ამბივალენტურობა და „ჭეშმარიტი ისტორია“

„ობიექტური, ნამდვილი ისტორიის“ შესწავლის მოთხოვნასა და „ერთი, ჭეშმარიტი ისტორიის“ დადგენის სურვილებს შორის კონფლიქტი ბუნებრივად წარმოშობს ამბივალენტურ განცდებსა და დამოკიდებულებებს ისტორიის, როგორც სამეცნიერო დარგის მიმართ. გაურკვევლობა და ბუნდოვანება კი, ხშირად,  ნოყიერ ნიადაგს ქმნის ინსტრუმენტალიზებისთვის, თუმცა წარმოქმნის შესაძლებლობებსაც. წინამდებარე სტატიაში ავტორი მიმოიხილავს ისტორიის სწავლებას გარდამავალ პროცესში და საისტორიო კვლევის მეთოდების გამოყენების მნიშვნელობას ისტორიის კონსტრუირების, ინტერპრეტაციისა და გაგებისთვის, რაც, საბოლოოდ, გავლენას ახდენს ახალგაზრდების დამოკიდებულებაზე ისტორიის მიმართ.  

შავ-თეთრი ფოტო ქალაქის ხედის

ისტორია არის დაუჯერო სხვა ადამიანს, როდესაც ის ამბობს, რომ რაღაც ახსოვს. ის, ვისაც ამის სჯერა, არის ისტორიკოსი; ხოლო მას, ვისიც სჯერათ, ეწოდება ავტორიტეტი.

(კოლინგვუდი 1993, 234–35)

ისტორიის კვლევა: ლიმიტები და შესაძლებლობები

ობიექტური“, „დაბალანსებული“, „რაციონალური“, „ემოციებისგან დაცლილი“, „დამაჯერებელი“, „რეალური“, „წყაროებზე დაფუძნებული“, „მრავალფეროვანი“, „მრავალპერსპექტიული“, „სანდო“ - ეს სიტყვები ხშირად გამოიყენება ისტორიის სწავლების საკითხზე მსჯელობისას. მეტი ობიექტურობისკენ სწრაფვა ისტორიისა და სოციალური მეცნიერების დარგში ახალი არ არის. თუმცა ობიექტურობის შესახებ დისკუსია დიდი ხნის განმავლობაში დომინირებული იყოსაბუნებისმეტყველო მეცნიერების წნეხით“, თითქოს ადამიანური ქცევისა და განზრახვების შესწავლა ბუნების კანონების მსგავსად ყოფილიყო შესაძლებელი. ადამიანური ქცევა გაცილებით კომპლექსურია, ის არ არის გენეტიკურად დაპროგრამებული და არ ექვემდებარება მხოლოდ ბუნების კანონებს. ამ შემთხვევაში, დაკვირვება და მონაცემების შეგროვება საკმარისი არ იქნება მკვლევრისთვის, თუ ის არ გაითვალისწინებს მნიშვნელობებს, რომელთაც აქტორი თავის ქმედებაში დებს - რატომ აკეთებს ადამიანი ამას? რა არის მისი მოტივიდა რაც მთავარია, ისტორიული კონტექსტი, რომელიც წამყვან როლს ასრულებს ისტორიული მოვლენების ანალიზისას.

საქართველოს ისტორიის, როგორც სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერების დარგის კვლევა, სწავლა და სწავლება, ხშირად, ობიექტური მეცნიერებისა და ნაციონალური იდენტობის კონსტრუირების შესახებ დისკუსიის საგნად იქცევა. ისტორიის კვლევას თავისი ლიმიტები და შესაძლებლობები აქვს. დარგის ობიექტურობასთან ერთად, ჩნდება მკვლევრის, ისტორიკოსის ობიექტურობის საკითხიც: შეუძლია თუ არა ქართველ ისტორიკოსს საქართველოს ისტორიის ობიექტური წერა? უცხოელების მიერ დაწერილ საქართველოს ისტორიაში არის თუ არა საკმარისად ნაჩვენებიქართული პერსპექტივა“? მეტიც, ვინ ასწავლის ისტორიას და ვინ უნდა ასწავლოს ისტორია? კითხვებზე მსჯელობამ, შესაძლებელია, საისტორიო კვლევაში, სწავლებასა და სწავლაში ობიექტურობის ცნებასა და „მეთოდის პრიმატთან“ მიგვიყვანოს.

ისტორიის სწავლება გარდამავალ ფაზაში

საქართველოს ახალგაზრდები და ისტორია - გამოცდილების, დამოკიდებულებებისა და ღირებულებებისკვლევარომელიც 2021 წელს გამოქვეყნდა, WeResearch-მა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისისსამხრეთ კავკასიის რეგიონის მხარდაჭერით განახორციელა. კვლევის მიზანი იყო ისტორიისა და მისი სწავლების მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულების შესწავლა. კვლევა ეხებოდა იმას, თუ როგორ ესმით ახალგაზრდებს საქართველოს ისტორია, რა იციან, რა აინტერესებთ, რა ძირითადი წყაროები აქვთ ისტორიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, როგორ აფასებენ ისტორიის სწავლის გამოცდილებას (WeResearch; 2021:8).

ისტორიის კვლევა, სწავლა და სწავლება, შესაძლოა, საქართველოს, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნის კონტექსტში, გარდამავალ ფაზაში იმყოფებოდეს. ისტორიის სწავლების ტრანზიციის ეტაპი შეიძლება მოიცავდეს, როგორც საბჭოთა ისტორიოგრაფიის დეკონსტრუქციის, ისტორიის პრიმორდიალურ გაგებაში კონსტრუქტივისტული და ინტერპრეტაციული ელემენტების შეტანის, ისე კვლევისა და სწავლების ძველი მიდგომებიდან, ისტორიის ახსნისა და გაგების თანამედროვე პერსპექტივებზე გადასვლის პროცესს. რამდენადაც, საარქივო დოკუმენტებზე ღია წვდომა, ისტორიის სწავლების მრავალპერსპექტიული მეთოდების, კონსტრუქტივისტული და ინტერპრეტაციული მიდგომების გამოყენება, მეთოდური და მეთოდოლოგიური კვლევა შედარებით ახალი პროცესია და საბჭოთა ისტორიოგრაფიის გავლენა ისტორიის კვლევისა და ახსნის პროცესში, კვლავ ძლიერია (WeResearch; 2021:54).

ამბივალენტურობა, ობიექტურობა დაჭეშმარიტიისტორია

2021 წელს ჩატარებულმა კვლევამ, მოსწავლეების დამოკიდებულებაში, ისტორიის სწავლების მიმართ, ამბივალენტური, ერთი შეხედვით ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებები გამოავლინა. კერძოდ, დებულებას,ერთი და იგივე ისტორიული მოვლენა, შეგვიძლია, სხვადასხვანაირად ავხსნათ, დაეთანხმა  მოსწავლეების 68%, ხოლო დებულებას – „ისტორიკოსის როლი არის ნამდვილი ისტორიის დადგენა“ – 62% (WeResearch; 2021:35). თუ შესაძლებელია, რომ ერთი ისტორიული მოვლენა სხვადასხვაგვარად განიმარტოს, „ნამდვილი ისტორიისდადგენა აზრს კარგავს და პირიქით, „ერთი ჭეშმარიტიისტორიის დადგენა განსხვავებულ ინტერპრეტაციებს გამორიცხავს. ამავე ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებების გვერდით თანაარსებობს ისეთი შეხედულება, როგორიც არის ერთი საკითხისა და მოვლენის შესახებ სხვადასხვა წყაროსა და ინტერპრეტაციის გაცნობა, თუმცა ისტორიის სწავლის საბოლოო მიზანს, მაინცერთი ჭეშმარიტებისმიგნება წარმოადგენს (WeResearch; 2021:35). 

მაინც რა არის ესერთი ჭეშმარიტება“, რომლის დადგენაც წარმმართველია საქართველოს ისტორიის სწავლების ტენდენციებში? კვლევის მიხედვით, ისტორიის სწავლისასერთი ჭეშმარიტებისდადგენისკენ მიდრეკილება ავლენს საქართველოს ისტორიის იზოლაციონისტურ და აღმატებულად აღწერის ტენცენციას. ხშირად, „ეთნოცენტრისტული მონოპერსპექტიულობააქტუალურია სახელმძღვანელოების შინაარსებში. სხვადასხვა დროს ჩატარებული სასკოლო წიგნების შინაარსების ანალიზი რელიგიის, სახელმწიფოსა და ეთნოსის გათანაბრების პრობლემურობაზე მიუთითებს (WeResearch; 2021:29-30). ამასთანავე, ქართული ეროვნული ნარატივის მიმართ დამოკიდებულებაში დომინირებსგმირებისა და მოღალატეებისისტორია. ამ ნარატივის თანახმად, ქართველები თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხია, ხოლო სხვები, უმეტესად დამპყრობლები; ქართველები, როგორც ყოველთვის, მართლები და მსხვერპლები არიან, სხვებიდამნაშავეები. სასკოლო სახელმძღვანელოების ანალიზის კვლევები ასევე მიუთითებს ეთნიკური უმცირესობებისა და ქალთა რეპრეზენტაციის ნაკლებობაზე საქართველოს ისტორიის არსებულ ნარატივებში, რაც ახალგაზრდების მიერ ისტორიის ცალკეული ეპიზოდების ინტერპრეტაციისას, გავლენას ახდენს მათ დამოკიდებულებებზე. კვლევაში, მოსწავლეების მიერ დასახელებულიქართველი ერის საამაყო წინაპარიდაგამორჩეული ერთი ისტორიული გმირის“ (ქართველი ან უცხოელი) ჩამონათვალი, შეიძლება ამ მიგნების ერთ-ერთი ილუსტრაცია იყოს (WeResearch; 2021:48-49). სიაში დომინირებენ ქართველი მეფეები, ასევე, მითოსური პერსონაჟები, მათ შორის იშვიათად არიან ქალები ან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. „ერთი ჭეშმარიტიისტორიის დადგენა მრავალფეროვანი წყაროების გამოყენებით მოსწავლეების ამბივალენტურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, როგორც ობიექტური ისტორიის სწავლების, ისე მისი განსხვავებული ინტერპრეტაციების მიმართ.

ამბივალენტურობა ვლინდება ისტორიის სწავლების მიზნებთან დაკავშირებითაც. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებში, სხვა დებულებებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებად არის მხარდაჭერილი ისტორიის პატრიოტული პერსპექტივიდან დაწერის მნიშვნელობა, კვლევის თანახმად, განათლების ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, ისტორიის საფუძველზე პატრიოტული გრძნობების გაღვივება სკოლაში ისტორიის სწავლებისთვის ერთ-ერთი წარმმართველი პროცესია (WeResearch; 2021:35-36). მასწავლებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ისტორიის სწავლების მიზანი, ერთსა და იმავე დროს, არის ეროვნული სულისკვეთების ამაღლებაცდაკრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაც“ (WeResearch; 2021:73).

გულისა და გონების კონფლიქტი

ამბივალენტობა, რომელიც თან ახლავს ისტორიის სწავლების ობიექტურობის მოთხოვნასა და მისერთ ჭეშმარიტებამდედაყვანის სურვილს, წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ინდივიდები ერთდროულად ფლობენ დადებით და უარყოფით რწმენას ერთი და იმავე საგნის შესახებ, რასაც მოჰყვება დამოკიდებულების ამბივალენტურობა (attitudinal ambivalence). ამბივალენტურობა განიმარტება, როგორც არათანმიმდევრულობა რწმენა-წარმოდგენებსა და გრძნობებს შორის (Delft; 2004:6)ინდივიდის თანაბრად ნეგატიური და პოზიტიური შეფასებების თანადროული არსებობა. სოციალური ფსიქოლოგიის მეცნიერები გამოყოფენ სხვადასხვა ტიპის ამბივალენტურ დამოკიდებულებებს, რომელთაგან საინტერესოა რწმენა-წარმოდგენებისა და გრძნობების არათანმიმდევრულობა, რაც მიჩნეულია აფექტურ-კოგნიტურ ამბივალენტურობად, სხვაგვარად,გულისა და გონების კონფლიქტად“, სადაც წარმოდგენებისა და გრძნობების დაპირისპირებაში, მოსალოდნელია, რომ აფექტური გრძნობები იქნებიან დომინანტი (Delft; 2004:6-9).

ამდენად, კვლევაში მოყვანილი მონაცემები მიუთითებს მაღალ ალბათობაზე, რომ ისტორიის სწავლების მიმართ დამოკიდებულებები განსაზღვრულია ერთდროულად ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აღქმით: ობიექტური ისტორიის სწავლების მოთხოვნა და მრავალფეროვანი წყაროების გამოყენება; პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება, რომელთა საბოლოო მიზანი ერთი ჭეშმარიტების დადგენაა. „გულისა და გონებისკონფლიქტში კი, შესაძლოა, აფექტური განცდები დომინირებდეს, სადაც ერთი ჭეშმარიტების დადგენისკენ მიდრეკილება, შესაძლოა, ეთნოცენტრისტული განცდების წახალისებას უწყობდეს ხელს.

ისტორიის სწავლების გარდამავალი პროცესი, ერთდროულად, ამ ტიპის განცდების წახალისებასა და მის უარყოფაში გამოიხატება: ერთი მხრივ, ობიექტური ისტორიის მრავალფეროვანი წყაროებით შესწავლასა და, მეორე მხრივ, ერთი ერის ჭეშმარიტი ისტორიის (ნარატივის) ჩამოყალიბებაში. რონალდ სუნი ამ პროცესის ირონიულობაზე მიუთითებს, როცა შენიშნავს, რომ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებმა მთელი ძალისხმევა სწორედ ეროვნული ისტორიისა და იდენტობის შექმნაში ჩადეს იმ მისწრაფებით, თითქოს ერი თანმიმდევრული, ერთგვაროვანი და უწყვეტად არსებული ერთობა იყოს. ისტორიის ერთგვაროვანი, „ობიექტივისტური“ წაკითხვის უპრობლემო ავთენტურობას კი თავისი ფასი აქვს (Suny; 2021:44), იქნება ეს კონფლიქტებისა და ეთნონაციონალისტური განწყობების გაღვივება თუ „სხვა გმირების“ დომინანტი ისტორიული ნარატივიდან „გადამალვა“. გულისა და გონების ამგვარ დაპირისპირებაში კი, „ობიექტური ისტორიის“ ადგილი არ არის.

მეტყველი წარსული, როგორც მომავლის პერსპექტივა

შესაძლებელია თუ არა ისტორიის, როგორც სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერების დარგის ობიექტურობა, თუკი აფექტური ამბივალენტობა წარმმართველია სწავლებისა და სწავლის პროცესში? ისტორიაზე საუბარი ერთდროულად მარტივიც არის და რთულიც, რადგან, ერთი მხრივ, ის მიიჩნევა ნარატიულ თხრობად, და, მეორე მხრივ, მნიშვნელობებისა და გამოცდილებების ერთობლიობად. თუმცა, მეცნიერული გაგებით, ისტორია შეიძლება იყოსმეთოდების პრიმატი“. მეთოდის პრიმატი გულისხმობს ისტორიის გაიგივებას კვლევის მეთოდთან, თუმცა, ამ შემთხვევაში, მეთოდი წარმოადგენს არა ყველაფერს, არამედ, წარსულთან ურთიერთობის საშუალებასსაისტორიო კვლევის მეთოდის შუამავლობით ხდება შესაძლებელი წარსულის კვლევა (Jonas Ahlskog, 2021:200).

წარსულის კვლევა საისტორიო მეთოდის გამოყენებით, იძლევა გარკვეული დაშვებების, განზოგადებებისა და მიგნებებზე მსჯელობის შესაძლებლობას. მეცნიერული მიდგომის მიზანს არა მხოლოდ ლოგიკური დასკვნები და განზოგადებადი მიგნებები წარმოადგენს, არამედ დასკვნასთან, ლოგიკურ დაშვებასთან მისვლის გზაც. ამდენად, წარსულის აღწერა, გაგება და შესწავლა გარკვეულ მეცნიერულ კონსტრუქციებსა და მეთოდებს ეფუძნება. ამის საპირისპირო შეიძლება იყოსკომფორტული წარსულისთხრობა და ნოსტალგიის განცდა, როგორც ისტორიის ნარატივი, რაც განსხვავდება საისტორიო მეცნიერული კვლევისგან და ხშირად, ემოციების მანიპულაციის საშუალება უფროა (Lune, Berg; 2017:158-159).

კვლევაში, საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეტაპის შეფასების თაობაზე დასმული შეკითხვა აჩვენებს, რომ მოსწავლეებისთვის ყველაზე საინტერესო პერიოდი 400-1350 წლების მონაკვეთია (81%). ეს პერიოდი მოიცავს ქრისტიანობის მიღებას, საქართველოს სამეფოს ჩამოყალიბებისა დაოქროს ხანას“, რაც მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის პოზიტიური განწყობების: ერთიანობის, ძლიერების, გამარჯვებების სიმბოლო შეიძლება იყოს. მოსწავლეების აღქმაში, ისტორიის შესწავლას, როგორც წარსულის გაკვეთილებსა და მომავლის პერსპექტივის განმსაზღვრელს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მოსწავლეების უმეტესობისთვის, ისტორიის შესწავლა უფრო მნიშვნელოვანია აწმყოს ინტერპრეტაციისა და მომავლის განსასაზღვრად (WeResearch; 2021:37). ამგვარად, წარსული, ისევე როგორც მისი მომავალი, მეტყველებს (Suny, 2001:32).

დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, როცა მან საქართველო ააყვავა და გაადიდა, მაშინ ყველაზე დიდი იყო საქართველო. ეს არის ჩვენი წარსული და რომ ვიცოდეთ, რა ხდებოდა წარსულში, აუცილებელია, ნელ-ნელა წინ წავიდეთ და ჩვენი ქვეყანა უფრო გავაერთიანოთ“.

[მოსწავლე, მდედრ., ეთნიკური უმცირესობა, სამცხე-ჯავახეთი]

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, „ოქროს ხანისშემდეგ, მოსწავლეებისთვის ყველაზე საინტერესო მე-19 საუკუნიდან დღემდე პერიოდია, რომელიც რუსეთის იმპერიას (72%), საბჭოთა კავშირსა (76%) და საქართველოს უახლეს ისტორიას (76%) მოიცავს. კვლევაში მოყვანილი ექსპერტების მოსაზრებების თანახმადსკოლაში ისტორიის სწავლებისას ყველაზე მეტი დროოქროს ხანისსწავლების პერიოდს ეთმობა, ხოლო შედარებით ნაკლებიუახლეს ისტორიას მე-19 საუკუნიდან დღემდე. ამის მიზეზებად, შესაძლოა, დასახელდეს ისტორიის მეცნიერული კვლევის ნაკლებობა მე-19 საუკუნიდან დღემდე ისტორიის მიმართ, რაც მასწავლებლებისთვის სწავლების პროცესში შემაფერხებელი ფაქტორი შეიძლება იყოს. თუმცა არსებობს შეხედულებაც, რომ ამ პერიოდის ისტორიანაკლებად კომფორტულიასასწავლებლად – „მე-19 საუკუნის ისტორიის განხილვისას, მასწავლებლებიც ერიდებიან იმაზე საუბარს, რომ ეს საქართველო კი არა, სინამდვილეში, რუსეთის იმპერიაში შემავალი ორი გუბერნიაა“ (WeResearch; 2021:42).

რაც შეეხება მე-20 საუკუნეს, ის ყველაზე ნაკლებად არის ნაკვლევი და, შესაბამისად, ასახული არ არის სახელმძღვანელოებში. ამიტომ, საბჭოთა (საქართველოს) ისტორიაც არასრულყოფილად ისწავლება და აქცენტი მხოლოდ დამოუკიდებლობის დაკარგვაზე, ტერორზე და შემდეგ დამოუკიდებლობის აღდგენაზე კეთდება.

სწორედ აქ ჩნდებაკომფორტული წარსულისადა ნოსტალგიის ცნება, რაც ისტორიის სწავლების პროცესში, შესაძლოა, აფექტებისა და ემოციების დომინირებას იწვევდეს. „ოქროს ხანაზესაუბარი კომფორტული და ნოსტალგიურია, ხოლო რუსეთის იმპერიაში მყოფი საქართველოს სამეფო-სამთავროებისა და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად დაპყრობილი ქვეყნის ისტორია დისკომფორტს იწვევს. თუმცა ეს მოცემულობა მხოლოდ კოგნიტური ამბივალენტურობითა და აფექტებით არ აიხსნება, რადგან მასწავლებლებიცა და სფეროს ექსპერტებიც მიუთითებენ, რომ სამეცნიერო დიალოგი სკოლასა და კვლევით დაწესებულებებს, მასწავლებლებსა და მკვლევრებს შორის, თითქმის არ არსებობს. კვლევაში მოყვანილია მასწავლებლების მოსაზრება, რომ „XX-XXI საუკუნეების ისტორიის სწავლებას სამეცნიერო კვლევებისა და პუბლიკაციების ნაკლებობაც ართულებს“ (WeResearch; 2021:43). ამასთანავე, საარქივო კვლევისას წამოჭრილი ბიუროკრატიული თუ სხვა სახის დაბრკოლებები, ასევე, საბჭოთა ეპოქის ისტორიული პირების პირად არქივებზე დაწესებული შეზღუდვები,  ისტორიის კვლევის პროცესისთვის წინაღობად იქცევა. ხოლო ახალ საისტორიო კვლევებზე მასწავლებლებს ხელი ნაკლებად მიუწვდებათ, რადგან კვლევისა და სწავლების სამეცნიერო პროცესი ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული: ახალი კვლევები (დროულად) ვერ ხვდება სასწავლო სივრცეში. შესაბამისად, სანდო კვლევებისა და ისტორიული წყაროების გარეშე მასწავლებლები და მოსწავლეებიკომფორტული წარსულისნარატიული ისტორიის ამარა რჩებიან.

სკოლასა და საუნივერსიტეტო-კვლევით დაწესებულებებს შორის გაჩენილი „სიცარიელე“, დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ფართო და აშკარა ხდება. უნივერსიტეტსა და კვლევით დაწესებულებებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს შექმნილი მდგომარეობა, როცა „ობიექტური ისტორიის“ სწავლებაზე მოთხოვნა (თუნდაც ფორმალური) და  მოსწავლეებისა და სასწავლო პროცესში ჩართული სხვა აქტორების მხრიდან „ჭეშმარიტი ისტორიის“ დადგენის მოლოდინი ერთდროულად თანაარსებობს. ისტორიის სწავლების მიმართ სასკოლო საზოგადოებაში არსებული ამბივალენტური განცდები, შესაძლოა, სამეცნიერო პოტენციალის მატარებელი იყოს. სამეცნიერო პროცესის გააქტიურებამ და სასკოლო საზოგადოების ამ პროცესში ჩართვამ, არსებული „სიცარიელე“, შესაძლოა, საგრძნობლად შეამციროს.

კვლევაში მოყვანილი მიგნებები აჩვენებს, რომ მოსწავლეებისთვის ისტორიის ინტერპრეტაციული გაგება ერთი სიმართლის, ერთი ჭეშმარიტების დადგენას უნდა ემსახურებოდეს, რომ საბოლოოდ მრავალ გზას ერთ ჭეშმარიტ გზასთან მიყავხარ. მაგრამ აქ ჩნდება კითხვა, თუ ისტორია საბოლოო არსით ერთი სინამდვილის შესახებ ისტორიაა, რა საჭიროა წყაროების მრავალფეროვნება? ამაზე პასუხი შესაძლოა იყოს კრიტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და წყაროების მრავალფეროვნება, თუმცა, თუ წინასწარ ვიცით, რომ ჭეშმარიტება მაინც ერთია, აზრს ხომ არ კარგავს ერთ სიმართლესთან მისვლის მრავალფეროვანი გზების არსებობა?

ამბივალენტურობა, როგორც ისტორიის შესწავლის პოტენციალი

ისტორიამდე არსებობდა მითები, თუმცა ისტორიის მეცნიერული დარგის გამოგონებას მითები არ გაუქარწყლებია და ის არც ისტორიის დამახინჯების თავიდან არიდების გარანტიაა, თუმცა ისტორიკოსის მიზანი არა იმდენად ისტორიის მოყოლაა, რამდენადაც მოვლენების „ნამდვილი მიზეზების“ მოძიებით მათი გაგება და ახსნა (Satpathy; 2004:200).

საქართველოში დროდადრო თავს იჩენს „ობიექტური ისტორიის“ სწავლების შესახებ დისკუსია. სასკოლო სახელმძღვანელოების პერიოდულად განახლების, სწავლების განსხვავებული მეთოდების დანერგვისა და სასწავლო მასალების, წყაროების შერჩევისა და გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში მასწავლებლების ავტონომიურობის ზრდის მიუხედავად, ისტორიის სწავლების პროცესი სამეცნიერო, ობიექტური ისტორიისა და ნაციონალური იდენტობის კონსტრუირების შესახებ კამათის ჩარჩოში რჩება. ვინ წერს ისტორიას? ვინ და როგორ ასწავლის მას? - ეს საკითხები ხშირად ხდება კამათის საგანი, თუმცა იშვიათია მსჯელობა ისტორიის კვლევის პროცესსა და მიდგომებზე. იმისათვის, რათა სასკოლო სახელმძღვანელოებზე, მასწავლებლების კომპეტენციებზე, მოსწავლეების ამბივალენტურ რწმენა-წარმოდგენებზე, „გულისა და გონების“ დაპირისპირებაზე მსჯელობა საგნობრივი იყოს, ამ პროცესს წინ უნდა უსწრებდეს თავად ისტორიის კვლევის შესახებ დისკუსია. არა ის, თუ ვინ წერს და ვინ ასწავლის, არამედ, როგორი მიდგომით, რომელი მეთოდოლოგიით ხდება ისტორიის კვლევა? ანუ, რატომ და რომელი ავტორიტეტების სჯერათ ისტორიკოსებს?

ამდენად, საისტორიო კვლევის მეთოდებისა და მეთოდოლოგიების გამოყენების წახალისება, სკოლებსა და უნივერსიტეტებს შორის არსებული „სიცარიელის“ შევსების მცდელობა სრულად ვერ გადაჭრის გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქართული ისტორიოგრაფიის გამოწვევებს. თუმცა, სამეცნიერო პროცესის იმპულსის გაჩენა ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებს შორის კავშირს, მეორე მხრივ კი, შეძლებს ეჭვქვეშ დააყენოს, თითქმის ნორმად ქცეული ისტორიის ინსტრუმენტალიზება. გარდამავალ პროცესში მყოფი ისტორიის სწავლების მიმართ არსებული ამბივალენტური განწყობების პოტენციალი კი, სწორედ წარსულის მიმართ დღევანდელ დღეს, აწმყოში გაჩენილი კრიტიკული დამოკიდებულება  შეიძლება იყოს.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს.

ბიბლიოგრაფია

Satpathy, B. B. (2004). Historical theory and methods. https://ddceutkal.ac.in/Syllabus/MA_history/Paper_06.pdf. 

AHLSKOG, J. (2021). Primacy of method in historical research: Philosophy of history and the perspective o. meaning. ROUTLEDGE. 

Berg, B. L., & Lune, H. (2017). Qualitative research methods for the Social Sciences (Ninth). Pearson Education Limited. 

Delft, M. van. (2004, November). The Causes and Consequences of Attitudinal Ambivalence. Retrieved from https://web.archive.org/web/20141031024457/http://dare.uva.nl/cgi/arno/…;

Suny, R. G. (2001). Constructing primordialism: Old Histories for new nations. The Journal of Modern History73(4). https://doi.org/10.1086/340148 

Weber, M., Finch, H. A., & Shils, E. (1949). On the methodology of the Social Sciences (First). The free Press of Glencoe. 

ზვიადაძე, სოფო. (2022, December 21). სხვა გმირების ისტორია. https://ge.boell.org/ka/2022/12/21/skhva-gmirebis-istoria. 

WeResearch: „საქართველოს ახალგაზრდები და ისტორია: გამოცდილების, დამოკიდებულებებისა და ღირებულებების კვლევა“ (განხორციელდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის – სამხრეთ კავკასიის რეგიონის მხარდაჭერით) თბილისი, დეკემბერი, 2021, https://ge.boell.org/ka/2022/04/28/sakartvelos-akhalgazrdebi-da-istoria /