დოსიე: სურსათის სისტემები საქართველოში
სურსათის სისტემები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეროვნულ უსაფრთხოებაში, ეკონომიკურ სტაბილურობასა და მდგრად განვითარებაში. საქართველოში სურსათის სისტემების სიჯანსაღე არაერთ გამოწვევასთან, მათ შორის, იმპორტზე მზარდ დამოკიდებულებასთან, კლიმატის ცვლილებასთან, სოფლის მეურნეობის სექტორის მრავალშრიან პრობლემებთან ასოცირდება
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ეს ვებდოსიე, ჩვენი პირველი მცდელობაა, წაახალისოს ინფორმირებული საზოგადოებრივი დისკუსია სურსათის სისტემების გარშემო საქართველოში, შეავსოს ცოდნის და ინფორმაციის დეფიციტი ამ თემაზე და მკითხველი სამომავლო პერსპექტივებზეც დააფიქროს.
იმპორტზე მზარდი დამოკიდებულება, ადგილობრივი და შემოტანილი პროდუქტების ხარისხი, ქართული სოფლების და ფერმერების მთავარი გამოწვევები, გაქრობის პირას მისული ქართული ენდემური სახეობები თუ გამოყვანილი ჯიშები, საკვების არასრულფასოვანი მოხმარებით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები, ანალიზისთვის საჭირო, შესაბამისი მონაცემების ნაკლებობა – ის თემებია, რომლებსაც ამ ვებდოსიეში გაერთიანებული 6 სტატია ფარავს. სტატიების უმრავლესობაზე ადგილობრივმა ჟურნალისტებმა იმუშავეს, ხოლო ერთი ორგანულ სოფლის მეურნეობაში ჩართულ აქტიურ მოხალისესა და ფერმერს ეკუთვნის.
მუშაობის პროცესმა ბევრი წინააღმდეგობრივი საკითხი გამოკვეთა. გარდა იმისა, რომ ყველა სტრატეგიული პროდუქტით საკვების იმპორტზე დამოკიდებულება საგანგაშო და მზარდია, მეტი დისკუსიაა საჭირო იმაზე, თუ როგორ ვხედავთ ქართულ სოფლებს მომავალში, რა ხედვა გვექნება მიწათსარგებლობაზე და რა წვლილის შეტანა შეუძლია სოფლის მეურნეობას ეკონომიკის გადახალისებაში, გაჯანსაღებასა და სოციალურ სამართლიანობაში.