დისკუსიის მონაწილეებმა რეკრეაციული ზონების გეგმაზომიერ განაშენიანებასა და გამწვანების პოლიტიკის გადახედვაზე ისაუბრეს. მათი თქმით, მთავარი პრობლემა გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის არარსებობაა. ბათუმის მთავარმა არქიტექტორმა გია რამიშვილმა, რომელიც საჯარო დისკუსიაზე, ერთერთი მომხსენებელი იყო, კანონის გამკაცრებაზე გააკეთა აქცენტი: „რეალურად, დღეს ბათუმში მოქმედი კანონმდებლობით, რეკრაციულ ზონებში პრაქტიკულად საცხოვრებელი სახლების გარდა, ნებისმიერი დანიშნულების შენობის აშენებას უშვებს, რაც რეკრეაციული ზონების გეგმაზომიერ განაშენიანებას უშლის ხელს, მაგრამ, იმედი მაქვს, ქალაქგანვითარების გეგმის დამტკიცებისა და კანონის გამკაცრების შემთხვევაში ეს პრობლემა მოგვარდება.
მომხსენებელმა ნინო გაბუნიამ ქალაქგანვითარების გეგმის დამტკიცების გაჭიანურების შესახებ მოსაზრება გამოთქვა და ბათუმის მერიას მოუწოდა დროულად წარადგინოს გეგმა და შეცვალოს სტრატეგია, რომელიც ეკონომიკური სარგებლიანობისთვის უპირატესობის მინიჭების გამო ქალაქს ეკოლოგიურ პრობლემას უქმნის. მისთვის ასევე კატეგორიულად მიუღებელია, ქალაქის მასშტაბების გაზრდის ფონზე, მრავალწლოვანი ნარგავების დეკორატიულით ჩანაცვლება.
აღსანიშნავია სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც მწვანე საფარი ბათუმში ზღვარზე დაბალია. ბათუმში ერთ მოქალაქეზე 10-15 კვადრატული მწვანე საფარის ნაცვლად, მხოლოდ 3 კვადრატი მოდის. თბილისის პარტიზანული მებაღეობის წარმომადგენლისთვის, ნატა ფერაძისთვის, ეს სტატისტიკა მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან, ბათუმი დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით, გამორჩეულად მწვანეა. მაგრამ, მისივე თქმით, პრობლემას წარმოადგენს მწვანე საფარის სწრაფი ტემპით განადგურება, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ამასთან, მიმდინარეობს პარკების გაჩეხვა-გადაკეთება, ეკონომიკური სარგებელის სანაცვლოდ. ამ ფონზე როგორ უნდა მოხდეს ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნება ისეთ ვითარებაში, როდესაც სასუნთქი ჰაერის ისედაც სავალალო მდგომარეობა, ქალაქის სამანქანო პარკის გაზრდის, სამშენებლო ნარჩენების და მშენებლობების წესების დაუცველობის და კიდევ სხვა ფაქტორების გამო არსებობს? აქ თავს იჩენს არა უმეცრება, არამედ ქალაქში მცხოვრები ადამიანების უფლებების სრული იგნორირება, ჯანმრთელობის უფლების ჩათვლით. ნატა ფერაძემ საზოგადოებას აქტიურობისკენ და მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ეკოლოგიური პრობლემების მიმართ საზოგადოების უანგარო აქტიურობა, საბოლოო შედეგს მოიტანს.