არასამთავრობო ორგანიზაცია თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით 2015 წლიდან ახორციელებს პროექტს ლექციები გორში: "უცნობი" საბჭოთა წარსული. ამ პროექტის უმთავრესი ამოცანებია: ახალგაზრდებს შორის საბჭოთა წარსულის შესახებ ცნობიერება აამაღლოს; შექმნას სადისკუსიო სივრცე საბჭოთა კავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე; ხელი შეუწყოს ტოტალიტარული იდეებისა და სიმბოლოების კრიტიკულ გააზრებას.
ტრადიციული ლექცია-სემინარების გარდა, 2016 წელს მოცემული პროექტი სხვადასხვა ახალ საქმიანობასაც გულისხმობს, რაც თავის მხრივ ფილმების ჩვენებებს და განხილვებს, ასევე საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SOVLAB)-ის მიერ თბილისში მომზადებულ საბჭოთა ტერორის ტოპოგრაფიის ტურსაც გულისხმობს. ორი კვირის განმავლობაში პროექტი მიმართული იქნება ქალთა საკითხების განხილვაზე, კერძოდ ქალების როლსა და მათ მიმართ დამოკიდებულებებზე საბჭოთა კავშირში.
ლექციები გორში: „უცნობი“ საბჭოთა წარსული თავის საქმიანობებში გორის სხვადასხვა საჯარო სკოლისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების 30 ახალგაზრდას ჩართავს. პროექტის ფარგლებში მათთვის 7 სასემინარო და სალექციო თემა იქნება შეთავაზებული:
- როგორ ჩამოყალიბდა საბჭოთა ტოტალიტარიზმი და რა განსაზღვრავს მის „მომხიბლველობას“? (სოფო ზვიადაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი)
- საბჭოთა იდეოლოგიის საფუძვლები და როგორ მუშაობდა იგი? (გიორგი მაისურაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი)
- ურბანული და რურალური საბჭოთა ცხოვრება - როგორ შეიქმნა ქალაქ გორის „პროექტი“ (ვლადიმერ ვარდოსანიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი)
- საბჭოთა ქალი - საბჭოთა გენდერული პოლიტიკის ისტორიული რეტროსპექტივა (ლელა გაფრინდაშვილი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი)
- სტალინის კულტი და მისი შედეგები (ლაშა ბაქრაძე, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი)
- სტალინი ქართულ ლიტერატურაში (თეონა ბექიშვილი, ფილოლოგი)
- პრივილიგირებული ინტელიგენცია - „პრივილიგენცია“ (ნინო ჩიქოვანი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი)
პროექტი ლექციები გორში: „უცნობი“ საბჭოთა წარსული 2015 წელს დაწყებული საქმიანობის გაგრძელებაა და დღეისთვის თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ეფუძნება. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული სასწავლო კურსი გორის უნივერსიტეტის კურიკულუმში აისახება.