საქართველო გზაჯვარედინზე

ბოლო ათწლეულების გლობალური წესრიგის გამოწვევებს შორის სულ უფრო ხშირად ასახელებენ დემოკრატიის კრიზისს, მზარდ უთანასწორობასა და ულტრამემარჯვენე პოლიტიკის აღმასვლას. დემოკრატიის კრიზისზე საუბრისას, ხშირად, მხედველობაში აქვთ მე-20 საუკუნეში ბევრ დასავლურ სახელმწიფოში დამკვიდრებული სისტემის - ლიბერალური დემოკრატიის - გამოწვევები ბოლო 10-15 წლის განმავლობაში. სახელდობრ, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად „დემოკრატიზაციის“ ტალღის მიმართ 90-იანი და ადრეული 2000-იანი წლების ოპტიმიზმს მკვეთრად შეუკვეცა ფრთები 2010-იანებიდან ე.წ. ილიბერალური ძალების აღმასვლა არა მხოლოდ ახალ და „მყიფე“ დემოკრატიებში, არამედ მთელ რიგ დასავლურ სახელმწიფოებშიც. ამ დინამიკის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ ილიბერალური ძალები სწორედ დემოკრატიულ მხარდაჭერასა და ლეგიტიმაციაზე აპელირებენ. შეიძლება ითქვას, რომ ის, რასაც დემოკრატიის კრიზისს უწოდებენ ამ კონტექსტებში, არის ლიბერალიზმის კრიზისი - ანუ საფრთხეები, რომელთაც ლიბერალიზმს უქმნის დემოკრატია, მაგრამ გაგებული გარკვეული ვიწრო, მაჟორიტარისტული და არაინკლუზიური მნიშვნელობით. ლიბერალური დემოკრატიის კრიზისზე საუბარი უკვე მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყეს მემარცხენე კრიტიკოსებმა, თუმცა, განსხვავებული მახვილით.1 ისინი ხაზს უსვამდნენ დასავლური ტიპის კეთილდღეობის სახელმწიფოს სტრუქტურების და მათთან დაკავშირებული გადანაწილების პოლიტიკის დასუსტებას მზარდი ნეოლიბერალიზმის შედეგად, რომელიც გადაჯაჭვული იყო ნეოკონსერვატიული პოლიტიკის გაძლიერებასთან. ამ კრიტიკაში კრიზისში მოიაზრება დემოკრატიის კრიზისი - ანუ საფრთხეები, რომელთაც დემოკრატიას უქმნის ლიბერალიზმი, რამდენადაც ის დემოკრატიული კონტროლის მიღმა ათავსებს საზოგადოების მოწყობის განმსაზღვრელ ფუნდამენტურ ინსტიტუტებსა და თვითონ დემოკრატიის თამაშის წესებს; ხოლო ამ უკანასკნელთ ისე განსაზღვრავს, რომ ფაქტობრივად ხელშეუხებელს ხდის ელიტების ძალაუფლებას. ამ ვითარებას ხშირად აღწერენ, როგორც “პოსტდემოკრატიას.” აქედან გამომდინარეობს თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის კიდევ ერთი კრიტიკა, რომელიც პოლიტიკური ველის მენეჯერილზაციასა და “პოსტპოლიტიკურ” მდგომარეობას განიხილავს პრობლემად.

ამრიგად, დემოკრატიასა და ლიბერალიზმს შორის დაძაბულობის თეორეტიზებას საკმაოდ ხანგრძლივი და მრავალფეროვანი ისტორია აქვს პოლიტიკის თეორიაში. სხვადასხვა იდეოლოგიური პერსპექტივიდან მის სხვადასხვა მხარეს ექცევა ყურადღება. მემარცხენე თვალსაზრისისთვის ლიბერალიზმსა და დემოკრატიას შორის დაძაბულობის ასევე მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ ეკონომიკური ლიბერალიზმის შედეგად წარმოქნილი სოციო-ეკონომიკური უთანასწორობა შეუძლებელს ხდის პოლიტიკურ თანასწორობასაც, რადგან ხელს უწყობს ძალაუფლების უთანასწორო გადანაწილებას. ერთი მხრივ, ფინანსური კაპიტალიზმის გლობალიზაციის შედეგად მცირდება ცალკეული სახელმწიფოების ძალა გლობალური კაპიტალის პირისპირ და მათ გლობალური კორპორაციების ინტერესების გატარება უწევთ საკუთარ მოქალაქეთა ინტერესების საწინააღმდეგოდ. მეორე მხრივ, ადგილობრივი პოლიტიკური ელიტების ოლიგარქიზაცია და პოლიტიკური და ეკონომიკური კლასის შერწყმა განსაზღვრავს სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ნაკლებად ითვალისწინებს ხალხის ინტერესებს და ამცირებს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში ხალხის ჩართულობასა და სახელმწიფო პოლიტიკის დემოკრატიულ კონტროლს.

დემოკრატიის კრიზისსა და მის თანმდევ მდგომარეობაზე საუბრის კონტექსტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა სუვერენულობა - როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე აქტორებისთვის. მემარჯვენე რიტორიკა ხშირად აპელირებს „ეროვნულ სუვერენულობაზე“ და ანტიეგალიტარული მიზნებისთვის მიიტაცებს დეკოლონიზაციის მსგავს კრიტიკულ ცნებებს. საქართველოს ხელისუფლებაც ამ ტაქტიკის გამოყენებას ცდილობს თავისი ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის. მემარცხენე კრიტიკა კი პრობლემას უთანასწორობის ჭრილში განიხილავს და კრიზისის საფუძვლად ეკონომიკურ და სოციალურ უსამართლობას და „სახალხო სუვერენულობის“ კრიზისს მიიჩნევს. “სახალხო სუვერენულობა” მემარცხენეებისთვის თანასწორობის იდეაზე დგას და მისი გაფართოების საჭიროებას უსვამს ხაზს, რათა მან საზოგადოების ყველა ჯგუფის საჭროებები მოიცვას და უზრუნველყოს ხალხის გავლენა მათი კეთილდღეობის განმსაზღვრელ ყველა სფეროზე, მათ შორის ეკონომიკაზე.

ამგვარად, ლიბერალური დემოკრატიის კრიზისთვის დამახასიათებელია, ერთი მხრივ, მზარდი ეკონომიკური უთანასწორობა და მეორე მხრივ, კლებადი სახალხო სუვერენულობა, ისევე, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების გარანტიების ძირგამოთხრა. ავტორიტარული რეჟიმები არა „სახალხო,“ არამედ „ეროვნული სუვერენულობის“ იდეას მოიხმობენ საერთაშორისო ინსტიტუტების გავლენის შესაზღუდად და ძალაუფლების მონოპოლიზაციისთვის. “ეროვნული სუვერენულობის” იდეა ეფუძნება “ხალხის” ისეთ ნაციონალისტურ განსაზღვრებას, რომელიც გამორიცხავს არადომინანტურ ჯგუფებს და “ხალხს” ჰომოგენურ ერთობად წარმოაჩენს. ამ მიდგომის თანახმად, “ხალხს” წარმოადგენს “ძლიერი ლიდერი” და მასთან დაპირისპირება ხალხთან დაპირისპირებას ნიშნავს. 2000-იანი წლებიდან რუსეთში ხშირად მოიხმობენ „სუვერენული დემოკრატიის“ ცნებას; ეს ცნება მიმზიდველი აღმოჩნდა როგორც ავტორიტარული რეჟიმებისთვის, ასევე, სუვერენულობის იდეასთან ბუნდოვანი მსგავსების გამო, გლობალური სამხრეთის სხვა აქტორებისთვისაც. ეს ცნება რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის იდეოლოგიურ სარჩულად იქცა დამპყრობლური ომების წარმოებისას და ანტიდემოკრატიული პროცესების გასამართლებლად. პუტინისეული სუვერენული დემოკრატია უპირისპირდება ორივეს, როგორც „სახალხო ზეწოლას ქვემოდან,“ ისე „საერთაშორისო ზეწოლას ზემოდან“ და ხალხის ინტერესების დამთრგუნველ, საშიშ პოლიტიკურ და ეკონომიკურ წესრიგს უყრის საფუძველს - წესრიგს, რომელიც სულ უფრო ნაკლებ შესაძლებლობას ტოვებს იმისა, რომ ეგალიტარულმა მოძრაობებმა გავლენა მოახდინონ პოლიტიკაზე და დაიცვან სხვადასხვა ჩაგრული ჯგუფების, მათ შორის, ქალების, ლგბტქ+ ადამიანების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ისედაც პრეკარიული უფლებები.

ამრიგად, პოლიტიკური თუ ეკონომიკური სუვერენულობის იდეა კარგი ინსტრუმენტია ავტორიტარული რეჟიმებისთვის თავიანთი ძალაუფლების განსამტკიცებლად. სუვერენულობის განმტკიცებაზე საუბარი გარკვეულ ლეგიტიმურობას სძენს მთავრობას ქვეყნის შიგნით, იმის მიუხედავად თუ როგორ მოიაზრებს იგი სუვერენიტეტს. გლობალურ სამხრეთში, ადგილობრივი პოლიტიკების დაგეგმვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში ავტონომიისკენ სწრაფვა ლეგიტიმურ საფუძველს ქმნის გავლენიანი სახელმწიფოების თუ საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკისთვის. თუმცა, უმეტესად, ავტორიტარიზმის განმტკიცებისკენ მიმართული სახელმწიფოები სუვერენულობის ეგიდით, რეალურად, სხვა ავტორიტარულ ქვეყნებთან აფორმებენ ახალ გეოპოლიტიკურ ალიანსებს. შესაბამისად, ისინი უფრო ძლიერი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გავლენებისგან კი არ თავისუფლდებიან, არამედ სხვა იმპერიული და ავტორიტატული სუბიექტების გავლენების ქვეშ ექცევიან. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური სუვერენულობის იდეა განუხორციელებლი რჩება. ზემოთ აღწერილ კონტექსტში, ვერც ეკონომიკური სუვერენიტეტის მიზნის მიღწევაა შესაძლებელი. როდესაც ეკონომიკური სუვერენულობის იდეა პოპულისტურია და მას ზურგს არ უმაგრებს განვითარების პოლიტიკის გარდაქმნა და ძირეული რეფორმები ეკონომიკაში, გეოპოლიტიკური გადაწყობა მხოლოდ კაპიტალის შემოდინების ალტერნატიულ წყაროებს ქმნის, ეკონომიკური პოლიტიკის არსი კი არ იცვლება.

ამგვარი ტენდენციის ნათელი მაგალითია საქართველოში მიმდინარე პროცესები. იმ დროს, როცა მთავრობა აქტიურად აწარმოებს ეკონომიკური სუვერენულობის დისკურსს, უცვლელი რჩება განვითარების პოლიტიკა, რომელიც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზეა ორიენტირებული. მთავრობამ უნდა მოიზიდოს კერძო კაპიტალი, დააზღვიოს მისი პოლიტიკური, ფისკალური თუ მოთხოვნის რისკები და ხელი შეუწყოს ისეთ პროექტებსაც, რომელთა სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის სარგებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას; ასეთი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვან ეკოლოგიურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ რისკებს ქმნის ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მთლიანად ეკონომიკისთვის. განვითარების ამგვარი ხედვა, მართალია, საერთაშორისო ინსტიტუტების და განვითარების ბანკების მიერ არის თავსმოხვეული, თუმცა, საქართველოს მთავრობა ამ ზეწოლებისგან გათავისუფლებას და სახალხო ინტერესიდან ამოზრდილ განვითარების პოლიტიკას კი არ გეგმავს, არამედ მხოლოდ ინფასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალის დივერსიფიკაციას ცდილობს.

კაპიტალის წარმომავლობის ასეთი ცვლილება, შესაძლოა, მართლაც ჰპირდებოდეს მთავრობას მნიშვნელოვან პოლიტიკურ ავტონომიას საგარეო ურთიერთობებში, მაგრამ ასევე, და ზუსტად ამის შედეგად, ხელს უწყობდეს მის მიერ ქვეყნის შიგნით ძალაუფლების მეტად კონსოლიდაციას და ავტორიტარიზმის დამყარებას. მაგალითისთვის, თუ შევადარებთ დასავლურ და ჩინურ კაპიტალს, პირველ შემთხვევაში სესხები, როგორც წესი, გარკვეული სამართლებრივი, პოლიტიკური და გარემოსდაცვითი რეფორმების გატარების მოთხოვნით გაიცემა, მაშინ როცა ამგვარი დათქმები არ ახასიათებს ჩინურ კაპიტალს. მართალია, გლობალურ სამხრეთში დასავლური ფინანსური ინსტიტუტების მიერ წარმოებული ეკონომიკური პოლიტიკა კრიტიკას ვერ უძლებს, თუმცა, ამავდროულად, მათი მიდგომა უბიძგებს გლობალური სამხრეთის ქვეყნების მთავრობებს, ანგარიში გაუწიონ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და გარემოსდაცვით სტანდარტებს. ჩინეთის შემთხვევაში კი ამგვარი პოლიტიკური წნეხი არ არსებობს, შესაბამისად, ასეთი ალიანსი უფრო ხელსაყრელია ავტორიტარული მმართველებისთვის, ხოლო საზიანო - მათი საზოგადოებებისთვის.

ამრიგად, მნიშვნელოვანია ავტორირტარიზმის კრიტიკა იმთავითვე დავუკავშიროთ ეკონომიკური განვითარების მოდელის კრიტიკას და პირიქით, რადგან ყოველ ავტორიტარულ რეჟიმს ეკონომიკური საყრდენი სჭირდება. მაშინ, როცა პოლიტიკური კლასი მეტ-ნაკლებად თანხმდება განვითარების არსებული პოლიტიკის მართებულობაზე, ხოლო ოპოზიციური პარტიების მთავრობასთან დაპირისპირება მხოლოდ ძალაუფლების განაწილების საკითხებით შემოიფარგლება, ღია კითხვად რჩება ის, თუ ვინ უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა ავტორიტეტულ სახელმწიფოს. ემსახურება თუ არა ავტორიტარიზმისკენ უახლესი შემობრუნება არსებული განვითარების პოლიტიკის მიმართ წინააღმდეგობის ჩახშობას? ბოლო წლების გამოცდილება ნათლად გვაჩვენებს, რომ სწორედ განვითარების არსებული პოლიტიკის მიმართ სახალხო წინააღმდეგობას, რომელსაც ზურგს უმაგრებს სამოქალაქო საზოგადოება, ყველაზე მეტად აქვს ავტორიტარული მმართველობის შერყევის პოტენციალი. სწორედ ამგვარ ალიანსებს და წინააღმდეგობების ჩახშობას ისახავს მიზნად ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია. ჩვენ არ ვართ დაცულები იმისგან, რომ ხალხისა და გარემოს ინტერესები ისეთივე ან უფრო უარესი საფრთხეების წინაშე აღმოჩნდეს, ხოლო ანტისუვერენულ და ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებთან წინააღმდეგობა სულ უფრო გართულდეს და შეუძლებელიც კი გახდეს.

შესაბამისად, დაფიქრება გვმართებს იმაზე, თუ რა ტიპის სახელმწიფოს ან განვითარების პოლიტიკას უნდა ვესწრაფოდეთ, როგორ გავიკვალოთ გზა გეოპოლიტიკურ ხლართებში, სად უნდა ვეძებოთ ინსპირაცია და ვინ უნდა იტვირთოს ცვლილების განხორციელების პასუხისმგებლობა. რამდენად არის შესაძლებელი რომ მომავლის წარმოსახვები ისეთ წარსულ გამოცდილებაში ვეძიოთ, როგორიც მაგალითად საქართველოს პირველი რესპუბლიკაა? რა შეიძლება ვისწავლოთ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცდილებისგან დემოკრატიაში, საგარეო პოლიტიკაში, განათლებაში, ეკონომიკაში თუ სოციალურ პოლიტიკაში? რამდენადაა შესაძლებელი თანამედროვე კრიზისების თანმდევი უკმაყოფილების გარდაქმნა პროგრესულ პოლიტიკურ დღის წესრიგად? როგორ ვაქციოთ ჩაგრულის უძალობა სოციალური ცვლილებების მამოძრავებელ ძალად? როგორ გავაჩინოთ გატკეპნილი და ღრმად ჩაკირული სისტემების გადააზრების, ახალი ემანსიპატორული წესრიგის წარმოსახვის და ჭეშმარიტად დემოკრატიული წყობის შენების შესაძლებლობა?