სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები: შემცირებული სარგებელი

ვებ-დოსიე

საბჭოთა კავშირის დაშლის და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სომხეთი მუდამ იდგა მძიმე არჩევანის წინაშე სუვერენობას და უსაფრთხოებას შორის. უსაფრთხოების ნაკლებობის გამო, რომელიც წარმოქმნა მეზობელ აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის ომმა ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, სომხეთი ეყრდნობა რუსეთს როგორც თავის “სტრატეგიულ პარტნიორს“ და უსაფრთხოების მიმწოდებელს.

შესავალი

სამხრეთ კავკასიისთვის რუსეთის პოლიტიკა ნათელი და თანამიმდევრული იყო და მას წარმართავდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე ძალაუფლების და ზეწოლის შენარჩუნების და კონსოლიდირების პრინციპი. ამ თავდაჯერებული პოლიტიკის ამოსავალია ის, რომ  ყოფილი საბჭოთა სივრცე რუსეთის გავლენის ბუნებრივი სფეროა. მოსკოვისთვის მიუღებელია “ახლო უცხოეთის”  მიმართ მის პოზიციასთან დაკავშირებით რაიმე სახის გამოწვევა ან შეჯიბრი. ამ კონტექსტში სომხეთი, თავისი განსაკუთრებული პოზიციით რეგიონში როგორც რუსეთის ბაზის მიმღები და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის, მოგვიანებით კი, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრიც,  რუსეთის ძირითადი დასაყრდენი იყო სამხრეთ კავკასიაში.

საბჭოთა კავშირის დაშლის და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სომხეთი მუდამ იდგა მძიმე არჩევანის წინაშე სუვერენობას და უსაფრთხოებას შორის. უსაფრთხოების ნაკლებობის გამო, რომელიც წარმოქმნა მეზობელ აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის ომმა ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, სომხეთი ეყრდნობა რუსეთს როგორც თავის “სტრატეგიულ პარტნიორს“ და უსაფრთხოების მიმწოდებელს. თუმცაღა, რუსეთზე დაყრდნობა თანდათანობით დევალვირდა ტრანსაქციულ ურთიერთობამდე, რაც მუდმივად რისკის ქვეშ აყენებს სომხეთის დამოუკიდებლობას და ძირს უთხრის მის სუვერენიტეტს.  

რაც დრო გადიოდა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ რაც რუსეთი დაეუფლა  სომხეთის ეკონომიკის წამყვან სექტორებს, იზრდებოდა სომხეთის მეტისმეტი დამოკიდებულება რუსეთზე, რასაც თან სდევდა სომხეთზე რუსეთის კონტროლის გაძლიერება. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ სომხეთი გახდა რუსეთის ერთადერთი მოკავშირე სამხრეთ კავკასიაში -  ერთადერთი ქვეყანა, სადაც განთავსებულია რუსეთის სამხედრო ბაზა, ქვეყანა, რომელიც არის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი - რომელსაც სათავეში რუსეთი უდგას, და ქეეყანა, რომელიც ბოლო წლებში შეუერთდა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს, სადაც დომინანტურ როლს რუსეთი ასრულებს.

მიუხედავად ზემოთქმულისა, უკანასკნელ წლებში სომხურ-რუსულ ურთიერთობებში შეიმჩნევა დაგვიანებული, თუმცა თვალსაჩინო, კრიზისი. კრიზისი, რომელიც გამოიწვია  ფაქტორთა ერთობლიობამ, გამოიხატა შემდეგით: სანქციებით დამძიმებულ რუსულ ეკონომიკაში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება, რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება, აღშფოთება რუსული იარაღის აზერბაიჯანისთვის მიყიდვის ფაქტით, და ბოლოს, 2016 წლის მთიანი ყარაბაღის “ოთხდღიან ომში” რუსული უსაფრთხოების გარანტიების სიმწირით გამოწვეული ფრუსტრაცია. მაგრამ სომხეთისთვის ნამდვილი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა ორი უცილობელი გამოწვევის სახით. პირველია ის, რომ ხსენებული კრიზისი რუსეთთან ურთიერთობაში და სომხეთის უკმაყოფილება ურთიერთობის პირობებით შესაძლოა აღქმული იყოს ან როგორც ძალზე უმნიშვნელო ან როგორც ძალზე დაგვიანებული. და მეორე, გაურკვეველია, როგორ უპასუხებს მოსკოვი ასეთ გამოწვევას, რომელიც მხოლოდ ძირს უთხრის მის ძალაუფლებას და პოზიციებს როგორც სომხეთში, ისე მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ცვლილებები რუსულ სტრატეგიაში

თავიდან სომხეთმა სიხარულით მიიღო რუსეთი უსაფრთხოების მიმწოდებლად, და ეს ურთიერთობა სტაბილურად ფართოვდებოდა და ღრმავდებოდა, რადგან ყარაბაღის მოუგვარებელი კონფლიქტიდან წარმოქმნილი საფრთხის აღქმა და უსაფრთხოების მუდმივი არარსებობა სომხეთს მხოლოდ რუსეთის მიმართულებით უბიძგებდა. მოსკოვისთვის ერევანი მის კარზე მდგომი მოწყვლადი მთხოვნელი იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც აზერბაიჯანი სერიოზულად შეუდგა შეიარაღებას და გაზარდა თავდაცვის ხარჯები და შესყიდვები, და რაც გახშირდა ისედაც მყიფე ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევები.  

პარალელურად, სომხეთის დამოკიდებულება რუსეთზე ფართოვდებოდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ელემენტების ჩართვით სამ კონკრეტულ სფეროში. პირველი ისაა, რომ რუსეთმა ნაბიჯ-ნაბიჯ მოიპოვა ან სრული მფლობელობა ან კონტროლი სომხეთის ეკონომიკის რამდენიმე წამყვან სექტორზე, მათ შორის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციის სექტორებზე, უკანასკნელ ხანს კი, სამთო მრეწველობაზე. მან ასევე სრული კონტროლი მოიპოვა ეროვნული რკინიგზის ქსელზეც. ამ ეკონომიკური დამოკიდებულების მეორე ასპექტი, ისევე როგორც სხვა პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოების შემთხვევაში, არის ენერგოუსაფრთხოების დათმობა რუსული ბუნებრივი გაზის სუბსიდირებული იმპორტის სანაცვლოდ. დამატებითი მოწყვლადობა გამოიწვია იმ ფაქტმა რომ რუსეთის დიდ ქალაქებში დასაქმებაზე დამოკიდებული იყო მრავალი სომეხი შრომითი მიგრანტი და სეზონური მუშა, რომლებზეც მოდიოდა სომხეთში საზღვარგარეთიდან შესული ფულადი გზავნილების დიდი წილი.

მაგრამ სომხეთ-რუსეთის ხანგრძლივი ურთიერთობის გადამწყვეტი მამოძრავებელი მაინც სამხედრო და უსაფრთხოების ელემენტები იყო. თუმცაღა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რუსეთის - როგორც სომხეთის უსაფრთხოების პატრონის - მიდგომა მნიშვნელოვნად შეიცვალა და თანდათანობით მიაღწია წერტილს, როდესაც რუსეთი გახდა შეიარაღების ძირითადი მიმწოდებელი კონფლიქტში მოინაწილე ორივე მხარისთვის: რუსეთი აგრძელებდა მნიშვნელოვანი ფასდაკლებით იარაღის მიყიდვას სომხეთისთვის და ამავე დროს უფრო განვითარებულ და უფრო ძვირ შეიარაღების სისტემებს აწვდიდა აზერბაიჯანს. მართალია, რუსეთი ამ მოდიფიცირებული პოლიტიკის გატარებისას ცდილობდა შეენარჩუნებინა ზოგადი თანასწორობა ან მეტ-ნაკლები ძალთა ბალანსი მხარეებს შორის, ამ პოლიტიკამ მაინც თანდათანობით ცვლილება გამოიწვია ძალთა ბალანსში.

რუსული შეიარაღების აზერბაიჯანისთვის მიყიდვის გამო გაღიზიანების გარდა, ერევანში  ასევე შეშფოთება გამოიწვია მოსკოვის დაჟინებულმა წინადადებამ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარების საჭიროებაზე. მიუხედავად იმისა, რომ წინადადებას საეჭვო პერსპექტივა ჰქონდა, დიპლომატიურ მოლაპარაკებებში წამყვანი როლის შესრულებით რუსეთი ორ მნიშვნელოვან უპირატესობას აღწევდა. პირველ რიგში, ამ როლის მორგებით რუსეთმა აიძულა სხვა მედიატორები – საფრანგეთი და აშშ – დათანხმებულიყვნენ და მიეღოთ ამოსავალ წერტილად რუსეთის ძალაუფლება და გავლენა სამხრეთ კავკასიაში, და მეორე, აზერბაიჯანშიც მისი როლის მსგავსი აღქმა გაჩნდა – მოსკოვს მიენიჭა მეტი პატივისცემა და ის თანდათანობით აღქმული იყო როგორც გადამწყვეტი როლის მქონე მხარე კონფლიქტის მოგვარებაში. ორივე ფაქტორმა გააძლიერა რუსეთის პოზიცია რეგიონში, რაც იყო კიდეც რუსეთის ამოცანა და რაც ხშირად სათანადოდ არ არის შეფასებული და სწორად გაგებული.  

სომხეთის საპასუხო პოლიტიკა

რუსეთზე დამოკიდებულების ზრდასთან ერთად, სომხეთის სენსიტიურობა მისი სუვერენიტეტს უგულებელყოფის და მისი დამოუკიდებლობისთვის ჩარჩოების დაწესების გამო მხოლოდ გაიზარდა, განსაკუთრებით რუსეთთან ურთიერთობაში ისტორიულად არსებული ასიმეტრიის და რუსეთის ქედმაღლობის ფონზე. მაგრამ კრიტიკული მომენტი დადგა 2016 წლის აპრილში, როდესაც აზერბაიჯანის მხრიდან სერიოზულმა სამხედრო შეტევამ წარმოაჩინა როგორც რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების, ასევე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის, შეზღუდულობა. თუმცაღა, რუსეთზე მეტისმეტი დამოკიდებულება, რომელიც კიდევ უფრო იზრდებოდა, და სომხეთის მოწყვლადობა რუსეთიდან იარაღის და გაზის იმპორტის გამო სომხეთს კარნახობს მიმართოს სიფრთხილის გონივრულ პოლიტიკას.

მიუხედავად იმისა გამოიჩენს თუ არა რუსეთთან ურთიერთობაში სომხეთი სიფრთხილეს ან დროებით თავშეკავებას, სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების თვალსაჩინო კრიზისი მაინც არსებობს. და ეს კრიზისი გრძელდება იმის ფონზე რომ ცვდება სამხედრო დაპირებების და უსაფრთხოების ვალდებულებების დამაჯერებლობა და იძაბება ეკონომიკური ურთიერთობა სანქციებით შევიწროებულ რუსულ ეკონომიკაში სომეხი მიგრანტების სამუშაოს კარგვის და მათგან ფულადი გზავნილების შემცირების ფონზე. თუმცა კრიზისი სიფრთხილეს კარნახობს ერევანს, არსებობს დამატებითი გამოწვევები მოსკოვთან ურთიერთობის საჭირო, მაგრამ სარისკო, “გადატვირთვის” გზაზე. პირველი და მნიშვნელოვანი ისაა რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია როგორ იქნება აღქმული სომხეთის უკმაყოფილება ურთიერთობის ასიმეტრიულობით - ძალზე უმნიშვნელო თუ ძალზე დაგვიანებულ საპასუხო პოლიტიკად. მეორე გამოწვევა, რომელიც დამატებით გაურკვევლობად რჩება, არის წუხილი რუსეთის შესაძლო რეაქციის გამო. მოსკოვმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს სომხეთს უპასუხოს მკაცრად, თუ მის ნაბიჯს აღიქვამს ზედმეტად აგრესიულად ან თავდაჯერებულად და ამას ჩათვლის მიუღებელ გამოწვევად მისი პოზიციებისთვის როგორც სომხეთში, ისე მთლიანად სამხრეთ კავკასიაში.  

ამასთანავე, რუსეთის რბილი ძალის გათვალისწინებისას, სომხეთი შეიძლება მიჩნეულ იქნეს როგორც გამონაკლისი და არა მაგალითი. უფრო კონკრეტულად, რუსეთის მიდგომა სომხეთისადმი დიდწილად ეფუძნება ძლიერი ძალის ინსტრუმენტების გამოყენებას, სომხეთის სამხედრო ძალის უსაფრთხოების არარსებობას მთიანი ყარაბაღის გადაუჭრელ კონფლიქტთან დაკავშირებით და იმ რეალობის გამოყენებას, რომ ყარაბაღის კონფლიქტი რჩება ყველაზე იოლ საშუალებად მოსკოვისთვის, შეინარჩუნოს გავლენა სომხეთსა და აზერბაიჯანზე.  

და შესაძლოა ყველაზე საინტერესო არის ის რომ, რუსეთის ეფექტური რბილი ძალის ნაკლებობამ სომხეთში, გააძლიერა მოსკოვის მიერ ზეგავლენა სომხეთის მორჩილ მთავრობაზე იმის ნაცვლად რომ, რუსეთს პირდაპირ ჩაედო ინვესტიცია პოლიტიკაში ან მხარი დაეჭირა კონკრეტული პარტიებისთვის ან პოლიტიკოსებისთვის. მაგრამ ზუსტად რუსეთის რბილი ძალის არარსებობა არის არახელსაყრელი მოსკოვისთვის, რადგან ეს მხოლოდ ხელს უწყობს რუსეთის მიერ სომხეთის მორჩილების უპირობოდ მიჩნევას. სწორედ ეს იწვევს შორეული პერსპექტივის ძირის გამოთხრას და რუსეთის სისუსტის ძირითად მიზეზს სომხეთში.

პერსპექტივები

სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში წარმოქმნილი კრიზისის სწრაფი გადაწყვეტა არც უეჭველია და არც იმედის მომცემი. მაგრამ, რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს, სწორედ რუსეთი - და არა სომხეთი -  დგას რთული და საშიში “ძალაუფლების პარადოქსის” წინაშე ორი მიზეზის გამო. პირველ არსებით გამოწვევას მოსკოვისთვის ერევანთან ურთიერთობაში წარმოადგენს Fფრთხილი თავშეკავების და გამოზომილი პასუხის საჭიროება, რომელთაგან არც ერთი არ არის ტრადიციული რუსული პოლიტიკის დამახასიათებელი. უფრო კონკრეტულად, ფრთხილი თავშეკავება რუსეთის რეაქციაში იმპერატიულია რეგიონში რუსეთის პოზიციის ფარული სისუსტის და აშკარა იზოლაციის გამო. რუსეთმა უფრო  ფრთხილად უნდა შეაფასოს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება სომხეთის გაუცხოება გამოიწვიოს რადგან სომხეთი მისი ერთადერთი დასაყრდენია - თუმცა მასთან არც სახმელეთო და არც საზღვაო საზღვარი არ აქვს, და საჰაერო კავშირიც პრობლემატურია,  ხოლო რუსეთის საკუთარი შესაძლებლობები სწრაფად უპასუხოს შესაძლო კრიზისებს რეგიონში არ არის ცალსახა და უეჭველი.  

მეორე ამასთან დაკავშირებული წუხილი არის ის, რომ არამოზომილმა პასუხმა შესაძლოა სომხეთი დააშოროს და აიძულოს აიღოს ისეთი სტრატეგიული ორიენტაცია, რომელიც მას შესთავაზებს შეზღუდულ, მაგრამ მომხიბვლელ ალტერნატივებს, დაწყებული ევროკავშირით  და დამთავრებული ჩინეთის სასარტყლო გზის ინიციატივით. უფრო მეტიც, როგორც რუსეთის მეთაურობით მოქმედი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრს, სომხეთს ენიჭება ახალი, გაზრდილი სტრატეგიული მნიშვნელობა, შესძინოს ამ კავშირს ის რაც მას აკლია – სარწმუნოობა და სიძლიერე, რადგან ის ევრაზიის კავშირის ერთადერთი წევრია, რომელსაც ამავე დროს აქვს სტრატეგიული შეთანხმება ევროკავშირთან და ერთადერთი სტაბილურად მეგობრული მეზობელია მსოფლიო ასპარეზზე კვლავ გამოჩენილ ირანთან.

ორივე ეს უნიკალური მოცემულობა აძლიერებს სომხეთის პოზიციებს და ქმნის ისეთ სიტუაციას, რომელშიც შესაძლოა რუსეთთან ურთიერთობის ასიმეტრიულობა საპირისპიროდ შებრუნდეს. ორივე ფაქტორი ასევე ხელს უწყობს რუსეთის “ძალაუფლების პარადოქსს”, რომლის პირობებშიც ნებისმიერმა ქმედებამ სომხეთთან ურთიერთობაში წარმოქმნილ კრიზისში, გარდა გონივრული პოლიტიკის და მოზომილი პასუხისა, შეიძლება სერიოზულად და გრძელვადიანად შეარყიოს რუსეთის ძალაუფლება და პოზიციები სამხრეთ კავკასიაში.