წინასიტყვაობა
2012 წელი განსაკუთრებული წელი იყო ლგბტ (ლესბი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) თემისთვის და ლგბტ მოძრაობის განსაჯაროებისთვის სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში. აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში იდენტობის, სექსუალური განსხვავებულობის/ მრავალფეროვნების და სოციალური კონსტრუქტების შესახებ მწვავე საკითხების დაყენების თვალსაზრისით რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
ევროვიზიის მუსიკალური კონკურსის კონტექსტში დასავლური საზოგადოების ყურადღების ცენტრში დროებით აზერბაიჯანი მოექცა. საერთაშორისო მედია სპეციალურად ამზადებდა რეპორტაჟებს ლგბტ ადამიანების შესახებ, რომლებიც აზერბაიჯანში თავს უფლებას აძლევენ, საჯაროდ ისაუბრონ თავიანთ სექსუალურ იდენტობაზე.
ერევანში 21 მაისს რამდენიმე არასამათავრობო ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა „მრავალფეროვნების მარში“, რომელიც დემონსტრაციის მოწინააღმდგეების აგრესიის ფონზე მიმდინარეობდა. პოლიციის დაცვის მიუხედავად დემონსტრანტები იძულებული გახდნენ, მსვლელობა შეეწყვიტათ და თავი შეეფარებინათ ერთ-ერთი შენობისთვის. 17 მაისს - ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს - თბილისში გაიმართა პირველი დემონსტრაცია, რომელსაც, როგორც მოსალოდნელი იყო, დაუპირისპირდნენ ულტრა ორთოდოქსული ჯგუფები; თუმცა, უკვე 18 მაისს ლგბტ თემმა უპრეცენდენტო საჯარო მხარდაჭერა მიიღო: საქართველოს პარლამენტის წინ შეიკრიბნენ ლგბტ თემის ჰეტეროსექსუალი გულშემატკივრები, რომლებმაც გააპროტესტეს ე.წ. მართლმადიდებელი აქტივისტების ძალადობა. მათ გვერდზე იდგნენ ჰოლანდიისა და საფრანგეთის ელჩებიც.
ამავე დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა გამოაქვეყნა განცხადება ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
„ადამიანის უფლებების განვითარების კუთხით არსებული პროგრესის მიუხედავად, ჰომოფობია მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება და, სამწუხაროდ, გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს“.
„საზოგადოების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსუალი ადამიანების მიმართ ხშირია. ჰომოფობიური გამონათქვამები თუ სხვაგვარი ქმედებები კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფს ხშირად შეურაცხყოფს და საზოგადოებაში სტერეოტიპების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.“
„თითოეულ ჩვენთაგანს მუდმივად უნდა ახსოვდეს, რომ აუცილებელია თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების პატივისცემა და მიღება“.
„მიმაჩნია, რომ საქართველოში პოლიტიკოსებისთვის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებისთვის უმნიშვნელოვანესი უნდა გახდეს ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა, მათ შორის – ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსუალი ადამიანების უფლებებით და მათ წინაშე არსებული პრობლემებით დაინტერესება. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების დემოკრატიული და ლიბერალური განვითარება“.
სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში, სადაც საზოგადოებრივი, კულტურული და პოლიტიკური ცხოვრება ჰეტეროსექსუალობის, ჰეტერონორმატიულობის და ეთნიკურობის თუ კონფესიურობის პრიზმით განიხილება, რომელიმე უმცირესობის წევრობა თითქმის ავტომატურად ნიშნავს გარიყულობას თითოეული ინდივიდუუმისთვის ძალიან რთული შედეგებით. ადამიანს, რომელსაც არ სურს, დაფაროს ჰომოსექსუალური იდენტობა, რეალურად ძალიან მცირე შანსი აქვს საჯარო, აკადემიური, პოლიტიკური კარიერის თვალსაზრისით.
რა თქმა უნდა, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ლგბტ თემი არ არის ერთადერთი უმცირესობა, რომელიც მარგინალიზაციას განიცდის. ახალგაზრდა ქალებიც, რომლებიც ჰეტერონორმატიულ და რელიგიურ კონსერვატიზმს ეწინააღმდეგებიან მაგალითად, საქართველოში, ხშირად არიან საზოგადოებრივი აგრესიის ობიექტები. რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც, უმრავლეს შემთხვევაში, დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან.
ნაციონალისტური ელფერით ("ქართველი და მართლმადიდებელი არ შეიძლება გეი იყოს") შეფერილი აგრესიული ჰომოფობია საზოგადოებრივი განწყობის რადიკალური გამოვლინებაა.
სწორედ ამიტომაც: საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტი აქტივობა, მცდელობა და მოთმინებაც იმისათვის, რომ საზოგადოება ნეგატიური წინასწარგანწყობის და სიძულვილის სტადიიდან ტოლერანტული მიდგომების საშუალებით უფრო ღია და მიმღები გახდეს. სამომავლოდ ეს მიმღებლობა სოციალურ ინკლუზიასა და თანასწორობას მოუმზადებს საფუძველს.
თავად ლგბტ თემიც კიდევ უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს, რადგან, როგორც დასავლური (და არა მხოლოდ დასავლური) ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, მხოლოდ მრავალწლიანი, თანმიმდევრული და ორგანიზებული აქტიურობით შეიძლება ცვლილებების მიღწევა საზოგადოებასა და პოლიტიკაში. ეს ცვლილებები კი მათი უფლებების სრულფასოვან დაცვას და თანასწორობას მოიტანს.
ევროკავშირში ყველა საზოგადოებრივი ჯგუფის უფლება მკაფიოდ არის განსაზღვრული. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა ეთნიკურ, რელიგიურ და ნაციონალისტურ კონცეპტებზეა ორიენტირებული, და ძირითადად ტრადიციულ კონსერვატიულ ღირებულებებს უჭერს მხარს, პოლიტიკურმა აქტორებმა სამომავლოდ უნდა გაიაზრონ, რომ ევროპულ სივრცესთან დასაახლოებლად უნდა შეიცვალოს პოლიტიკური ღირებულებებიც და საზოგადოებრივი მიდგომებიც; შეიცვალოს ნაბიჯ-ნაბიჯ და თანმიმდევრულად.