჯელობენ. მსჯელობა ხშირად მსჯელობისთვის მსჯელობას ემსგავსება, კამათს, ეგოს მასაჟს, რომელსაც მიზანი და საჭირბოროტო შედეგი ეწირება. მგონი დავიმანჭე კიდეც, რადგან გამომცემელსაც შეეცვალა გამომეტყველება. წიგნი ადგილზე დავაბრუნე და ეს სურათი დავივიწყე. გული კი მეთანაღრებოდა, რატომ არ ვიყიდე? რამ დამაბრკოლა?

ამ საკითხზე კვირები მეფიქრებოდა. გონება არ მასვენებდა. ამ შეხვედრის ვიდეოჩანაწერს მაჩვენებდა, მაგრამ პასუხი არ ჩანდა. სანამ არსაიდან, ქუდიანი კაცები ისევ არ აღმოცენდნენ დავიწყებიდან. განათდა.

არ მინდოდა წიგნის გადაშლა, სადაც სულ კაცებზე უნდა მეკითხა. სადაც სულ კაცურ კაცებზე უნდა მეკითხა. სადაც ქალს არ უშვებდნენ. სადაც სხვას არავის უშვებდნენ. უნდა მეკითხა და ვიკითხო კაცებზე, გვერდიდან, შორიდან. კაცებზე, რომლებიც წყვეტენ საკუთარი თავებისთვის, ერთმანეთისთვის, თუ ერთმანეთის წინააღმდეგ, „ფარით ან ფარზე“. ქუდიანი კაცები, რომლებისთვისაც სხვები მხოლოდ სხვებად, ფონად არსებობენ.

შემდეგი თაობებისთვის ეს ტენდენცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. WeResearch-ის 2021 წლის კვლევა „საქართველოს ახალგაზრდები და ისტორია“ აჩვენებს, რომ ისტორიული პირების დასახელებისას, ქალები რესპონდენტების მხოლოდ 18%-მა დაასახელა (გვ. 51). ისტორიულად ქალი ისტორიული პირების შესწავლა ნაკლებად ხდება და ისტორიოგრაფიაში ბევრი ქალის სახელი არ ფიგურირებს. თავად რესპონდენტებიც ამბობდნენ, რომ „კაცების ისტორიას“ სწავლობენ (იქვე.).

ქალები კაცების ისტორიაში vs ქალთა ისტორია

„ისინი მთხოვენ, რომ გავიხსენო,

მაგრამ მათ უნდათ,

მათი მოგონებები მახსოვდეს,

მე კი კვლავ ჩემები მაგონდება“.

ლუსილ კლიფტონი ,

 „რატომ მიბრაზდებიან ზოგიერთები ხანდახან“, 1987

გილბერტი და გუბარი (2004) წერენ, რომ ჯეინ ოსტინის მიხედვით, ისტორია საერთოდაც შეიძლება აღვიქვათ, როგორც „კაცური პოზირების ერთგვაროვანი დრამა, რომელიც არანაკლები (და პოტენციურად დამღუპველი) ფიქციაა, ვიდრე გოთიკური რომანი“ (გვ. 81) და, რომ ისტორიის ეს ფიქცია ქალების მიმართ გულგრილობას ასახავს, ვინაიდან ქალები არასოდეს მონაწილეობენ მასში და თითქმის სრულიად გამქრალი არიან მისი გვერდებიდან. როგორც ვირჯინია ვულფისთვის, ისევე ოსტინისთვის ქალები კაცების მიერ დომინირებულ ისტორიას გარეშე პირის, გარიყულის იმედგაცრუებული და უკმაყოფილო პერსპექტივიდან აკვირდებიან (იქვე).

ისტორიაში ქალების „აღდგენის“ პირველი ეტაპი, როგორც წესი, „მნიშვნელოვანი ქალების“ სახელების და ისტორიების მოძიება-ასახვას უკავშირდება. „საკომპენსაციო ისტორია“ („Compensatory History”) (Lerner, 1975, გვ. 5) ცდილობს, დაადგინოს, ვინ არიან მიღწევების მქონე ქალები ისტორიაში. როგორც წესი, მიღწევის განსაზღვრება და საზომი კვლავ კაცების ისტორიოგრაფიაში მოინახება ხოლმე და პატრიარქალურ ღირებულებებსა და სტანდარტებს ასახავს. ამ საზომების შესაბამისად ისტორიაში აღდგენილი ქალები შეიძლება იყვნენ მონარქი ქალები, დამპყრობელი ქალები, პატრიარქალური რელიგიის დამცველი და გამავრცელებელი ქალები, მილიტარისტი ქალები, სამეცნიერო-ტექნოლოგიურ სფეროში გამომგონებელი ქალები, CEO[2] ქალები და ა.შ., ან ამ წესებისგან რადიკალურად გადამხვევი ქალები. გამოდის, რომ მიღწევების სფეროები აპრიორი მოცემული და განსაზღვრულია, ისტორია კი ეძებს ქალებს, რომლებმაც მოახერხეს და მათ პატრიარქალურ სტრუქტურაში/იერარქიაში ზედა საფეხურებზე ასვლა, „პროგრესი“ შეძლეს, ან მისგან ექსტრემალურად გადაუხვიეს. თუმცა, ქალთა ყოფის ისტორიას თუ გადავხედავთ, ასეთი ქალები რეპრეზენტატულად არ წარმოადგენენ ქალთა ისტორიას. ისინი კაცთა ისტორიაში მოხვედრილი ქალები, გამონაკლისები არიან, არსებული მჩაგვრელი, დომინაციური წყობის/სისტემის რყევის გარეშე. თუმცა, თუკი საზოგადოების ყოველდღიურობის (და არა გეოპოლიტიკურ) ისტორიას გადავხედავთ, ქალთა (ყოფის) ისტორია უმეტესწილად არა მასკულინურ მიღწევებში, არამედ ყოველდღიურობის უზრუნველყოფაში აისახება. ყოველდღიურობის, რომელიც დიდწილად ზრუნვით საქმიანობას უკავშირდება. ზრუნვა ოჯახზე, ზრუნვა კომუნაზე, ზრუნვა სახლზე, ეზოზე, გარემოზე; ზრუნვა კაცებზე, რომლებიც დილით ისტორიის ასპარეზზე გადიან და საღამოს ქალებთან ბრუნდებიან. ეს არიან ქალები, რომლებიც ქმნიან საზოგადოების კვლავწარმოებისა და ფუნქციონირებისთვის საჭირო ფსიქო-სოციალურ ქსოვილს, ქალები, რომლებიც შრომობენ. ქალების ისტორია დიდწილად ქალთა ყოფის, ქალად ყოფნის ისტორიაა.

ქალთა ისტორიის კონცეპტუალიზაციის შემდეგი ეტაპია ცვლილებებში ქალთა წვლილის დადგენა. „კონტრიბუციული ისტორია“ (“Contribution History”) (იქვე.) ცდილობს, გაარკვიოს რისთვის და რის წინააღმდეგ ბრძოლაში და რომელ საზოგადოებრივ ცვლილებებში შეიტანეს ქალებმა წვლილი. თუმცა, აქაც აქცენტი, ძირითადად, კაცური სტანდარტების შესაბამისად, პატრიარქალური მიღწევის პერსპექტივიდან კეთდება და ხდება იმ ადამიანების, პროცესებისა და თანმდევი შედეგების იგნორირება, რომლებმაც ეს მიღწევები შესაძლებელი გახდა. კონტრიბუციული ისტორიის ყურადღების და დაფასების ცენტრში ექცევა, ერთი მხრივ, ქალთა ლიდერობა, სფეროებსა და აქტივობებში პიონერობა – „პირველქალობა“, მეორე მხრივ კი – ქალთა სუსტი უფლებრივი და სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა და მისი ცვლილების (როგორიცაა, მაგალითად, ფემინიზებული პროფესიების მიერ სამუშაო კოდექსში საზოგადოების სასიკეთოდ მიღწეული ცვლილება), მაგრამ ინტერესის მიღმა და აღიარების გარეშე რჩება ის ფემინისტური პროცესები, სივრცეები და ნარატივები, რომლებიც ამ პროცესებმა შექმნა და/ან განავითარა. აქცენტი არ კეთდება როგორც ცვლილების ფემინისტურ საფუძვლებზე, ასევე არ ხდება ცვლილების საჭიროების და შედეგების ფემინისტური ინტერპრეტაცია, რაც სწორედ პატრიარქალური წყობილების ისტორიულ მანკიერებას აღიარებდა და დაუპირისპირდებოდა. კონტრიბუციული ისტორია არ აღიარებს იმას, რომ ქალთა სხეულები, ცნობიერება და ცხოვრება ისტორიულად დომინირებულია კაცების მიერ შექმნილი წეს-კანონებით, და არც იმას, თუ როგორ შეძლეს ქალებმა, სხვა ქალების დახმარებით, ფემინისტური ცნობიერების და სოციალური ქსელების თავად განვითარება.

კონტრიბუციული ისტორია ქალთა ისტორიის შექმნის მნიშვნელოვანი და, ალბათ, გარდაუვალი ეტაპიცაა. აუცილებელიც არის, რომ ქალთა ისტორიის მნიშვნელოვანი ფოკუსი ქალთა უფლებრივი უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა მოძრაობების და მათ ლიდერთა ისტორია იყოს. ისტორიის ასეთი კვლევა კომპლექსურ შეკითხვებს და თეორიებს ავითარებს და მნიშვნელოვან საფუძველს უქმნის ქალთა ისტორიული მნიშვნელოვნების აღიარებას. თუმცა, ასეთი მზერა უკრიტიკოდ არ უნდა დავტოვოთ. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ასეთი ისტორიოგრაფიის დიდი ნაწილი კვლავ ტრადიციულ კონცეპტუალურ ჩარჩოს ეყრდნობა და შეკითხვებსა და კრიტიკას ავითარებს კაცური/მასკულინური/პატრიარქალური სტანდარტების, კატეგორიების კვალდაკვალ, ცდილობს რა „ქალების წარსული ისტორიის მეცნიერებაში არსებულ ცარიელ ადგილებს მოარგოს“ (იქვე, გვ. 13), განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ „ისტორიის ავტორების“ უმრავლესობა კაცია, კაცური მზერით, და ვერ ახერხებს ისტორიაში ქალებისა და სხვა ჩაგრული ჯგუფების მარგინალიზაციის მრავალფაქტორიან, ინტერსექციულ ანალიზს.

შესაბამისად, ქალთა ისტორიის კონცეპტუალიზაციის შემდეგი ეტაპი ქალების მიერ ქალთა გამოცდილებების მრავალშრიანი კვლევა, ინტერსექციული ფენომენოლოგია და კრიტიკული ანალიზია, რაც განსხვავდება ქალების მდგომარეობის კაცების მიერ აღწერისგან და აქცენტს სვამს ქალთა გამოცდილებებზე და მათ მიერ წარმოებული პროცესებით სისტემებისა და საზოგადოებების ტრანსფორმაციულ ხასიათზე.

ფემინისტური ისტორიოგრაფია ხაზს უსვამს ისტორიის სოციალურად სამართლიანი წაკითხვის და ინტერპრეტაციის მნიშვნელოვნებას. განსხვავებული კვლევის მეთოდებით, რომელიც მეტად ფოკუსირდება, მაგალითად, ქალებს შორის მიმოწერაზე, მათ დღიურებზე, ავტობიოგრაფიებსა და ზეპირ ისტორიებზე, იგი ქალთა და სხვა ჩაგრული ჯგუფების გამოცდილებებს ფენომენოლოგიურად შეისწავლის და ახდენს მათ ისტორიასთან კონტექსტუალიზაციას. კაცზე ორიენტირებულიდან ქალზე ორიენტირებულ ცნობიერებაზე გადასვლას, „ტრანზიციულ ისტორიას“ (“Transitional History”) (იქვე.) არა მხოლოდ ქალთა ისტორიის, არამედ საზოგადოებ(ებ)ის ისტორიის ახალ, ინტეგრირებულ ინტერპრეტაციებამდე მივყავართ. ფემინისტური ისტორიოგრაფია გვაძლევს საშუალებას, გავაკრიტიკოთ დომინანტური ისტორია და ისტორიები, რომლებიც უგულებელყოფენ ქალებისა და სხვა მარგინალიზებული ჯგუფების როლს სოციალურ ტრანსფორმაციაში. მისი საშუალებით შეგვიძლია, ვაჩვენოთ, თუ რამდენად და რა სახით არის გენდერთან, სექსუალობასთან, სოციო-ეკონომიკურ კლასთან, რასასთან, კულტურასთან, ეთნიკურ კუთვნილებასთან, რელიგიურობასთან, ასაკთან, ფიზიკურ შესაძლებლობებთან, მოქალაქეობასა და სხვა სოციალურ იდენტობებთან დაკავშირებული იდეები და პრაქტიკები ისტორიული ცვლილებების თუ უცვლელობის ცენტრალური საკითხი (Rotramel, 2020).

ლუსილ კლიფტონის ლექსი „რატომ მიბრაზდებიან ზოგიერთები ხანდახან“ შეგვიძლია, წავიკითხოთ, როგორც ლექსი ისტორიულ ან სოციალური მეხსიერებაზე. იგი ოსტატურად აღწერს და აკრიტიკებს იმ სოციალურ მოთხოვნას, რომელსაც საზოგადოება მას, როგორც შავკანიან ქალს უყენებს – დათმოს საკუთარი (ისტორიული) მეხსიერება და „საკუთარ“ მეხსიერებად გაიმწესოს საზოგადოებაში ლეგიტიმირებული, დომინირებული მეხსიერება და დისკურსები. კლიფტონი, სოციუმის მოლოდინის საპირისპიროდ, საკუთარ მოგონებებს ეყრდნობა და თავად, საკუთარი გამოცდილებითა და მზერით ახდენს მათ კოდირებას და ინტერპრეტაციას. მის მსგავსად, ფემინისტი ისტორიკოსები ცდილობენ, კაცობრიობის ისტორიის დამკვიდრებული მასკულინური ხედვა შეცვალონ ისე, რომ ის ასახავდეს ქალებისა და სხვა მარგინალიზებული ჯგუფების ინდივიდუალურ და კოლექტიურ მეხსიერებასა და მზერას (Rotramel, 2020).

ქალთა ისტორიის ცოდნა საქართველოში

ისტორია და მისი ცოდნა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოქალაქეთა ცხოვრებაში, ეროვნული და პიროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში, მათ შორის საქართველოში (კვლევების მიმოხილვა იხ. WeResearch, 2021).

ისტორიის სახელმძღვანელოები კი, ისევე როგორც ყველა სახელმძღვანელო, ცოდნის მიღების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. სახელმძღვანელოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სწავლა-განათლების და პიროვნების განვითარება-ჩამოყალიბების პროცესში, წარმოადგენენ რა საზოგადოების მძლავრ კულტურულ, იდეოლოგიურ და პოლიტიკურ იარაღს, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ მოზარდების სოციალიზაციაში. სახელმძღვანელოები ხასიათით ძლიერი და ავტორიტეტულია, რადგან ისინი დამტკიცებულია სახელმწიფო ხელისუფლების მიერ. წარსული ცოდნა, რომელიც ლეგიტიმირებულია მთავრობისა და ხელისუფლების მიერ, სახელმძღვანელოების საშუალებით მოზარდებამდე აღწევს (Chiponda & Wassermann, 2011). ალტერნატიული და დამხმარე წყაროების არსებობის მიუხედავად, სასკოლო სახელმძღვანელოები ეროვნული სასწავლო გეგმის და სახელმწიფო განათლების პოლიტიკის უმთავრეს ნაწილად რჩება. 2021 წელს გამოკითხული მოსწავლეების 26%-ისთვის სასკოლო წიგნები ისტორიის შესახებ ინფორმაციის მიღების ყველაზე ხშირი წყარო იყო, ინტერნეტის (34%) შემდეგ და მედიასაშუალებების კვალდაკვალ (25%) (WeResearch, 2021, გვ. 55).[3] სახელმძღვანელობის მნიშვნელოვნება და ზეგავლენის პოტენციალი კიდევ უფრო მძაფრდება, როდესაც ვიგებთ, რომ მოსწავლეებისთვის სწორედ ისინი წარმოადგენენ ინფორმაციის ყველაზე სანდო წყაროს (80%), მაშინ, როცა ინტერნეტის სანდოობა არც ისე დიდია (47%) (იქვე, გვ. 62).

როგორც ზემოთ ვნახეთ, (საქართველოს) ისტორიაში ქალთა სახელები ნაკლებად მოიხსენიება. თუმცა, რაოდენობრივი რეპრეზენტაციის გარდა, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა დისკურსებს აწარმოებენ სახელმძღვანელოებში წარმოდგენილი ისტორიული ქალები. უფრო ზუსტად, რა დისკურსებს აწარმოებინებენ (უმეტესად კაცი) ავტორები ქალებს ისტორიიდან. ვინ არიან ის ქალები, რომლებზეც ვასწავლით? და, შესაბამისად, რას სწავლობენ ამ ქალებისგან მოზარდები?

მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო კვლევები ისტორიოგრაფიასა და ქალებზე, ისევე როგორც სასკოლო სახელმძღვანელოების გენდერული ანალიზი, სხვადასხვა ქვეყანაში იშვიათი აღარ არის, საქართველოში იგი ბოლო ხანებში დაიწყო და სიხშირით და საჯარო ცნობადობით არ გამოირჩევა. 2012 წლის კვლევის მიხედვით კი (მიმოხილვა იხ. WeResearch, 2021), საბაზო საფეხურის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების სასწავლო სახელმძღვანელოები, გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვნად მოიკოჭლებდნენ ქალთა რეპრეზენტაციის თვალსაზრისით, ასევე შეიცავდნენ ტრადიციული გენდერული სტერეოტიპების ამსახველ მძაფრ შინაარსებს და საკმარისად არ ამახვილებდნენ ყურადღებას გენდერულ უთანასწორობაზე, თანასწორობის მნიშვნელობაზე, ქალთა უფლებებზე, ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის ისტორიაზე და ა.შ. საქართველოს ახალგაზრდები გმირებად მიიჩნევენ საქართველოს გამაერთიანებლებს, ქვეყნის დამცველებსა და განათლების მხარდამჭერებს. ერის საამაყო ქალ წინაპართა შორისაც[4], ახალგაზრდები ყველაზე საამაყოდ მეფეს, თამარს (95%) ასახელებენ, დავით აღმაშენებელთან (95%) ერთად. ასევე გამორჩეულად ლიდერობენ რელიგიური ფიგურები წმინდა ნინო (88%) და წმინდა შუშანიკი (84%), ასევე, ანა კალანდაძე (86%), ელენე ახვლედიანი (69%) და მარო მაყაშვილი (67%) (WeResearch, 2021, გვ. 48). ღია კითხვის პასუხადაც, რომელიც რესპონდენტისთვის გამორჩეული ერთი გმირის დასახელებას გულისხმობდა, ქალი ისტორიული ფიგურებიდან ხშირად მხოლოდ თამარ მეფე (16%) დასახელდა, დავით აღმაშენებლის (26%) შემდეგ (WeResearch, 2021, გვ. 49).

ქალთა კონტრიბუციული ისტორიის და ქალთა ისტორიის ფემინისტური კვლევის ფუფუნება საქართველოში ნაკლებად გვაქვს, მაგრამ სხვადასხვა ავტორს არაერთი მნიშვნელოვანი საარქივო თუ თანამედროვე ფენომენოლოგიური ნაშრომები აქვს გამოქვეყნებული. მაგალითად, ლელა გაფრინდაშვილი (2016) გვიყვება ქალებზე, რომლებიც საქართველოს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში წამყვან ძალას წარმოადგენდნენ და რომელთა სახელებიც ამ საზოგადოებისადმი მიძღვნილ მონუმენტზე საერთოდ არ ფიგურირებს. ანა ბაქანიძე (2020), XIX საუკუნის პრესაზე დაყრდნობით, გვიამბობს სხვადასხვა პროფესიის ქალებზე, „რომლებიც ცვლიდნენ თავიანთ თუ სხვების ცხოვრებას“ და რომელთა სახელები ისტორიის წიგნებში არ მოიხსენიება. ლიზიკო ქავთარაძეზე, „ყველაზე გამორჩეულ დისიდენტ ქალზე საქართველოს ისტორიაში“ მოგვითხრობს თამთა მელაშვილი (2019), გულაგში ლიზიკოს 28-წლიანი ცხოვრების მემუარების ანალიზით. ნინო ცქიფურიშვილი (2020), მეორე მსოფლიო ომის დროს საქართველოში ფრონტის ზურგში მყოფი ქალების გამოცდილებებსა და როლებს მათი პირადი კორესპონდენციის საფუძველზე სწავლობს და აანალიზებს საბჭოთა მმართველობის გენდერული პოლიტიკის კონტექსტში. ქალთა ისტორიის შესწავლაში ასევე დიდია ფონდ „ტასოს“ და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ როლი. შესაბამისად, ისმის კითხვა, რატომ არ ვიცით ქალთა ისტორია?[5]

სახლმძღვანელოების ზემოთ მიმოხილული მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, ეს შეკითხვა სხვაგვარადაც შეიძლება დაისვას:

რატომ არ არის ქალთა ისტორია სასკოლო სახელმძღვანელოებში?

იმიტომ, რომ ისტორიოგრაფია (ჯერჯერობით) არ არის ფემინისტური. საკომპენსაციო და კონტრიბუციულ ისტორიებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტრანზიციულ ისტორიამდე მიმავალ გზაზე. აუცილებელი არ არის და იდეალური იქნებოდა, ეს გზა ეტაპობრივი და იერარქიული არ ყოფილიყო, მაგრამ რეალობა გვიჩვენებს, რომ ქალთა ისტორიაში „შეღწევა“ და ისტორიის ფემინისტური ინტერპრეტაცია არაერთ წინაღობასთან, მათ შორის, ინსტიტუციურ ბარიერთან არის დაკავშირებული (WeResearch, 2021). ქუდიანი კაცების დომინაციის მრავალათასწლოვანი კულტურის და ინსტიტუციონალიზების რღვევას ეტაპობრივი წინააღმდეგობა სჭირდება, რის გამოც დღეს საქართველოსა და სხვა მრავალი ქვეყნის ისტორიას ჯერ კიდევ ქალთა რეპრეზენტაციის პრობლემა უდგას.

თანამედროვე კვლევები თანამედროვე და წარსულ ქალებზე, მათ ყოფასა და გამოცდილებებზე, ქალის მზერის, ქვემოდან მზერის მქონე, ფემინისტური, ინტერსექციური და ფენომენოლოგიური უნდა იყოს ერთი მხრივ იმისთვის, რომ ჩვენი მიმდინარე გამოცდილებებისა და სტრუქტურების ფემინისტური კრიტიკა და სოციალურად სამართლიანი ტრანსფორმაცია მოვახდინოთ, მეორე მხრივ კი, იმისთვის, რომ მომავლის, ნაკლები პატრიარქალური ბარიერის მქონე ისტორიოგრაფიას დავუტოვოთ წვდომა ქალთა ისტორიაზე და ხელი შევუწყოთ ფემინისტური, სოციალურად სამართლიანი ისტორიოგრაფიის მშენებლობას.

საჭიროა, წერონ ქალებმა. რომ ქალებმა წერონ ქალებზე.

„წერა იმედის შენარჩუნების გზაა“, - ლუსილ კლიფტონი (2000).

გამოყენებული ლიტერატურა

ბაქანიძე, ა. (2020, აპრილი 14). ქალები ქართულ პრესაში. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო: ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია. https://feminism-boell.org/ka/2020/04/14/kalebi-kartul-presashi

გაფრინდაშვილი, ლ. (2016, ივნისი 7). ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მონუმენტი. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო: ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია. https://feminism-boell.org/ka/2016/06/07/kartvelta-shoris-cera-kitxvis-gamavrcelebeli-sazogadoebis-monumenti

მელაშვილი, თ. (2019, ივლისი 24). ლიზიკო ქავთარაძე: გულაგის ქართული მემუარები. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო: ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია. https://feminism-boell.org/ka/2019/07/24/liziko-kavtaraze-gulagis-kartuli-memuarebi

ცქიფურიშვილი, ნ. (2020). „ზურგის დიასახლისები“: ქალების როლის ასახვა მეორე მსოფლიო ომისდროინდელ ქართულ პირად კორესპონდენციაში. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო: ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია. https://feminism-boell.org/ka/2021/01/12/zurgis-diasakhlisebi

Chiponda, A., & Wassermann, J. (2011). Women in history textbooks: what message does this send to the youth?. Yesterday and Today, (6), 13-25.

Clifton, L. (2012). The Collected Poems of Lucille Clifton 1965-2010. BOA Editions, Ltd..

Clifton, L., & Glaser, M. S. (2000). I'd Like Not to Be a Stranger in the World: A Conversation/Interview with Lucille Clifton. The Antioch Review, 310-328.

Gilbert, S.M. & Gubar, S. (2004). Jane Austen. In: H. Bloom (Ed.). Shut Up in Prose: Gender and Genre in Austen’s Juvenilia (pp. 57-96). Chelsea House Publishers.

Lerner, G. (1975). Placing women in history: Definitions and challenges. Feminist Studies3(1/2), 5-14.

Rotramel, A. (2020). Feminist Historiography. Companion to Feminist Studies, 301-320.

WeResearch. (2021). საქართველოს ახალგაზრდები და ისტორია: გამოცდილების, დამოკიდებულებებისა და ღირებულებების კვლევა. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო. https://ge.boell.org/ka/2022/04/28/sakartvelos-akhalgazrdebi-da-istoria

 

[1] მეფიქრება, გამომცემლის ვარაუდი, რომ ისტორიასა თუ ამ ისტორიულ პერიოდზე არაფერი ვიცოდი, იყო თუ არა დაკავშირებული მის მიერ ჩემს, როგორც ქალად მონიშვნასთან.

[2] აღმასრულებელი დირექტორი (ინგლ.).

[3] ალტერნატიული წყაროების გამოყენებას აქტიური ცოდნის წარმოების თვალსაზრისით მაინც აქვს მნიშვნელოვანი შეზღუდვები. ერთი მხრივ, საქართველოს კონტექსტში ეს უკავშირდება მოზარდის მშობლიურ ენაზე არსებული ალტერნატიული ინფორმაციის სიმწირეს და მასზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას. მეორე მხრივ, იგი უკავშირდება სახელმწიფოს მიერ „სწორი“ ცოდნის განსაზღვრასა და კონკრეტული ცოდნების ლეგიტიმაციაზე მონოპოლიას, რაც, უხვ ალტერნატიულ ინფორმაციაზე სრულფასოვანი ხელმისაწვდომობის პირობებშიც კი, გამყარებულია მონოპოლიით განათლების ხარისხის მოსაპოვებელი საგამოცდო საკითხებისა და „სწორი“ პასუხების განსაზღვრაზე.

[4] კითხვაში ჩამოთვლილი იყო 27 საამაყო რეალური და მითოლოგიური გმირის სახელი, რომელთაგან 7 ქალია.

[5] ახალგაზრდებში ზოგადად ისტორიის ცოდნაც, თვითშეფასებით, დაბალია: „საქართველოს ისტორიის შესახებ ცოდნის თვითშეფასება შედარებით დაბალია, ვიდრე ზოგიერთი სპეციფიკური უნარის თვითშეფასება. კერძოდ, კითხვაზე „როგორ შეაფასებდით თქვენს ცოდნას საქართველოს ისტორიის შესახებ“, უმაღლესი შეფასება (10 ქულა) მხოლოდ 11%-მა დაასახელა“ (WeResearch, 2021, გვ. 38).