საქართველო: მწვანე პოლიტიკის ისტორია და ოცდაათი წელი ბუნდესტაგში. პუბლიკაციების მიმოხილვა

ლევან ლორთქიფანიძე, გიორგი ცხადაია
Teaser Image Caption
ლევან ლორთქიფანიძე, გიორგი ცხადაია

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მიერ ქართულ ენაზე გამოცემული ორი პუბლიკაცია: ანდრეი მარკოვიცის და იოზეფ კლავერის ესე „ოცდაათი წელი ბუნდესტაგში“ და ქართველი ავტორების მიერ დაწერილი „საქართველო: მწვანე პოლიტიკის ისტორიაორი ქვეყნის - გერმანიისა და საქართველოს მწვანეების მოღვაწეობის დახასიათებისთვის  ნაყოფიერ ნიადაგს გვთავაზობს. რასაკვირველია, ანალიზი და დახასიათება ბევრნაირად შეიძლება, მწვანეთა მოძრაობების სხვადასხვა ასპექტების და თავისებურებების გამოკვეთით, მაგრამ აქ შევეცდები, რომ უმთავრესად, ორ მნიშვნელოვან მომენტზე გავამახვილო ყურადღება: ერთი, ქართველი მწვანეების წარმატებებისა და წარუმატებლობის სტრუქტურულ ფაქტორებზე, და მეორე, გერმანელ მწვანეებსა და ქართველ მწვანეებს შორის არსებულ ორგანიზაციულ მსგავსებებზე (და აქედან გამომდინარე, მსგავს ორგანიზაციულ გამოწვევებზე).  

1. ქართველი მწვანეები მსოფლიო პოლიტიკურ და სოციო-ეკონომიკურ კონტექსტში

ჰერბერტ კიტშელტი (1990) თავის ცნობილი სტატიაში „ახალი სოციალური მოძრაობები და პარტიული ორგანიზაციის დაღმასვლა“  საუბრობს მემარცხენე ლიბერტარიანული და მათ შორის, მწვანე პარტიების წარმატების მიზეზებზე და შიდა ორგანიზაციულ სტრუქტურაზე 80-იან წლებში. იგი ამტკიცებს,  რომ ქვეყნები, სადაც მესამე ძალის პარტიები გაჩნდა, ძირითადად იყვნენ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოები, ახასიათებდათ კორპორატისტული ტრიპარტიტული მოლაპარაკების სისტემა ბიზნესს, სახელმწიფოსა და პროფკავშირებს შორის და ასევე, ჰქონდათ სოციალისტური პარტიების არსებობის ხანგრძლივი ტრადიცია.[1]

მემარცხენე ლიბერტარიანული პარტიების ჩამოყალიბების წინაპირობებზე როდესაც საუბრობს, კიტშელტისთვის მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური რეჟიმის ფორმა, ასევე გაბატონებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკურსიც. ბიოლის ფონდის მიერ გამოცემულ „მწვანეთა ისტორიაში“ იკვეთება სწორედ ამგვარი სტრუქტურული და იდეოლოგიური ფაქტორები, რომლებმაც ხელი შეუწყო მწვანე მოძრაობის (და შემდგომში მწვანეთა პარტიის, რომელიც 1990 წელს დაარსდა) ჩამოყალიბებას. პირველ რიგში, ეს იყო ტრადიციული სოციალისტური პარტიის მიერ მწვანეთა მოთხოვნების და მწვანე პოლიტიკის იგნორირება; ასევე, სოციალისტური სისტემის ჩაკეტილობა (რომელიც რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო მეტად ჩაკეტილი იყო, ვიდრე კორპორატისტული ტრიპარტიტული სისტემა, რომელსაც  გერმანელი მწვანეები ებრძოდნენ) და საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს რეჟიმი. ამგვარ სოციალურ სახელმწიფოში ადამიანებს მეტნაკლებად დაკმაყოფილებული ჰქონდათ სოციალური საჭიროებები და აქცენტიც ბუნებრივად პოსტმატერიალურ ღირებულებებზე გადავიდა.

ამ თვალსაზრისით, ქართული მწვანეთა მოძრაობის და პარტიის წარმოშობის მიზეზები მეტნაკლებად ემთხვევა გერმანული მწვანე მოძრაობის წარმოშობის მიზეზებს. ანალიზის სისწორეზე, ისიც მიუთითებს, რომ უკვე 90-იან წლებში, მას შემდეგ რაც სტრუქტურული და იდეოლოგიური ფაქტორები იცვლება,  საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მწვანეთა მოძრაობა მეორე პლანზე გადადის. 1995-2000 წლების მწვანეთა მოძრაობის ისტორიის შეფასებების, იგივე დაკვირვებას გამოთქვამენ ირაკლი აბსანძე და დავით კოპალიანი. „საქართველო: მწვანე მოძრაობაში ისტორიაში“ მწვანეთა მოძრაობის დასუსტებას  ისინი შემდეგნაირად ხსნიან:

„გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ პერიოდისათვის, მწვავე სოციალური საკითხების ფონზე, გარემოსდაცვითი თემატიკა განსაკუთრებულად აქტუალური, დასავლეთის განვითარებული ქვეყნებისაგან განსხვავებით, აღარ იყო.“ (ირაკლი აბსანძე და დავით კოპალიანი, გვ. 85)

იდეოლოგიურ პლანში მნიშვნელოვანია ის, რომ მემარცხენე იდეოლოგიას წყალი შეუდგა და შესაბამისად, კიტშელტის მიერ გამოყოფილი მესამე ფაქტორი (სოციალისტური პარტიის ტრადიციის არსებობა) ამ შემთხვევაში მწვანეთა მოძრაობის საწინააღმდეგოდ მუშაობდა. შედეგად მივიღეთ ის, რომ მწვანეთა მოძრაობამ მემარცხენე სოციალური თემატიკის ინკორპორირება ვერ შეძლო:

კვლევის შედეგად იკვეთება, რომ მწვანეთა პარტია, ევროპელი მწვანეებისგან განსხვავებით, ძირითადად მხოლოდ გარემოს დაცვის თემით შემოიფარგლებოდა. პაციფიზმი, ფემინიზმი, სქესთა შორის თანასწორობა, მულტიკულტურალიზმი, სოციალური თანასწორობა და ადამიანის უფლებები ნაკლებად ან საერთოდ არ იყო წარმოდგენილი ამ პარტიის საქმიანობასა და სამოქმედო გეგმაში. როგორც ირკვევა, სხვა პრობლემური ფაქტორების და რესურსების სიმწირის მიუხედავად, ვიწრო ეკოლოგიურმა პროფილმა არ გაამართლა; საარჩევნო კოალიციებში ადგილის დასამკვიდრებლად მნიშვნელოვანი იყო ზოგადი სოციალური და პოლიტიკური კონტექსტი და პოლიტიკური ალღოც.” (ნინო ლეჟავა, გვ. 6)

90-იან წლებში მწვანეთა მოძრაობას არ მოუწია ისეთ იდეოლოგიურ გარემოში მოღვაწეობა, სადაც საბაზრო ეკონომიკა კრიტიკული თვალით შეფასდებოდა. უმალ პირიქით, მწვანეთა მოძრაობა ძალიან ბუნებრივად მხარს უჭერდა საბაზარო ეკონომიკაზე გადასვლას. მაგალითად, 1992 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მწვანეების პროგრამის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა ეკონომიკური რეფორმების გატარება საბაზრო ეკონომიკაზე გადასასვლელად („საქართველო: მწვანეთა ისტორია“, გვ. 55). ეს რა თქმა უნდა თავისდაუნებურად ზღუდავდა საბაზრო ეკონომიკის კრიტიკაზე აქცენტის გაკეთებას.

2.  მოძრაობა თუ პარტია - გერმანელი და ქართველი მწვანეების წინაშე მდგარი ორგანიზაციული გამოწვევები

მიუხედავად იმისა, თუ რა სტრუქტურული ფაქტორებით გამომდინარე გამოწვევების წინაშე დგანან მწვანეთა პარტიები, მათ წინაშე დგას  ზოგადი დილემა მოძრაობასა და პარტიას შორის. ამ დილემის შესახებ ორივე პუბლიკაციაში შეგვეძლო ამოგვეკითხა, მაგრამ დილემის არსებობა განსაკუთრებით გამოიკვეთა იმ ნაწილში, სადაც მარკოვიცი და კლავერი საუბრობენ მწვანეთა იდენტობის მეოთხე დასაყრდენზე : საბაზისო დემოკრატიაზე. ირაკლი აბსანძე და დავით კოპალიანი იმავე დილემის არსებობის შესახებ მიუთითებენ, როდესაც 1995-2000-იანი წლების მწვანეთა მოძრაობაზე აქვთ საუბარი (გვ. 84-85).

მარკოვიცი და კლავერი თვლიან, რომ პარტიის მიერ ისტაბლიშმენტში გადასვლა და რადიკალური დემოკრატიის ელემენტების ჩამოშორება ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენაა. საწინააღმდეგო თვალსაზრისითვის შეგვიძლია ვიხილოთ იოახიმ იახნოვის 2013 წლის სტატია „ნიუ ლეფტ რივიუში“, სადაც იახნოვი რადიკალი მწვანე აქტივისტის პოზიციას გვთავაზობს. მარკოვიცისგან და კლავერისგან განსხვავებით, იახნოვი მიიჩნევს, რომ პარტიის დემოკრატიული მექანიზმების, განსაკუთრებით როტაციის პრინციპის მოსპობამ ხელი შეუწყო პარტიის დაშორებას მხარდამჭერებისა და ამომრჩეველთა ბაზისგან.[2]

ამავე დროს, იკვეთება რამდენიმე პრობლემა, რომელიც იახნოვის ერთმნიშვნელოვან პოზიციასაც ეჭვის ქვეშ აყენებს. მარკოვიცი და კლავერი რამდენიმე არგუმენტს გვთავაზობენ იმისთვის, რომ ზოგიერთი რადიკალური დემოკრატიის ელემენტი მოძრაობის ეფექტურობას ხელს უშლიდა და ზოგიერთი ანტიკონსტიტუციურიც კი იყო (მაგალითად, იგივე როტაციის პრინციპი, ან იმპერატიული მანდატის). ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი ის არის, რომ პოლიტიკური მოქნილობისთვის მნიშვნელოვანია ლიდერების ფუნქციის გაძლიერება, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ეწინააღმდეგება რადიკალურ დემოკრატიას (მარკოვიცი და კლავერი, გვ. 44).

საერთო ჯამში, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ერთი მხრივ მარკოვიცი და კლავერი ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ეფექტურობას დემოკრატიული მექანიზმების საზიანოდ და მეორე მხრივ, იახნოვი დიდ აქცენტს აკეთებს პროცედურებზე ეფექტურობის საზიანოდ.  შეგვიძლია ასევე ვისაუბროთ იგივე დილემაზე ქართველ მწვანეებში, განსაკუთრებით თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ისეთი აქტიური და რადიკალური მოძრაობები, როგორიცაა „მწვანე მუშტი“ პარტიული პოლიტიკის მიღმა გადიან და გარკვეულ წარმატებებსაც აღწევენ. მარკოვიცისა და კლავერის პუბლიკაცია დაგვეხმარება იმაში, რომ სწორად გავიაზროთ ის გამოწვევები, რაც გერმანელი მწვანეების წინაშე იდგა, ასევე, ის შეცდომები და სწორი ნაბიჯები, რაც მათ პოლიტიკური ბრძოლის პროცესში გადადგეს.

 

[1] Kitschelt, H. “New Social Movements and the Decline of Party Organization.” In Dalton, R. J. and Kuechler, J. Challenging the Political Order: New Social and Political Movements in Western Democracies. Oxford & New York: Oxford University Press 1990: p. 182.

[2] Jachnow, Joachim. 2013. “What’s Become of the German Greens?” New Left Review  81, pp. 95-117.