საქართველოს ახალგაზრდები და ისტორია - კვლევის რეცენზია

2021 წლის დეკემბერში ჩატარებული „საქართველოს ახალგაზრდები და ისტორია – გამოცდილების, დამოკიდებულებებისა და ღირებულებების კვლევა“ WeResearch-ის მიერ მომზადდა. იგი საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეების გამოკითხვის გარდა, დამატებით ისტორიის მასწავლებლების და სფეროს ექსპერტების მოსაზრებებსაც შეისწავლის. მოცემული რეცენზია კვლევის შედეგებს მიმოიხილავს და მას ეროვნული იდენტობის ფორმირების, სახელმწიფოებრიობის მშენებლობის თუ თაობათა ცვლილების მრავალმხრივ პროცესებს უკავშირებს.  გარდა ამისა, რეცენზია ცდილობს, ზემოაღნიშნული კვლევის შედეგები უფრო ფართო დროით თუ პოლიტიკურ კონტექსტში მოაქციოს და კვლევაში გამოვლენილ ტენდენციებზე საუბარი წარსულ და მომავალ პროცესებს დაუკავშიროს.

Mother of Georgia statue in Tbilisi

არ არსებობს კოლექტიური მეხსიერება, არამედ არსებობს კოლექტიური წინაპირობები პოტენციური მეხსიერებების შესაქმნელად.

რაინჰარტ კოსელეკი – „ისტორიის აზრისა და უაზრობის შესახებ“

ეროვნული იდენტობის ფორმირების პროცესში ისტორიული ნარატივები ცენტრალურ როლს თამაშობს. მოზარდები სამყაროს შესახებ ცოდნას თავდაპირველად იმ ზღაპრებით, წიგნებით თუ მონათხრობებით იღებენ, რომელსაც ოჯახი უფროსი წევრები ურჩევენ. რაც დრო გადის, იზრდება  სოციალური სივრცეების – სკოლის, მეგობრების, საინფორმაციო წყაროების, სოციალური მედიის – ზეგავლენა მოზარდთა წარმოდგენებისა და ცოდნის ფორმირებაზე. ცოდნისა და წარმოდგენების ფორმირების ამ ხანგრძლივ პროცესში ახალგაზრდა თაობას უყალიბდება ისტორიული წარმოდგენა წარმომავლობის, ნაციონალობის, ქვეყნისა და ამ ქვეყანაში თავისი საზოგადოებრივი თუ ისტორიული როლის შესახებ. იდენტობის ფორმირებისას ხდება დომინანტური ისტორიული ნარატივების გაშინაგანება და მასთან თვითიდენტიფიცირება.[1] ახალგაზრდებში ისტორიის შესახებ ცოდნის კონსტრუირება მრავალმხრივი პროცესია, სადაც ძირითად როლს ისეთი ინსტიტუტები თამაშობენ, როგორიც სკოლა, განათლების სისტემა თუ ოჯახია. დღეს, ინფორმაციულ წყაროებზე ხელმისაწვდომობის ზრდის პარალელურად, იზრდება ტელევიზიის, სოციალური მედიისა და ონლაინწყაროების როლიც. თუმცა, არაერთი მეცნიერი თუ მკვლევარი თანხმდება იმაზე, რომ დღემდე ცოდნის ფორმირების ძირითად ფუნქციას კვლავ სკოლა და სკოლაში წარმოდგენილი ცოდნის ინფრასტრუქტურა ასრულებს.[2] ამის გამო, ხშირად, ისტორიის სწავლება და სასწავლო სახელმძღვანელოები ეროვნული იდენტობის მაკონსტრუირებელ გზამკვლევად განიხილება, რომლის შინაარსზე ფართო საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური კონსენსუსი არსებობს.[3] ყოველი ახალი თაობა ერთგვარი „მნემონური თაობაა“,[4] რომელსაც ორმაგი ფუნქცია აკისრია – ერთი მხრივ, შემოინახონ ერის შესახებ მაკონსოლიდირებელი ცოდნა და გაავრცელონ ისტორიის შესახებ თანმიმდევრული თუ კონსენსუსური აღქმები, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყონ წარსულის ახლებური ინტერპრეტაციისა და გადააზრების შესაძლებლობები, რაც წარსულს არათუ სტატიკურ თუ ბინარულ კატეგორიებში დატოვებს, არამედ მას ფართო ისტორიულ კონტექსტში მოაქცევს და მომავლის ფორმირებაში დაიხმარს.

ის თუ როგორი გამოცდილება და დამოკიდებულება აქვთ დღეს ახალგაზრდებს ისტორიის მიმართ და რა ღირებულებები უყალიბდებათ წარსულის შესახებ, ბევრს ამბობს იმაზე, თუ როგორი იდენტობები ჩამოუყალიბდებათ მათ მომავალში. მოცემულ სტატიაში 2021 წელს ახალგაზრდებს შორის ჩატარებული კვლევის – „საქართველოს ახალგაზრდები და ისტორია – გამოცდილების, დამოკიდებულებებისა და ღირებულებების კვლევა“ – შედეგებს მიმოვიხილავ. კვლევის მიზანი ისტორიის სწავლების მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულების, მათ ხელთ არსებული ცოდნის თვითშეფასებისა და ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთის მიმართ მათი ინტერესის შესწავლა იყო. კვლევისას გამოყენებული იყო როგორც რაოდენობრივი კვლევის მეთოდი, ასევე თვისობრივი მიდგომაც – როგორიცაა ფოკუსჯგუფები და ექსპერტინტერვიუები. მიუხედავად დახურული ტიპის კითხვარებისა, სადაც პასუხის გასაცემი ვარიანტები წინასწარვე იყო შემუშავებული, აქ ასევე გამოყენებული იყო ღია ტიპის კითხვები, სადაც რესპონდენტებს თავად უნდა შემოეთავაზებინათ პასუხები. ღია კითხვების მცირე რაოდენობის მიუხედავად, მიღებული შედეგები აჩვენებს, თუ რამდენად მრავალმხრივი და ზოგჯერ კონტრასტულიც არის თანამედროვე ახალგაზრდებში აკუმულირებული ცოდნა წარსულსა და წინაპრების ისტორიაზე.

ისტორიისადმი დამოკიდებულების ორი სახე

2021 წელს WeResearch-ის მიერ მომზადებული კვლევა რამდენიმე მიმართულებას მოიცავდა – ახალგაზრდებში ისტორიის როლისა და დანიშნულების აღქმის კვლევას, მათი ცოდნისა და კომპეტენციის თვითშეფასებას, ამა თუ იმ ისტორიული პერიოდისა თუ თემისადმი მათ ინტერესს, ისტორიის სწავლებისას გამოყენებული წყაროების და პრაქტიკული აქტივობების მრავალფეროვნების გამოვლენას და სხვა. კვლევის თანახმად, საქართველოს ახალგაზრდების უმეტესობა ისტორიის ცოდნას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და მას როგორც აწმყოსთან, ასევე მომავალთანაც აკავშირებს: „მოსწავლეების აზრით, ისტორია უკიდურესად მნიშვნელოვანია როგორც წარსულის ცოდნისთვის (84%), ასევე, აწმყოს გაანალიზებისა (87%) და მომავლის განსაზღვრისთვის (81%)“.[5] ამ გადმოსახედიდან რელევანტურია კითხვა იმის თაობაზე, თუ როგორ გადაეცემა მათ  ეს ცოდნა, როგორ და რა მიდგომით სწავლობენ ისინი ისტორიულ მოვლენებს, რჩება თუ არა სწავლების ამ მოდელში კრიტიკული კითხვების დასმის და ალტერნატიული აზრების გამოთქმის სივრცე?

ზემოხსენებული კვლევა ამ კითხვებზე, ერთი შეხედვით, გაყოფილ/ურთიერთგამომრიცხავ პასუხს იძლევა – გამოკითხულთა ნახევარი მიიჩნევს, რომ ისტორია დროსა და სივრცეში ფიქსირებული მოვლენაა, რომელიც ობიექტური კვლევის გზით უნდა დადგინდეს, ხოლო მეორე ნაწილისთვის ისტორია შესაძლოა ინტერპრეტაციის საგანი იყოს და სხვადასხვა პერსპექტივიდან იყოს გადმოცემული.[6] თუმცა, კვლევაში წარმოდგენილი დამატებითი თვისობრივი ანალიზი აჩვენებს, რომ მოსწავლეთა უმრავლესობისთვის ზემოხსენებული მრავალპერსპექტიულობა არათუ მიზანი, არამედ გზა და საშუალებაა, რომლითაც საბოლოო ჯამში „ჭეშმარიტი ისტორია“ უნდა დადგინდეს. აღსანიშნავია, რომ ისტორიის შესახებ ამ მიდგომის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს მასწავლებლებისა და მშობლების დამოკიდებულება, ისევე როგორც სასწავლო კურიკულუმისა და განათლების ინფრასტრუქტურის დახშულობა თამაშობს. კერძოდ, როგორც კვლევა ცხადყოფს, არსებობს რეალური დეფიციტი ისტორიაში ახალი კვლევების მიმართულებით, რომელიც ისტორიის სასკოლო სწავლებაში ახალ მიდგომებს დაამკვიდრებდა და არსებულ ცოდნას განაახლებდა. გამოწვევაა საქართველოს ისტორიის მსოფლიო ისტორიასთან ინტეგრაციისა და გლობალურ ცივილიზაციათა კონტექსტში მისი როლის გამოკვეთის ასპექტიც.[7] გარდა ამისა, კვლევის თანახმად, პრობლემურია სასკოლო სახელმძღვანელოების ტენდერით შერჩევის პრინციპიც: „ამის მიზეზი ტენდერისთვის გამოცხადებული მოკლე დროა, რაც სამეცნიერო შინაარსის სკოლისთვის სათანადოდ ადაპტაციისთვის საკმარისი არ არის. ამ დროს კი ავტორებს სხვა მხარეებზეც უწევთ ზრუნვა: ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზება, სტანდარტებისთვის მორგება, მასალის მოძიება და სხვ.“[8]

ისტორიის სწავლებასთან დაკავშირებული დაძაბულობა

რონალდ სუნი სტატიაში – „პრიმორდიალიზმის კონსტრუირება: ძველი ისტორიები ახალი ერებისთვის“, სადაც ის პოსტსაბჭოთა ტრანზიციის შემდეგ ყაზახეთისა და სომხეთის მაგალითზე დაყრდნობით ისტორიოგრაფიული ხედვებისა და ნაციონალური იდენტობების ჩამოყალიბების მრავალმხრივ პროცესებს უღრმავდება, ხაზს უსვამს, რომ მსგავს კონტექსტებში ამოიზარდა განსაკუთრებული დაძაბულობა, ერთი მხრივ, იმ ისტორიკოსებსა თუ მკვლევრებს შორის, ვინც ისტორიის ფორმირებასა და ეთნიკური, კულტურული თუ ნაციონალური იდენტობების შექმნის პოლიტიკურად დამუხტულ პროცესებს სწავლობენ, ხოლო, მეორე მხრივ, ე.წ. ნაციონალისტებს შორის, რომლებიც უშუალოდ ამ იდენტობების შექმნასა და ჩაცემენტებაში მონაწილეობენ.[9] ამ დაძაბულობის მიზეზი კი კვლევის პროცესში კითხვების დასმის და ინტერპრეტაციის შემოტანის ის პოტენციური ღიობია, რომელიც სუბვერსიულ და საფრთხისშემცველ შესაძლებლობად აღიქმება „პრაქტიკოსი ნაციონალისტების“ მიერ. ისტორიის სწავლების პროცესში ეს დაძაბულობა განსაკუთრებით კარგად ჩანს – მოსწავლეებს, ერთი მხრივ, მოეთხოვებათ, კითხვა დაუსვან და გამოიკვლიონ ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის წინაპირობები, შეაფასონ მისი რაობა და დაუკავშირონ ის მოვლენათა განვითარების ჯაჭვს, ამავე დროს კი, არსებული სასწავლო სისტემა ავალდებულებს მათ, უპირობოდ გაიშინაგანონ უკვე დამკვიდრებული ნარატივები წარსულის შესახებ და აქციონ ისინი საკუთარი იდენტობის ნაწილად. როგორც სუნი წერს, „ერები ყველაზე ძლიერები ზუსტად მაშინ ხდებიან, როდესაც ხალხი ვერ ხვდება, რომ ეროვნულობა პირობითი არჩევანია და ნაცვლად ამისა, ჰგონიათ, რომ ბუნებრივ წესრიგს მიჰყვებიან – როდესაც კალკულაციები ჩახშულია, და გრძნობები გამძაფრებული“.[10]

სკოლებში, ამ „ბუნებრივი წესრიგის“ შესახებ ცოდნისა და წარმოდგენების გამყარების ტენდენციას შეიძლება დავუკავშიროთ ისიც, რომ მოსწავლეთა უდიდეს ნაწილში (გამოკითხულთა 81%) ყველაზე მძაფრ ინტერესს საქართველოს ისტორიის IV-XIV საუკუნეები აღძრავს. როგორც კვლევის ავტორები განმარტავენ, „ძველი ეპოქის“ შესახებ სწავლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც მასწავლებლების მხრიდან, ასევე სასკოლო კურიკულუმშიც: „ოქროს ხანის შესახებ სწავლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული ეროვნული ნარატივის ჩამოყალიბებისთვის. [...] ოქროს ხანის, და, ასევე, ჰეროიკულ და მსხვერპლის ნარატივებს მნიშვნელოვანი როლი აქვს ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებისთვის“.[11] ამასთან, გარდა იმისა, რომ ქვეყნის წარსული დიდებისა და მსოფლიოს ცივილიზაციათა შორის მისი დამსახურებული ადგილის, ისევე როგორც ქრისტიანულ კულტურასთან ქართველი ერის ძირძველი კავშირის შესახებ წარმოდგენები, სწორედ მოცემული პერიოდით თარიღდება, „ძველი ეპოქის“ შესახებ სწავლება, როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ასევე კომფორტულია მისი ერთხმოვანების გამოც – „გაერთიანებული საქართველოს ისტორიის სწავლება ყველაზე კომფორტულია, რადგან ის არაწინააღმდეგობრივი და არაამბივალენტურია“.[12]

თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფიის ლიმიტები: წარსული ორ განზომილებაში

კვლევის თანახმად, ასევე მაღალია მოსწავლეთა დაინტერესება (70%-ის ფარგლებში) XIX საუკუნიდან დღემდე ისტორიული პერიოდით, სადაც ფოკუსი ისტორიული რეჟიმების ცვლილებაზე – იმპერიული რუსეთიდან, საბჭოთა ოკუპაციამდე და შემდგომ დამოუკიდებლობის აღდგენამდე – კეთდება. ამ ისტორიის სწავლების დროსაც აქცენტი ძირითადად წარსულის მარტივ მნიშვნელებამდე დაყვანასა და ისტორიული ნარატივის დამპყრობელი/დაპყრობილი, მტერი/მოყვარე, თავისუფლება/მონობა კატეგორიებად წარმოჩენაზე კეთდება, სადაც ეროვნულობისა და თვითმყოფადობის შესახებ დომინანტური ნარატივი ქართველთა მიერ მტერთან შეუგუებლობის, მუდმივი წინააღმდეგობისა და დაუმორჩილებელობის შესახებ მოგვითხრობს. თანამედროვე ისტორიკოსები მიუთითებენ, რომ პოსტსაბჭოთა პერიოდის ქართული ისტორიოგრაფიული ნარატივი დიდწილად იმეორებს საბჭოთა ისტორიოგრაფიულ ტრადიციას, სადაც ხელშესახები ცვლილება, რაც ამ ტრადიციამ განიცადა, იყო მხოლოდ მისი გაწმენდა ე.წ. მარქსისტულ-ლენინისტური ტერმინოლოგიისგან, ხოლო მისი მეთოდოლოგიური თუ შინაარსობრივი კონტურები გვიან საბჭოთა პერიოდში შემუშავებული ტრადიციის ანალოგია.[13]

ამ ტრადიციაში, წარსული ისტორიის რეკონსტრუქციის პროცესი სწორხაზოვნად ხდება, სადაც ისტორიის წერის მთავარ განმსაზღვრელს მტრის იდენტიფიცირება და მასთან წინააღმდეგობაში ეროვნული სულისკვეთების თუ იდენტობის შესახებ ნარატივის აგება წარმოადგენს.[14]

აღსანიშნავია, რომ წარსულის შესახებ მსგავსი სწორხაზოვანი და ერთხმოვანი დამოკიდებულება, ძირითადად, საზოგადოების ელიტარული ფენის ხედვას და თვითაღქმას იმეორებს, სადაც ხშირად გამორიცხულია უბრალო ხალხის და რიგითი ადამიანების გამოცდილებები.[15] ამ მიდგომით, წარსული ერთ დიდ მონოლითურ და ერთგვაროვან დროით მონაკვეთად საღდება, სადაც პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული მრავალშრიანობა მარტივდება და მარტივ ამხსნელებამდე დაიყვანება. ისტორიის შესახებ მსგავსი უნივოკალური ხედვის კონსტრუირება კი სპობს შესაძლებლობას, გაჩნდეს სივრცე ალტერნატიული ხმებისა და პერსპექტივების მოსასმენად.

ღიად დარჩენილი კითხვები

ისტორიისადმი ახალგაზრდების მიმართების კვლევა სიმპტომატურია ბევრი მიმართულებით. განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად კონვენციურ და დახურულ სისტემად რჩება დღემდე საქართველოს საჯარო განათლების სისტემა, რამდენად ნიველირებულია განათლების ალტერნატიული მიდგომების და სხვადასხვა წყაროს გამოყენების შესაძლებლობა სწავლის პროცესში. ამასთან, კვლევა ავლენს სასწავლო პროცესში ფინანსური, ინფრასტრუქტურული თუ ცოდნის გამამდიდრებელი რესურსების დეფიციტსაც, რაც ხელს უშლის მასწავლებლებსა და სასკოლო პერსონალს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში. გარდა ამისა, კვლევა უფრო სისტემურ გამოწვევებზეც მიუთითებს, როგორიცაა სასწავლო მასალებში გენდერული, ეთნიკური თუ რელიგიური იერარქიების კვლავწარმოება, ისევე როგორც სწავლის პროცესში გენდერული თუ ეთნიკური ნიშნით განსხვავებულ მოსწავლეებს შორის არსებული ასიმეტრია.

საბოლოო ჯამში, კვლევა ადასტურებს, თუ რამდენად ძლიერი ინსტრუმენტია ისტორიის სწავლება ნაციონალური იდენტობის ფორმირების პროცესში და რომ პოლიტიკური ელიტების ინტერესები და არსებული წესრიგი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ისტორიული ნარატივის ფორმირებაზე. თუმცა, უფრო მეტად, მოცემული კვლევა ღირებულია იმდენად, რამდენადაც ის სასწავლო პროცესში ახალი შესაძლებლობების და მომავალი კვლევის ახალი მიმართულებების შესახებ აფართოებს არსებულ ჰორიზონტს. კვლევის გაცნობისას უფრო მეტი ახალი კითხვა და ინტერესი ჩნდება, ვიდრე ამაზე პასუხი მოიძებნება. რამდენად ტოლერანტული, ღია და მიმღებლური იქნება მომავალში ქართული საზოგადოება? რამდენად გადაიაზრებს ის იმ ისტორიოგრაფიულ ტრადიციას, რომელიც წლების განმავლობაში არსებული პოლიტიკური რეჟიმების სამსახურში იყო? რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ წახალისდეს განსხვავებული აზრის და მიდგომების გამოყენება ისტორიის სწავლებაში, გაცოცხლდეს დაკარგული ხმები და გადაილახოს დიქოტომიები ნაცვლად იმისა, რომ დავიწროვდეს და გაერთმნიშვნელოვნდეს წარსული? ეს ის საკითხებია, რომელიც ფართო საზოგადოებრივი მსჯელობისა და კვლევის საგანი უნდა გახდეს.


[1] Wim Meeus, ‘The Study of Adolescent Identity Formation 2000–2010: A Review of Longitudinal Research’, Journal of Research on Adolescence 21, no. 1 (2011): 75–94.

[2] James H. Williams and Wendy D. Bokhorst-Heng, (Re)Constructing Memory: Textbooks, Identity, Nation, and State (SensePublishers, 2016).

[3] Félix Krawatzek and Nina Friess, ‘Transmitting the Past to Young Minds’, in Transmitting the Past to Young Minds (De Gruyter, 2022), 1–24.

[4] Harald Wydra, ‘Generations of Memory: Elements of a Conceptual Framework’, Comparative Studies in Society and History 60, no. 1 (January 2018): 5–34.

[5]საქართველოს ახალგაზრდები და ისტორია – გამოცდილების, დამოკიდებულებებისა და ღირებულებების კვლევა“, WeResearch, 2021, Tbilisi, გვ. 34.

[6]საქართველოს ახალგაზრდები და ისტორია – გამოცდილების, დამოკიდებულებებისა და ღირებულებების კვლევა“, WeResearch, 2021, Tbilisi, გვ. 35.

[7] იქვე, გვ. 57.

[8] იქვე, გვ. 58.

[9] Ronald Grigor Suny, ‘Constructing Primordialism: Old Histories for New Nations’, The Journal of Modern History 73, no. 4 (December 2001): 862–96.

[10] Suny, 892.

[11]საქართველოს ახალგაზრდები და ისტორია – გამოცდილების, დამოკიდებულებებისა და ღირებულებების კვლევა“, WeResearch, 2021, Tbilisi, გვ. 42.

[12] იქვე, გვ. 41.

[13] Oliver Reisner, ‘Under Ivane Javakhishvili's Long Shadow: On Georgian Historiography Since 1991’, draft paper presented at CESS Annual conference 2021 under the panel The Challenges of Historiography in the South Caucasus, upcoming in 2022.

[14] Malkhaz Toria, ‘The Soviet Occupation of Georgia in 1921 and the Russian–Georgian War of August 2008: Historical Analogy as a Memory Project’, in The Making of Modern Georgia, 1918–2012 (Routledge, 2014).

[15] Félix Krawatzek, ‘Which History Matters? Surveying Russian Youth and Their Understandings of the Past’, Problems of Post-Communism 68, no. 5 (3 September 2021): 402–14.