გვაქვს უფლება ქალაქზე?

სტატიაში ავტორი, თბილისის მაგალითზე დაყრდნობით, აანალიზებს ურბანული პოლიტიკის ძირითად გამოწვევებს და ამ გამოწვევების საპასუხოდ, ურბანული მოძრაობების მონაწილეთა, იდეების, პროტესტის ფორმების ცვლილებებს. სტატიაში ასევე მიმოხილულია სხვადასხვა დროს განვითარებული ურბანული პროტესტების შინაარსი და მათ ცვლილებათა მთავარი ტენდენციები და გამოწვევები, ქვეყნის დემოკრატიის მდგომარეობასთან კავშირში.

დავით კუხალაშვილის ილუსტრაცია

დემოკრატიული სისტემის მშენებლობის ბარომეტრი, სახელმწიფოებრივ და ინსტიტუციურ პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობასა და მის ხარისხზე  სწორდება. მთავარი მაჩვენებელი ადმინისტრაციული გადაწყვეტილების ფორმირებაზე ამგვარი მონაწილეობის შედეგები და მოქალაქეთა არგუმენტაციის გავლენების მასშტაბია. დევიდ ჰარვის კონცეფცია „უფლება ქალაქზე“ დემოკრატიული სისტემის მშენებლობის ისეთ პროცესს აღწერს, სადაც მოქალაქეები ადგილობრივ დონეზე, საკუთარი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებაში უშუალოდ არიან ჩართულები. გარკვეულწილად, ეს დემოკრატიის ყველაზე ხელშესახები, ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირებული პროცესია, რომელსაც ურბანული მოძრაობები, სამეზობლო და ადგილობრივი თემები ყოველდღიურად ქმნიან.

ურბანული მოძრაობების ისტორია თბილისისთვისაც არ არის უცხო, თუმცა მათზე დაკვირვება დემოკრატიის განვითარების ნაცვლად, მისი კრიზისის მაგალითებს ამხელს. წლების განმავლობაში, ხელისუფლებათა ცვლილებებთან ერთად, იცვლებოდა დემოკრატიული პროცესიდან საზოგადოების ამოგდების გზები, ძლიერდებოდა საჯარო ინტერესის ხარჯზე კერძო ინტერესის გატარების მისწრაფებები, ამაზე პასუხად, ვითარდებოდა და იცვლებოდა ურბანული საპროტესტო მოძრაობები, მათი ბრძოლის ფორმები. მოქალაქეთა ნებისა და მათი ინტერესების იგნორირების გზით ბიზნესის ინტერესების წახალისება, სამოქალაქო მოძრაობების დასუსტება და ამით საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გადალახვა, საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების ერთი და იგივე გამოცდილებაა, განსხვავება მხოლოდ მეთოდებსა და ტენდენციებშია.

გამოწვევა 1. ეკონომიკის ქაოტური მშენებლობა

ქაოტური მშენებლობების ბუმი საქართველოს მსხვილ ქალაქებში, 2000-იანი წლების დასაწყისიდან იღებს სათავეს და 2006 წლიდან, სრული სვლით, ბიზნესისთვის განსაზღვრული მსუყე პრივილეგიებით და საკანონმდებლო რეგულაციებისგან თავისუფლად ოპერირებს. ქალაქების ისტორიულად ჩამოყალიბებული ქსოვილის მორღვევა, მწვანე და სარეკრეაციო სივრცეების ბეტონის სტრუქტურებით ოკუპაცია და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე „ევრორემონტის“ სტრუქტურათა დაშენება/მიშენება, მაშინდელი ხელისუფლების მიერ ეკონომიკური აღმავლობისათვის მოჭრილი „მოკლე გზის“ შედეგებია. სწორედ ამ დროს ხდება დასაშვები მშენებლობა ყველგან და ყველაფრის ხარჯზე. „განვითარების“ სახელით მიმდინარე სამშენებლო პროცესებს არ აჩერებს ტერიტორიისა თუ ძეგლების ისტორიული ღირებულება, გარემოს დაცვის კუთხით არსებული საფრთხეები, სამეზობლო თემებისა და ქალაქის სხვა მცხოვრებთა ძვირფასი მეხსიერება ქალაქის იდენტობის მიმართ; მშენებლობის ნებართვები გაიცემა ყველგან, იქაც კი, სადაც წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა აგრესიულ ჩარევას. 2010 წლიდან ქალაქის საყვარელი პარკის „მზიურის“ ტერიტორიაზე იწყება ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობა, პარალელურად კი, მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ვერეს კალაპოტში იგეგმება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობები. მშენებლობა იგეგმება თბილისის ისტორიულ ნაწილებშიც. ახლებული განაშენიანება ემუქრება ქალაქის ჩუმ სიამაყეს გუდიაშვილის მოედანს. პროცესები იქამდეც წავიდა, რომ სასტუმროს მშენებლობა, ქალაქის ყველა თაობის საყვარელ „ვაკის პარკშიც“ დაიგეგმა. ამგვარად, მცოცავმა ბეტონმა ქალაქის ყველა საზღვრი გადალახა.

პასუხი 1. პირველი ტალღის ურბანული მოძრაობები

ამ პროცესების შედეგად, საზოგადოებაში დაგროვებას იწყებს ბრაზი და პროტესტი, რომელიც მოგვიანებით ურბანული მოძრაობების პირველი ტალღის ჩამოყალიბებას უდებს სათავეს. „Save Mziuri”, „დაიცავი გუდიაშვილი“, „ვაკის პარკის გადასარჩენად“ და სხვა პროტესტებმა, თბილისის ცენტრალური ნაწილის მცხოვრებლებისგან შემდგარი ჯგუფები საპროტესტო მოძრაობებად ჩამოაყალიბა. „ტფილისის ჰამქარი“, „პარტიზანული მებაღეობა“ და სხვა აქტივისტები, რომლებიც ქალაქის პოპულარულ ურბანულ მოძრაობებად იქცნენ, საკუთარ სათქმელს საბაზისო გარემოს დაცვის ცნობიერებას აფუძნებდნენ, ხოლო საზოგადოებრივ გზავნილებს გარემოს დაცვის პერსონალური პასუხისმგებლობის მოტივებზე აგებდნენ.

მათი საპროტესტო აქციები ქუჩის ფესტივალებით, სახელოვნებო ღონისძიებებით, გამწვანების აქციებითა და სხვა ფორმატებით გამოხატავდა წუხილს ქალაქის იდენტობის გაქრობისა და შევიწროების გამო. სათქმელი, როგორც წესი, კონკრეტული ადგილის დაცვის, მისი გადარჩენის ირგვლივ იგებოდა. ამ პროგრესულმა ხედვებმა მაშინ ბევრი ადამიანი გააერთიანა. გაერთიანების მნიშვნელოვანი მიზეზი ისიც იყო, რომ საფრთხე ემუქრებოდა გამორჩეულად პოპულარულ, ქალაქის იდენტობის განმსაზღვრელ ადგილებს, რომელიც ერთნაირად უყვარდა ყველა ასაკისა და ჯგუფის ადამიანებს. ამდენად, კონკრეტული ადგილის დაცვითა და გადარჩენით წამოწყებული ეს ბრძოლები პასუხობდა საყვარელი ადგილის განადგურების საფრთხეებით აღშფოთებულ მოქალაქეებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საკითხის აქტუალიზების საფესტივალო საპროტესტო ფორმები, ახალი და საინტერესო იყო თბილისის მოსახლეობისთვის. ამ მიზეზებმა ურბანული მოძრაობის პირველი ტალღის წარმატებულ ბრძოლებს მისცა ბიძგი.

გამოწვევა 2. ხელისუფლების ტყავში გახვეული ბიზნესი

2012 წელს საქართველოში მშვიდობიანი გზით იცვლება ხელისუფლება. ახალი მმართველი გუნდი წინა ხელისუფლების ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კურსის მწვავე კრიტიკით გამოდის. მათ შორის, ურბანულ საკითხებზე, გარემოს დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღების პირობას დებს. აცხადებს, რომ გამოასწორებს წინა ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებს და არ დაუშვებს მშენებლობას ვაკის პარკში და გუდიაშვილის მოედანზე.[1] ხელისუფლების პარადიგმის საჯარო ცვლილებისა და აქტივისტების ერთიანობის, აქტივისტური და სამართლებრივი ბრძოლების პერმანენტულობის შედეგად, გუდიაშვილის მოედნისა და ვაკის პარკის შენარჩუნება მართლაც ხერხდება. თუმცა ურბანული მოძრაობების წინაშე ახლებური ფორმით წარმოდგენილი ძველი საფრთხეები იჩენს თავს. ხელისუფლებაში გამაგრებული ბიზნესმენები, საკუთარი ბიზნესპროექტების მფარველობას სახელმწიფო სტრუქტურების სრული მობილიზებით აგრძელებენ. ხელისუფლების გარემოს დაცვის პასუხისმგებლობის შესახებ ჩანასახოვან წარმოდგენებს წყალი, თავდაპირველად, საყდრისის მაღაროს შემთხვევამ შეუყენა. ბოლნისის რაიონში, მადნეულის მომპოვებელი კომპანია „არემჯი გოლდი“, რომელიც პირდაპირ მმართველი პარტიის ხელმძღვანელობასთან იყო დაკავშირებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის უძველესი მაღაროს, საყდრისის ტერიტორიაზე მოპოვებების განახლებისთვის იწყებს მოქმედებას. მის მხარდასაჭერად, საკანონმდებლო რეგულაციების უგულებელყოფითა და დარღვევით, პარალელურად ამოქმედდა მთელი სახელმწიფო აპარატი, კულტურის სამინისტრო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, საქართველოს მთავრობა. ცოტა მოგვიანებით, არაფორმალურ მმართველთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია თბილისის ისტორიული ნაწილის გულში, თავისუფლების მოედნის მიმდებარედ გეგმავს უზარმაზარი, უმასშტაბო ბიზნესცენტრის „პანორამა თბილისის“ მშენებლობას. „პანორამა თბილისის“ მშენებლობის გადაწყვეტილების მიღების პროცესი, საზოგადოებასთან სრული წინააღმდეგობით, მათ შორის, მასში საზოგადოების მონაწილეობის არსებითი შეზღუდვებით წარიმართა. საზოგადოების ჩართვის დასაბრკოლებლად, ხელისუფლებამ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა თბილისის მერიიდან ეკონომიკის სამინისტროში გადაიტანა, რადგან პროფესიონალთა მედგარ წინააღმდეგობას სწორედ მერიასა და საკრებულოში არსებული მონაწილეობის სივრცეებში აწყდებოდა. ეკონომიკის სამინისტროს წიაღში შეღწევა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა პროექტის მოწინააღმდეგეთათვის. ურბანული მოძრაობებისთვის ცხადი ხდება, რომ ახალი ხელისუფლება განუხრელად აგრძელებს ძველი ხელისუფლების დროს დაწყებულ, ქალაქის ქაოტური განაშენიანების კურსს, თუმცა ამჯერად პროცესს, ხელისუფლების წარმომადგენელთა ძლიერი ბიზნესინტერესი ემატება, რომლის სასარგებლოდ სახელმწიფო სისტემა სრულადაა მობილიზებული, რაც მოგვიანებით საზოგადოების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების დასუსტებას იწვევს.

პასუხი 2. მეორე ტალღის ურბანული მოძრაობები

ახალი ხელისუფლების სახის გაშიშვლებამ, ქაოტური და უკანონო განაშენიანების პროცესში ხელისუფლების წარმომადგენელთა უშუალო და ძლიერმა ბიზნესინტერესმა, ქალაქის მიმართ ადრე არსებული საფრთხეები ახლებური ძალით წარმოაჩინა. ურბანული პროტესტების ჩამოყალიბებული ფორმები და მეთოდები – საფესტივალო/საპროტესტო გამოსვლები, გარემოს დაცვის პერსონალური პასუხისმგებლობა, გაძლიერებული საფრთხის პირისპირ, სუსტად გამოიყურებოდა. დემოკრატიის ამ ახალი კრიზისის წინაშე, ურბანული საპროტესტო მოძრაობები მეტად მოწყვლადი აღმოჩნდა. დანაწევრებულ ურბანულ მოძრაობებსა და ჯგუფებს დიდი დრო ეხარჯებათ წარსული შეცდომების ანალიზზე, ძველი პროტესტის ფორმისა და შინაარსის კრიტიკაზე; ამ პროცესში გამოკვეთილი თანამოაზრეები შედარებით ორგანიზებულ, ახალ ერთობებს ქმნიან. ახალი მოძრაობები, უმეტესად, ახალგაზრდა, მემარცხენე შეხედულებების მქონე აქტივისტებისგან შედგება. მათი საპროტესტო გზავნილები სცდება მხოლოდ ქალაქის ურბანულ და გარემოს დაცვის თემებს და პრობლემის სოციალური სისტემის ჭრილში დანახვას ცდილობს. ახალი მოძრაობები დღის წესრიგში სოციალური საკითხების დაყენებას ითხოვენ, ასევე ცდილობენ პროტესტის დროს მემარცხენე სიმბოლიკის გამოყენებას და გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების გაერთიანებას, პრობლემის მიზეზად კი კაპიტალის უკონტროლო მოქმედების მიჩნევას. უკვე ჩამოყალიბებული მოძრაობები საკითხის უფრო დაკონკრეტებას, კონკრეტული წუხილის ირგვლივ პროტეტის აგებას, არგუმენტების ჩაღრმავებასა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრას ემხრობოდნენ.

ძველი და ახალი ურბანული მოძრაობების გზის მკაფიო გამიჯვნა, ყველაზე მეტად მაინც „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ ბრძოლისას გამოიხატა. „პანორამის“ წინააღმდეგ აქტივისტებმა გაერთიანებული ძალებით დაიწყეს ბრძოლა და მოძრაობა „ერთად“ ჩამოაყალიბეს. მოძრაობამ ერთადერთი, თუმცა მნიშვნელოვანი საპროტესტო აქცია გამართა, სადაც მსვლელობით გააპროტესტა თბილისის ისტორიული ნაწილის მასობრივი რღვევა და მის გულში, უსახური, მძიმე განაშენიანების გაჩენა. „პანორამა თბილისის“ ეს აქცია ძველი და ახალი ტალღის აქტივისტების ერთად დგომის უკანასკნელი მაგალითი აღმოჩნდა. ამ აქციამ გამოაჩინა ჯგუფების ერთიანობის ინერცია და საბოლოო დაშლისკენ მიმავალი პროცესი, შეუთანხმებლობა იდეებსა და იდეოლოგიაზე, პროტესტის ფორმასა და შინაარსზე. ამდენად, „პანორამის“ წინააღმდეგ ერთიანი ძლიერი საპროტესტო ფრონტით გამოსვლა შემდგომში ვეღარ მოხერხდა. თუმცა, შესაძლოა, აქტივისტების გაერთიანებას მაინც ვერ დაეძლია, მეორე მხარეს, სრული ძალით აბობოქრებული, ურთიერთშერწყმული სახელმწიფო და კაპიტალის ინტერესი. მართლაც, „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ საზოგადოება დამარცხდა. დღეს ეს უმასშტაბო გიგანტი, ქალაქის ისტორიული ნაწილის გულშია ჩასობილი.

გამოწვევა 3. მონაწილეობის შეზღუდვა, პასუხისმგებლობის სიმულაცია

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, იცვლება ქალაქ თბილისის ხელისუფლება. ამ პერიოდიდან აშკარა ხდება, რომ ცენტრალური ხელისუფლება განვლილი ურბანული წინააღმდეგობებისა და პროტესტების გამო პასუხისმგებლობას ადგილობრივ ხელისუფლებაზე გადაიტანს. ამას ქალაქის ახალი მერის, კახი კალაძის გარემოს დაცვისა და ქალაქზე ზრუნვის მსუყე საარჩევნო პროგრამაც ადასტურებს. დაპირებების თანახმად, კალაძე სრულად იაზრებს მწვანე სივრცეებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობას, აღიარებს დაშვებულ შეცდომებს (გარდა „პანორამა თბილისისა“, რომელსაც არაერთხელ მიესალმა, როგორც პროგრესულ ბიზნეს იდეას) და მათი გამოსწორების პირობას დებს.

პოლიტიკურ ნარატივში ურბანულმა საკითხებმა ცენტრალურიდან აშკარად ადგილობრივ დონეზე ჩამოიწია.

საკუთარი დაპირებების აღსრულების დასტურად, კალაძემ „ზონალური საბჭოს“ გაუქმების პირობაც დადო. „ზონალური საბჭო“ თბილისის მერიაში მოქმედი საკონსულტაციო ორგანო იყო, რომლის საქმიანობას პირდაპირ და უშუალოდ უკავშირდებოდა ქალაქის ქაოტური განაშენიანების უმძიმესი გადაწყვეტილებები. საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობა, თავად დეველოპერული ბიზნესის წარმომადგენლები, დაუბრკოლებლად განაგრძობდნენ კოეფიციენტების ცვლის, ზონალური შეთანხმებების გაფორმებისა და ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებას, რაც ქალაქის უსახური მშენებლობების, საზოგადოების იგნორირებისა და საჯარო ინტერესების დაზიანების უმწვავეს ფორმებს იღებდა. მიუხედავად ამისა, ზონალური საბჭოს სხდომები, მოქალაქეთა მონაწილეობის გარკვეულ სივრცეს ტოვებდა. დაბრკოლებების გადალახვისა და წინააღმდეგობის შექმნის შემდეგ, მაინც შესაძლებელი ხდებოდა ზონალური საბჭოს სხდომაზე მოქალაქეთა მონაწილეობა და არგუმენტების გაჟღერება.[2] ზონალური საბჭოს დახურვის შემდეგ, თბილისის მერს მუნიციპალურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობის ეფექტიანი და მოქნილი მექანიზმები არ შეუქმნია. მართალია, თბილისის მერიის არქიტექტურისა და ურბანული სამსახურების ვებგვერდებზე ქვეყნდება ინფორმაცია ზოგიერთ გადაწყვეტილებაზე, რამაც, წესით, მათი განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღებაში მოქალაქეებს ხელი უნდა შეუწყოს, თუმცა ამ ვებგვერდებით სარგებლობა განსაკუთრებული ტექნიკური უნარების, ცოდნისა და არქიტექტორთა წრეში მაღალი ცნობადობის გარეშე, ფაქტობრივად შეუძლებელია. მთავარი კი ისაა, რომ სამშენებლო ნებართვებზე გადაწყვეტილების მისაღებად მერიაში საჯარო სხდომები თითქმის არ იმართება და გადაწყვეტილებები, როგორც წესი, დახურულ კარს მიღმა მიიღება, შედეგად, მოქალაქეები ზოგიერთი მუნიციპალური გადაწყვეტილების, მათ შორის, მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ, მხოლოდ პოსტფაქტუმ იგებენ.  

მონაწილეობის სივრცეების დახურვის პარალელურად, თბილისის მერი აქტიურად აცხადებს მწვანე სივრცეების მოვლასა და შენარჩუნებას თავისი პოლიტიკის პრიორიტეტად და ქალაქში არსებული სკვერებისა და პარკების რეაბილიტაციის პროექტების განხორციელებას იწყებს. სკვერების რეაბილიტაციაც, როგორც წესი, მის ირგვლივ მცხოვრები თემების ჩართულობის გარეშე, ხშირად, უპროექტოდაც იგეგმება.

ურბანული გარემოს დაცვის პრობლემების სიმწვავემ ხელისუფლებას მათი მოგვარებისკენ კი არ უბიძგა, არამედ პირობები შეუქმნა პასუხისმგებლიანი ხელისუფლების სახის სიმულაციისთვის.

პასუხი 3. სამეზობლო აქტივიზმი

ურბანულ საკითხებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის ცენტრალურიდან ადგილობრივ დონეზე ჩამოსვლის შედეგად, აქტივიზმმაც ადგილობრივ დონეზე ჩამოიწია. ვითარდება ურბანული აქტივიზმის ახალი, თუმცა  ჩანასახოვანი ფორმატი სამეზობლო აქტივიზმი. ზონალური საბჭოს უმწვავესი გადაწყვეტილებებით შეწუხებული სამეზობლო თემები იწყებენ დამოუკიდებელ ბრძოლას თავიანთი საცხოვრებელი გარემოსთვის. მანამდე მოქმედი ურბანული მოძრაობებისგან განსხვავებით, სამეზობლო თემები საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი სახეებით დაკომპლექტდა. მათი მთავარი ინსტრუმენტი, გადაწყვეტილების მიმღებთა პირისპირ დადგომა და არგუმენტების საკუთარ ენაზე, პერსონალურად და ძალიან ცხადი ფორმებით გამოთქმა იყო.

სამეზობლო თემის მობილიზებით გახდა შესაძლებელი ქალაქის მნიშვნელოვანი გარემოს დაცვის რესურსის – დიღმის ტყე-პარკის შენარჩუნება. მის მომიჯნავე ნაკვეთში, ხელისუფლებასთან დაკავშირებული კომპანია უზარმაზარი ნაგებობის აშენებას აპირებდა კალაძე მედგარ წინააღმდეგობას უწევდა დიღმის ტყე-პარკის დასაცავად გაერთიანებულ „ახალგაზრდა მწვანეებს“, თუმცა მათ, სწორი, ორგანიზებული და სისტემატური გზავნილების გაჟღერებით, შეძლეს სამეზობლო თემისა და ქალაქის მოსახლეობის დიდი ჯგუფის მიმხრობა, რითაც დიღმის ტყე-პარკი დასუსტებული აქტივისტური მოძრაობების მეორე სუნთქვად იქცა.  მერიამ უკან დაიხია და ტყე-პარკში დაგეგმილი ახალი განაშენიანება შეჩერდა.

თუმცა, სამეზობლო თემის აქტივიზმიც შეეჩეხა ხელისუფლების ტყავში გახვეული ბიზნესის პრობლემას. იქ, სადაც ბიზნესის ინტერესს პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს, აქტივიზმის მიერ წინააღმდეგობის ეფექტიანი ფორმების შექმნა სულ უფრო რთულდება. გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობის მისაღებად სამი წელია უშედეგოდ იბრძვის ძველი იპოდრომის სამეზობლო თემი, რომლის მოწინააღმდეგე, ამ ბრძოლაში, თბილისის მერიასთან ერთად, მმართველი გუნდის  გავლენიანი ფონდი „ქართუა“. ანალოგიური პრობლემის წინაშეა ვაჟა-ფშაველას პირველი კვარტლის სამეზობლო თემიც. იქ, რეაბილიტაციის სახელით, სარეკრეაციო სივრცე მთლიანად ბეტონით დაიფარა, რომლის ქვეშ მოყვა მრავალწლიანი ნარგავები; მოსახლეობის აზრი, მათივე სკვერის მოწყობაზე, არავის უკითხავს. ეს თბილისში მებრძოლი სამეზობლო თემების მკვეთრად ლიმიტირებული ჩამონათვალია.

შორი ხედით, ავად თუ კარგად, მაინც არ ვთმობთ უფლებას ქალაქზე

ურბანული მოძრაობების განვითარების პროცესზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ისინი ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიული სისტემების მოშლისა და საზოგადოებრივი წინააღმდეგობის თავიდან აცილების მრავალფეროვანი ფორმების საპასუხოდ ვითარდებიან. რეაგირების რეჟიმში მყოფ მოძრაობებს კი ხელისუფლება სწრაფად უცვლის კურსს, წინააღმდეგობის ახლებურ, განსხვავებულ ტალღას ახვედრებს და აქა-იქ არსებული წარმატების ისტორიების მიუხედავად, გრძელვადიანად ამარცხებს. ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიის წესრიგის სრული უგულებელყოფის პირობებში, რთულია, ურბანულმა მოძრაობებმა ეფექტიანი მოქმედების რეცეპტს მიაგნონ, თუმცა ის, რაც ამ მოძრაობებს აქამდე არ უცდიათ, საკუთარი დღის წესრიგის შექმნა და რეაგირებითი რეჟიმიდან პროაქტიული მოქმედების რეჟიმზე გადასვლაა. ამ გეგმას თავისი სირთულეები ახლავს, რადგან პროაქტიულ მოქმედებას მზადება, ფინანსური და ადამიანური რესურსი, ადამიანების ერთობა, სწორი ორგანიზება და მყარი დემოკრატიული სივრცეების არსებობა სჭირდება. დემოკრატიულ სივრცეებს კი საქართველოს ხელისუფლება, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, ყოველდღიურად უფრო და უფრო ამცირებს.

არადა, თბილისის ურბანული მდგომარეობა ახალი მასშტაბური გამოწვევის წინაშეა. სწორედ ამ სტატიის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე, თბილისის საკრებულომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, თბილისში, რამდენიმე ადგილას, მათ შორის ისტორიული განაშენიანების ზონაში, ერთდროულად რამდენიმე მაღალსართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა გახდა დასაშვები ისე, რომ არ ყოფილა გათვალისწინებული ამ მშენებლობათა გავლენა სატრანსპორტო კვანძებზე, გარემოს მდგომარეობაზე, სოციალური და სამედიცინო ინფრასტრუქტურის დეფიციტზე. საკრებულოს ამ გადაწყვეტილების შედეგად, თბილისის მარჯვენა სანაპიროს დაემუქრება განაშენიანება, რომელიც, სპეციალისტების აზრით, მთლიანად დაგვავიწყებს ქალაქის ძველ იდენტობასა და იერსახეს. ამ პროექტთა სიმრავლეში, არაფორმალური მმართველის მორიგი მასშტაბური პროექტი, გმირთა მოედანზე განსათავსებელი ცათამბჯენებიც ხვდება, რომელიც ლაგუნა ვერესა და აბრეშუმის ქარხანას გადაეფარება და ამ ტერიტორიაზე არსებულ უმძიმეს სატრანსპორტო კოლაფსს კიდევ უფრო გაამწვავებს.  

გადაწყვეტილება მოულოდნელად, დაუგეგმავად, აგვისტოში იქნა მიღებული, როცა თბილისელთა დიდი ნაწილი, ტრადიციულად გასულია ქალაქიდან. აქტივისტების ნაწილი საერთოდ არ დაუშვეს განხილვაზე, ხოლო დამსწრე სპეციალისტებს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ გადაწყვეტილება სხდომამდე უკვე მიღებული იყო და მათ არგუმენტებს არავითარი გავლენის მოხდენა არ შეეძლო საკრებულოს გადაწყვეტილებაზე. ეს კი იმის გამო, რომ ყველა წარმოდგენილი პროექტის უკან, ქვეყნის არაფორმალური მმართველი ან თავად დგას, ან წარმოდგენილია მისი გავლენის ქვეშ მყოფი, სახელმწიფო თანამდებობებზე გამაგრებული ბიზნესმენების მიერ.

ამიტომ, რთულია იმის თქმა, რა ტიპის წინააღმდეგობის მოძრაობა შეიძლება გახდეს ამ მასშტაბის საფრთხის ეფექტიანი პასუხი. მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე შევიწროების, სივრცის დახურვის, წინააღმდეგობის თავიდან აცილების ფონზე, ჩვენი საზოგადოება დემოკრატიის რღვევას არ შეჰპუებია და თავის უფლებას ქალაქზე მაინც აცხადებდა.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს


[1] ეს დაპირებები სხვადასხვა საჯარო შეხვედრაზე გაჟღერდა. მართალია, სამთავრობო სამოქმედო გეგმაში არ აუსახავთ, თუმცა მდგრადი გარემოს დაცვა და განვითარება - ორივე ციკლის საარჩევნო პროგრამაში ჰქონდათ ასახული. შემდგომში სწორედ ამ დაპირებებს დაეფუძნა გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოს დაწყება.

[2] ნუცუბიძის 77 სკვერი; თამარაშვილის გამზირზე არსებული სკვერი; ქავთარაძის ქუჩაზე, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ არსებული მწვანე სივრცე.