საქართველო: თანამედროვეობას და შუასაუკუნეებს შორის

სამხრეთ კავკასიაში ლგბტ-უფლებებისთვის ბრძოლის თვალსაზრისით 2012 წლის 17 მაისი ისტორიული თარიღია. ამ დღეს, რომელსაც მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ როგორც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს, საქართველოს დედაქალაქის ცენტრში თავდაპირველად აქტივისტთა ჯგუფის დემონსტრაცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც სექსუალური უმცირესობების უფლებათა დაცვას მოითხოვდნენ. აქცია შეთანხმებული იყო თბილისის მერიასთან. დემონსტრანტების დასაცავად ადგილზე იყვნენ პოლიციის თანამშრომლებიც. მათი ჩარევა მალევე გახდა საჭირო.

როდესაც აქტივისტებმა სახელმწიფო ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობის დაწყება დააპირეს, ულტრაორთოდოქსული ორგანიზაცია  „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრებმა მათთვის გზის გადაკეტვა სცადეს (იხ. ვიდეო). თვითმხილველთა თქმით, პოლიცია ხელჩართულ ჩხუბში ჩარევისგან თავდაპირველად თავს იკავებდა. თუმცა საბოლოოდ აქტივისტები ორივე მხრიდან მცირე ხნით მაინც დააკავეს. მომდევნო დღეს პოლიციის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციაზე ლგბტ-აქტივისტების გარდა ევროპის ზოგიერთი ქვეყნის საელჩოების დიპლომატებიც გამოჩდნენ.

იმის მიუხედავად, რომ 2012 წლის 17 მაისის დემონსტრაციის ჩატარებას ხელი შეეშალა, ხოლო მომდევნო დღეების განმავლობაში ორგანიზატორებზე თავდასხმებიც მოხდა, აშკარად იკვეთება, რომ, ყოველ შემთხვევაში თბილისში მაინც, უკვე შესაძლებელია ლგბტ-უფლებების დასაცავად ქუჩაში გამოსვლა. ეს, ყველაფერთან ერთად, აქტივისტთა მრავალწლიანი მუშაობის შედეგიცაა, რომლებიც უკვე მრავალ ორგანიზაციაში აქტიურად მუშაობენ და მხარდაჭერას, მათ შორის, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდისგან იღებენ. ამ კუთხით აღსანიშნავია ფონდის მიერ ჯერ კიდევ 2005 წელს მოწყობილი პირველი საჯარო ღონისძიება, რომელიც ხსენებულ თემატიკას ეხებოდა. გარდა ამისა, ორგანიზაცია „ინკლუზივის“ მიერ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით გამოიცა სამხრეთ კავკასიაში პირველი ლგბტ-ჟურნალი „მე“. ჟურნალი ქართულ ენაზე გამოდიოდა, 2007 წლიდან კი ინგლისურენოვანი ტექსტებითაც შეივსო. არსებობდა და დღემდე არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებიც ლგბტ-ჯგუფების უფლებებს იცავენ. მათ რიცხვს „ინკლუზივის“ გარდა მიეკუთვნება ორგანიზაცია „იდენტობა“, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG, რომელიც ქალების უფლებებისთვის იბრძვის, ასევე ცოტა ხნის წინ წარმოშობილი ინიციატივები LGBT Georgia  და TransGeorgia.

თუმცა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შენობაში მოწყობილი ღონისძიებების დროსაც ჰქონდა ადგილი თავდასხმებს ულტრაორთოდოქსული ქრისტიანების მხრიდან. ასე, მაგალითად, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებმა ხელი შეუშალეს 2009 წელს ხსენებული თემისადმი მიძღვნილი დისკუსიის ჩატარებას. მოხდა მწვავე სიტყვიერი შელაპარაკება და შეხლა-შემოხლა. წიგნები იატაკზე დაყარეს. პოლიცია გამოძახებიდან მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მოვიდა.

კანონები დისკრიმინაციის წინააღმდეგ

ლგბტ-ჯგუფების უფლებებთან დაკავშირებული მდგომარეობა საქართველოში, მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით უკეთესადაა. ამ ორი სამხრეთკავკასიური სახელმწიფოს მსგავსად საქართველო არ შემოიფარგლა ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციით, რომელიც 2000 წელს მოხდა. ქვეყანაში ამასობაში უკვე არსებობს სამართლებრივი ბაზა ხსენებული ჯგუფების დისკრიმინაციისგან დასაცავად.  ასე, მაგალითად, შრომის ბაზარზე აკრძალულია ადამიანების არათანაბარ პირობებში ჩაყენება სექსუალური ორიენტაციის გამო. 2012 წელს პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში დამატება შეიტანა, რომლის მიხედვითაც დამნაშავეები უფრო მკაცრად უნდა დაისაჯონ, თუ დანაშაულის მოტივად დადგინდება სექსუალური თუ სხვა უმცირესობების მიმართ სიძულვილი.

გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლიდან (2004) ქვეყანამ დასავლეთზე ორიენტირებული კურსი აირჩია, მთავრობამ, ამავე დროს, დაიწყო სექსუალური უმცირესობების უფლებების პროპაგანდა. წინა მმართველი პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმრავლესობით არჩეულმა ომბუდსმენმა გიორგი ტუღუშმა საჯაროდ დაუჭირა მხარი ტოლერანტობას. 2012 წლის 17 მაისს მან განაცხადა, რომ ჰომოფობია საქართველოში ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში ერთ-ერთ უმძიმეს პრობლემას წარმოადგენს. ომბუდსმენის თქმით, ჰომოფობური გამონათქვამები და ქმედებები შეურაცხყოფას აყენებს ლგბტ-პიროვნებებს და აძლიერებენ საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპულ წარმოდგენებს (იხ. სტატია civil.ge-ზე).

აქტივისტები ასევე მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ ტუღუშმა 2011 წლის ოქტომბერში მონაწილეობა მიიღო ორგანიზაცია ILGA-Europe-ის მიერ ქ. ტურინში მოწყობილ ღონისძიებაში და თავის გამოსვლაში მხარი დაუჭირა ლგბტ-უფლებების აღიარებას.

ერთი მთავრობის ორი სახე

ამის მიუხედავად აქტივისტები აკრიტიკებენ სააკაშვილის მთავრობას, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლამდე იყო. მაგალითად ირაკლი ვაჭარაძე, ორგანიზაცია „იდენტობას“ დირექტორი, და ეკა წერეთელი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის თანამშრომელი, ამბობენ, რომ მთავრობას ორი სახე აქვს. პირველი - ლიბერალური და ტოლერანტული მხარე, პირველ რიგში, უცხოეთისკენაა მიმართული. ქვეყნის შიგნით კი მთავრობა ხშირად პასიურია და ჰომოფობიის ფაქტებს მდუმარედ და მოთმინებით ეკიდება.

ი. ვაჭარაძე, მაგალითად, აღნიშნავს, რომ მასმედიას 2003 წლის ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული, შეუფერხებლად ჰქონდა ჰომოფობური განცხადებების და სექსუალური უმცირესობების შესახებ სტერეოტიპული წარმოდგენების გავრცელების საშუალება. მთავრობამ მედიის თავისუფლება იმდენად ფართოდ განმარტა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა ჰომოფობური რეპორტაჟების წინააღმდეგ რაიმე ზომების გატარება. მასმედიის ნებისმიერი საშუალება საქართველოში თვითონ განსაზღვრავს საკუთარ ეთიკის კოდექსს და დამოუკიდებლად ქმნის ეთიკის კომისიას, აცხადებს ვაჭარაძე. ამდენად, კომისიაში საჩივრის შეტანას, პრაქტიკულად არანაირი აზრი არ აქვს. ვაჭარაძის თქმით მხოლოდ ერთადერთხელ მოხერხდა იმის მიღწევა, რომ მედიასაშუალებას 2012 წლის 17 მაისის დემონსტრაციის მონაწილეების მიმართ გაკეთებული დამამცირებელი განცხადებებისთვის ბოდიში მოეხადა.

ლგბტ-ს მიმართ ყველაზე მტრულად განწყობილ მედიასაშულებას წარმოადგენს ყოველდღიური გაზეთი „ასავალ-დასავალი“, რომელიც მოსახლეობაში საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობს. იგი სკანდალური სტატიებით ცდილობს ყურადღების მიპყრობას, რომლებიც, მათ შორის, მმართველი პარტიის პოლიტიკოსებსაც ეხება. ამასთან გაზეთი, ხშირ შემთხვევაში, რეალობად ასაღებს. არავისთვისაა ცნობილი, ვინ დგას ამ გაზეთის უკან და ვინ აფინანსებს მას. როდესაც 2012 წელს აქტივისტებმა გააპროტესტეს „ასავალ-დასავალ“-ში გამოქვეყნებული ერთ-ერთ სტატიის ფორმატი, რომელიც ციხეებში პატიმრების წამების ფაქტებს აშუქებდა, რედაქციის დასახმარებლად უმალვე მივიდნენ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები.

ეკა წერეთელი მიუთითებს იმაზე, რომ სააკაშვილის პარტიაშიც და მის გარემოცვაშიც აქვს ადგილი ჰომოფობურ გამონათქვამებს და მაგალითისთვის დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე მოჰყავს. ეს უკანასკნელი პარლამენტში ქრისტიან-დემოკრატიული ფრაქციის წევრი იყო. ქრისტიან-დემოკრატიული პარტია კი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხრიდან აღიქმება როგორც სააკაშვილის მიერ მართული ოპოზიციური პარტია. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ლორთქიფანიძე ცოტა ხნის განმავლობაში ახალი ომბუცმენობის კანდიდატადაც კი განიხილებოდა. ამასთან მოსმენების დროს ლორთქიფანიძე ღიად უპირისპირდებოდა ლგბტ-უფლებების დაცვას.

ნეგატიური მაგალითის სახით წერეთელს ასევე მოჰყავს 2009 წელს მის ორგანიზაციასა და ფონდ „ინკლუზივში“ პოლიციის შემოჭრა და ჩატარებული ჩხრეკა. ამ ოპერაციის დროს პოლიციის მოხელეებმა თანამშრომლებს ხელი შეუშალეს, ოთახები დაარბიეს და იქ ნარკოტიკები ჩადეს. ამ ფაქტთან დაკავშირებული სარჩელის მიღებაზე სასამართლომ უარი განაცხადა. ამის გამო წერეთლის ორგანიზაციამ სხვა აქტივისტებთან ერთად შეიტანა სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. სასამართლომ სარჩელი განსახილველად მიიღო და პროცესი უახლოეს მომავალში ჩატარდება (იხ. სტატია "ჰომოფობიასთან დაკავშირებით პირველი საქმე სტრასბურგში საქართველოდან").

ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ და მისმა თავმჯდომარემ, გიორგი თარგამაძემ, 2012 წლის 17 მაისის ჰომოფობიის საწინააღმდეგო მარშიდან ცოტა ხნის შემდეგ მოითხოვეს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალობის და ამორალური საქციელის პროპაგანდა უნდა აკრძალულიყო (იხ. სტატია civil.ge-ზე). მართალია, თარგამაძე ძალადობის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ გამოვიდა, თუმცა ამავე დროს ისიც განაცხადა, რომ ევროპის სახელმწიფოები, რომლებშიც ერთსქესიანი პარტნიორობა სამართლებრივად ნებადართულია, ხოლო ჰომოსექსუალ პოლიტიკოსებს მთავრობაში უმაღლესი პოზიციები უკავიათ, საქართველოსთვის მაგალითი ვერ იქნება. ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ვერ მოახერხა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად აუცილებელი ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა. ხსენებული პარტია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში აღარანაირ როლს არ თამაშობს.

ვინ მოიპოვებს უპირატესობას ახალ მთავრობაში?

პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ახალი მთავრობის შეფასებისას აქტივისტები აქამდე საკმაოდ ფრთხილ და მომლოდინე პოზიციას არჩევენ. წინასაარჩევნო ბრძოლის და ხელისუფლებაში მოსვლის პირველი კვირების განმავლობაში ივანიშვილის ბანაკიდან უმცირესობების მიმართ ძალზე განსხვავებული განცხადებები ისმოდა. ასე, მაგალითად, თვითონ მილიარდერმა თავის პირველ პრესკონფერენციაზე 2011 წლის ნოემბერში დააფიქსირა ტოლერანტობა, მათ შორის, სექსუალური უმცირესობების მიმართ. გარდა ამისა ორი პარტია, რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები, რომელსაც ირაკლი ალასანია უდგას სათავეში, ლიბერალურ და დასავლურ ღირებულებებს უდგას სათავეში. ახალი იუსტიციის მინისტრიც, თავისუფალი დემოკრატების წევრი თეა წულუკიანი როგორც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილი თანამშრომელი ასევე ძალიან კარგი რეპუტაციით სარგებლობს.

ამის მიუხედავად ივანიშვილი რამდენჯერმე დადგა მისი კოალიციის წევრების მიერ უმცირესობების წინააღმდეგ მიმართული განცხადებების კორექტირების აუცილებლობის წინაშე. გარდა ამისა მრავალი აქტივისტი სინანულით აღნიშნავს, რომ კოალიციამ ახალი ომბუცმენობის კანდიდატად არ წარადგინა მეტად ავტორიტეტული იურისტი და უფლებადამცველი თამარ გურჩიანი, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც საქართველოში ლგბტ-უფლებების დაცვის საკითხს შეეხო.

საზრუნავს, ყველაფერთან ერთად, ბადებს ივანიშვილის და მისი კოალიციის კარგი ურთიერთობა მართლმადიდებელ ეკლესიასთან. მაგალითისთვის, პატრიარქი ილია II წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ორჯერ შეხვდა ივანიშვილს და ღიად დაუჭირა მხარი მისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას. მილიარდერმა საქართველოს მოქალაქეობა მას შემდეგ დაკარგა, რაც თავი სააკაშვილის მოწინააღმდეგედ გამოაცხადა.

მართლმადიდებელი ეკლესია შეუწყნარებლობას თესავს

მთელი გასული წლების მანძილზე მართლმადიდებელი ეკლესია და განსაკუთრებით ილია II მოსახლეობაში იმდენად მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი საწინააღმდეგო პოლიტიკის წარმართვა. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეკლესია მუდმივად უსვამს ხაზს, რომ იგი არ ერევა პოლიტიკაში, ილია II კი უხერხულ პოლიტიკურ სიტუაციებში კვლავდაკვლავ მოუწოდებდა მხარეებს შერიგებისკენ ისე, რომ კატეგორიულად არცერთ მხარეს არ ანიჭებდა უპირატესობას. თუმცა ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების მიმართ ეკლესია ღიად შეუწყნარებელ, დროდადრო კი მტრულ პოზიციასაც კი იკავებს. ეკლესიის ლიბერალური ფრთაც კი ჰომოსექსუალობას ღმერთისთვის არასასურველ და ამიტომ დასაგმობ მოვლენად მოიხსენიებს. ილია II თავის ქადაგებებში უაღრესად კონსერვატიულ პოზიციას იკავებს მამაკაცის და ქალის როლების გადანაწილების თვალსაზრისით. ასე, მაგალითად, იგი წარმოადგენს შეხედულებას, რომ ცოლები ქმრებს ყველანაირ სამსახურს უნდა უწევდნენ.

რადიკალური ქრისტიანული ორგანიზაციები, როგორიცაა „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“ ოფიციალურად არ ითვლებიან ეკლესიას დაქვემდებარებულ ორგანიზაციებად. მათ მუდმივად აფრთხილებენ, რომ არ იმოქმედონ ძალადობრივად. თუმცა ეკლესია მოთმინებით ეკიდება იმ ფაქტს, რომ ეს ორგანიზაციები თავიანთ რადიკალურ შეხედულებებს სწორედ მისი სახელით ავრცელებენ. არიან მღვდლები, რომლებიც ეკლესიაშივე აჟღერებენ კაცთმოძულე და არადემოკრატიულ შეხედულებებს. ლიბერალურად განწყობილი მღვდლები ამ პრობლემას აღიარებენ და აპელირებენ იმაზე, რომ საბჭოთა პერიოდში მღვდელმსახურის აკადემიური განათლების მიღება შეუძლებელი იყო. მხოლოდ ახლა ხდება ახალი საგანმანათლებლო პროგრამის გამართვა და მღვდლებს მიეცემათ კვალიფიკაციის ამაღლების რეკომენდაცია.

ლგბტ-აქტივისტების წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ქმედებები

ლგბტ-აქტივისტები, როგორიცაა ირაკლი ვაჭარაძე, მართლმადიდებელ ეკლესიაში სექსუალური უმცირესობების მიმართ ტოლერანტობისადმი უდიდეს დაბრკოლებას ხედავენ. იგი ამბობს, რომ სწორედ ახალგაზრდა ქართველებში, რომლებიც უაღრესად ტოლერანტულები არიან, მართლმადიდებელი ეკლესია აქტიურ იდეოლოგიურ დამუშავებას ეწევა. შედეგად, ძალზე ბევრი ახალგაზრდა ქართველი ტოლერანტობის ბევრად უფრო დაბალი ხარისხით გამოირჩევა, ვიდრე უფროსი თაობა. ამას გარდა ისინი ძალზე აგრესიულები არიან. ეს იწვევს ლგბტ-ჯგუფებთან და მათ მხარდამჭერებთან ძალადობრივი კონფრონტაციებს, რადგანაც ეს უკანასკნელნი გასულ წლებში სულ უფრო მზარდი გამბედაობით საჯაროდ გამოდიოდნენ საკუთარი უფლებების დასაცავად.

ამის გამოა, რომ 2012 წლის 17 მაისის დაპირისპირება არ იყო ქუჩის ძალადობის ერთადერთი შემთხვევა. დემონსტრაციის თანაორგანიზატორს, მაგდა კალანდაძეს, რომელიც ლგბტ-პიროვნებებს მხოლოდდამხოლოდ მხარს უჭერს, თვითონ კი ოჯახი და ორი შვილი ჰყავს, ფეისბუკის საშუალებით მოკვლით დაემუქრნენ. ორგანიზაცია „იდენტობის“ თანამშრომლები კვირების მანძილზე ვერ ახერხებდნენ საკუთარ ოფისში მისვლას, რადგანაც იქ საფრთხე ემუქრებოდათ.

მოსახლეობა უმცირესობათა მიმართ ტოლერანტობის წინააღმდეგ

მართლმადიდებელი ეკლესია, ყველაფერთან ერთად, იმიტომაცაა ასეთი ავტორიტეტული, რომ შეუძლია მოსახლეობის მრავალ დაფარულ წყენასა თუ უკმაყოფილებაზე თამაში, რომლებიც როგორც საბჭოთა წლებს, ისე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ომის და სახელმწიფოებრიობის რღვევის წლებს ახლდა თან. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) გამოკითხვები აჩვენებს, რომ რესპოდენტთა 90%-ზე მეტი უკვე წლების მანძილზეა ჰომოსექსუალობის აღიარების წინააღმდეგი. მდგომარეობა არ იცვლება მაშინაც კი, როდესაც გამოკითხულები სხვა თემებთან დაკავშირებით რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ უფრო ტოლერანტულები ხდებოდნენ, მაგალითად, გაუთხოვარი ქალების მიმართ.

აქტივისტები ქართულ საზოგადოებას ახასიათებენ როგორც გამოკვეთილად მასკულინურს. მამაკაცებს მხოლოდ იშვიათ მომენტებში აქვთ გრძნობების ღიად გამოხატვის უფლება. ეს ხდება დღესასწაულების დროს, როდესაც თამაშში დიდი რაოდენობით ალკოჰოლი შემოდის. თუმცა ამ დროს მამაკაცების მიერ ერთმანეთის გადახვევა და კოცნა არ უნდა ჩაითვალოს ერთსქესიანი მიდრეკილებების მიმართ ტოლერანტობად, აცხადებს ირაკლი ვაჭარაძე. მისივე თქმით, ის, რომ ახალგაზრდა მამაკაცები ქუჩაში ხელკავით დადიან, მხოლოდდამხოლოდ მჭიდრო მამაკაცური მეგობრობის ნიშანია.

იმ დროს, როდესაც მამაკაცებს, რომლებიც საკუთარ ჰომოსექსუალურ მიდრეკილებებზე საჯაროდ განაცხადებენ, უნდა ჰქონდეთ ძალადობრივი ქმედებების მოლოდინი როგორც საზოგადოების, ისე საკუთარი ოჯახის წევრების მხრიდან, ქალების შემთხვევაში, როგორც წესი, ხდება სექსუალურობის უარყოფა. ამ თვალსაზრისით, ქალთა პრეტენზიის, თვითონ განსაზღვრონ საკუთარი ცხოვრება, საზოგადოებში ხშირად არც კი ესმით. 

ამის მაგალითია პატარძლის მოტაცების ადათი, რომელიც დღემდე აქტუალურია. მაშინ, როდესაც ზოგიერთი წყვილები ამ ადათს ქორწინებამდელი ფარული ურთიერთობების ლეგიტიმაციისთვის იყენებდნენ, ჯერ კიდევ არსებობს შემთხვევები, როდესაც გოგონებს მათი ნების წინააღმდეგ იტაცებენ. ხანდახან ისეც ხდება, რომ გოგონა გამტაცებელს არც კი იცნობს. ოჯახები გატაცებულის დაბრუნებას ხშირად ვერ ახერხებს, რადგანაც ის ოფიციალურად აღარაა ქალიშვილი და ითვლება, რომ მისი ოჯახის ღირსება შელახულია.

ახალგაზრდა მამაკაცებში ხშირია ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „მე ეს გოგონა უნდა მოვიტაცო, სანამ ამას ვინმე სხვა იზამს“. მეორე მხრივ, ზოგიერთი გოგონა მოტაცებას პატივად აღიქვამს.

გეი-შეკრებები პირადი ჩაკეტილობის ფონზე

გენდერული როლების და სექსუალობის მეტად კონსერვატიული გაგების მიუხედავად ქვეყნის დედაქალაქში მაინც ჩამოყალიბდა საკმაოდ აქტიური ლგბტ-კომუნა. ორგანიზაცია  „იდენტობა“, მაგალითად, აწყობს მრგვალ მაგიდებს და ფილმის ჩვენებებს. დღესდღეობით თბილისის ცენტრში არსებობს ოთხი ბარი, რომლებსაც შეიძლება ჰომოსექსუალების მიმართ კეთილგანწყობილი ეწოდოს. თუმცა ძალადობისგან ბოლომდე დაცულად ლგბტ-პიროვნებებმა თავი თბილისშიც მხოლოდ განმარტოებასა და პირად ჩაკეტილობის პირობებში შეიძლება იგრძნონ.

ბევრისთვის ამგვარი შეხვედრები მათ თანამოაზრეებთან ძალზე მნიშვნელოვანია. სიტუაციას აღწერს, მაგალითად, აჩიკო: ის არის გორის მახლობლად მდებარე სოფლიდან და საკუთარ თავს ტრანსგენდერს უწოდებს. მას ქალის ტანსაცმლის ტარება ანიჭებს სიამოვნებას, თუმცა სქესის სამედიცინო გზით შეცვლა არ სურს. ოჯახის წევრებიდან მას მხოლოდ და უჭერს მხარს. დედამისს ეშინია, რომ შვილის სექსუალური ორიენტაციის შესახებ ცნობილი გახდება და ამით ოჯახს თავი მოეჭრება. მამამ და ძმამ აჩიკოს ორიენტაციის შესახებ არაფერი იციან. თბილისში აჩიკო სხვადასხვანაირ სამუშაოს ასრულებს. მისმა ზოგიერთმა კოლეგამ იცის და მხარს უჭერს მას. აჩიკოს თქმით მეგობრებს მისი კარგად ესმით. თუმცა ის ვერასოდეს გაბედავდა ქალაქში მამაკაცისთვის არატიპიური ტანსაცმლით გამოსვლას. აჩიკოს თქმით მისი ოცნება შვეიცარიაა. ის ამბობს, რომ იქ ცხოვრება ბევრად უფრო თავისუფალია.

პოზიტიურ ფაქტორად ირაკლი ვაჭარაძე ასახელებს იმას, რომ თბილისში მის ორგანიზაცია „იდენტობაში“ სულ უფრო მეტი ახალგაზრდა რეგისტრირდება, რომლებმაც გაბედეს საკუთარი ორიენტაციის საჯაროდ გაცხადება. ვაჭარაძის თქმით, იმის გამო, რომ ამ ადამიანებს ოჯახის წევრები ხშირად ამ ყოველივეს გაგებით ეკიდებიან და მათ მხარდაჭერას უცხადებენ, ლგბტ-პიროვნებები ამ ნაბიჯის გადადგმას, როგორც წესი, არ ნანობენ. ეს ყოველივე მათ პიროვნულობაზე ძალზე პოზიტიურ გავლენას ახდენს. თუმცა ხშირია შემთხვევებიც, როდესაც ახალგაზრდები თვითდესტრუქციულ ქმედებებს მიმართავენ, მაგალითად ჭარბად მოიხმარენ ალკოჰოლს.

საქართველოში 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში პროცესები ლგბტ-პიროვნებებისთვის ბევრად უფრო პოზიტიურად განვითარდა, ვიდრე მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამაში, მათ შორის, იგულისხმება კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელთა მიზანსაც უმცირესობების დისკრიმინაციისგან დაცვა წარმოადგენს. შედარებით თავისუფალ პოლიტიკურ ატმოსფეროში ლგბტ-აქტივისტებს სულ უფრო მეტად ეძლეოდათ სექსუალური უმცირესობების უფლებებისთვის ღიად ბრძოლის საშუალება. თუმცა სააკაშვილის მთავრობამ ზოგადად ვერ მოახერხა მის მიერ განხორციელებულ რეფორმებში ადამიანების იმ მოცულობით ინტეგრირება, რომ მათ შეძლებოდათ საკუთარი თავის ხსენებულ ღონისძიებებთან იდენტიფიცირება. ამის სანაცვლოდ, გასული წლების მანძილზე, უფსკრული ფორსირებულად წარმართულ რეფორმებსა და პირველ რიგში სოფლის მოსახლეობის რეალურ სურვილებსა და მოთხოვნილებებს შორის კიდევ უფრო გაიზარდა. საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობის ნაკლებობა არა მარტო სექსუალური, არამედ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების შესახებ გათვითცნობიერების კუთხით იწვევს იმას, რომ მოსახლეობის აგრესიული განწყობის განეიტრალება ვერ ხერხდება.

რაც უფრო მეტად შემცირდა მოსახლეობის მხარდაჭერა პირველ რიგში პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი მთავრობის მიმართ, მით უფრო მეტი წონა შეიძინეს მართლმადიდებელმა ეკლესიამ და პატრიარქმა ილია II-მ, რომელიც ასრულებს მოსახლეობის სურვილს, ჰყავდეს სამაგალითო მმართველი. ეკლესიამ აიტაცა ფართოდ გავრცელებული სტერეოტიპები და კიდევ უფრო მეტად გაამყარა ისინი. მას ეს დაეხმარა რელიგიის, სოციალურ და ასევე პოლიტიკის სფეროებში წამყვანი პოზიციის დაკავებაში.

პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ახალი მთავრობა სააკაშვილის პარტიაზე უფრო კონსერვატიულადაა განწყობილი. ივანიშვილი ამით უფრო ახლოს დგას ხალხთან. ამით მას ეძლევა შანსი, ლიბერალური და დემოკრატიული რეფორმების გატარებისას უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს მოსახლეობაში, თუკი მისი მთავრობა მართლაც აპირებს დასავლეთ ევროპისკენ აღებული კურსის კვლავაც გაგრძელებას, რის პირობასაც ივანიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის დროს დებდა.

კორექტორის ფუნქციას საპარლამენტო ოპოზიციის სახით სააკაშვილის პარტია ასრულებს. თუმცა, ამავე დროს, აქტივისტთა ახალგაზრდა თაობაც, პირველ რიგში სტუდენტებს შორის, უკვე საარჩევნო კამპანიის დროს გამოდიოდა სოციალური, პოლიტიკური და სამოქალაქო თანასწორობის მოთხოვნით. ის, რომ შესაძლებელი გახდა ამ დემოკრატიულად განწყობილი თაობის აღზრდა, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის დამარცხებული პარტიის და მისი თანამოაზრეების დამსახურებაა.