სტატიის ავტორი საქართველოში პესტიციდების მოხმარების ამჟამინდელ პრაქტიკას აანალიზებს, გვიჩვენებს ძირითად გამოწვევებს, რაც ფერმერებს და მომხმარებლებს უდგათ და გვიზიარებს ხედვებს პესტიციდების მოხმარების უკეთ რეგულირებისთვის.
პესტიციდები წარმოადგენს აგროქიმიკატების ჯგუფში შემავალ ნივთიერებებს, რომელთა მთავარი დანიშნულება მავნებლების განადგურებაა. სასოფლო-სამეურნეო მცენარეებს, ასევე უკვე აღებულ მოსავალს, დაცვა სჭირდება სამი ძირითადი სახის საფრთხისგან, როგორებიცაა დაავადებები, მწერები და სარეველები, ასევე ნემატოდებისა და მღრღნელებისგან. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, სექტორი ყოველწლიურად მოსავლის საშუალოდ 40%-მდე სწორედ მავნე ორგანიზმების გამო კარგავს, რაც რისკს უქმნის მსოფლიოს მზარდი პოპულაციის სასურსათო უსაფრთხოებას. მეორე მხრივ, პესტიციდების არამდგრადი გამოყენება ზიანს აყენებს გარემოს, ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანთა ჯანმრთელობას. საქართველოში, სადაც სოფლის მეურნეობა განვითარების ისეთ სტადიაზეა, როდესაც ექსტენსიური წარმოებიდან ინტენსიურ რელსებზე გადადის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფერმერები თავიდანვე მიეჩვიონ ამ ტოქსიკური ნივთიერებების გონივრულად მართვას. მით უმეტეს, რომ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, ამ საკითხს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება როგორც სურსათის უვნებლობის, ასევე შრომის უსაფრთხოების, ნარჩენების მართვის, გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მხრივ.
პესტიციდები საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის თავისებურებების გათვალისწინებით
საქართველოს სოციო-ეკონომიკური განვითარებისთვის სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვანი სექტორია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის აქტიური მოსახლეობის თითქმის მეხუთედი სწორედ ამ სექტორშია დასაქმებული და საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის სწორედ სოფლის მეურნეობაა სურსათისა და შემოსავლის ერთ-ერთი უმთავრესი წყარო.[1] ქართველი ფერმერები ძირითადად აწარმოებენ მარცვლეულს, ხილს, ბოსტნეულს, რძესა და ხორცს[2]. შემნახველი, გადამამუშავებელი და დამატებით ღირებულების წარმომქმნელი სხვა მიმართულებები ჯერ კიდევ არ არის საკმარისად განვითარებული. ქვეყანა ახლა მუშაობს საერთაშორისო სტანდარტების და სერტიფიცირების სისტემების დანერგვაზე, რასაც ემატება რეგულირების სუსტი ჩარჩო და კანონის აღსრულების სირთულეები. სექტორში პროდუქტიულობა ძალიან დაბალია[3] (ჩამოვრჩებით რეგიონის ქვეყნებსაც კი), რასაც უამრავი მიზეზი აქვს, მათ შორის, მცირემიწიანობა და აგროგანათლების ნაკლებობა; ამასთან, სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი, შესაბამისად, ნაკლებკონკურენტული სექტორია. ინტენსიური ურბანიზაციისა და იმიგრაციის გამო, ახალგაზრდობა ტოვებს სოფელს და სოფლის მეურნეობის სფეროსაც, შედეგად, კვალიფიციური კადრების მოძიება და აგრობიზნესების განვითარება სულ უფრო რთულდება.
ჩამოთვლილი მიზეზებისა და ქვეყნის მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითი უნარის გამო ბიოორგანული მეურნეობები იშვიათია და ეს მიმართულება ჯერ კიდევ ძალიან სუსტადაა განვითარებული. ძირითადი პროდუქტები, რაც ბიოსერტიფიცირებას გადის, არის ექსპორტისთვის განკუთვნილი ღვინო, ველურად შეგროვებული, მცენარეული/ხილის ჩაი და მცირე რაოდენობის ბუნებრივი თაფლი[4]. მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, რომ საქართველოში ძირითადად „ეკოლოგიურად სუფთა“ ხილს და ბოსტნეულს მოვიხმართ, ჩვენთან წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტების დიდი ნაწილი პესტიციდებით მუშავდება.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით[5], პესტიციდები არის „ქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მცენარეთა დაავადებებისა და მათი გადამტანების, მავნებლებისა და სარეველა მცენარეების, შენახული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაავადებებისა და მავნებლების, მღრღნელების, ცხოველთა პარაზიტების წინააღმდეგ, აგრეთვე მცენარეთა ზრდის რეგულირებისათვის, საცავების, საწყობების, სატრანსპორტო საშუალებების, სათბურების, ნიადაგის, მცენარეული და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა პროდუქციის გაუსნებოვნებისათვის“. ზოგიერთი პესტიციდი, ძირითადად ორგანულ ნაერთებზე ან სპილენძის/გოგირდის ექსტრაქტებზე დაფუძნებული საშუალებები, შეიძლება დაშვებული იყოს ბიოლოგიურ წარმოებაშიც, მაგრამ საქართველოში იმპორტირებული და გამოყენებული პესტიციდების უმეტესობა სინთეზური წარმოშობისაა. ნებისმიერ შემთხვევაში, კანონმდებლობა ორივე კლასის პესტიციდებზე თანაბრად ვრცელდება და მსგავს მოთხოვნებს უწესებს.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2006 წლიდან დღემდე პესტიციდების მოხმარება დაახლოებით 5-ჯერ გაიზარდა და საერთო ჯამში ქიმიკატებით მუშავდება 3 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია, მ.შ. სატყეო და სხვა ტიპის საწარმოო ზონები[6]. 2022 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ფერმერების მიერ პესტიციდებით მუშავდება მრავალწლიანი ნარგავების 70 ათას ჰექტარზე მეტი და ერთწლიანი კულტურებით დაფარული 47 ათასი ჰექტარი ფართობი[7]. გარდა ფერმერებისა, პესტიციდებს იყენებს მთავრობაც, რომელმაც მხოლოდ 2023 წელს ფაროსანასთან ბრძოლის ეგიდით 227 148 ჰა-ზე მეტი ტერიტორია დაამუშავა დასავლეთ საქართველოში[8]. მთავრობა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში „კალიების წინააღმდეგ ბრძოლისა და კონტროლის ღონისძიებების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებშიც ამუშავებს ტერიტორიებს (მხოლოდ 2022 წელს 90,000 ჰექტარზე[9] მეტი) და დამატებით, ფერმერებს აქტიურად მოუწოდებს პესტიციდების გამოყენებით ებრძოლონ მღრღნელებსაც.
საერთო ჯამში, ჩვენთან თითოეულ ჰექტარზე საშუალოდ უფრო მეტი პესტიციდი გამოიყენება, ვიდრე რეგიონის ქვეყნებში და ამ მხრივ ვუსწრებთ სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს[10]. ამ ქვეყნებიდან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გაფორმებული მხოლოდ ჩვენ გვაქვს და თურქეთთან ერთად, ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, რაც გულისხმობს, რომ ჩვენი კანონმდებლობა უნდა დაუახლოვდეს და თანხვედრაში იყოს ევროკავშირის მოთხოვნებთან, მათ შორის, პესტიციდების გამოყენებასთან დაკავშირებით.
დიაგრამა 1: საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების შედარება ჰექტარზე გამოყენებული პესტიციდების რაოდენობით (კგ/ჰა)[11]
ევროკავშირის მწვანე შეთანხმების ფარგლებში, „ფერმიდან ჩანგლამდე“ სტრატეგიის მიხედვით, 2030 წლამდე სახიფათო პესტიციდები და მათგან წარმოშობილი რისკები 50%-ით უნდა შემცირდეს[12], რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოში ამ ქიმიკატების გამოყენების მზარდ ტენდენციასთან. საქართველო „ფერმიდან ჩანგლამდე“ შეთანხმების ნაწილი არ არის, მაგრამ იმისათვის, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე განხორციელდეს, მოგვიწევს, ევროკავშირის მოთხოვნებს და იქაური წარმოების წესებს მოვერგოთ.
დიაგრამა 2: საქართველოში პესტიციდების მოხმარების წილი (ფუნგიციდი, ჰერბიციდი, ინსექტიციდი, ა.შ.)[13]
პესტიციდების მოხმარების პრაქტიკა საქართველოში
ცნობილია, რომ პესტიციდები ზიანს აყენებს გარემოს, ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემებს. ამასთან, ეს ქიმიკატები სურსათის უვნებლობის კუთხითაც მნიშვნელოვანი პრობლემაა მოსახლეობისთვის. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ კი ის ადამიანები არიან, რომლებსაც პესტიციდებთან პირდაპირი შეხება აქვთ.
ფერმაში აგროქიმიკატებთან დაკავშირებული პროცესები შეგვიძლია ამგვარად აღვწეროთ:
- პროცესი იწყება მაღაზიაში აგროქიმიკატების შეძენით. პესტიციდები შეიძლება იყოს მრავალ სხვადასხვა ფორმაში, როგორიცაა ფხვნილი, სითხე, აირი, პასტა, ბრიკეტი, გრანულები, გელი, ემულსია, სუსპენზიური კონცენტრატი, ა.შ.;
- შემდეგი ეტაპი არის ფერმის ტერიტორიამდე ტრანსპორტირება და პესტიციდების შენახვა. ხშირად, ფერმერები მთელი სეზონის ქიმიკატებს ერთიანად ყიდულობენ და ასაწყობებენ, ზოგჯერ კი, მხოლოდ ერთჯერადად გამოსაყენებელ რაოდენობებს;
- პესტიციდების გამოყენების ძირითადი საშუალება არის მათი წყალში გაზავება და შესაბამისი გამაფრქვევლების გამოყენებით ე.წ. შეწამვლა. პესტიციდების ცარიელი ტარა (პლასტიკის ბოთლები, პარკები, ა.შ.), საუკეთესო შემთხვევაში, იყრება ნაგვის ურნებში;
- შეზავებული ხსნარი ისხმება პესტიციდების შემტან მოწყობილობაში (შესაწამლ აპარატში), რომელიც შეიძლება იყოს პატარა და პორტატული (ე.წ. ხელის აპარატი), ან ტრაქტორზე ჩასაბმელი იმპლემენტის (აგრეგატის) სახით;
- შესაწამლი მოწყობილობის გამოყენებით პესტიციდები ესხმება მცენარეებს, დაავადებებისგან მათ დასაცავად და/ან მავნებლების გასანადგურებლად, რომლებიც მცენარის სხვადასხვა ნაწილზე ბუდობს;
- პროცესის დასრულების შემდეგ შესაწამლი აპრატი ირეცხება და ინახება შემდეგ გამოყენებამდე.
საქართველოში პესტიციდების მოხმარების პრაქტიკებზე დაკვირვებისას განსაკუთრებით საყურადღებოა რამდენიმე საკითხი, რომელებიც ძირითადად შრომის უსაფრთხოებას, პესტიციდებით სასოფლო-სამეურნეო კულტურების ან სარეველების დამუშავების პროცესსა და ნარჩენების მართვას უკავშირდება.
შრომის უსაფრთხოება
პესტიციდების შეძენა შეუძლია ნებისმიერს, არაფერმერსაც კი, განათლებისა და ნივთიერებასთან მოპყრობის ელემენტალური წესების ცოდნის დაუდასტურებლად. პესტიციდების გამოყენებას ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (იდს) გარეშე, შეიძლება, ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვეს როგორც პერსონალის ჯანმრთელობის, ასევე უსაფრთხოების მხრივ. პოტენციური ეფექტი დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა პესტიციდის ტიპი, ადამიანზე მისი ზემოქმედების ხარისხი და ხანგრძლივობა. არსებობს პესტიციდების მიერ გამოწვეული როგორც მყისიერი და მწვავე უარყოფითი ეფექტი ჯანმრთელობაზე, ასევე გრძელვადიანი და ქრონიკული შედეგები.
დაცვის ინდივიდუალური საშუალებები, რაც აუცილებელია პესტიციდებთან მუშაობისას, მოიცავს ისეთ აუცილებელ ეკიპირებას, როგორიცაა სპეციალური რესპირატორები, სახისა და თვალების დამცავი სათვალეები/ნიღბები, ქიმიურად მედეგი ხელთათმანები, კომბინეზონები და რეზინის ჩექმები. შესაბამისი ხარისხისა და დაცვის დონის ეკიპირება ძვირია, ფერმერებისა და ფერმაში დასაქმებულებისთვის არ არის სამუშაო კულტურის ნაწილი და სოფლის მეურნეობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სიცხეში ამ ეკიპირებით ფიზიკური აქტივობები ძალიან ართულებს სუნთქვას, იწვევს ჭარბ ოფლიანობას და ზოგადად, ნაკლებად კომფორტულია. შესაბამისად, იდს საქართველოს პირობებში ფაქტობრივად არ გამოიყენება. მით უმეტეს, რომ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში ხშირად არ არის მინიმალური ინფრასტრუქტურა, რაც ფერმერებს საშუალებას მისცემდა, გამოყენების შემდეგ სრულფასოვნად გაეწმინდათ ეს ეკიპირება და სუფთად შეენახათ მომდევნო შეწამვლამდე.
სასოფლო-სამეურნეო კულტურების ან სარეველების დამუშავება
პესტიციდებით ნაკვეთის დამუშავების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ ნივთიერებების გარემოზე უარყოფითი ეფექტების გამოვლენის მხრივ. პირველ რიგში, აუცილებელია, რომ ის მოწყობილობები, რომლებიც გამოიყენება შესაწამლად, რეგულარულად მოწმდებოდეს და კალიბრდებოდეს, რათა ზუსტად იმ რაოდენობისა და კონსისტენციის ნაზავი გააფრქვიოს, რაც მინიმალური რაოდენობის ხსნარით, მაქსიმალურად დაფარავს სამიზნე მცენარეების ზედაპირს. აპარატურის კალიბრაციის პრაქტიკა საქართველოში ფაქტობრივად არ გამოიყენება.
ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხსნარის კონცენტრაცია, ანუ რამდენი პესტიციდი რა რაოდენობის წყალში უნდა გაიხსნას, რომ საკმარისი აღმოჩნდეს ზუსტად იმ ფართობის დასამუშავებლად, რაზეც არის გათვლილი. არასწორი კონცენტრაცია იწვევს ქიმიკატის არაეფექტიანობას და მისი კიდევ გამოყენების საჭიროებას, ან პირიქით – ზედმეტად ტოქსიკურობას, რაც აზიანებს არა მარტო მავნებლებს, არამედ მცენარეებსაც.
რადგანაც ქვეყანაში ექსტენციის[14] მთავარი წყარო ამჟამად აგრომაღაზიებში დახლს მიღმა მდგომი ადამიანები არიან, ისინი დაინტერესებული არიან რაც შეიძლება მეტი პროდუქტის გაყიდვით. ისინი ურჩევენ ფერმერებს, რომელი პესტიციდი გამოიყენონ და რა კონცენტრაციით და, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად, გაცილებით მაღალ კონცენტრაციას, ვიდრე ეტიკეტზეა მითითებული და ამას პესტიციდების „ეფექტიანობის გაზრდის“ მოტივით ხსნიან.
პესტიციდების გამოყენების დრო და გარემო პირობები, როგორიცაა ჰაერის ფარდობითი ტენიანობა, ტემპერატურა და ქარის მიმართულება/სიჩქარე, ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტებია როგორც შეწამვლის ოპერაციის წარმატების დასადგენად, ასევე ნიადაგისა და წყლის დაბინძურების მინიმუმამდე დასაყვანად. პესტიციდები უნდა გამოიყენებოდეს საღამოს, როდესაც ფუტკრები და დამამტვერიანებლები ნაკვეთში აღარ არიან და პრეპარატები მაქსიმალურ გავლენას მხოლოდ სამიზნე მავნებლებზე მოახდენს .
ნარჩენების მართვა
აუცილებელია აღინიშნოს, რომ პესტიციდების ცარიელი ტარა, ისევე, როგორც შესაწამლ აპარატში დარჩენილი და გამონარეცხი ხსნარი, ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით[15], სახიფათო ნარჩენებად მიიჩნევა და აუცილებელია, იმართოს შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ სახიფათო ნარჩენების მინიმალური რაოდენობა წლის განმავლობაში 120 კილოგრამს აღემატება, ფერმერი ვალდებულია იყოლიოს გარემოსდაცვითი მმართველი, შეიმუშაოს ნარჩენების მართვის გეგმა, უზრუნველყოს სახიფათო ნარჩენებთან მომუშავე პერსონალის ინფორმირება შესაბამისი სწავლების ჩატარების გზით და დაიწყოს ასეთი ნარჩენების სეპარაცია. შეგროვებული ნარჩენები გასანადგურებლად/დასასაწყობებლად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებით უნდა გადაიტანონ სახიფათო ნარჩენების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ინსინერატორ კომპანიაში, რომლის მომსახურებაც ფასიანია.
რადგანაც ყველა ეს კომპონენტი ქართველი ფერმერისთვის დამატებით ხარჯსა და ძალისხმევას მოითხოვს, – რაც მათ მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის თვითღირებულებას ზრდის, კარგ პრაქტიკებს კი ბაზარში პროდუქტის გაყიდვისას არავინ აფასებს, – ნარჩენებს წესების სრული დაცვით ფაქტობრივად არავინ მართავს და პესტიციდების პრობლემა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებიდან სხვა სფეროებშიც ინაცვლებს. ასევე, ფერმერები პესტიციდების ხსნარსა და შესაწამლი აპარატის გამონარეცხს ასხამენ ფერმის ტერიტორიაზე ნიადაგზე, არხში ან საკანალიზაციო სისტემაში. ხოლო მყარ ნარჩენებს, როგორიცაა ცარიელი ტარა, ყრიან ნაგვის ურნებში ან წვავენ სხვა სახის ნარჩენებთან ერთად. ყველაზე ცუდ შემთხვევებში კი, ყრიან ნაკვეთების მიმდებარედ ან სარწყავ არხებში, მდინარეების კალაპოტში.
როგორ რეგულირდება პესტიციდების მოხმარება საქართველოში?
საქართველოში პესტიციდების იმპორტი განთავისუფლებულია დღგ-სგან, რაც უზრუნველყოფს ამ პროდუქტებზე დაბალი ფასის შენარჩუნებასა და ხელმისაწვდომობას. შესაბამისად, წლების განმავლობაში იზრდება პესტიციდების მოხმარებაც, მათ შორის, სიიაფისა და ხელმისაწვდომობის გამო. ქვემოთ მოცემული გრაფიკი შედგენილია პესტიციდების იმპორტისა და რეექსპორტის სხვაობის გაანგარიშებით, ანუ ნაჩვენებია ქიმიკატების ის რაოდენობა, რაც საქართველოში რჩება და გამოიყენება. თითქმის 20 წლის განმავლობაში საქართველოში პესტიციდების გამოყენება 5-ჯერ გაიზარდა.
დიაგრამა 3: პესტიციდების გამოყენების ტენდენცია საქართველოში 2006-2022 წლებში, იმპორტისა და რეექსპორტის სხვაობის გაანგარიშების მიხედვით (მომზადებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით[16])
საქართველოში პესტიციდებთან მიმართებით თანამედროვე საკანონმდებლო ჩარჩო განისაზღვრება საქართველოს 2012 წლის „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით“[17]. ამ კოდექსის მიღება დაკავშირებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასთან, რომლის ერთ-ერთი წინაპირობა – სურსათის უვნებლობის ევროპული პრინციპებისა და მიდგომების დანერგვა და სახელმწიფო კონტროლის მექანიზმების განვითარება იყო. სურსათის უვნებლობის კოდექსს წინ უძღვოდა საქართველოს 1998 წლის კანონი „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“[18], რომელიც მრავალი ცვლილების მიუხედავად, ამჟამადაც მოქმედია და უზრუნველყოფს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიანი გამოყენების, ადამიანისა და გარემოსათვის უსაფრთხო მოხმარების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრას.
2021 წლის ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშის მიხედვით, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში[19] ნაკისრი ვალდებულებები დაახლოებით 20%-ით არის შესრულებული, მიუხედავად იმისა, რომ გეგმის განხორციელების ვადის ნახევარი გასულია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ საკანონმდებლო დაახლოებას შემდეგი მნიშვნელოვანი თავისებურება ახასიათებს: გაწერილია ნორმატიული აქტების დამტკიცების და არა მათი ძალაში შესვლის ვადები. შესაბამისად, გავრცელებული პრაქტიკაა, რომ ხელისუფლება ამტკიცებს ამა თუ იმ ნორმატიულ აქტს, მაგრამ მისი ამოქმედება მხოლოდ წლების შემდეგ იწყება[20].
ამ პრაქტიკის ერთ-ერთი კარგი მაგალითია ტექნიკური რეგლამენტი მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათ(ზე)ში/ცხოველის საკვებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის შესახებ[21], რომელიც 2016 წლის 29 დეკემბერს მიიღეს და ძალაში 2020 წლის 1 იანვარს უნდა შესულიყო, მაგრამ რეალურად ამ სტატიის გამოქვეყნების მომენტშიც კი არაა ამოქმედებული (დეკემბერი, 2023) და გაურკვეველია, როდის ამოქმედდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ საქართველოში არ არის არცერთი ლაბორატორია, რომელიც განსაზღვრავდა პესტიციდების ნარჩენ დონეს[22] 70-ზე მეტი აქტიური ნივთიერების შემთხვევაში, მაშინ როცა რეგისტრირებული და გამოყენებულია დაახლოებით 500-ზე მეტი მოქმედი ნივთიერება.
პესტიციდების რეგულირების საკითხები გაბნეულია სხვადასხვა საჯარო უწყების კომპეტენციაში. სახელმწიფო კონტროლს საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო, ხოლო საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური. გარემოს დაბინძურების ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა ევალება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს. შრომითი ნორმების აღსრულებაზე ზედამხედველი ორგანო, მათ შორის ფერმერულ მეურნეობებში სახიფათო აგროქიმიკატების გამოყენებასთან მიმართებით, არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო უწყება შრომის ინსპექციის სამსახური. ამავე სამინისტროს დაქვემდებარებაშია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, რომლის ფუნქციებში შედის ჯანმრთელობის რისკების (დეტერმინანტების) კვლევა, მონიტორინგი, რეკომენდაციების შემუშავება პრევენციულ ღონისძიებებზე, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და ანალიზი, ასევე, სამედიცინო სტატისტიკის წარმოება, სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის მეთოდოლოგიის შემუშავება. სწორედ ცენტრი აქვეყნებს ქვეყანაში საკვებისმიერი მოშხამვების სტატისტიკას, რაც პირდაპირ კავშირშია სურსათის უვნებლობასთან.
რადგანაც საქართველოში ხილი და ბოსტნეული დაბალი რისკის პროდუქტებად მიიჩნევა, სურსათის ეროვნული სააგენტო მათ მხოლოდ სუპერმარკეტებსა და ბაზრებში ამოწმებს, ისიც ფრაგმენტულად და პესტიციდების ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრაც ხორციელდება არასრული სპექტრის მიხედვით. სურსათის ეროვნული სააგენტო, ბაზარზე უხარისხო მცენარეთა დაცვის საშუალებების განთავსების აღკვეთის მიზნით, სპეციალიზებულ სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს. 2022 წელს დაჯარიმდა სააგენტოს მიერ შემოწმებული 20 ობიექტი, რომლებიც პესტიციდებს ყიდდნენ, ჯარიმები იყო 500 ან 1000 ლარი და ძირითადად მოიცავდა დაფასოების, შეფუთვის, მარკირების წესების დარღვევას, ასევე დაურეგისტრირებლად და აღიარების მოპოვების გარეშე მუშაობას. დღეისათვის რეგისტრირებულია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო 600-მდე ობიექტი, რომელთა შემოწმებაც სახელმწიფო პროგრამით ხდება. მეურნეობების დონეზე, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ფერმებში, შემოწმება ფაქტობრივად არ მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ არ მოწმდება არც იმპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქტები. მეურნეობების დონეზე, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ფერმებში, შემოწმება ფაქტობრივად არ მიმდინარეობს.
დიაგრამა 4: საქართველოში სავარაუდო საკვებისმიერი მოშხამვების სტატისტიკა [23]
რაც შეეხება სურსათის უვნებლობის ნაწილში მიმდინარე მონიტორინგს[24], მაგალითად, 2023 წლის მეორე კვარტალში შემოწმდა ხილისა და ბოსტნეულის 45 ნიმუში, სადაც არ აღმოჩნდა პესტიციდების ნარჩენი რაოდენობა. ანალიზების ასეთი კარგი შედეგები, როგორც ზემოთ აღინიშნა, სავარაუდოდ, ქვეყანაში არსებული ლაბორატორიების შეზღუდული შესაძლებლობებითაა განპირობებული.
მონიტორინგის ნაკლოვანებებთან ერთად, ქვეყნისთვის გამოწვევაა ისიც, რომ ფაქტობრივად არ არსებობს და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი არ არის სახიფათო ნარჩენების დასაწყობებისა და გაუვნებელყოფის ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ვადაგასული ან განსაკუთრებით სახიფათო პესტიციდების ეფექტიანად მართვის საშუალებები. ეს არის მიზეზი, რის გამოც, სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, საქართველომ ვადაგასული პესტიციდები სხვა ქვეყანაში გაიტანა შემდგომში მათი გაუვნებელყოფის მიზნით[25]. ეს პრობლემა ნარჩენების მართვის კოდექსის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კომპონენტის ფარგლებში უნდა მოგვარდეს, რაც 2019 წლის დეკემბერში უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ დღემდე არ შესულა ძალაში.
პირველი ნაბიჯები პესტიციდების მდგრადი მართვისთვის
სურსათის უვნებლობის კოდექსის ფარგლებში, 2024 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის 2021 წელს მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილება „პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად გასატარებელი ღონისძიების“[26] შესახებ. დადგენილება განსაზღვრავს პესტიციდების მდგრადი გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე პესტიციდების გამოყენებით გამოწვეული რისკებისა და უარყოფითი ზემოქმედების შემცირების, მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვისა და ისეთი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენების გზით, როგორიცაა პესტიციდების არაქიმიური ალტერნატივები. ის პრაქტიკები, რომლებსაც უნდა დაეფუძნოს ეს ღონისძიებები და უზრუნველყოს აღნიშნული მოთხოვნების შესრულება, უნდა გამოაქვეყნოს სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ.
მნიშვნელოვანია, რომ ამ დადგენილებით ვალდებულებები ეკისრებათ როგორც პესტიციდების გამყიდველებს, ისე მყიდველებს. მარტივად რომ ავხსნათ, აგროპროდუქციის დისტრიბუტორებსა და თავად მაღაზიებში დახლს მიღმა მდგომ პერსონალს მოეთხოვება სპეციალური ცოდნა და სერტიფიკატის ქონა. მეტი პასუხისმგებლობები ეკისრებათ მომხმარებლებსაც. ეს მიდგომა მოითხოვს დიდ ცოდნას, შესაბამის ხელსაწყოებს და ინფრასტრუქტურას, რაც დღესდღეობით მარტივად ხელმისაწვდომი არ არის. აქედან გამომდინარე, ამ ვალდებულების აღსრულება მარტივი არ იქნება და საჭირო გახდება კერძო და საჯარო პარტნიორობის გაძლიერება.
რეკომენდაციები
მთავარი გამოწვევები, რაც ამჟამად საქართველოს პესტიციდების თემის გარშემო აქვს, მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სექტორის არაფორმალურობა, მაღალი დამოკიდებულება იმპორტირებულ მარცვლეულზე, ხილსა და ბოსტნეულზე (რაც, ადგილზე წარმოებულის მსგავსად, ასევე არ კონტროლდება სურსათის უვნებლობის მხრივ), მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითი უნარი, ფერმერებისა და ფერმებში დასაქმებულთა განათლების დონე ამ საკითხების გარშემო, საკანონმდებლო ჩარჩოსა და რეგულაციების აღსრულების მექანიზმების ხარვეზები, ხარისხის ინფრასტრუქტურის ხარვეზები (მაგ. შეზღუდული ლაბორატორიული შესაძლებლობები), სამედიცინო და საგანმანათლებლო სექტორებში კვლევებისა და განვითარების მიმართულების, მ.შ. ექსტენციის მომსახურებების სისუსტე.
პესტიციდების მოხმარების რაოდენობის და უსაფრთხოდ მოხმარების რეგულირებისთვის, აუცილებელია სახელმწიფო, კერძო, სამოქალაქო და საგანმანათლებლო სექტორების მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობა, ასევე ინვესტიციები პესტიციდების მდგრადი მართვისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურაში.
აუცილებელია ფერმერებმა შეძლონ კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების დანერგვა და შესაბამისი სერტიფიცირების მოთხოვნების შესრულება. უვნებელი და გარემოსადმი მეგობრული პროდუქცია ქართველი ფერმერებისთვის უკეთეს ბაზრებზე წვდომის (მაგ. ევროკავშირის ქვეყნებში) წინაპირობაცაა.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს.
[8] https://ipress.ge/news/regionebi/ses-mosakhleobas-aziuri-farosanas-tsinaaghmdeg-meqanikuri-metodebis-gamoyenebisken-moutsodebs
[14] სასოფლო-სამეურნეო ექსტენცია წარმოადგენს არაფორმალურ საგანმანათლებლო პროცესს, რომელიც მოიცავს ფერმერთათვის შესაბამისი კონსულტაციებისა და ინფორმაციის მიწოდებას, რაც გამიზნულია მათი წარმოების, მოცულობისა და კონკურენტუნარიანობის, ასევე მათი ცხოვრების საერთო დონის ამაღლებისთვის.
[22] პესტიციდების ნარჩენი რაოდენობა არის მცენარეთა დაცვის საშუალებების ნარჩენები, მათ შორის, აქტიური ნივთიერებები (მოქმედი ნივთიერებები), მეტაბოლიტები და/ან დაშლის პროდუქტები, ან აქტიური ნივთიერებების (მოქმედი ნივთიერებები) რეაქციის პროდუქტები, რაც რჩება სურსათზე და პოტენციურ რისკს წარმოადგენს ამ სურსათის მომხმარებლისთვის. სწორედ ამიტომ, ყველა პესტიციდს, დასაშვებ კულტურებთან გამოსაყენებელ კონცენტრაციასთან ერთად, მითითებული აქვს „ლოდინის პერიოდი“, რაც არის დღეებით გამოხატული დრო პესტიციდით უკანასკნელი დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე.
[23] დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, 2023 წლის მონაცემებით https://www.ncdc.ge/#/blog/blog-list/f10b3ffb-da47-4488-94df-2f03764cf3…