გარემოს დაცვა – მხოლოდ მოქალაქეების სადარდებელი

საქართველოს მოსახლეობა თანხმდება, რომ გარემოზე ზრუნვა მნიშვნელოვანია. მაშინ როდესაც მოქალაქეების 98%-ისთვის ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობა არსებითი საკითხია, ხელისუფლებისთვის გარემოზე ორიენტირებული პოლიტიკა პრიორიტეტად ვერ იქცა.

დიაგრამები გარემოს დაცვის შესახებ

უშუალოდ გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებულ ადამიანებშიც კი, გაცილებით მაღალია მათი რაოდენობა, ვინც ბუნებრივი გარემოს დაცვას ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებად მოიაზრებს – 80%. გარემოს დაცვა გარკვეული თვალსაზრისით მნიშვნელოვან საკითხად მიაჩნია მოსახლეობის 18%-ს და მხოლოდ 2%-მდეა მათი რაოდენობა, ვინც გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას უგულებელყოფს. ეს მონაცემები ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის, თბილისის ოფისის მხარდაჭერილი კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომელიც კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო) რეგულარული ომნიბუსის გამოკითხვის ფარგლებში ჩაატარა. 

გრაფიკი: რამდენად მნიშვნელოვანი ან უმნიშნელოა თქვენთვის გარემოს დაცვა
დიაგრამა 1. რამდენად მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო საკითხია თქვენთვის გარემოს დაცვა?

მოსახლეობის გარემოსდაცვითი საწუხარი

ყველაზე მწვავე საკითხად ადამიანები საკვების ხარისხს მოიაზრებენ. 69%-ისთვის პრობლემურია იმ სურსათის ხარისხი, რასაც ყოველდღიურად მოიხმარს. საჭირბოროტო საკითხების სამეულში მოხვდა ხე-ტყის ჭრა, რომელიც მოსახლეობის 55%-ს ადარდებს. რაც შეეხება ბუნებრივი რესურსების შემცირებას, ეს საკითხი იერარქიაში მესამეა, 50%-ისთვის სწორედ ბუნებრივი რესურსების შემცირებაა პრობლემური. ამ საკითხების პარალელურად, მოქალაქეები სხვადასხვა ინტენსივობით წუხან სამშენებლო რეგულაციებზე, კლიმატის ცვლილებაზე, ბუნებრივ კატასტროფებზე, ნარჩენების მართვაზე, ნიადაგის ეროზიაზე, ჰაერის დაბინძურებაზე, სასმელი წყლის ხარისხსა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე. 

თქვენი აზრით რამდენად წარმოადგენს პრობლემას შემდეგი საკითხები საქართველოში?
დიაგრამა 2. თქვენი აზრით, რამდენად წარმოადგენს პრობლემას შემდეგი გარემოსდაცვითი საკითხი?

რის მიხედვით ხდება ესა თუ ის გარემოსდაცვითი საკითხი პრიორიტეტული მოსახლეობისთვის? ამ პრიორიტეტებზე ბევრი მაჩვენებელი ახდენს გავლენას – გარემოსდაცვით საკითხებს აქვთ გენდერული განზომილება. გაირკვა, რომ საკვების ხარისხი ქალებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კაცებისთვის. ან ასაკი – ნარჩენების მართვა, აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა თაობას მეტად აღელვებს. გარემოსდაცვით საკითხებს ასევე ახასიათებს გეოგრაფიული თავისებურებები, შესაბამისად, თბილისის მცხოვრებლებისთვის გაცილებით დიდი პრობლემაა სამშენებლო რეგულაციები, ვიდრე სხვა ქალაქებში ან სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის. 

თბილისის მოსახლეობა ასევე უფრო მეტად წუხს ჰაერის დაბინძურებაზე. დედაქალაქის მცხოვრებთა 68% დარდობს ამ საკითხზე.

მოსახლეობისთვის პრიორიტეტული არ აღმოჩნდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. მეტიც, კვლევის თანახმად, ჰესების მშენებლობა გარემოსდაცვით მიმართულებებში მოქალაქეებს ყველაზე ნაკლებპრობლემურად მიაჩნიათ წყლის ხარისხის შემდეგ. ჯამში, 38%-ს. მხოლოდ 15%-ია მათი რაოდენობა, ვინც ჰესების მშენებლობას დიდ პრობლემად თვლის. 

ამგვარი დამოკიდებულების ახსნის ერთ-ერთი პასუხი შესაძლოა კვლევის ჩატარების დრო იყოს. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) სატელეფონო გამოკითხვა 2020 წლის შემოდგომაზე ჩაატარა. 1225 რესპონდენტი ორგანიზაციამ 17-დან 26 ნოემბრის ჩათვლით გამოკითხა, დაახლოებით იმ დროს, როდესაც საქართველოს უახლოეს ისტორიაში უპრეცედენტოდ დიდი და თვითორგანიზებული გარემოსდაცვითი მოძრაობა ჯერ კიდევ ფეხს იკიდებდა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ნამოხვანში დაგეგმილი „ნამახვანჰესის“ კასკადების მშენებლობის წინააღმდეგ დაწყებული მოძრაობის წევრებმა პირველი ღამე ხეობაში განთავსებულ კარვებში 2020 წლის ოქტომბერში, კვლევის ჩატარებამდე დაახლოებით ერთ თვით ადრე გაათენეს. 

რიონის ხეობის გადარჩენისთვის დაწყებული მოძრაობა ეტაპობრივად გაძლიერდა, მცირე და დიდი ზომის საპროტესტო შეკრებების შემდეგ, მათ პირველი მასშტაბური აქცია ქუთაისში 2021 წლის 28 თებერვალს გამართეს. ამავე ქალაქში ჩატარებული კიდევ ერთი ხალხმრავალი აქციის და ადგილობრივი და ეროვნული მედიების ინტერესის შემდეგ პროტესტმა დროებით დედაქალაქშიც გადმოინაცვლა. შედეგად, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შესახებ მსჯელობა, გარემოსდაცვითი დისკუსიის მთავარი აქცენტი გახდა. კვლევა კი ამ მომენტამდე თვეებით ადრე ჩატარდა. 

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 80%-ისთვის გარემოს დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, გამოკითხულთა უმრავლესობა (40%) არ ან ვერ პასუხობს კითხვას, თუ რამდენად ძვირი უჯდება ქვეყნის ეკონომიკას გარემოსდაცვითი რეგულაციები. 38%-ის აზრით,  მკაცრი გარემოსდაცვითი რეგულაციები ძვირია, და მხოლოდ 22% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. მომავალი გამოკითხვებისთვის საინტერესო იქნება პასუხი კითხვაზე, თუ რამდენად არის მზად საქართველოს მოსახლეობა, ქვეყანამ მეტი ფინანსური რესურსი გაიღოს უკეთესი და უფრო ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოსთვის.

ეთანხმებით თუ არა ეთანხმდებით, რომ გარემოს დაცვის რეგულაციები საქართველოს ეკონომიკას ძვირი უჯდება?
დიაგრამა 3: რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ მკაცრი გარემოს დაცვის რეგულაციები საქართველოს ეკონომიკას ზედმეტად ძვირი უჯდება?

მოქალაქეების წუხილს აცდენილი პოლიტიკოსების გარემოსდაცვითი ხედვა

მაშინ როდესაც გარემოსდაცვითი საკითხები მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია, ქვეყნის ცენტრალური მთავრობა მას საკმარის ყურადღებას არ უთმობს. ასე ფიქრობს მოსახლეობის 57%. 55%-ის აზრით კი, არც ადგილობრივი მთავრობისთვისაა გარემოზე ზრუნვა მნიშვნელოვანი. ხელისუფლებასთან შედარებით უკეთესი მაჩვენებელი აქვს ოპოზიციას, თუმცა ქვეყნის მოქალაქეების 45%-ს მიაჩნია, რომ გარემოსდაცვით საკითხებზე ისინიც მინიმალურ ყურადღებას ამახვილებენ. აქვე შეიძლება აღინიშნოს, რომ გარემოსდაცვითი საკითხები  ოპოზიციურად განწყობილი ან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებისთვის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე სახელისუფლებო პარტიის ამომრჩევლებისთვის.

აქ ჩამოთვლილი ინსტიტუტები უთმობენ თუ არა დროს გარემოს დაცვის საკითხებს საქართველოში
დიაგრამა 4. აქ ჩამოთვლილი ინსტიტუტები ცოტა, საკმარის თუ ზედმეტ ყურადღებას უთმობენ გარემოს დაცვის საკითხებს საქართველოში?

ხელისუფლების და ზოგადად პოლიტიკური სპექტრის გულგრილობის საილუსტრაციოდ, საკმარისია თვალი გადავავლოთ ბოლო ათწლეულის საარჩევნო პროგრამებს და იმას, თუ რა ადგილი უჭირავს ამ პროგრამებში გარემოსდაცვით საკითხებს. მაგალითად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარებული კვლევა ამბობს, რომ გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება პოლიტიკურ პარტიათა უმეტესობისთვის ჯერ კიდევ არ არის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხედვებში ინტეგრირებული. 2020 წლის საარჩევნო პროგრამების ანალიზის მიხედვით ამ მიმართულებით დიდი ცვლილებები არ გვაქვს.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც ხელისუფლებებში, ისე მედიაში გარემოსდაცვით საკითხებზე მსჯელობა განსაკუთრებულად აქტუალური გახდა. ეკოლოგიური კატასტროფის და მდგომარეობის საგანგაშოობის აღსაწერად, წამყვანმა გამოცემებმა უფრო მწვავე კონოტაციის მქონე სიტყვების გამოყენება დაიწყეს, მაგალითად, კლიმატის ცვლილების ნაცვლად, ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ კლიმატის კრიზისს იყენებს. ამგვარი აქტუალიზების ფონზე, საქართველოც ცდილობს ფეხი აუწყოს გარემოსდაცვით ტენდენციებს, მაგრამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებული საარჩევნო პროგრამების ანალიზი ცხადყოფს, რომ მწვანე საარჩევნო დაპირებები მაინც იმდენად ზედაპირული და აბსტრაქტულია, რომ სხვადასხვა იდეოლოგიურ პლატფორმაზე მყოფი პარტიების გარემოსდაცვითი ხედვის ერთმანეთისგან გარჩევაც კი ჭირს.

პოლიტიკოსების გულგრილობის საილუსტრაციოდ, იმ გამოხმაურებებზე დაკვირვებაც კმარა, რაც ნამოხვანში დაგეგმილი ჰესების წინააღმდეგ გარემოსდაცვითი, სოციალური თუ სამართლებრივი  არგუმენტებით დაწყებულ მოძრაობას მოჰყვა. საპროტესტო აქციებზე მიტმასნების ტენდენციის მქონე პოლიტიკური სპექტრი განსაკუთრებული ზომიერებით გამოირჩეოდა ზემოხსენებულ საპროტესტო მოძრაობაზე საუბრისას, უპირველესად ეკონომიკური განვითარების არსებული წესრიგის დაცვის მოტივით, რომელიც გარემოს დაცვის საკითხებს დიდ ინვესტიციებს უპირისპირებს ხოლმე. ხელისუფლების მიღმა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც ფრთხილობდნენ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების მხარდაჭერისას. პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გამოსავლად ადგილობრივი პლებისციტი დასახა, „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ კი, სინანული გამოთქვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერებას მსგავსი პროტესტი არ მოჰყვა. ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ მოძრაობის წევრებისგან მეტი სიცხადე და მათგან მკაფიოდ იმ აზრის დაფიქსირება მოითხოვა, რომ ზოგადად ჰესების მშენებლობას არ ეწინააღმდეგებიან.

სისტემურ ხედვაზე დაფუძნებული მწვანე პოლიტიკის ნაცვლად, გარემოსდაცვით ინიციატივებს პოპულისტური ელფერი დაჰკრავს. საარჩევნო პროგრამების ანალიზმაც აჩვენა, რომ პოლიტიკურ პარტიებს მხოლოდ იმ გარემოსდაცვით საკითხებზე უადვილდებათ საუბარი, რომელზეც ფართო კონსენსუსი არსებობს და მოწინააღმდეგე არ ჰყავს, მაგალითად, ქალაქის გამწვანება და მისი მცხოვრებლებისთვის მეტი მწვანე სივრცის შეთავაზება. სავარაუდოდ, ასეთი დაპირებების ინსპირაცია ხშირად ადგილობრივი პროტესტი ხდება. დედაქალაქის მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას ცნობილ ინიციატივას თბილისში მილიონი ხის დარგვის შესახებ, წინ უძღოდა ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ შესაძლო მშენებლობის ირგვლივ დაწყებული პროტესტი და „პარტიზანი მებაღეების“ გაძლიერება.

 

გარემოს დაცვის საკითხებზე ცოტა ინფორმაციას იღებთ, საკმარისს თუ ზედმეტად ბევრს
დიაგრამა 5. საქართველოში გარემოს დაცვის მდგომარეობის შესახებ ცოტა ინფორმაციას იღებს, საკმარისს თუ ბევრს?

გარემოსდაცვითი აქტივიზმის და საპროტესტო მოძრაობების გააქტიურების მიუხედავად, ეს მოძრაობები ფრაგმენტულია. მოქალაქეები ცდილობენ თავიანთ საცხოვრებელ გარემოში არსებული ეკოსისტემის გაფრთხილებასა და დაცვას, მაგრამ ვერ ახერხებენ სისტემური ცვლილების გამოწვევას, რომელიც უფრო ფართო და მყარ გარემოსდაცვით გარანტიებსა და  მონიტორინგის მექანიზმებს შექმნის. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის შესრულების შეფასებაც ცხადყოფს, რომ გარემოსთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესებში საზოგადოების მონაწილეობა კვლავაც პრობლემურია.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით შექმნილი ყველა დიაგრამა ნახეთ აქ: